სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

კეთილშობილი გერინგი

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელ ცხოვრებას საკუთარი სახელოვანი ახლობლების ჩრდილში ატარებენ. ხშირად მათი შრომა, ნიჭი და დამსახურება საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. რაც არ უნდა გააკეთონ, რასაც არ უნდა მიაღწიონ, ასეთი პიროვნებები მაინც მხოლოდ რომელიღაც დიდი ოჯახის რიგით წევრებად რჩებიან. ეს უსამართლობაა! მშობლებისა და დედმამიშვილების ღვაწლისა თუ დანაშაულის გამო ადამიანის ბედისწერა წინასწარ განსაზღვრული არ უნდა იყოს. ნებისმიერი იმსახურებს, თავისი ბედი საკუთარი ხელით გამოჭედოს.

სამყაროს ყველა ოდნავ განათლებულ ადამიანს სმენია ჰერმან გერინგის (უფრო სწორი თარგმანი იქნებოდა „გიორინგი“, მაგრამ რადგან აღნიშნული გვარი სხვაგვარად დამკვიდრდა ჩვენს ენაში, საქმე აღარ გავართულოთ) სახელი. იგი ჰიტლერის მარჯვენა ხელი გახლდათ, სათავეში ედგა საჰაერო ძალების სამინისტროს, მუშაობდა რაიხსტაგის პრეზიდენტის თანამდებობაზე, მინიჭებული ჰქონდა იმპერიის მარშალის წოდება, საკვანძო როლს ასრულებდა „მესამე რაიხის“ ეკონომიკის ორგანიზებაში. მოკლედ, ნაცისტურ იერარქიაში ფიურერის შემდეგ პირველი ადგილი ეკავა. ჰოლოკოსტზე, პოლიტიკური ოპონენტების მასობრივ და სასტიკ დევნაზე, დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვასა და ევროპის სისხლის მდინარეებით დასერვის საქმეზე გერინგს პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება. ნიურბერგის პროცესზეც სწორედ რაიხსმარშალი იყო ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული. ბუნებრივია, როდესაც ეს შავბნელი სახელი გესმის, ამ ადამიანის სიახლოვეს სიკეთისა და კეთილშობილების აღმოჩენის უნარი გეკარგება და ფიქრობ, რომ მისთვის არსად, არასოდეს არავის მიუცია მოყვასის სიყვარულისა და პატივისცემის მაგალითი. როგორი ძნელი დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, შეიძლება ასეთ დროს მწარედ ვცდებოდეთ კიდეც.

სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის გერმანული მიწების კომისარი, ცნობილი იურისტი და დიპლომატი – ჰაინრიხ გერინგი, ჰერმანის გარდა, კიდევ რვა შვილის მამა გახლდათ. ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ალბერტი იყო. სწორედ ალბერტი აძლევდა მთელ ოჯახს სიკეთისა და შემწყნარებლობის მაგალითს. მისმა თავდადებამ და სიქველემ უფროსი ძმის ჯოჯოხეთური დანაშაულები, ცხადია, ვერ გამოისყიდა, მაგრამ კაცობრიობას დაუტოვა მაგალითი იმისა, რომ სტატუსისა თუ პრივილეგიების, წინასწარ განსაზღვრული გარემოებებისა და მათგან გამომდინარე წნეხის მიუხედავად, მაინც შესაძლებელია სინდისის კარნახით მოქმედება.

ვინ იყო ალბერტი? და რატომ უწოდებენ მას ისტორიკოსები და კინოდოკუმენტალისტები „კეთილშობილ გერინგს“?

ალბერტ გერინგი არასოდეს ისწრაფოდა პოლიტიკური ცხოვრებისკენ. იგი უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლით გახლდათ დაინტერესებული. პირველ მსოფლიო ომშიც სწორედ საკომუნიკაციო ქსელების გაყვანითა და მათი ტექნიკური უზრუნველყოფით ცდილობდა სამხედრო ვალის მოხდას. მრავალჯერ მძიმედ დაჭრილმა ჯარისკაცმა ვაიმარის რესპუბლიკაში საინჟინრო განათლება მიიღო და მშვიდობიანობის დროსაც საყვარელი ხელობით ირჩენდა თავს, ინდუსტრიულ სახელმწიფოში მაღალკვალიფიციური ინჟინრები მარტივად პოულობდნენ სამუშაოს. ალბერტი ყოველთვის გაურბოდა ნაციონალ-სოციალისტებთან კავშირს. ყველას უკვირდა, რომ უმცროსი ძმა რაიხსტაგის პრეზიდენტად, პრუსიის პრემიერ-მინისტრად და საჰაერო ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაწინაურებული ჰერმანისგან დისტანცირებას ესწრაფოდა. მეტიც, ნაცისტების მიერ ხელისუფლების სრული უზურპაციის შემდეგ ალბერტმა დემონსტრაციულად დატოვა გერმანია, უარი თქვა გერმანულ პასპორტზე და ავსტრიის მოქალაქეობა მიიღო.

გერმანიის დატოვების მიუხედავად, ძმებს ერთმანეთთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. უფროსი ძმას ყოველთვის სურდა საგვარეულოს მამასახლისის, ოჯახის მეთაურის ფუნქციის შესრულება, ამიტომ და-ძმებსა და ნათესავებს თავისი ზედამხედველობისა და ზრუნვის არეალის დატოვების უფლებას ბოლომდე არასდროს აძლევდა. რეჟიმის მხრიდან წნეხის ზრდის კვალდაკვალ ავსტრიაში ემიგრირებული ინჟინერი მიხვდა, რომ საკუთარი გვარი და ჰერმანის ავტორიტეტი სიკვდილისთვის განწირული ადამიანების გადასარჩენად უნდა გამოეყენებინა.

