ხუთშაბათი, სექტემბერი 12, 2024
12 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024

მშობლების განქორწინების გავლენა მოზარდთა ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე

ალბათ უჩვეულო არაფერი იქნება იმაში, თუ ვიტყვი, რომ დღეს ჩვენს საზოგადოებაში განქორწინებული მშობლების და დარღვეულ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების ხილვა აღარავის უკვირს. პირიქით, შეიძლება სრული, მტკიცე და ბედნიერი ოჯახის ნახვა უფრო მეტ გაოცებას იწვევდეს.

 

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მშობლების განქორწინების გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მის მომავალ ცხოვრებაზე განუზომლად დიდია. ოჯახი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი ბავშვს გააჩნია, რადგან მისთვის ის ხდება სიყვარულის, ურთიერთობის, უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილების ძირითადი საშუალება. დაბადების პირველივე დღეებიდან მშობლების წაბაძვით ბავშვი სწავლობს გრძნობების გამოხატვას, სიყვარულს, ნდობას. მშობლების მაგალითის გამოყენებით ბავშვი სწავლობს გარშემომყოფებთან ურთიერთობის დამყარებას, განვითარების კრიზისული პერიოდების გადალახვას. ყოველივე აღნიშნულის გამო, ოჯახის დანგრევამ არ შეიძლება გავლენა არ იქონიოს მოზარდის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და მის შემდგომ ცხოვრებაზე, ის სერიოზული სტრესის და დეპრესიის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს.

 

განქორწინების მიზეზი შეიძლება ბევრი რამ გახდეს. განქორწინება ეხება ოჯახის ყველა წევრს, მაგრამ სხვადასხვანაირად აღიქმება მშობლებისა და ბავშვების მიერ. მშობლებისთვის ეს არის გამოუვალი სიტუაციიდან გამოსვლის, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარების, ფსიქოლოგიური შეუთავსებლობის და ბევრი სხვა საკითხის გადაწყვეტის გზა. ბავშვებისთვის კი მშობლების განქორწინება სამყაროს ნგრევაა, უსაფრთხოებისა და სიყვარულის დაკარგვაა. ზოგიერთი მოზარდი მშობლების დაცილებაში საკუთარ თავს ადანაშაულებს, თვლის, რომ მან არაფერი გააკეთა მომხდარის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ეშინია, რომ ის მშობელი, რომელიც ოჯახიდან წავიდა, შეწყვეტს მის სიყვარულს. საყვედურობს, ემდურება, უწყრება იმ მშობელს, რომელთანაც საცხოვრებლად დარჩა. ზოგიერთი იწყებს მშობლებით მანიპულირებას. ცდილობს, მიიღოს დამატებითი საჩუქრები, ან თავიდან აიცილოს დასჯა ცუდი შეფასების გამო. არიან ისეთებიც, რომლებიც მშობლების დაცილების შემდეგ ხშირად ავადმყოფობენ, მუდმივად გაღიზიანებული და ზედმეტად მგრძნობიარენი არიან, იკეტებიან საკუთარ თავში, გაურბიან ურთიერთობებს. როგორც წესი, გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები გაცილებით უფრო მწვავედ განიცდიან მშობლების დაცილებას, ვიდრე პატარა ბავშვები. მოზარდების რეაქცია მშობლების დაცილებაზე შეიძლება იყოს ამბოხი სკოლის, ან თავად მშობლების წინააღმდეგ. ხშირად ისინი ხდებიან უმართავები, აგრესიულები, შფოთიანები, კარგავენ თვითკონტროლს, აწყობენ ისტერიულ სცენებს, ტირიან, იტანჯებიან უძილობით, ფიქსირდება სუიციდის მცდელობაც. მოზარდს აშინებს ცვლილებები, რომლებიც შეიძლება მოხდეს მის პირად ცხოვრებაში – საცხოვრებელი ადგილის, სკოლის, ურთიერთობების წრის შეცვლის აუცილებლობა, შესაძლო ცვლილებები მატერიალურ მდგომარეობაში. მოზარდს ასევე შეიძლება რცხვენოდეს, აშინებდეს კიდეც ის, რომ მისი ოჯახური პრობლემები თანატოლებისთვის გახდება ცნობილი. ხანდახან ის განიცდის მრისხანებას, მტრულ დამოკიდებულებას იმ მშობლის მიმართ, რომელიც გახდა ოჯახის ნგრევის ინიციატორი, ან შეიძლება ასეთი გრძნობა ორივეს მიმართ გაუჩნდეს. არის შემთხვევები, როცა მოზარდი ადანაშაულებს ოჯახიდან წასულ მშობელს იმაში, რომ მიატოვა ოჯახი, პირდაპირ უცხადებს, რომ ის მას ეჯავრება და არასოდეს აპატიებს ამას. როგორც უკვე ითქვა, მოზარდი შეიძლება საკუთარ თავსაც ადანაშაულებდეს მშობლების დაცილებაში, თვლიდეს, რომ მშობლების განქორწინებაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება, რადგანაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია მათ გადაწყვეტილებას. ხანდახან თავს იმითაც იდანაშაულებს, რომ ვერ გაამართლა იმ მშობლის მოლოდინები, რომელმაც დატოვა ოჯახი. ასეთი სახის მტანჯველი განცდები მოზარდმა შეიძლება გულმოდგინედ დამალოს. მან შეიძლება ეჭვიანობაც დაიწყოს, თუ დედა ან მამა ცდილობს ახალი ოჯახის შექმნას, ხვდება სხვა, ბავშვისთვის უცხო ადამიანს და ემოციურად ეჯაჭვება მას. ასეთ სიტუაციაში მოზარდი თავს მიტოვებულად გრძნობს და აქვს შიში, რომ ის მშობლისთვის საინტერესო აღარ იქნება და მის ადგილს მშობლის გულში სრულიად უცხო ადამიანი დაიკავებს.

