რას გვირჩევს ჯეიმს ჰილმანი
ადამიანთა ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი თეორიები მასზე. ადრე თუ გვიან რაღაც მოგვიხმობს უხილავი მოგზაურობისკენ. შეიძლება თქვენ გახსოვთ ეს „რაღაც“, როგორც თქვენი ბავშვობის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც საიდანღაც მოსული აუცილებლობა, მოვლენათა განსაკუთრებულობა გვევლინება ერთგვარ მოწოდებად: „ეს ის არის, რაც მე უნდა გავაკეთო, ეს ის არის, რაც მე მჭირდება, ეს ის არის,
რაც თავად მე ვარ“.
ჯეიმს ჰილმანი, „სულის კოდი“
სტატიის ანოტაცია: მასწავლებლებისა და მშობლებისათვის მნიშვნელოვანია ჰილმანის თეორია: მოუსმინეთ ბავშვებს, გამოიკვლიეთ მათი სურვილები და მისწრაფებები და დაეხმარეთ მათთვის საინტერესოს აღმოჩენაში. განათლება არსებობს სწორედ იმისთვის, რომ დაანახოს ბავშვებს საკუთარი გზა და არა იმისთვის, რომ თავს მოახვიოს სხვათა ინტერესები. მნიშვნელოვანია ის, რაც ბავშვობაში გიზიდავდათ, რადგან ის შესაძლოა იყოს თქვენი „სულის კოდი“.
თითოეულ ადამიანს აქვს უნიკალური ხასიათი და მოწოდება, რომელიც მოითხოვს რეალიზაციას. გენეტიკური სტრუქტურა, გარემო ფაქტორები და მშობლების გავლენა ვერ თრგუნავს ჩვენს ღრმა სურვილებს გავხდეთ ის, ვინც უნდა ვიყოთ – ასეთია ჯეიმს ჰილმანის წიგნის „სულის კოდის“ მთავარი გზავნილი მკითხველებისთვის.
შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შემთხვევით ხდება: შემთხვევით ვირჩევთ პროფესიას, ადამიანებს და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ვაღიარებთ, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და მას ინდივიდუალური ცხოვრებისა და განვითარების გზა აქვს, „შემთხვევითობების“ საფუძველიც შეიძლება მოვძებნოთ და ეს შეიძლება იყოს: გარკვეული ნიჭი, უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც გარკვეულ არჩევანს განაპირობებენ.
ცხოვრებაში ჩვენი ქცევები და მოქმედებები ყოველთვის არ არის ცნობიერი, ხანდახან თითქოს რაღაც ძალას მივყავართ კონკრეტული გადაწყვეტილებისკენ და მოგვიანებით ვხვდებით: რატომ მოხდა ის, რაც შემთხვევით მოხდა. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა სტივ ჯობსის სიტყვა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისადმი. თავის სიტყვაში ის საუბრობს „წერტილების შეერთების“ შესახებ. რაც გულისხმობს შემდეგს: როცა აკეთებ რაღაცას დიდი სურვილით, მაგრამ არ იცი, რაში გჭირდება. სტივ ჯობსი ჰყვება: წარმოდგენა არ მქონდა, რა მინდოდა ცხოვრებაში და უნივერსიტეტიც ვერ მეხმარებოდა ამის დანახვაში. ამიტომ მე მივატოვე უნივერსიტეტი და დავიწყე კალიგრაფიის კურსის შესწავლა. პატარა იმედიც კი არ არსებობდა იმისა, რომ მე ეს როდისმე ცხოვრებაში გამომადგებოდა… მაგრამ 10 წლის შემდეგ შეიქმნა მაკინტოშის კომპიუტერი და მივხვდი, ეს ყველაფერი რატომ მოხდა.
სწორედ ამას ეძახის ჯობსი „წერტილების შეერთებას“ ანუ აწმყოს პერსპექტივიდან წარსულში მომხდარი მოვლენები ცხადი ხდებიან და იძენენ სულ სხვა მნიშვნელობას. შესაძლოა, ამას ინტუიციაც ვუწოდოთ: „უსმინეთ თქვენს გულს, მან საიდანღაც იცის, რა არის თქვენთვის საჭირო“ (სტივ ჯობსი).
