სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბავშვები და მეგობრობასთან დაკავშირებული პრობლემები

 

ვფიქრობ, ყველა, ვისაც ბავშვებთან აქვს ურთიერთობა და მათი სწავლა-აღზრდით არის დაკავებული, დამეთანხმება, რომ პრობლემები მეგობრულ ურთიერთობაში ძლიერ გავლენას ახდენს მოზარდის ქცევასა და სწავლაზე.

მეგობრობასთან დაკავშირებულ რა პრობლემებს ეჯახებიან ბავშვები და როგორ დავეხმაროთ მათ მოგვარებაში?

* ზოგიერთ ბავშვს უჭირს თანატოლებთან კომუნიკაცია, რაც ხელს უშლის მეგობრების შეძენაში. კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვთარებაზე მცირე ასაკიდანვე უნდა ვიზრუნოთ. თუ ეს დროულად არ გავაკეთეთ, მოგვიანებით ისეთ პრობლემებს შევეჯახებით, რომელთა დასაძლევად გაცილებით მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება.

ბავშვები ერთმანეთთან კომუნიკაციას ჯერ კიდევ ენის ამოდგმამდე იწყებენ. 6-დან 18 თვემდე ასაკის პატარებს, როგორც წესი, უკვე შეუძლიათ ერთმანეთთან არავერბალური ურთიერთობა, რომ გაიცნონ, მხარი დაუჭირონ ერთმანეთს და თავიანთ თამაშში ჩართონ. დაახლოებით ერთი წლის ასაკში მათ შეუძლიათ, დაამშვიდონ მათზე უმცროსი შეშინებული ბავშვი. თუმცა ასეთი ურთიერთობები ჯერ კიდევ ვერ ჩაითვლება მეგობრობად. სამ წლამდე ასაკის ბავშვები ამჯობინებენ სხვა ბავშვების გვერდით, მაგრამ არა მათთან ერთად თამაშს. ამ პროცესს პარალელური თამაში ეწოდება. ამ დროს საფუძველი ეყრება სოციალური უნარების განვითარებას, ხოლო პირველი მეგობრები, რომლებსაც ბავშვი ახლობელ ადამიანებად აღიქვამს, მას სამი წლიდან უჩნდება. ამ ასაკში უკვე შეიძლება, მივიყვანოთ პატარა საბავშვო ბაღში ან რომელიმე წრეზე, რათა მიეჩვიოს სხვა ბავშვებთან ურთიერთობას და მათთან კონფლიქტების მოგვარებას. ის თანდათან მიხვდება, ვისთან უფრო მოსწონს მეგობრობა.

* არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს, მიუხედავად ასაკისა (უკვე სამი წლისაა) და იმისა, რომ უფროსებთან კომუნიკაცია არ უჭირს, თანატოლებს შორის მეგობრები არ ჰყავს. გავითვალისწინოთ, რომ სამი წლის შემდეგაც ყველას არ უნდა სხვა ბავშვებთან თამაში. ზოგიერთს ურჩევნია, უწინდებურად მარტო გაატაროს დრო, ზოგს ურთიერთობა ძალიან ღლის. ეს ნორმალურია. ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია – ერთს შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს თანატოლებთან დასაახლოებლად, მეორეს კი გაცილებით ნაკლები. თუ პატარა უკვე დადის საბავშვო ბაღში, ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდში შეგვიძლია, უქმე დღეებში მისი ჯგუფელები სტუმრად მოვიწვიოთ. ასე სხვა ბავშვების მშობლებსაც უფრო ახლოს გავიცნობთ.

არ არის საჭირო ხმაურიანი წვეულებების გამართვა, სანამ ბავშვს არ ჩამოუყალიბდება ურთიერთობათა მყარი, სტაბილური წრე.

თუ პატარა ჯერ კიდევ არ დადის საბავშვო ბაღში, წაიყვანეთ ხოლმე სათამაშო მოედანზე, შეძლებისდაგვარად დაასწარით განმავითარებელ მეცადინეობებს, წრეების, სპორტული სექციების მუშაობას. რა თქმა უნდა, ბავშვი მაშინვე ვერ მიხვდება, რომ სხვა ბავშვები, რომლებსაც ის თავის გარშემო ხედავს, შესაძლოა მისი მეგობრები გახდნენ, მაგრამ შეეჩვევა თანატოლების გარემოცვას და აუცილებლად დაიმახსოვრებს იმათ, ვინც განსაკუთრებით მოეწონება. მთავარია, არ ვაიძულოთ თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ვინმესთან ურთიერთობა. თუ მას ახლა მხოლოდ ჩვენთან თამაში სურს, ამაში საგანგაშო არაფერია.

