სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ჟესტების მუსიკა (I ნაწილი)

„მუსიკას ძალუძს იარსებოს სივრცის გარეშე, მუსიკა დროა”.

შოპენჰაუერი

ჰერაკლიტეს, პლატონის, კანტის, ჰეგელის, თომას მანის, სტრავინსკის, ბორხესის, კარლჰაინც შტოკჰაუზენის და სხვა უდიდესი მოაზროვნეების ინტერესის საგანი ოდითგანვე იყო დროის გააზრება და ჭვრეტა.
იგორ სტრავინსკის აზრით, მუსიკა ერთადერთი რამაა, რაც მსმენელს დროის სუბსტანციასთან უშუალო შეხების შესაძლებლობას აძლევს.

დრო ნაკადია. რიტმიც. მუსიკა, რომელიც განისაზღვრება მეტრით, რიტმით და ტემპით, ვერ იარსებებს დროის მიღმა. მუსიკა პროცესია. ის დროში ვითარდება და დროს რიტმის საშუალებით „ახმოვანებს”.

პრაქტიკულად, ყოველ ჩვენგანს ოდესმე უსწავლია მუსიკა – ან მუსიკალურ სკოლაში, ან კერძოდ პედაგოგთან, ან საჯარო სკოლაში, მუსიკის გაკვეთილებზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ერთხელ მაინც უთხოვიათ, გამოგვეყვანა რაიმე რიტმი, მაგალითად, მაგიდაზე კაკუნით ან ტაშის შემოკვრით. შესაძლოა, იმ დროს მუსიკის (რიტმის) გაკვეთილები უაზრო მეცადინეობად ან დროსტარებად მიგვაჩნდა, მაგრამ ჩვენ ისინი მაინც დაგვამახსოვრდა. მასწავლებლები მუდამ გვახსენებდნენ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა – მგალობელი ფრინველებიდან მოძრავ ავტომობილებამდე და მტირალა თოთო ბავშვამდე – საკუთარი რიტმით ცხოვრობს. ერთი სიტყვით, მუსიკალური მზადება თვლით იწყება და ეს სწორია, რადგან მუსიკაში ვერ იქნება წესრიგი მკაფიო რიტმის გარეშე.

რიტმის საფუძველია პულსი, პულსაცია, როგორც ძლიერი და სუსტი დროების თანაბარი მონაცვლეობა. ყველაზე უკეთ ეს პულსაცია საცეკვაო მუსიკაში შეიმჩნევა, მაგალითად, ვალსში. ერთ ძლიერ დროს ორი სუსტი დრო მოსდევს, შემდეგ – ისევ ერთი ძლიერი და ისევ ორი სუსტი და ა.შ. ამ პულსაციას თვლას უწოდებენ. ზუსტი სახელწოდება კი გრძლიობაა, ანუ მეტრი.
 

რიტმი – ეს დროის ფეთქვაა. მაგალითად, საათის წიკწიკი. ერთი წუთის განმავლობაში წამების ისარი 60-ჯერ წიკწიკებს, ხოლო თითო წიკწიკი რიტმში ერთი დარტყმის ტოლია. თუ წამების ისარს ავაჩქარებთ ან შევანელებთ, ჩვენ შევცვლით ათვლის ტემპს. მუსიკალურ ჩანაწერში ნოტები გვეუბნებიან, რამდენჯერ უნდა დავუკრათ ყოველ თვლაზე და რომელი ნოტი.

როგორც ცნობილია, ადამიანის პირველი „ინსტრუმენტი” მისივე სხეული იყო. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რაც აუცილებელია მუსიკის შესრულებისთვის. ეგრეთ წოდებული ხმოვანი ჟესტები: დარტყმა, მირტყმა, დაბაკუნება და თითების გატკაცუნება – ხმისა და მოძრაობის ერთობლიობა ფართოდ გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება მუსიკალური აღზრდის მეთოდიკაში კარლ ორფის სისტემის მიხედვით.