ამ შესავლის შემდეგ მინდა გესაუბროთ ამერიკელი ფსიქოლოგის, ჯეიმს ჰილმანის (1926-2011) ერთ-ერთ საუკეთესო და ცნობილ წიგნზე: „სულის კოდი“, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენს მოსწავლეებს და შვილებს დაეხმაროთ საკუთარი გზის პოვნაში.
“The Soul’s Code“ გამოვიდა 1996 წელს. ამ წიგნში ავტორი განიხილავს სულისა და ბუნების ურთიერთკავშირის იდეას, რომ ყოველ ადამიანს აქვს უნიკალური “სულის კოდი” ან დანიშნულება, რომელიც ვლინდება გარესამყაროში და ფორმირებულია დაბადებამდე და განსაზღვრავს მის გზას ცხოვრებაში.
ჰილმანი ამტკიცებს, რომ ადამიანის ცხოვრება წარმოადგენს “სულის კოდის” გამოხატვის მცდელობას, ხოლო ცხოვრებისეული მეტაფორები და სიმბოლოები გვეხმარება ამ უნიკალური დანიშნულების გააზრებასა და რეალიზაციაში.
რას ნიშნავს ცხოვრებისეული მეტაფორები და როგორ გამოხატავენ ისინი ჩვენს უნიკალურ მისიას ამ ცხოვრებაში?
ჯეიმს ჰილმანის თეორიის მიხედვით, “სულის კოდად” შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ცხოვრებისეული მოვლენები და გამოცდილებები, რომლებიც გვეხმარება გავიაზროთ ჩვენი უნიკალური დანიშნულება და შინაგანი მისწრაფებები. კერძოდ:
- განსაკუთრებული ინტერესები და მიდრეკილებები – ის, რაც გვიზიდავს ყველაზე მეტად და რისკენაც გვაქვს განსაკუთრებული მიდრეკილება ბავშვობიდანვე;
- განმეორებადი სიზმრები და ხილვები – სიზმრები და ფანტაზიები, რომლებიც მუდმივად მეორდება და გვიძლიერებს გარკვეულ გრძნობებს;
- მნიშვნელოვანი შეხვედრები – ადამიანები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენი გზის არჩევაზე;
- სინათლის მომენტები – უნიკალური გამოცდილებები, როდესაც ვგრძნობთ სიცხადეს და ჰარმონიას;
- მიზნის გრძნობა – რომელიმე საქმიანობა ან მოვლენა, როდესაც გრძნობთ განსაკუთრებულ მიზანმიმართულებას და ცხოვრების აზრს;
- გამოწვევები და გარდატეხები – რთული პერიოდები ცხოვრებაში, რომლებმაც იძულებული გაგვხადეს შეგვეცვალა კურსი;
- განმეორებადი სიმბოლოები და მეტაფორები – განსაკუთრებული სიმბოლოები და სურათები, რომლებიც მუდმივად გვხვდება.
ჰილმანის თანახმად, ამგვარი მოვლენები და გამოცდილებები გვაძლევს მინიშნებებს ჩვენი სულიერი დანიშნულების შესახებ და უნდა მივაქციოთ მათ ყურადღება, რათა გავიაზროთ და გამოვხატოთ “სულის კოდი”.
ჯეიმს ჰილმანი თავის წიგნში „სულის კოდი“ წერს იმის შესახებ, თუ როგორ სურდა იეჰუდი მენუჰინს (Yehudi Menuhin- ამერიკელი მევიოლინე), რომელიც ჯერ კიდევ ოთხი წლის არ იყო, ვიოლინო. როდესაც მას სათამაშო ვიოლინო აჩუქეს, ცრემლები წამოუვიდა… მენუჰინი გაიზარდა და გახდა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მევიოლინე ამერიკაში. მან გასტროლები 11 წლის ასაკიდან დაიწყო.
ჰილმანს ათეულობით მსგავსი მაგალითი მოჰყავს. თითოეულ მათგანში ბავშვის გონებაში მოქმედებს ერთგვარი მექანიზმი ან გრძნობა, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მან მომავალში.
