ორშაბათი, ოქტომბერი 7, 2024
7 ოქტომბერი, ორშაბათი, 2024

ჩემი მეზობელი და ფიროსმანი

ფიროსმანზე ვწერდი როცა მოიტანეს. წერა შევწყვიტე, მივხვდი ვეღარაფერს დავწერდი მირზაანელ მხატვარზე, მეგობარზე უნდა დამეწერა რომელიც მასავით მოკვდა. ვიცოდი რომ მოკვდებოდა სიზმარში ვნახე, ნოემბერი იყო ვითომ ნისლიანი და ცივი ბოროტი კაცის თვალებივით, ის კი დიდი კაკლის ძირში ჩამჯდარიყო გამწარებით ურევდა ხელებს ხმელ ფოთლებში. ნაყოფს ეძებდა და ვერ პოულობდა, ხან ტოტი მოხვდებოდა და ხან მიწის კოშტი, ბრმა იყო ვითომ ორთავ თვალიდან.

ჩემი სახლიდან მის სახლში გადავედი.გადავედი, მივედი მანქანასთან სადაც შავ ცელოფანში იყო იყო გახვეული. თავთით შვილიშვილი დაუდგა, ფეხებთან მე მეზობელი, როცა ხელი მოვკიდე ვიგრძენი როგორ ჰქონდა ქუსლები მიწის იატაკზე სიარულისგან დახეთქილი. ისე გავუშვი თითქოს გველი მცემოდა ხელში, ნაქარი ხილივით დაეცა მკვდარი.

„ ხელი გამისრიალდა „ მოვიბოდიშე და მუხლებში წავავლე ხელი. შევიტანეთ და  ნაქირავებ კუბო მაცივარში ჩაასვენეთ. რომელშიც რამდენიმე დღის წინ სხვა იყო ჩასვენებული.დავხედე და თითქოს ეძინა, გულზე მომეშვა, მას არ ჰქონდა მკვდარი ლოლასავით კბილები დაკრეჭილი და თვალები ბუდეში ჩავარდნილი. ის ლოლასავით ტანჯვით არ იყო მკვდარი, თანაც გაუმართლა რომ ხბო არ იყო, მასზე არავინ არ იტყოდა ხორცი ცოდოა ძაღლებს დავუკლათ და ვაჭამოთო. ყველას უმართლებს რაღაცაში, რაღაცის სამაგიეროდ.

„ სულ ვეუბნებოდი რომ არ დაელია, მთვრალი რომ არ ყოფილიყო საწოლიდან არ გადმოვარდებოდა და ნეკნი ფილტვში არ შეერჭობოდა.“  მე ჩუმად ვიყავი ენა არ დამისველებია. არ მითქვამს რომ ნეკნმა კი არა უპატრონობამ მოკლა. ტანსაცმელს გამოუცვლიდნენ აღარ ეცმეოდა ღმერთთან მისულს შავად დაწინწკლული შარვალი, რომ ვერ ხედავდა ზედ იფსამდა ხოლმე.

მე  წამოვედი, სახლში სვამდნენ და ღორის ხორცს ჭამდნენ, მე არცერთი შემეძლო, როცა თბება ხორცს უფრო მეტად აქვს სისხლის  გემო და სუნი.

შორს წავედი, დაბლა დაბურული ქლიავებისკენ. სკოლაში მიმავალს გაზაფხულით ნაზამთრალ ვაშლს მიყრიდა ღობიდან, ზაფხულში კი ალუმინის  ტოლჩაში შავ ალუბლებს. როცა გავიზარდე მისი ცხენით ხმელი შეშა მოგვქონდა ტყიდან ჩემთვის და მაგისთვის. არავის უყვარდა, გინება იცოდა და სათქმელის უშნოდ მიხლა პირში. თანაც ამბობდნენ რომ მაგანო თავის ცხენსო თვალი გამოსთხარაო. მას ჩემთვის არაფერი მოუყოლია როცა ცხენის დროგზე ვისხედით და შეშა მოგვქონდა სახლში, ანდა მის მჟავე ღვინოს ვსვამდით.

ყველაფერი მე მოვიფიქრე და წარმოვიდგინე.