ხმოვანი ჟესტები იდეალურია რიტმული სწავლების დაწყებით ეტაპზე, ვინაიდან ეს „ინსტრუმენტები” მუდამ თან ახლავს ადამიანს. სწორედ ამ ხმოვანი ჟესტების საშუალებით არის სასარგებლო სხვადასხვა რიტმული ფიგურაციის დამუშავება, ვიდრე მათ დასარტყამ ინსტრუმენტებზე გადავიტანდეთ. მაგალითად, დოლი ფეხების ბაკუნის იმიტაციას ახდენს, კასტანეტები – ხელის დარტყმის იმიტაციას… ასე რომ, ისინი სავსებით ბუნებრივად „გამოდიან” ადამიანებიდან. იდეა ელემენტარული მუსიცირებისა იმ „ინსტრუმენტების” გამოყენებით, რაც ადამიანს ბუნებისგან აქვს ნაბოძები, კარლ ორფმა თავისი სისტემისთვის აიღო არაევროპელი (აფრიკის, ავსტრალიის, ინდონეზიის) ხალხებისგან. სისტემა გამოირჩევა უნივერსალურობით და მნიშვნელოვანია მასობრივი პედაგოგიკისთვის. რიტმული ჟესტების მსგავსი ფორმები სხვადასხვა სახით მსოფლიოს ყველა ხალხს მოეპოვება.

რიტმი – აფრიკული მუსიკის ღმერთია. აქ დასარტყამი ინსტრუმენტების ფონზე სიმღერა და ცეკვა ბატონობს. მუსიკა და ცეკვა ერთმანეთს რიტმის მეშვეობით ერწყმის. ისინი განუყოფელნი არიან. ერთი გულისხმობს მეორეს, ამიტომ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ აფრიკელთა რიტმის შეგრძნება შედეგია სხეულის იდეალური შესწავლისა ყოველგვარი მათემატიკური გაანგარიშებისა და გრძლიობათა თანაფარდობის გარეშე.

საკუთარი სხეულის ბგერებით თამაში არის ბავშვის პირველი გაუცნობიერებელი იმპროვიზაცია. ხმოვანი ჟესტებით იმპროვიზაციის საფუძველია უნებლიე, გონებით არაკონტროლირებადი მოძრაობა, სხეულის სპონტანური მოტორიკა. იმპროვიზაცია ანუ ექსპერიმენტული „თამაშები” – თავისუფალი საუბარი სხეულით, ხმით, საკრავებით – ბავშვებს უფროსებზე ადვილად გამოსდით. და მე მახსენდება 4 წლის უსინათლო სტივ უანდერი, რომლის პირველი „საკრავები” იყო სამზარეულოს ქვაბები. სტივი საათობით უკაკუნებდა მათ კოვზებს და ცდილობდა რიტმი რადიოში მოსმენილი მუსიკისთვის აეყოლებინა. დედა მიხვდა, რომ შვილისთვის საჭირო იყო ნამდვილი მუსიკალური ინსტრუმენტი და ვინაიდან ხელმოკლეობის გამო როიალზე ოცნებაც კი არ შეეძლო, მან სტივს ტუჩის ჰარმონიკა უყიდა. ამ საკრავზე იგი 6 წლამდე უკრავდა, ხოლო პიანინო პატარა ბიჭუნას კეთილი მეზობლის წყალობით მხოლოდ 9 წლის ასაკში ეღირსა. ქვაბებით დაწყებული მუსიკალური ისტორია 25-ჯერ აღებული „გრემის” პრემიით დაგვირგვინდა და სტივი მოგვევლინა XX საუკუნის მეორე ნახევრის „შავი” მუსიკის პოპულარული სტილების – რიტმ-ენდ-ბლუზისა და სოულის – ერთ-ერთ ფუძემდებლად.

