პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
25 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

წლის ბოლოს

არსებითად, წლის ბოლო ყველაზე რთული პერიოდია მასწავლებლის მასწავლებლურ ცხოვრებაში. ცხადია „წლის ბოლოში“ კლასიკურ წლის ბოლოს არ ვგულისხმობ, როდესაც ერთ მომდევნო წელს მომავალი წელი ანაცვლებს. არამედ სასწავლო წელს, როცა მეორეკლასელებად ქცეული პირველკლასელები ყველაზე დიდი მინიშნებაა იმისა, თუ რა სწრაფად გადის დრო.

რთულია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უამრავ ფურცელთან გვიწევს გამკლავება, ან იმიტომ, რომ საშინლად გადაღლილები ვართ და ერთი სული გვაქვს, არდადეგების ჩვენი კუთვნილი ნაწილი როდის დაიწყება, არამედ იმიტომაც, რომ დასრულდა. დასრულდა ის, რასაც მთელი წელი ასე გულმოდგინედ, სათუთი მონდომებით ვაშენებდით.

არ ვიცი, კიდევ თუ არსებობს რამე სხვა ისეთი პროფესია, სადაც ასე ხშირად გიწევს იმ ურთიერთობების დათმობა, რომელიც შენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი გამხდარა. მასწავლებლები ამას ყოველ წელს აკეთებენ და, მგონი, ამაზე საკმარისს არც ვსაუბრობთ. ჰო, ვიცი, ურთიერთობები არ სრულდება და მერეც შეიძლება გაგრძელდეს და ყველაფერი. მაგრამ  მაინც, ის, რაც ყოველდღიურობაა, სულ მცირე სანახევროდ მაინც იქ სრულდება, როცა ყოველდღიურობა აღარ არის.

ყველა სკოლას სხვადასხვა პრაქტიკა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადადის კლასი ერთი მასწავლებლიდან მეორე მასწავლებლის ხელში. მე, როგორც მომთაბარეს, უამრავი სკოლა მინახავს: მინახავს ისეთებიც, სადაც კლასებს მთავარი მასწავლებელი (დამრიგებელი) ყოველ წელს ეცვლებათ; ისეთიც, სადაც პირველი რამდენიმე წელი ერთი და იგივე დამრიგებელი ჰყავთ; ისეთიც, სადაც დამრიგებლის ცვლილება საფეხურის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ხშირად ვწერთ და ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას განიცდიან ამ დროს პატარა ადამიანები, როგორი რთული შეიძლება იყოს მათთვის ამ სიახლეებთან გამკლავება და როგორ შეგვიძლია ჩვენ, ზრდასრულ ადამიანებს, მათი დახმარება.

დადებითი და უარყოფითი მხარე ყველა ზემოთ ხსენებულ პრაქტიკას შეიძლება გამოეძებნოს. ერთი მხრივ, კარგია, თუ სკოლაში ახალშესულ პატარებს გარკვეული დროის მანძილზე ერთი და იგივე მასწავლებელი ეყოლებათ, რადგან მათთვის სიახლეები განსაკუთრებულად მძაფრ მოვლენად აღიქმება. ამავდროულად, მასწავლებლის წლიური ცვლილება მათზე დადებითად შეიძლება აისახოს იმ კუთხით, რომ გამოიმუშაონ ახალ ადამიანებთან დამეგობრების, საერთო ენის გამონახვის და ნდობის უნარები. ეს კარგი პრაქტიკაა, იმის დასასწავლად, რომ ცხოვრებაში მუდამ ერთი და იგივე ადამიანები არ იქნებიან ჩვენს გვერდით. ზოგჯერ მათ სხვები ჩაანაცვლებენ და ყველას თავისი ადგილი ექნება, თუმცა ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც მოცემულ მომენტშია ჩვენ ირგვლივ.

თუმცა, მოდი, დღეს მასწავლებლებზე ვისაუბროთ.