მამამისი მისი ძმები ომში იყვნენ როცა მოვიდნენ და უთხრეს რომ მისი ცხენი სამშობლოს სჭირდებოდა და უნდა წაეყვანათ. ის ვერ მიხვდა რაში დასჭირდა სამშობლოს მისი ცხენი. ის ცხენი მისი და დედამისის მარჩენალი იყო, ამით იპარავდა მეურნეობის ნათესებიდან მიწაში დარჩენილ წვრილ კარტოფილს.  უცხენოდ ის და დედამისი იშიმშილებდნენ, დედამისიც უფრო ხშირად გაუღიმებდა მათთან მოსულ სოფლის თავმჯდომარეს, რომლისაც ყველას ეშინოდა. თანაც ყიამყრალი იყო და ის ცხენი ის მისი ერთადერთი მესაიდუმლე და გულის დამწველი.

ჩემს მეზობელსა და მეგობარს გონება გაუნათდა როცა გაახსენდა რომ სამშობლომ არ წაიყვანა მისი სოფლელის ცხენი, რომელიც ყინულზე წაიქცა და დაკოჭლდა. მზე ამოიწვერა თუ არა, სახლიდან გამოვიდა. ცხენი თვინიერად მიჰყვებოდა უკან.

ცხელოდა თურმე გულის სიცხით იმ დილას. თუმცა მარტო იმ დილით არა, მთელ ზაფხულს წამლად არ ჩამოვარდნილა წვეთი ციდან.მიწა ბებრის ხელებივით დაშაშრული და დამსკდარი იყო.  კვირაცხოვლის ნიშთან სოფლისგან შორს,ჩემი მეგობარი გაჩერდა და ცხენი კუნელის ხეს გამოაბა. უყვარდა ეს ნიში მას სთხოვდა ხოლმე დაკარგული და ტყეში დარჩენილი ძროხის უკან დაბრუნებას.

ერთხანს იდგა დახეთქილ მიწას დაშტერებოდა. ცხენიც უწადინოდ წიწკნიდა მზისგან დამწვარ ყვითელ ბალახს.

ჩემმა მეგობარმა თოკი შეამოწმა კარგად იყო თუ არა მიბმული ხეზე, შემდეგ კუნელს მოზრდილი ეკლიანი ტოტი მოატეხა და ცხენს მიუახლოვდა.ხელი  ფაფარზე და გრძელ კისერზე გადაუსვა. ცხენმა თვალები დახუჭა, გაიტრუნა.  პატრონი ზუსტად ისე ეფერებოდა როგორც ფეხიდან მოცვეთილი ნალის აძრობისას ეფერებოდა ხოლმე. მერე ჩემმა მეგობარმა სახე მიაბრუნა და ეკლიანი ჯოხი ცხენს გამეტებით მარცხენა თვალში ატაკა. ტკივილისგან გაგიჟებული თვალამოთხრილი წყენა   უშედეგოდ ცდილობდა თოკის გაწყვეტას. მერე ის ეკლიანი ჯოხი რამდენჯერმე გამეტებით დაისვა სახეზე.იჯდა კვირაცხოვლის ნიშის წინ და არც ცდილობდა მტვრიან სახეზე წამოსული სისხლისა და ცრემლის მოწმენდას.

ტიროდა ჩემი მეგობარი, მას მაშინ პირველად მოუწია იმის გაკეთება რაც ძალიან, ძალიან არ უნდოდა. მაგრამ ცხოვრება ასეთია,  ხშირად გიწევს იმის გაკეთება რაც არ გინდა.

ცალთვალა ცხენი არ სჭირდებოდა სამშობლოს და დაუტოვეს. მამამისი და მისი ძმები ომიდან არ დაბრუნებულან. წვიმა კი მოდიოდა , ყვითელი ბალახიც იღვიძებდა და სიცოცხლეს იბრუნებდა.

ისევ იპარავდა იმ ცხენით კარტოფილს, ოღონდ ღამე არა დღის შუქზე. რაც დარწმუნებით ვიცი ისაა რომ იმ ნიშისკენ აღარ გაუხედავს.

