სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ადაპტირებული დავალებები მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების რეალიზაციისთვის

 

მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს პრაქტიკული ასპექტები  მასწავლებლისგან მოსწავლის პიროვნული და  სოციო-ემოციური  ფაქტორების ფართოდ გათვალისწინებას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ,  სწავლების სტრატეგიებისა  და მეთოდების პერსონალიზაციას, მოსწავლის საჭიროებასთან   მაქსიმალურ  შესაბამისობას მოითხოვს.  მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან,  ამიტომ სასწავლო ამოცანების  გადაწყვეტისთვის   მასწავლებლები ცდილობენ, იპოვონ ის ოპტიმალური  მეთოდები და მიდგომები, რომელიც მიზანთან მიახლოებაში დაეხმარებათ. შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეთა  შესაძლებლობების რეალიზაციისთვის აქცენტი კეთდება   პრაქტიკაში  ადაპტირებული, მოდიფიცირებული დავალებების აქტიურად  გამოყენებაზე. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა რემედიაციამ, დიფერენცირებული სწავლის პრინციპებმა და ინდივიდუალურმა სწავლებამ.

ზოგადად, რა ურთიერთმიმართება არსებობს მათ შორის  და როგორ შეიძლება მათი გამოყენება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების რეალიზაციისთვის?

რემედიაცია   მოსწავლის ცოდნაში, გაგებასა თუ უნარებში არსებული ხარვეზის ან ხარვეზების  აღმოფხვრისა და გამოსწორების პროცესია, რომლის დროსაც,  სწავლაში ჩამორჩენის აღმოფხვრისა და   პრობლემის დაძლევისთვის, მასწავლებელი მოსწავლეს დამატებითი ინსტრუქციებით, ტექნოლოგიებითა და რესურსებით ეხმარება. სწორად შერჩეული რემედიაციული ჩარევით შესაძლებელია სწავლის ხარვეზების დაძლევა და მოსწავლის  აკადემიური ზრდისა  და წარმატების მიღწევა.

რემედიაცია ეყრდნობა ისეთ მეთოდებსა და მიდგომებს, როგორიცაა:

  • მიზანზე ორიენტირებული  სწავლება  ანუ  კონკრეტულ ცნებებსა და  უნარებზე ორიენტირებული სწავლება. ის ხორციელდება როგორც  ინდივიდუალური სწავლების ფორმით, ასევე მცირე ჯგუფების ან დიფერენცირებული სწავლების კომპონენტების გამოყენებით;
  • პირდაპირი სწავლება, რომლის დროსაც მასწავლებელი მკაფიო ახსნა-განმარტებებს, მაგალითებს, პრაქტიკულ აქტივობებს სთავაზობს მოსწავლეს. პირდაპირი სწავლება განსაკუთრებით ეფექტურია საბაზისო ცოდნისა და უნარების გასაძლიერებლად;
  • მცირე ჯგუფებში ვარჯიში, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ   მოსწავლეთა  მცირე რაოდენობას  აქვს მსგავსი, სპეციფიკური სასწავლო საჭიროებები. მცირე ჯგუფებში სწავლა განსაკუთრებით უწყობს ხელს თანატოლებთან ურთიერთობის გაადვილებასა და ურთიერთსწავლას;
  • ინდივიდუალური სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლის კონკრეტული სასწავლო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. რამდენადაც ამ დროს სამუშაო პროცესი მთლიანად ეყრდნობა  მოსწავლის  ტემპსა და გაგების დონეს, შესაბამისად, მოსწავლე  მეტად აღწევს  წარმატებას;
  • დიაგნოსტიკური შეფასება ანუ იმ სფეროების იდენტიფიცირება, სადაც მოსწავლეს აქვს ჩამორჩენა. ამით გამოიკვეთება ის  კონკრეტული  საკითხები, რაშიც  მოსწავლეს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება;
  • დიაგნოსტიკური შეფასებების საფუძველზე შედგენილი ინდივიდუალური  სასწავლო გეგმა, რომელშიც განსაზღვრულია   მიზნის მიღწევის  სტრატეგიები   და რესურსებიც;
  • პასუხისმგებლობისგან თანდათან გათავისუფლება: თუ დასაწყისში მოსწავლეს მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდა, მუშაობის შედეგად ის უფრო თავდაჯერებული ხდება,  მეტად    პასუხისმგებლობით ეკიდება  საკუთარ სწავლას და  დატვირთვაც    გადადის მასწავლებლიდან მოსწავლეზე;
  • ტექნოლოგიებით სწავლება:  საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს, ინსტრუმენტებსა და რესურსებს რეალურად შეუძლიათ, გააუმჯობესონ სწავლის შედეგი.    ინტერაქტიური პროგრამული უზრუნველყოფა, ონლაინ გაკვეთილები, ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო აპლიკაციები და სახალისო ციფრული თამაშები ის  დამატებითი აქტივობებია, რომელსაც  კონკრეტულ შემთხვევებში მიმართავს მასწავლებელი და აორმაგებს წარმატების შანსს;
  • სკაფოლდინგი, ხარაჩოებით სწავლება შედარებით მოკლე დროში  წარმატების მიღწევაში ეხმარება მოსწავლეს;
  • უწყვეტი განმავითარებელი შეფასება, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს მოსწავლის პროგრესი და საჭიროებისამებრ ცვალოს    სტრატეგიები. ვიქტორინები, შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები, საკლასო დისკუსიები და სხვ. შესაძლებლობას აძლევს  მასწავლებელს, რეალურ დროში დააკვირდეს მოსწავლის გაგება-გააზრების პროცესს, განსაზღვროს, როდის დგება  ეფექტური შედეგი და როდის არის საჭირო დამატებითი მხარდაჭერა;
  • განმავითარებელი შეფასების შედეგებზე დაფუძნებული დროული და კონსტრუქციული უკუკავშირი, რომელიც   ეხმარება მოსწავლეს, დაინახოს წინსვლა  და   მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი უნარები;
  • დიფერენცირებული სწავლება, რომლის დროსაც მოსწავლეთა მრავალფეროვანი სასწავლო საჭიროებების დაკმაყოფილება ხდება სასწავლო მეთოდების, შინაარსისა და შეფასების კორექტირების გზით.  ამ დროს ინფორმაციის წვდომის, გაგების, გააზრების  და   მასალის დაუფლებისთვის  მასწავლებელი იყენებს მრავალფეროვან  საშუალებებს.     აღსანიშნავია, რომ მოსწავლის  ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების კომპონენტით  დიფერენცირებულმა სწავლებამ შეიძლება   ხელი შეუწყოს რემედიაციის პროცესსაც.