 

 

14 წლის სტივ უანდერი

„ბავშვებს სწავლა დასაბამიდან არ უყვართ, მათ თამაში ურჩევნიათ, ამიტომ ნებისმიერი სწავლება უნდა მივაწოდოთ, როგორც თამაში”.
კარლ ორფი

XX საუკუნის გერმანელ კომპოზიტორსა და პედაგოგს ორფს, ცნობილს კანტატით „კარმინა ბურანა”, დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკალური განათლების სფეროში. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, მიუნხენში დააარსა ტანვარჯიშის, მუსიკისა და ცეკვის სკოლა. მოგვიანებით მუსიცირების, ქორეოგრაფიისა და თეატრის საფუძველზე შეიმუშავა კომპლექსური მუსიკალური სწავლების სისტემა. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ბავშვთა მუსიკალურ აღზრდაში, სადაც წამყვანი როლი მიანიჭა მუსიკალურ-რიტმულ მხარეს. აღნიშნულ მეთოდიკას ბავშვებისთვის უნდა მოეტანა სიხარულისა და კმაყოფილების განცდა. ორფის აზრით, სიტყვისა და სიმღერის მონაცვლეობა ბავშვებისთვის ისევე ბუნებრივია, როგორც თამაში.
 
ბავშვი ცეკვავს, მღერის, თამაშობს, თხზავს, იგონებს – ქმნის საკუთარს, ცდილობს თვითგამოხატვას და, რაც მთავარია, ამით დიდ სიამოვნებას იღებს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევუქმნათ პირობები შემოქმედებითი ნიჭის გამოღვიძებისა და რეალიზაციისთვის. ამ დროს ჩვენი, მშობლებისა და მასწავლებლების, ამოცანაა, საჭიროების შემთხვევაში შეუმჩნევლად მოვახდინოთ მათი შემოქმედებითი უნარების ორგანიზება (კორექტირება, წარმართვა); არ ვასწავლოთ „როგორ” – შესაძლებლობა მივცეთ, თავად იპოვონ გამოსავალი, რათა მათში გაიღვიძოს ფანტაზიამ და ინიციატივამ.

სწავლებისას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება სმენით და მხედველობით მეხსიერებას, კონცენტრაციას, ყურადღებას ბგერისა და სიტყვის მიმართ, ტექსტის შინაარსში ჩაღრმავებას, მეტყველებისას ინტონაციური შესაძლებლობების განვითარებას, ხატოვან აზროვნებას და ემოციურ რეაქციებს.

ხელოვნების დარგებიდან ყველაზე ადვილად მუსიკა პოულობს გზას ბავშვის გულისკენ. მუსიკის თანხლებით მოძრაობა და სიმღერა ხელს უწყობს ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ავითარებს აზროვნებასა და მეტყველებას. ბავშვები, რომლებსაც უყვართ და ესმით მუსიკა, გამოირჩევიან აღქმის განსაკუთრებული უნარით, თანაგრძნობით და ემოციური განცდებით. 

„ხელოვნებას ბრძოლა უწევს არსებობისთვის. ის არ გახლავთ ფუფუნება, ის აუცილებლობაა, საჭიროა, როგორც ჰაერი და წყალი”.
საიმონ რეტლი
 
მოცეკვავეებსაც აქვთ თავიანთი ენა – ჟესტების ენა. სხეულის ენას ანუ გაცნობიერებული ჟესტებით საუბარს ძალუძს გადმოსცეს ემოციების მთელი სპექტრი. ბალეტში სამსახიობო ოსტატობა იდეალური უნდა იყოს, ვინაიდან წარმოდგენის შინაარსი მაყურებლამდე მოძრაობებითა და ჟესტებით არის მისატანი. და, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვა სასცენო დარგების მსახიობებისგან განსხვავებით, მოცეკვავის ჟესტები გაცილებით მრავლისმთქმელია, ვიდრე სიტყვები.

საილუსტრაციოდ მინდა შემოგთავაზოთ ჩემთვის გამორჩეული კომპოზიტორის, იგორ სტრავინსკის, გენიალური ბალეტი „კურთხეული გაზაფხული”, სადაც იგი თამამად იყენებს ბგერათა მანამდე გაუგონარ თანაჟღერადობას, წარმოუდგენელ რიტმებსა და უჩვეულო საორკესტრო ფერებს. ბალეტში მაჰიპნოზებელი რიტმის სტიქიური ძალა უფრო და უფრო იპყრობს მაყურებელს. გაზაფხულის მოახლოება – ბუნების თანდათანობითი გამოღვიძება იძერწება სიმების გამოკვეთილი რიტმითა და ვალტორნების გადაძახილით.

იგორ სტრავინსკის ბალეტი „კურთხეული გაზაფხული”, ფინალური სცენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“