* ბევრს პრობლემად მიაჩნია, რომ მის მოზარდ შვილს მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავს. მაინც რამდენი მეგობარი სჭირდება ბავშვს? ეს დამოკიდებულია მის ტემპერამენტზე, საცხოვრებელ პირობებზე, კომუნიკაციის საჭიროებაზე, ურთიერთობის მოთხოვნილებაზე. ზოგისთვის ერთი მეგობარიც საკმარისია, ზოგს კი დიდი კომპანია სჭირდება, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. ასე რომ, ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, მაგრამ მაინც შეიძლება, დავასახელოთ მიხლოებითი რიცხვი. მოზარდი უნდა ურთიერთობდეს სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სოციალური სტატუსის, სხვადასხვა შეხედულებების ადამიანებთან. მისი მეგობრები შეიძლება იყვნენ მეზობლები, მასთან ერთად სხვადასხვა წრეზე მოსიარულე ბავშვები, მასზე უფროსები ან მასზე უმცროსები. ასე რომ, მას ხუთი მეგობარი მაინც უნდა ჰყავდეს, მათ შორის – მეგობარი მეზობელი, მეგობარი სპორტსმენი, მასზე უფროსი ასაკის მეგობარი, საპირისპირო სქესის მეგობარი და მეგობარი, რომელსაც ბავშვი თავად აირჩევს. რაც უფრო მრავალფეროვანია მეგობრების წრე, მით უფრო მდიდარია ბავშვის ემოციური გამოცდილება.

ნუ მოვახდენთ ზეწოლას ბავშვზე, ნუ ვაიძულებთ იმეგობროს ამა თუ იმ თანატოლთან, უბრალოდ დავუკვირდეთ, როგორ შეიცნობს სამყაროს ჩვეული ოჯახური წრის მიღმა კომუნიკაციის გზით.

* არის შემთხვევები, როცა ბავშვს არ სურს თანატოლებთან ურთიერთობა, მაგრამ ინტერესდება უფროსი ბავშვებით. ბევრ აღმზრდელს ეს საგონებელში აგდებს. მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ, დართონ თუ არა აღსაზრდელს უფროსი ასაკის ბავშვებთან მეგობრობის ნება, წაახალისონ თუ არა მათი ურთიერთობა. უფროსი ძმებისა და დების, მათი მეგობრების, ოჯახის მეგობრების შვილების წრე მოზარდს ხშირად უფრო მიმზიდველი და საინტერესო ეჩვენება – უფროს ბავშვებს ხომ მეტი თავისუფლება, მეტი ცოდნა და უნარ-ჩვევა აქვთ. ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით ჩვენ ძალიან მალე შევამჩნევთ, რა შედეგი მოაქვს უფროსებთან მის მეგობრობას – შესაძლოა, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, უფრო სერიოზული ან პირიქით – უხეში, მოჩხუბარი, აგრესიული. მხოლოდ ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ შეიძლება გადავწყვიტოთ, ღირს თუ არა უფროსებთან ბავშვის მეგობრობის წახალისება.

* ბავშვი პრობლემებს ეჯახება მაშინაც, როცა მეგობრად ირჩევს თანატოლს, რომელიც მის მშობლებს არ მოსწონთ. როგორ მოვიქცეთ – ავუკრძალოთ მასთან ურთიერთობა თუ არ ჩავერიოთ? ხანდახან ჩვენ, უფროსები, იმთავითვე უარყოფითად ვართ განწყობილი ბავშვის ახალი მეგობრის მიმართ, თუმცა მას შესაძლოა არც კი ვიცნობდეთ. გვეჩვენება, რომ ის ჩვენი შვილის შესაფერი არ არის – მეტისმეტად ხმაურიანია, ან მეტისმეტად წყნარი, მეტისმეტად დამოუკიდებელი ან მშობლებზე მეტისმეტად დამოკიდებული. შესაძლოა, ისიც გვაშინებდეს, რომ ეს ბავშვი სრულიად განსხვავდება ჩვენი შვილისგან. კარგი იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ განსხვავებული ბავშვები, როგორც წესი, დადებით გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. მაგალითად, მშვიდები აგრესიულებს მრისხანების მოთოკვაში ეხმარებიან, მამაცები მშიშრებს უფრო გამბედავებს ხდიან.