აღნიშნული საკითხი ხშირად არის   განათლების სპეციალისტების  განხილვის საგანი. ამ მიმართულებით უდიდესი  მნიშვნელობა ჰქონდა  ლევ ვიგოტსკის სოციოკულტურულ თეორიას (როდესაც აქცენტი გაკეთდა  სწავლებაში ხარაჩოს მნიშვნელობაზე); ჟან პიაჟეს  კოგნიტური განვითარების თეორიას(„..მოსწავლის შემეცნებითი ზრდის პროცესში  უმნიშვნელოვანესია განვითარების უახლოესი ზონის განსაზღვრა“); ბლუმის   საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომიას (რომელშიც სასწავლო მიზნების დასახვა/გაუმჯობესებაზეა აქცენტი);   გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას (სწავლებაში მოსწავლეთა ინდივიდუალურ განსხვავებებზე ყურადღების გამახვილება, მათი ძლიერი მხარეების განსაზღვრა  სწავლებაში შესაფერისი სტრატეგიების ჩართვის მიზნით) და სხვ.  აღსანიშნავია თანამედროვე კვლევებიც (John Hattie: Visible learning: A synthesis of over 800 meta-analyses relating to achievement. Routledge, Abingdon, 2008, 392 pp.), რომელიც ადასტურებს სასწავლო პროცესში რემედიაციის  განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მიუთითებს    მის გადამწყვეტ როლზე  მოსწავლის აკადემიური მიღწევების ზრდაში, რადგან აძლევს  მას საშუალებას, რეალურად გაიუმჯობესოს  უნარები და სრულად გამოავლინოს საკუთარი  პოტენციალი.

ამ მოცემულობით რემედიაცია, ერთი შეხედვით, ახლოს დგას დიფერენცირებულ  და ინდივიდუალურ სწავლებასთან, თუმცა, ამავდროულად, განსხვავდება მათგან.  მაინც რა განსხვავებაა რემედიაციასა და დიფერენცირებულ სწავლებას შორის?