ნაციონალ-სოციალიზმის მკვლევრებს ალბერტ გერინგის ანტიჰიტლერული საქმიანობის სამი მიმართულება აქვთ გამოკვლეული, რომლის დროსაც მეცნიერებმა ფაქტების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები აღმოაჩინეს.

უმცროსი გერინგი ვენაში მცხოვრები კოლეგების მთავარი შემწე გახლდათ. ინჟინერი მაშინ კინოინდუსტრიაში მუშაობდა და უამრავ ებრაელთან უწევდა ურთიერთობა. მისი უშუალო მონაწილეობით ავსტრიის უდიდესი კინემატოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელი, ოსკარ პილცერი ორჯერ გათავისუფლდა ტყვეობიდან. ალბერტმა ბოლოს თავისი უფროსის ქვეყნიდან გაქცევის ოპერაციაც კი წარმატებით განახორციელა. მისი შუამდგომლობით სიკვდილს გადაურჩა ცნობილი კომპოზიტორის – ფრანც ლეჰარის ებრაელი ცოლი, კინოვარსკვლავ ჰენი პოტენის ებრაელი ქმარი, კანცლერ შუშინგის ნათესავები და ა.შ. მოკლედ, პროფესიულ წრეებში, კინოს ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საზოგადოებაში ყველამ იცოდა, რომ ალბერტი უკან არ დაიხევდა და უდანაშაულო ებრაელების გადასარჩენად საკუთარი გვარის, მასთან დაკავშირებული სოციალური კაპიტალის გამოყენებას შეეცდებოდა.

გარდა ამისა, არსებობს არაერთი მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ინჟინერი ნაცისტური რაზმების მიერ ვენის ქუჩებში ნაცემი და შეურაცხყოფილი ებრაელების დაცვას. ერთი ასეთი წინააღმდეგობის დროს იგი დააკავეს კიდეც, მაგრამ დოკუმენტებში რაიხმარშალის გვარის აღმოჩენის შემდეგ უმალვე გამოასწორეს თავიანთი შეცდომა.

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ალბერტი ჩეხეთში გადაიყვანეს და „შკოდას“ ქარხანაში განაწესეს მაღალ თანამდებობაზე. იმპერიის პროვინციაში გადასახლებულმა გერინგმა ფრთები ფართოდ გაშალა. თანამშრომლებთან ერთად იგი ხშირად ხელს უწყობდა საბოტაჟის პატარ-პატარა აქტების აღსრულებას, რაც „შკოდას“ ექსპორტსა და ფრონტის ხაზის მომარაგებას აფერხებდა. ინჟინერი ოსტატურად და თამამად იყენებდა თავის გვარს, ჩეხეთში მოღვაწეობის პერიოდში ციხეებიდან არაერთი დისიდენტი გათავისუფლდა დოკუმენტით, რომელსაც ბოლოს ხელს გერინგი უსახელოდ აწერდა. ცხადია, უმცროსი ძმის თავზეხელაღებულობა მალევე აღმოაჩინეს გესტაპოს ოფიცრებმა. ჰიტლერის მარჯვენა ხელს რამდენჯერმე მოუწია შუამდგომლობა, რათა დაპატიმრებული ალბერტი ციხიდან გაეთავისუფლებინა. ჰაინრიხ ჰიმლერი ხშირად იყენებდა ხოლმე „ჩეხეთში მყოფი ნათესავის“ არგუმენტს გერინგისათვის ძირის გამოსათხრელად.

ვენაში მცხოვრები ებრაელების მფარველობისა და ჩეხოსლოვაკიის „საბოტაჟნიკი“ დისიდენტების ხელშეწყობის გარდა, ალბერტ გერინგის უდიდეს დამსახურებად მიიჩნევა ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკიდან ტყვეების გამოხსნა. მოწმეები ამტკიცებენ, რომ ერთხელ „შკოდას“ ქარხნის მაღალჩინოსანი რამდენიმე სატვირთო მანქანით თავზე დაადგა საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტებს. მათ თავისი სახელი და გვარი მოახსენა და დაარწმუნა სამხედრო ზედამხედველები, რომ ომისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქციის დასამზადებლად რამდენიმე ათეული მუშა სჭირდებოდა. იმპერიის ლიდერის უმცროს ძმას ბანაკის მეთაურებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ალბერტმა რამდენიმე სატვირთოთი ათობით ებრაელი წამოიყვანა ტერეზიენშტადტიდან და ისინი მოშორებით მდებარე ტყეში გაათავისუფლა.

ნაცისტური რეჟიმის დროს ალბერტი საგვარეულო გვირგვინით დამშვენებულ ბლანკსა და ხელმოწერას არნახული გაბედულებით იყენებდა გაუგონარი, უსასტიკესი უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ატრიბუტები ომის შემდეგ მას ბედისწერად ექცა. არავის სჯეროდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ ურჩხულს ასეთი ძმა შეიძლება ჰყოლოდა. ინჟინერმა გადარჩენილთა შუამდგომლობით მოახერხა სიცოცხლის შენარჩუნება და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საზოგადოებისგან გარიყულმა, გაჭირვებაში გაატარა.

მხოლოდ 2010-იან წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმებისა და ამავე პერიოდში გამოცემული წიგნების წყალობით შეიტყო საზოგადოებამ „კეთილშობილი გერინგის“ შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“