ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ყარაულის თოფი

ჯერ კიდევ ბოლომდე ვერგამოტირებულ დიდ საბჭოთა კავშირს ბევრი რამ ჰქონდა განსაკუთრებული, მათ შორის – შრომის კულტურაც. ჯერ იყო და პატივაყრილი და საკუთრებაჩამორთმეული ხალხი ცხვრებივით შერეკეს კოლექტივის ბაღ-ვენახებში და უთხრეს, ეს ყველაფერი თქვენია და თავი არ დაზოგოთო. იმავე სულისკვეთებით ქალაქად ქარხნები ააშენეს და მუშებს „გადასცეს“. კაი დედის შვილი იყავი და არ გემუშავა – დეზერტირის იარლიყი და ვირის აბანო არ აგცდებოდა. საკუთარი თავისთვის რამის კეთება რომც მოგენდომებინა, ვერაფერს გახდებოდი – დეზერტირობაზე კერძო მეწარმეობას დაგიმატებდნენ და ათმაგად დაისჯებოდი. უქონელ საზოგადოებაში ხელმრუდობისკენ მიდრეკილებამ იმატა, თუმცა ამაზე, როგორც წესი, თვალს ხუჭავდნენ. ყველაფერი „ხალხის“ ანუ სახელმწიფოსი იყო, სახელმწიფოს ქონებას კი დიდად არავინ უფრთხილდებოდა.

ეს ქონება თქვენია და თქვენვე დაიცავითო, ამიტომ თითო ობიექტს თითო დარაჯი ჰყავდა მიჩენილი. იმ დროიდან მოდის ფრთიანი გამოთქმაც: „ყარაულის თოფივით გაუვარდაო“. სად ჰქონდა ყარაულს თოფ-იარაღი და რაცია. დიდ-დიდი, სასტვენი მიეცათ განგაშის სიგნალის მისაცემად… საბჭოეთის ბოლოს ზოგიერთ ორგანიზაციაში თანამშრომლების ღამით მორიგეობაც კი შემოიღეს, დარაჯებისთვის რომ ედარაჯათ…

„ყარაულის თოფივით გავარდნილ“ ანუ შემთხვევით გამოსულ საქმეებს კი რა დალევს ამქვეყანად… ქიმიის ისტორიაშიც არაერთი ასეთი ფაქტის პოვნა შეიძლება, თუმცა ამჯერად მხოლოდ რამდენიმეს გავიხსენებ.

 

***

იდგა 1879 წელი. სახალხო მედიცინაში ქვანახშირის ფისს კანის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებდნენ. კონსტანტინე ფალბერგმა, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეცნიერად ითვლებოდა, გადაწყვიტა, ქვანახშირის ფისში შემავალ ნივთიერებებს შორის ფსორიაზის წამალი ეპოვა. ერთხელაც, შინ დაბრუნებულს და მთელი დღის მუხლჩაუხრელი შრომით დაქანცულს, ვახშმობის წინ ხელების დაბანა დაავიწყდა. მაგიდიდან ხელით აიღო რულეტი და ჩაკბიჩა, მაგრამ უზომოდ ტკბილი მოეჩვენა. ფალბერგმა შეამჩნია, რომ ტკბებოდა რულეტის იმ ადგილები, სადაც ხელს ჰკიდებდა და თავის შეცდომასაც და სიტკბოს მიზეზსაც უმალვე მიხვდა, სამსახურში დაბრუნდა და ლაბორატორიაში მუშაობის წესების სრული დარღვევით, გემო გაუსინჯა ყველა ჭურჭელს, რომელსაც კი იმ დღეს ხელი შეახო. ბოლოს სიტკბოს წყაროს მიაგნო – ბენზოსულფიმიდს, ო-ბენზოლსულფომჟავას, ფოსფორის (V) ქლორიდისა და ამიაკის ურთიერთქმედების პროდუქტს, რომელსაც ჩვენ საქარინის სახელით ვიცნობთ.

***

დღეს ფარმაცევტულ თუ კოსმეტიკურ ინდუსტრიაში უამრავი პროდუქტი მზადდება ვაზელინის საფუძველზე, თუმცა მისი პირველაღმომჩენი არც კოსმეტოლოგია და არც ფარმაცევტი. მას მე-19 საუკუნის შუა ხანებში პენსილვანიის პატარა ქალაქ ტიტუსვილთან არსებული ნავთობის ჭაბურღილის მუშებმა მიაგნეს. ნავთობის გადაქაჩვის დროს ეს ცვილისმაგვარი მასა მილსადენებში გროვდებოდა და მთელი სისტემა მწყობრიდან გამოჰყავდა. ტუმბოების გაფუჭების თავიდან ასაცილებლად დროდადრო გადაქაჩვას წყვეტდნენ და მილსადენებს ნადებისგან ასუფთავებდნენ. იმავე პერიოდში ნიუიორკელი ქიმიკოსი რობერტ ჩესბროუ იკვლევდა ვეშაპის ცხიმის გამოყენების შესაძლებლობას კანის სამედიცინო თუ კოსმეტიკური მოვლისთვის. მთელი წლის კვლევა-ძიების შემდეგ მიხვდა, რომ საჭირო იყო უფრო იაფი, შენახვის ხანგრძლივი ვადის მქონე და ეფექტური ალტერნატიული მასალის მოძიება. ერთ-ერთ ასეთ წყაროდ ჩესბროუ ნავთობს განიხილავდა, ამიტომ ტიტუსვილთან მდებარე ჭაბურღილსაც ეწვია. ნავთობსადგურის მუშებმა კი ცვილისმაგვარი მასა აჩვენეს და უთხრეს, რომ როდესაც მას ჭრილობაზე ისვამდნენ, შედარებით მალე ურჩებოდათ. ლაბორატორიაში დაბრუნებულმა მეცნიერმა ამ მასის გასუფთავების მეთოდები დაამუშავა და დაიბადა ახალი პროდუქტი – ვაზელინი.

