ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მშობელთა ჩართულობის კვირეული სკოლაში

 

მსოფლიოს განვითარებული ნაწილი უპირობოდ აღიარებს, რომ მშობლების მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში დადებითი შედეგები მოაქვს მოსწავლეებისთვის. გარდა ამისა, აუმჯობესებს სასკოლო კლიმატს, ნაკლებად სტრესულს ხდის მასწავლებლების სამუშაო გარემოს და ათბობს ურთიერთობას მშობლებსა და ბავშვებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ მშობელთა ჩართულობა საქართველოსთვის სიახლეა, საჯარო თუ კერძო სკოლებში არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება მშობლების მონაწილეობით. თუმცა, სახალისო ჩართულობის მაგალითები, უმეტესად, ფრაგმენტულია და სისტემურობით არ ხასიათდება.

იმისთვის, რომ სისტემა შეიქმნას, მნიშვნელოვანია, სკოლაში არსებობდეს გუნდი, რომელიც წლიდან წლამდე დაგეგმავს, განახორციელებს, შეაფასებს და გააუმჯობესებს აქტივობებს.

სტატიაში მოგითხრობთ, როგორ დაგეგმოს სკოლამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი აქტივობა, მშობელთა ჩართულობის კვირეული, რომლის ჩატარება რეგულარულად, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ არის მიზანშეწონილი.

კვირეულის მოწყობა ნებისმიერ სკოლას თუ ცალკეულ მასწავლებელს შეუძლია. მისი უპირატესობა ის არის, რომ ადვილად შესაძლებელია შინაარსის და ფორმატის წინასწარ განსაზღვრა, პროგნოზირებადი გარემოს შექმნა და ხანგრძლივი პოზიტიური მუხტის შენარჩუნება.

როგორც ყველაფერი, მშობელთა ჩართულობის კვირეულზე მუშაობაც დაგეგმვით იწყება.

ამ დროს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია კვირეულის შინაარსის განსაზღვრა. სასურველია, სხვადასხვა წლებში კვირეულს განსხვავებული შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდეს, ამით თავიდან ავირიდებთ თემების დუბლირებას. თუმცა არც გამეორებაა პრობლემა, რადგან მშობლების სკოლასთან თანამშრომლობა დინამიკური პროცესია, ყოველწლიურად სკოლებში მშობლების ახალი ნაკადი შედის.

რა შინაარსს შეიძლება ატარებდეს კვირეული?

  • ეს შეიძლება იყოს სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის თემა;
  • შეიძლება იყოს, მშობლების მონაწილეობა ბავშვებისთვის სწავლის მოტივაციის ამაღლებაში;
  • ან ბულინგის პრევენციაში;
  • შეიძლება იყოს მშობლების და შვილების ურთიერთობის გაუმჯობესება;
  • ან სულაც მშობლების ცნობიერების ამაღლება;
  • შესაძლოა, გვინდოდეს, რომ მშობლები მოსწავლეებს კარიერის დაგეგმვაში დაეხმარონ;
  • ან წიგნის კითხვა შეაყვარონ;
  • ან ოჯახური ტრადიციები გააცოცხლონ და ბავშვებიც ჩართონ პროცესში;
  • შესაძლოა, გემრიელი კვირეული მოვაწყოთ, ცხობის, მზადების პროცესებით და ეს სასკოლო კვებას დავუკავშიროთ.
  • სპორტის ან ხელოვნების პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი
  • და ა.შ.

იდეა იმდენი შეიძლება გაჩნდეს, რამდენი გუნდიც დაიწყებს შინაარსზე მსჯელობას.

ცხადია, კვირეულში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველი მშობლისთვის უნდა იყოს შესაძლებელი. ხოლო აქტივობები ისე შეირჩეს, რომ ნებისმიერი კატეგორიის მშობელს მოუნდეს პროცესში რაიმე სახით მონაწილეობა. ამისთვის კი ფორმების მრავალფეროვნება დაგვჭირდება. რა ფორმატების გამოყენება შეგვიძლია მშობელთა ჩართულობის კვირეულის ფარგლებში?

  • ჯგუფური და/ან ინდივიდუალური შეხვედრები;
  • დისკუსიები;
  • სტუმრების მოწვევა სკოლაში;
  • არაფორმალურ გარემოში გასვლები;
  • ლექცია/ტრენინგები;
  • პირადი ამბის თხრობა ბავშვებისთვის;
  • ვიდეოს ერთად ყურება და გაანალიზება;
  • ვიდეო მიმართვის გადაღება;
  • ჯგუფური კითხვა;
  • შეჯიბრი;
  • კონცერტი;
  • ვიქტორინა და ა.შ.

კვირეულის ფარგლებში 3-4 განსხვავებული ფორმატი სრულიად საკმარისი შეიძლება იყოს. მონაწილეობის მსურველი თავად განსაზღვრავს რომელში და რა დოზით ჩაერთვება.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია გონივრული დროით ადრე საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რათა მშობლებმა მიიღონ ინფორმაცია და გაითავისუფლონ თავი სხვა ვალდებულებებისგან.

კვირეულის წარმატებით განხორციელებისთვის საკმარისი არ არის დამრიგებლების კომუნიკაცია კლასის მშობლებთან. სასურველია, ურთიერთობის ტრადიციულ ხერხებს სოციალურ მედიაში გამართული საინფორმაციო კამპანიაც მივახმაროთ. სკოლის ფეისბუქ გვერდზე გამოვაქვეყნოთ კვირეულის გეგმა და ანონსი. ასევე, ყველა მშობელს ელ. ფოსტის საშუალებით გავუგზავნოთ ინფორმაცია. გარდა ამისა, დავაბეჭდვინოთ ან ბავშვების მონაწილეობით დავამზადოთ პოსტერები, რომლებსაც სკოლის ფოიეში გავაკრავთ. სასურველია, ციფრულ თუ ხელნაწერ პოსტერებზე ეწეროს, რისი გაკეთება მოუწევთ მშობლებს კვირეულის ფარგლებში და რა მოლოდინი აქვს სკოლას მათგან.

სკოლაში ქაოსი რომ არ მივიღოთ, კარგი იქნება წინასწარ იყოს გაწერილი და ყველასთვის ცნობილი ის ფორმატები, რასაც სკოლა კვირეულის ფარგლებში უმასპინძლებს. ასევე, მშობლებს და მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა, თუ რომელ აქტივობაში და რა როლით ჩაერთონ. ამ საკითხის კარგად ორგანიზება შესაძლებელია წინასწარი გამოკითხვით, სადაც გაწერილი იქნება ღონისძიებების კონკრეტული ჩამონათვალი. პოტენციური მონაწილეები დარეგისტრირდებიან და მათთვის სასურველ როლებს მონიშნავენ. გამოკითხვის აწყობა მარტივად შეიძლება google form-ის საშუალებით.

დაბოლოს, კვირეულზე მუშაობის დაწყებისთანავე გავიხსენოთ, რომ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც ძალიან უყვართ წახალისება. თუ კვირეულის ორგანიზატორები თვლიან, რომ შესაძლოა პროექტს არ მოჰყვეს სასურველი რაოდენობით გამოხმაურება, კარგი იქნება თადარიგის დაჭერა და მონაწილეებისთვის ციფრული  სერტიფიკატების გადაცემა. ხოლო თუ ყველაზე აქტიური მშობლების კიდევ უფრო გახარება გვინდა, შესაძლოა კვირეულის გმირების გამოვლენა და  სამადლობელ ტექსტთან ერთად მათი ფოტოების გამოქვეყნება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“