ზოგადად ორივე – ცოდნის ხარვეზის გამოსწორება და დიფერენცირებული სწავლება   – საგანმანათლებლო სტრატეგია, რომელიც მიმართულია მოსწავლის მრავალფეროვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ, მაგრამ  განსხვავდებიან საკითხზე  ფოკუსირებით, მიზნითა და განხორციელების გზებით:

  • რემედიაცია:

ა) ფოკუსირებულია კონკრეტული მოსწავლის/მოსწავლეთა მცირე ჯგუფის ცოდნის ხარვეზის  აღმოფხვრაზე, გამოსწორებაზე, რაც მოსწავლეს კონკრეტულ საგნობრივ დისციპლინაში ჰქონდეს. მას აქტიურად მაშინ მიმართავენ, როდესაც მოსწავლე  ცდილობს   ფუნდამენტური უნარების ან ცნებების დაუფლებას;

ბ) მისი მიზანია,   აღმოფხვრას კონკრეტული ხარვეზი, შეავსოს   კონკრეტული ცოდნის/უნარის დეფიციტი, მიიყვანოს  მოსწავლე/მოსწავლეთა მცირე ჯგუფი    მიზნობრივი უნარების ან კონცეპტუალური  ცოდნის გარკვეულ დონემდე (ასე ვთქვათ, დაეწიოს დანარჩენ მოსწავლეებს, თანაკლასელებს);

გ) განხორციელების გზა მოიცავს დამატებით ინსტრუქციებს, პრაქტიკულ აქტივობებს, კონცეფციების ხელახლა სწავლებას, დამატებითი პრაქტიკის შესაძლებლობების შეთავაზებას ან ინდივიდუალურ ინტერვენციებს.

             2  – დიფერენცირებული სწავლება:

ა) ფოკუსირებულია  კლასის ყველა მოსწავლეზე, მათ  საჭიროებებზე, ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, სწავლების მეთოდების, მასალებისა და შეფასების ტექნიკის მრავალფეროვნებაზე;

ბ) მისი მიზანია, უზრუნველყოს    თითოეული მოსწავლის მხარდაჭერა,    სწავლის პოტენციალის მაქსიმალიზაცია;

გ) განხორციელების გზა: დიფერენცირებული სწავლება გულისხმობს შინაარსის, პროცესის, პროდუქტის და სასწავლო გარემოს ისე მოწყობას, რომ  მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს  მოსწავლეთა  განსხვავებული საჭიროებები. უზრუნველყოფს  დავალებების  და აქტივობების  ისე შეთავაზებას, რომ მოსწავლეებს  მათი შესრულებისათვის აღმოაჩნდეთ სათანადო მზაობა, მიეწოდოთ  ამოცანის გადაწყვეტის მრავალფეროვანი ვარიანტები, ალტერნატიული სასწავლო აქტივობები.

მაშასადამე, თეორიულად, რემედიაცია მიზნად ისახავს ცალკეულ მოსწავლეებში სწავლის სპეციფიკური ხარვეზების ან კონკრეტული ნაკლოვანებების აღმოფხვრას და კლასის საერთო დონესთან მათ მიახლოებას. დიფერენცირებული სწავლება კი უფრო ფართო მიდგომაა, რომელიც შედარებით პერსონალიზებული სასწავლო გამოცდილებით და მოქნილი სასწავლო პრაქტიკის გამოყენებით  ცდილობს, დააკმაყოფილოს ყველა მოსწავლის მრავალფეროვანი სასწავლო საჭიროებები და მოთხოვნილებები.

რემედიაციის მაგალითი: მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ კლასში რამდენიმე მოსწავლეს უჭირდა  წილადების გაგება.  შედეგად ამ მოსწავლეებს უძნელდებოდათ  სხვადასხვა მნიშვნელის მქონე წილადების შეკრება და გამოკლება.

პრობლემის შესაბამისად, მასწავლებელმაც  დაგეგმა რემედიაციული მეცადინეობა:  ა) გაკვეთილებზე შესვენების დროს (ან გაკვეთილების დასრულების შემდეგ) გამოიყენა მცირე ჯგუფებში მუშაობა, განიხილა დამატებით სხვა აქტივობებიც, რომელიც  ფოკუსირებული იყო კონკრეტულად წილადების შეკრებასა და გამოკლებაზე, მათ  კონცეპტუალურ გაგებაზე; ბ)  შეადგინა ინდივიდუალური სწავლების გრაფიკი  და დაგეგმა კონკრეტული გაკვეთილები  როგორც დამატებითი მხარდაჭერა მოსწავლეთა ხარვეზიანი ცოდნის  აღმოსაფხვრელად;  გ) რეგულარულად, უწყვეტად გამოიყენა  განმავითარებელი  შეფასებები მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგისთვის და საჭიროებისამებრ,  ცვლიდა  კიდეც რემედიაციის გეგმას. დ) შედეგად მოსწავლეებმა მიაღწიეს წარმატებას – კონკრეტული პრობლემა აღმოიფხვრა.