***

DuPont-ში მუშობის დროს როი პლუნკეტს ახალი სამაცივრო რეაგენტის მოძიება დაევალა. ის უფრო უსაფრთხო უნდა ყოფილიყო, ვიდრე ამიაკი და გოგირდის დიოქსიდი, რომლებსაც იმჟამად იყენებდნენ – მაცივრიდან გაჟონვის დროს ისინი არასასიამოვნო სუნს აყენებდნენ და ტოქსიკურობითაც გამოირჩეოდნენ. პლუნკეტმა ტეტრაფთორეთილენის გამოყენება სცადა, წინასწარ დაამზადა მარაგი და სპეციალურ ბალონებში შეინახა, მაგრამ გამოყენების დრო რომ მოვიდა, ბალონები ცარიელი დახვდა. პლუნკეტს ეგონა, რომ ჭურჭლის ჰერმეტულობა დაირღვა და გაზი გაიპარა, ამიტომ ხელახლა მიიღო ტეტრაფთორეთილენი, ჩატვირთა ბალონებში და ჰერმეტულობაც საგულდაგულოდ შეამოწმა, მაგრამ გამოყენების დრო რომ მოვიდა, ჭურჭელი ისევ ცარიელი დახვდა. ამ თავსატეხის ამოხსნის მცდელობისას ქიმიკოსმა, უპირველეს ყოვლისა, ბალონების წონა შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ წონა არ იცვლებოდა. მაშასადამე, ტეტრაფთორეთილენი ისევ ბალონში იყო, მაგრამ არ ჩანდა. პლუნკეტი იძულებული გახდა, ბალონები გაეჭრა და ისე მოეძებნა დაკარგული ნივთიერება. ტეტრაფთორეთილენი ვერ იპოვა, მაგრამ შუაზე გაჭრილი ბალონების შიდა კედლების ზედაპირი უჩვეულოდ სრიალა მოეჩვენა. რამდენიმე ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ტეტრაფთორეთილენიდან შეიძლებოდა პოლიმერის მიღება, რომელიც მაღალი მექანიკური სიმტკიცით (ცვეთამედეგობა) და თერმული მდგრადობით გამოირჩეოდა. ასე დაიბადა ახალი პოლიმერი, რომელიც დღეს  ტეფლონის  სახელით არის ცნობილი.

 

***

ომებს ნგრევა და უბედურება მოაქვს, მაგრამ ტექნოლოგიური პროგრესის საწინდარიცაა. მრავალმა გამოგონებამ ომის თაროდან ჩვეულებრივ სამომხმარებლო ბაზარზე გადაინაცვლა და პოვა ფართო ნავსაყუდელი. ერთი მათგანია ე.წ. სუპერწებო, რომელსაც დღეს ყველა მაღაზიაში შეხვდებით და სიმტკიცით და სწრაფმოქმედებით გამოირჩევა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჰარი კუვერს პლასტიკური იარაღის სამიზნეებად ახალი მასალის მოძიება დაევალა. კვლევის ერთ-ერთ ობიექტად ციანოაკრილატი იქნა შერჩეული, რომელიც იდეალური იქნებოდა მიზნისთვის, ყველაფერზე რომ არ მიწებებულიყო, ამიტომ დაიწუნეს. მოგვიანებით, 1951 წელს, კიდევ ერთხელ სცადეს მისი გამოყენება რეაქტიული კაბინების თერმომედეგი საფარის დასამზადებლად, მაგრამ ვერც აქ გაამართლა და ისევ შემოსწყრნენ. 1959 წელს კი ჰარი კუვერმა და ჯოინერმა ამ ნივთიერებას ახალი სიცოცხლე შთაბერეს და ციანოაკრილატის საფუძველზე დამზადებული სუპერწებო შესთავაზეს მომხმარებელს.

ასეა, ექსპერიმენტის შედეგები მიმოფანტულ რიყის ქვებს ჰგავს, მიგნება კი – მათში შერეულ ბროლის ქვას, ამიტომ თუ ახალი სიტყვის თქმა გსურს, მოცადეობა არ არის საკმარისი, მახვილი თვალიც უნდა გქონდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“