* არის შემთხვევები, როცა კომპლექსები და ფსიქოლოგიური ტრავმები მოზარდს თანატოლებისგან იზოლირებას აიძულებს და მათთან დამეგობრებაში ხელს უშლის. მაგალითად, დაბალი თვითშეფასება, რომელიც ხშირად ყალიბდება ოჯახში ბავშვზე გადაჭარბებული ზეწოლის გამო. შიში, რომ მშობლების მოლოდინს გაუცრუებს, ბევრ რამეში უშლის ხელს მოზარდს. მას ასევე გაუჭირდება მეგობრების შეძენა, თუ მშობლები გამუდმებით აკრიტიკებენ მის მეგობრებს, უკრძალავენ შვილს „ცუდ“ კომპანიასთან ურთიერთობას. საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების უქონლობა, რომელთა გამომუშავებაც ბავშვობაში ვერ მოახერხა, ბუნებრივად ურთულებს მოზარდს თანატოლებთან დაახლოებას და დამეგობრებას.

* მეგობრული ურთიერთობისთვის ხელის შემშლელი კიდევ ერთი მიზეზია მშობლების ჰიპერმზრუნველობა – თუ ბავშვს გავანებივრებთ, მივალთ იქამდე, რომ ის შეეცდება, ურთიერთობის ასეთივე მოდელი დანერგოს გარეშე პირებთანაც, რომლებიც მზად არ არიან თამაშის ასეთი წესების მისაღებად.

* მეგობრული ურთიერთობების დამყარებას შესაძლოა ხელი შეუშალოს აგრესიამ, რომელიც ბავშვს ოჯახიდან მოჰყვება, თუ იქ მიღებულია ძალადობა, არაჯანსაღი კომუნიკაცია, ერთმანეთის შეურაცხყოფა.

 

თუ ბავშვი სოციალიზაციის პროცესში სირთულეებს შეეჯახა, კარგი იქნება, ვითარების გამოსწორება საკუთარი თავიდან დავიწყოთ. გვახსოვდეს, რომ ბავშვის ქცევასა და ღირებულებებზე გავლენას ახდენს გარშემო მყოფი უფროსების, უპირველეს ყოვლისა, მშობლების ცხოვრების წესი. ეს მეგობრობასაც ეხება. თუ ბავშვს არ აქვს მშობლებისა და მათი მეგობრების ურთიერთობის ჯანსაღი მაგალითი, ნაკლებსავარაუდოა, გაუჩნდეს თანატოლებთან დამეგობრების, სოციალურად აქტიური ცხოვრების სურვილი. მნიშვნელოვანია, ვესაუბროთ ბავშვს, განსაკუთრებით – გარდატეხის ასაკში, კონფლიქტებზე მეგობრებს შორის, მეგობრობასთან დაკავშირებულ ღირებულებებზე, ფასეულობებზე, მეგობრების როლზე ადამიანის ცხოვრებაში; ავუხსნათ, რომ ურთიერთობაში მონაწილეობს განსხვავებული ინტერესების მქონე რამდენიმე ადამიანი, ამიტომ სხვისი თვალით ყურებაც უნდა შეგვეძლოს. ბავშვი ყოველთვის არ არის მზად იმისათვის, რომ საკუთარ პრობლემებზე გვესაუბროს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, თავად განვიხილოთ მასთან მსგავსი მაგალითები ჩვენი ცხოვრებიდან. საუბრის კარგი დასაწყისი იქნება ბავშვისთვის რჩევის თხოვნა – ამით ვუბიძგებთ, ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია, მერე კი განხილავთ მას.

ამრიგად, თუ დროულად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბავშვს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები განვუვითაროთ, თუ განვითარების ადრეული პერიოდიდანვე აქტიურად ვიქნებით ჩართული მის ცხოვრებაში, მისი პიროვნების ფორმირებაში, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, შვილს მეგობრობასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც ავაცილებთ თავიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“