დიფერენცირებული სწავლების  მაგალითი:  მათემატიკის იმავე გაკვეთილზე მასწავლებელმა აღიარა, რომ მოსწავლეებს  წილადების შესახებ  ნამდვილად ჰქონდათ   ცოდნის სხვადასხვა დონე   და ინტერესიც.  მასწავლებელმა გადაწყვიტა დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება  და  ა) მოსწავლეებს, რომლებსაც არ უჭირდათ  წილადებზე მოქმედებები, შეეძლოთ, გაეაზრებინათ წილადებთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ოპერაციები,  მასწავლებელმა  შეურჩია  უფრო რთული ამოცანები  (როგორიცაა წილადების შემცველი სიტყვების ამოცანების ამოხსნა ან წილადების ეკვივალენტობის შესწავლა); ბ) მოსწავლეებს, რომლებსაც გაუჭირდათ წილადებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, მისცა  მარტივი ტიპის ამოცანები და ასევე  გამოიყენა ხარაჩოც  ვიზუალური საშუალებების სახით (როგორიცაა წილადების მოდელები ან მანიპულატივები) შემდეგ კი  გ) – მოსწავლეებს შესთავაზა ცოდნის  გაგების, ცოდნის დემონსტრირების რამდენიმე გზა: წერილობითი ახსნა-განმარტებები, ზეპირი პრეზენტაციები, ციფრული პროექტები; მუშაობისას გამოიყენა  დაჯგუფების ისეთი  სტრატეგიები,  რომელიც მოსწავლეებს ურთიერთსწავლების გამოყენების საშუალებას აძლევდა. ამავე დროს, გამოიყენა არჩევანის თავისუფლებაც და  მოსწავლეებს შესთავაზა,  აერჩიათ აქტივობები  ან დავალებები  მენიუდან, რომელიც უფრო მეტად შეესაბამებოდა  მათ ინტერესებს და სასწავლო მიზნებს. შედეგიც  შთამბეჭდავი აღმოჩნდა – მოსწავლეთა მიღწევები საგრძნობლად ამაღლდა.

როგორც ვხედავთ,  პრაქტიკული კუთხით, რემედიაცია კონკრეტული ცოდნისა და უნარების, სპეციფიკური ნაკლოვანებების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული, დიფერენცირებული სწავლება კი  მიმართულია ყველა მოსწავლის მრავალფეროვანი სასწავლო საჭიროებებისა და  ინდივიდუალური მიდგომების დაკმაყოფილებაზე    და ამისთვის იყენებს   მოქნილ  სასწავლო  სტრატეგიებს.

ამავე დროს, არ შეიძლება ყურადღება  არ გავამახვილოთ   ინდივიდუალურ სწავლებაზეც, რომელიც ასევე ახლოს დგას  დიფერენცირებულ სწავლებასთან და რემედიაციასთან.

თუ  რემედიაცია გულისხმობს ცალკეული მოსწავლის ან მოსწავლეთა მცირე ჯგუფების კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში არსებული ცოდნის დეფიციტის ან ხარვეზის დაძლევას, კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას და მოსწავლის ცოდნისა და უნარების  დაახლოებას   კლასის სწავლის საერთო დონესთან  და  ის ძირითადად მიმდინარეობს გაწერილი გრაფიკის შესაბამისად,   დიფერენცირებული სასწავლო პროცესი  მოიაზრებს    მრავალფეროვან კლასში სწავლებას და კონკრეტული მოსწავლის საჭიროებების დაძლევის საფუძვლად გვთავაზობს  ადაპტირებულ  სასწავლო მასალას, მრავალფეროვან  სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს. ასეთი აქტივობები შეიძლება ჩაშენებული იყოს საგაკვეთილო პროცესში, ან  მიმდინარეობდეს გაკვეთილების ბოლოს.      ინდივიდუალური სწავლებისას   აქცენტი კეთდება თითოეულ  მოსწავლეზე, მისი ინდივიდუალური  საჭიროებებისა და შესაძლებლობების გამოკვეთაზე, რაც შეიძლება გულისხმობდეს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასაც, სწავლის ტემპსაც და შეფასებასაც. ამ შემთხვევაში სასწავლო პროცესი ნებისმიერ დროს შეიძლება მიმდინარეობდეს, რამდენადაც ის არის უაღრესად პერსონალიზებული სასწავლო პროცესი ფართოდ ადაპტირებული სასწავლო რესურსებითა და სწავლის მეთოდებით. შეიძლება ითქვას,  ინდივიდუალური მიდგომა უფრო მეტად ჰგავს დიფერენცირებულ სწავლებას, ვიდრე რემედიაციას, თუმცა სამივე მათგანს ახასიათებს  საერთო მიდგომები სწავლის პროცესთან, მაგრამ განსხვავდებიან მიზნის, მასალის მოცულობისა და სწავლებისთვის განკუთვნილი დროის მიხედვით. 