გუშინ მეორეკლასელებთან ბოლო გაკვეთილები მქონდა. ცხადია, ეს ჩემთვის პირველი ბოლო გაკვეთილი არ იყო, რომელიც მეორეკლასელებს ჩავუტარე, თუმცა ამ კონკრეტულ მეორეკლასელებთან (რომლებიც უკვე მესამეკლასელები გახდნენ) პირველი იყო და, როგორც ყოველთვის, ყველაფერმა ბოლო გაკვეთილის ელფერით – მაქსიმალურად მხიარულად, თუმცა მაინც სევდიანად ჩაიარა. მერე დერეფანში დავდიოდი, მათ თამაშს ვაკვირდებოდი, რომელსაც სევდის არაფერი ეტყობოდა და ვფიქრობდი; რა მახსოვს იმ დროიდან, როცა მეორე კლასში ვიყავი? თუნდაც უფრო დიდი რომ ვიყავი იქიდან? ვინ დარჩა სკოლიდან ჩემს მეხსიერებაში ყველაზე მძაფრად? ყოველ წელს სკოლაში გატარებული უამრავი დღიდან რამდენის გახსენება შემიძლია ნათლად და ზედმიწევნით ზუსტად? ნუთუ უმეტესობა დღეების ადგილი ჩემს გონებაში მართლა არ იყო და ისინი სამუდამოდ წაიშალნენ? ამ ბავშვებს ვემახსოვრები? მომავალ წელს არა, ათი და ოცი წლის მერე გაიხსენებენ ჩემს სახეს? გაახსენდებათ ჩვენი ხითხითი გაკვეთილებზე? იქნებ ეს ყველა მოგონება, რომელიც ჩემთვის ასე ძვირფასია, მათ პატარა თავებში სკოლის უამრავი დღის მოგონებებს შორის აირევა, გაიდღაბნება, ფერს დაკარგავს და სადღაც მეხსიერების თაროზე დაიდება? ვნახავ კი მათ ოდესმე ისევ? ვნახავ, როგორები გაიზრდებიან, რა პროფესიას აირჩევენ, როგორი ზრდასრულები დადგებიან?…

ყველაფერი, რაც ვასწავლე მათთან დარჩება, ყველაფერი ჩემ გარდა. მე კვლავ უკან უნდა მოვბრუნდე და თავიდან დავიწყო, მაშინ, როცა ისინი მხოლოდ წინ აგრძელებენ გზას.

ჰო, ჩვენ გარკვეულწილად, ყოველ წელს უკან ვბრუნდებით და თავიდან ვიწყებთ მეორე, მეხუთე თუ მეათე კლასში ყოფნას. წლის ბოლოს კი ერთ-ერთი მოსწავლე გვეტყვის: „არ მჯერა, მას, მეთერთმეტეში გადავედი“ და ჩვენც ვხვდებით, რომ ერთი წლის ასაკი მოგვმატებია და თან უკვე ისევ უკან ვართ მოსაბრუნებლები. უკვე „ნახვამდის“ გვაქვს სათქმელი ყველაფერი იმისთვის, რასაც მთელი წელი ვაწყობდით და ვაშენებდით,  რომ კვლავ თავიდან, დიდი მოთმინებით და მოლოდინებით შევუდგეთ შენებას, ამჯერად სხვა მეათეკლასელთან, რომელსაც წლის ბოლოს ისევ ისე გაუხარდება მეთერთმეტე კლასში გადასვლა, შენ კი მისთვის ბედნიერი, თუმცა საკუთარი თავისთვის ცოტა დასევდიანებული დაფიქრდები და იტყვი, რომ წლის ბოლო ყველაზე რთული პერიოდია მასწავლებლის მასწავლებლურ ცხოვრებაში და არამხოლოდ იმის გამო, რომ ბევრ ფურცლებთან გვიწევს გამკლავება.

ყოველი წლის ბოლო დამშვიდობებაა იმასთან, რაც ასე ძვირფასი გახდა მთელი წლის მანძილზე ჩვენთვის; წლებთან, რომლებსაც ვეღარ დავიბრუნებთ; საკუთარი თავის იმ ვერსიასთან, რომელიც მაშინ სრულდება და იცვლება, როდესაც სხვა ბავშვების და კლასების მასწავლებლები ვხდებით.

ამასობაში ჩვენც ვიზრდებით და თან ვპატარავდებით, რადგან, სინამდვილეში, ეს ძალიან სევდიანია ხოლმე. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე წარმოვიდგენთ, თუკი ჩავუფიქრდებით.

და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ ფინჯან ყავასთან ერთად, სიახლის მოლოდინით აღტაცებულები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“