ეს გრძნობა შეიძლება შევადაროთ ფანარს, რომელიც ბავშვის შთაბეჭდილებების ქაოსს ანათებს და სიბნელიდან ამჟღავნებს ზუსტად იმ მონახაზებს, რომლებიც გახდება ამ ადამიანის მომავალი: ვიოლინო, თეატრის სცენა, ხარები არენაზე და სხვა. ეს „რაღაც“ ყველას შეუძლია ამოიცნოს მანამდე, სანამ ისინი ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდებიან ადამიანისთვის. თითქოს „რაღაცამ“ წინასწარ იცოდა, როგორი ცხოვრებით იცხოვრებს მისი მფლობელი, ან რა კარიერას აირჩევს. ამის ნიმუშია ზემოთ მოყვანილი სტივ ჯობსის ცხოვრების ფრაგმენტები.
ჯეიმს ჰილმანი ადამიანს იაზრებს, როგორც ერთიან სურათ-ხატს. როგორც კედელზე დაკიდებულ სურათს მაყურებელი აღიქვამს ერთიანად და განუყოფლად, რომელშიც ყველაფერი იმთავითვე მოცემულია, ყველა დრო ერთადაა, – სწორედ ასეა ადამიანიც.
რა თქმა უნდა, ადამიანის ცხოვრება ვითარდება დღიდან დღემდე,- დასძენს ჰილმანი, – ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და გამოვიკვლიოთ გარკვეული უნარების განვითარება. ამავე დროს, თქვენი ცხოვრების ბუნებრივი ხატი/სახე შეიცავს ყველა ნიშანს, რომელიც მონაწილეობს წარსულში, აწმყოში და მომავალში. თქვენი პიროვნება არ არის პროცესი ან განვითარება. თქვენ ხართ ერთიანი სახე-ხატი, რომელიც ვითარდება, თუ საერთოდ ვითარდება. როგორც პიკასო იტყოდა: „მე არ ვვითარდები, მე ვარსებობ!“ ასეთია ყველა სახე-ხატის ბუნება: მასში ყველაფერი ერთდროულად და ერთადაა მოცემული. ასეთ უნიკალურ არსებად იბადება ადამიანი: თავისი მოცემულობით, რომელიც არსებობს მანამდე, ვიდრე მას „იცხოვრებს“ კონკრეტული ადამიანი. ჰილმანის აზრით, სწორედ ეს უნდა აღმოაჩინოს ადამიანმა და მიჰყვეს მისთვის უნიკალურ გზას. ეს არის მისი მისია.
„Neither Nature nor Nurture – Something Else – არც ბუნება და არც აღზრდა, – არამედ რაღაც სხვა“ – ასე ჰქვია ჰილმანის წიგნის ერთ თავს. ავტორი აჩვენებს, რომ არც ბუნებას და არც აღზრდას არა აქვს კავშირი სულის ლოგოსთან;
ამ გზაზე ადამიანს თან ახლავს მინიშნებები, რომლებსაც ჰილმანი პლატონის დემონებს ადარებს, ისინი არიან ერთგვარი შუამავლები, მხარზე ასხედან ადამიანს და თუ მოსმენას ისწავლით, ყოველთვის „გისმენენ და გემსახურებიან“.
„- ბოლოს და ბოლოს, რა არის იგი, დიოტიმა? – დიდი დემონია იგი, სოკრატე, ხოლო ყოველივე „დემონიურს“ ხომ საშუალო ადგილი უჭირავს ღმერთსა და კაცს შორის. – რას ემსახურება-მეთქი დემონი? – დემონი ღმერთებს ამცნობს და გადასცემს კაცთა ლოცვა-ვედრებას და შესაწირავებს, ხოლო ღმერთთა ნება-სურვილსა და წყალობას – ადამიანებს. საშუალო ადგილი რომ უჭირავს კაცთა და ღმერთთა შუა, ის მთელს სივრცეს ავსებს მათ შორის და, ამრიგად, შინაგანი კავშირით აერთებს ყველას და ყველაფერს.“ (პლატონი, „ნადიმი“).
და ბოლოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სინერგია და ურთიერთქმედება. „სულის შექმნა კი არა მხოლოდ და არა იმდენად ინდივიდუალური პროცესია, რამდენადაც სხვებში და საკუთარ თავში უხილავის გამოვლენა სხვებთან ურთიერთობით“. ამ პროცესს ჰილმანი „უხილავთან დაბრუნებასაც“ უწოდებს…