კიდევ მაშინ იტირა როცა მისმა პირმშომ აპრილში ყინულიან მდინარეში იბანავა და გათავდა. ქვა წამლად უქცია და ვერაფერი უშველა. სხვა დროსაც ევსებოდა გული სატირლად მაგრამ დიდი იყო უჩუმრად დასდიოდა გულზე ცრემლი. ფიქრობდა რომ ღმერთი გაბრაზდა ცხენი რომ დააბრმავა და ამიტომაც მოუკლა შვილი.. უფრო ავი და მყრალი გახდა ვიდრე იყო…

არც მაშინ უტირია როცა მის ცოლს სკლეროზი დაემართა. ნიკაპზე ამოსული თმები გაუთეთრდა და სახე ჩაეხვეწა. დადიოდა და ყვიროდა:“ აბა რა“, „ აბა რა“. რა ვუშველო ამ უბედურ ქალსო წუხდა ჩემი მეგობარი. ძალით სვამდა ალუმინის ტაშტში ცოლს და აბანავებდა. როცა მისი ცოლი ამის გამო გასწიოდა , კაცსაც წაუცდებოდა ხელი და თავში ჩააფარებდა ხოლმე.

ბოლოს სულ მარტო დარჩა. დარჩა ლოთი შვილის ანაბარა რომელიც ფულს ჰპარავდა და მადლობის მაგიერი საცემად იწევდა კიდეც, გულქვა კაცი ხარო ეუბნებოდა.

მე მას დამწარებულ ქონს და ყველის ნატეხს ვაძლევდი, ბოსტნის გადაღობვაში ვეხმარებოდი. იმიტომ რომ ის მეტყოდა რომ მე მისი ღმერთი ვარ და მსოფლიო კაცი…

როცა ლოგინში მწოლიარეს დავხედე ვთხოვე ღმერთს რომ არ მოეკლა, მინდოდა ჩემი უყურადღებობა გამომესწორებინა. ის ხომ მარტო აპობდა ძვალივით მაგარ მუხის კუნძებს, შემდეგ მაჯებზე იწყობდა ფარფატით აჰქონდა შვილთან რომელიც წყალწაღებული იყო ლოთობით.  მე ვეღარც ძველ  წიგნებს ვაწვდიდი ღუმლის ასანთებად და ჩეჩმაში წასაღებად. და ვერც არაყი ვუყიდე სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ფული არ მქონდა.

ახლა კი საწოლში მწოლიარეს დავყურებდით მე და მისი, დიდი ქალაქიდან ამოსული შვილიშვილები. მას თვალი დაეხუჭა და ხვნეშოდა, ჭუჭყით გასიპულ საბანში გახვეული. მალ-მალე გულის ჯიბეზე იკიდებდა ხელს, სადაც ფულს ინახავდა ხოლმე. ფილტვში ძვალ გარჭობილს ეშინოდა რომ მისი შვილი დროს იხელთებდა და ფულს ამოაცლიდა. მათ სახეზე ეწერათ რომ პაპამისის დრო მოვიდა და ეს სულაც არაა ტრაგედია რადგან ის ოთხმოცდათვრამეტისა უკვე. ნატვრაც ეწერათ სახეზე და შურიც..

განიცდიდნენ იმას რომ მათი პაპა დასაბანი იყო, და ცუდ მდგომარეობაში ჩაცვივდებოდნენ მათი ნათესავი სასწრაფოს ექიმის წინაშე. მე კი ვუთხარი რომ გადავიყვანდი ჩემთან და დავბანდი.. გამოიძახეს რადგან მიხვდნენ რომ რომ ყველას მოვუყვებოდი მათი გულქვაობის შესახებ და ბნელი სოფლის ავ ყბაში ჩავაგდებდი.

წაუყვანეს და სამ დღეში მოიტანეს. დამარხეს და კარი ოთახის კარი კლიტით გამოკეტეს, არადა ჩემი მეგობარი კი კარის სახელურში შვინდის ჯოხს უყრიდა ხოლმე.როცა დამარხეს და მისი ოთახი გამოკეტეს, მე ავდექი მის საფლავზე წავედი. ამოვუდე თავთით არაყი და წიგნი. იქნებ ის წიგნი იქ არც დასჭირდეს?იქნებ ღუმელი ღმერთმა აუნთოს.

ის ხომ ბოლოს მაინც აკეთებდა სასარგებლოს, ჩეჩმაში რომ ვერ მიდიოდა გამოუტანდა კარში ჩემს მიცემულ წიგნს და იქვე  წაიკუზებოდა ხოლმე, კვებავდა ლეკვებიან უპატრონო ძაღლს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“