როგორც ვხედავთ, პრაქტიკულად, სასწავლო პროცესში   აქცენტი გადადის  სწავლების პერსონალიზაციაზე  ანუ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად ხდება სასწავლო პროცესის მთლიანი მოდიფიცირება და მიზნის მიღწევის მთავარ ორიენტირად    მოსწავლის ინტერესების და შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება მოიაზრება. რეალურადაც,    პრაქტიკულ საქმიანობაში,  მასწავლებლები ხშირად აერთიანებენ როგორც დიფერენცირებული სწავლების, ასევე  რემედიაციის  ელემენტებს, რათა შექმნან მხარდამჭერი სასწავლო გარემო, სადაც თითოეული მოსწავლის საჭიროებები მაქსიმალურად იქნება დაკმაყოფილებული. ამისთვის ისინი მიმართავენ ადაპტირებულ, მოდიფიცირებულ დავალებებს. ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მორგებული, ადაპტირებული ამოცანების შეთავაზებით, მასწავლებლები  ხელს უწყობენ მოსწავლეთა აკადემიურ ზრდასა და მიღწევებს.

ნიმუში – ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებლის და მოსწავლის საქმიანობა:

რემედიაციის პროცესი ინდივიდუალური სწავლება დიფერენცირებული სწავლება

 

-სწავლების ადაპტაცია     იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც წარმატების მისაღწევად   უჭირთ მასალის ათვისება ან საჭიროებენ დამატებით მხარდაჭერას.

 

მაგალითად, თემა: „როგორ შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები“ მასწავლებლის დავალებაა, მოსწავლეებმა დაწერონ ისტორიული თემა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მოსწავლეს, რომელსაც არ გაუვლია, არ იცის ინგლისის კოლონიების წარმოშობის ისტორია, ვერ  წერს, უჭირს  დავალების შესრულება. აი, აქ სჭირდება მოსწავლეს საკითხის/თემის/ხელახლა სწავლა ან სწავლაში ხარვეზის გამოსწორება. და მასწავლებელიც შეეცდება   ეს პრობლემა დააძლევინოს  მოსწავლეს ინდივიდუალური გეგმის მიხედვით.

– საშუალებაა  ყველა მოსწავლისთვის, ისწავლოს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, საკუთარი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად.

 

მაგალითად, მოცემულ საკითხთან მიმართებაში, გავითვალისწინოთ აუდიო, ვიზუალი, კინესთეტი მოსწავლის დამახასიათებელი თვისებები და ისე მივცეთ დავალებები აშშ-ის წარმოშობის შესახებ (ანუ გავუკეთოთ მოდიფიცირება სასწავლო გარემოს, რესურსებს და აშ.).

-მიზნის მიღწევის რამდენიმე გზის შეთავაზება მოსწავლისთვის, მათი  ინტერესებისა   და დონის გათვალისწინებით.

 

 

მოცემულ შემთხვევაში,  შეიძლება იყოს პროექტები, ისტორიული ნახატების ან მოვლენების რეკონსტრუქცია და ა.შ.  მოსწავლეები, რომლებიც არიან შემოქმედებითები, შეუძლიათ მულტიმედიური პროდუქტების შექმნა, ეფექტურ პრეზენტაციებს მოამზადებენ, სხვები -სხვაგვარი ფორმით წარმოადგენენ. მაგალითად,  შეადგინეთ დავალება    „ვიზუალი“ მოსწავლისთვის“, აუდიო-მოსწავლისთვის (მაგ., აუდიოპრეზენტაციის გამართვა)  და სხვ. კინესთეტი მოსწავლე კი  შეადგენს დროის ხაზს, ან  – მიმართავს როლურ თამაშს და ა.შ.

 

შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, ამგვარი მიდგომებით მოხდა შესაძლებლობების  მაქსიმალური გათვალისწინება  და სამივე მიმართულებით დავალება მიეცათ მზაობის, სწავლის სტილის და ინტერესის შესაბამისად.   სწავლების შინაარსის, ასევე სწავლის სტილისა და სასწავლო რესურსების ადაპტირებით მოსწავლეთა შედეგები  გახდა  წარმატებული  და სასწავლო მიზნებიც – მიღწეული.  მსგავსი დავალებები აქტიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პრაქტიკაში.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“