 

მშობლების დაცილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოზარდის მომავალ ქცევაზეც, როცა ის საკუთარ ოჯახს შექმნის. მოზარდები, რომელთა მშობლებიც სცილდებიან, მოგვიანებით ხშირად თავადაც ანგრევენ ოჯახს, რაც შეიძლება აიხსნას განქორწინებისადმი მათი ტოლერანტული დამოკიდებულებით. გარდა ამისა, განქორწინებულ ოჯახებში აღზრდილი ბავშვები ხშირად უფრო ადრე ქორწინდებიან და ქმნიან ოჯახებს, ვიდრე მათი თანატოლები მტკიცე ოჯახებიდან. მათი ასეთი ქცევა, როგორც წესი, მოტივირებულია ემოციური სითბოს ნაკლებობის კომპენსირების სურვილით, ასევე მისწრაფებით, დატოვონ მშობლების სახლი და ამ გზით მოიპოვონ დამოუკიდებლობა. მაგრამ, ასეთი ადრეული ქორწინებები ხშირად განქორწინებით მთავრდება.

 

მშობლების განქორწინების შემდეგ ახალ მდგომარეობასთან ბავშვის ადაპტაციის წარმატება-წარუმატებლობა დამოკიდებულია მრავალი ფაქტორის ურთიერთქმედებაზე:

  • ოჯახური ატმოსფერო განქორწინებამდე – თუ განქორწინება დაასრულებს ჩხუბისა და მძიმე განცდების ხანგრძლივ პერიოდს, მან შეიძლება დადებითი გავლენაც კი მოახდინოს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. ბევრი მოზარდისთვის მშობლების განქორწინება უფრო ადვილი გადასატანია, ვიდრე ის კონფლიქტური გარემო, რომელიც არსებობდა ოჯახში განქორწინებამდე, რადგანაც იმ დროს მათ ეშინოდათ ფიზიკური ძალადობის, რცხვენოდათ მშობლების მიერ მოწყობილი სკანდალების და წუხდნენ მათ შორის ჩხუბისა და შერიგების მუდმივი მონაცვლეობის გამო. ასეთ ვითარებაში განქორწინება შვებად აღიქმება;
  • განქორწინების ხასიათი – განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდებზე მშობლების განქორწინება „საომარი მოქმედებების“ ფორმით, რაც თავის თავში მოიაზრებს ურთიერთბრალდებებს მეუღლეებს შორის. მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ მძიმდება, თუ ისინი ერთმანეთთან ბრძოლაში ბავშვებსაც რთავენ, აიძულებენ მათ ერთ-ერთი მშობლის მხარე აირჩიონ და მის გვერდით დადგნენ. მოზარდები იტანჯებიან აღნიშნული მდგომარეობით და არ სურთ არჩევანის გაკეთება მშობლებს შორის. გავითვალისწინოთ, რომ მშობელი არც მარტო დედაა და არც მარტო მამა, ის ორი ადამიანის ერთიანობაა, ერთი მთლიანია. როდესაც ისინი სცილდებიან ეს ერთიანობა იმსხვრევა, რაც ძალიან მტკივნეულია ბავშვისთვის. განქორწინება შედარებით მშვიდი ფორმით, ერთიერთბრალდებების გარეშე ამცირებს მოზარდის ტანჯვის ალბათობას, განსაკუთრებით თუ მშობლებს შეუძლიათ, აუხსნან ბავშვს, რომ ისინი შორდებიან ერთმანეთს და არა მას, დედაც და მამაც მომავალში კვლავაც დარჩებიან მისთვის მოსიყვარულე, ახლობელ ადამიანებად;
  • მშობლების ადაპტაციის ხარისხი განქორწინების ფაქტთან – ახალ მდგომარეობასთან განქორწინებული მეუღლეების ადაპტაციის უნარს გადამწყვეტი გავლენის მოხდენა შეუძლია მოზარდის სულიერ მდგომარეობაზე მშობლების განქორწინების შემდეგ. და, პირიქით – რაც უფრო მეტ შფოთვას განიცდიან მშობლები, მით უფრო სერიოზულად ირღვევა მათი შვილების სულიერი წონასწორობა ახალ სიტუაციაში;
  • ურთიერთობები ყოფილ მეუღლეებს შორის – ბავშვისთვის გაცილებით ნაკლებ მატრავმირებელი იქნება კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი, საქმიანი ურთიერთდამოკიდებულება დაცილებულ მეუღლეებს შორის, თუნდაც მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ბავშვებს, მათ აღზრდას და მომავალს ეხება;
  • განქორწინების შემდეგ მოზარდთან შეხვედრის შესაძლებლობა – თუ განქორწინების შემდეგ ოჯახიდან წასულ მშობელს შესაძლებლობა ექნება, დაუბრკოლებლად შეხვდეს საკუთარ შვილს, ნეგატიური შედეგები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ასეთი შეხვედრისას მშობელი დადებით გავლენას მოახდენს შვილზე და ყოფილი მეუღლის მიმართ უარყოფითად არ განაწყობს. სიტუაცია რთულდება, როცა ბავშვთან დარჩენილი მშობელი მხოლოდ უარყოფითად მოიხსენებს თავის ყოფილ მეუღლეს, როცა ბავშვს ეკრძალება მისი სიყვარული, საერთოდ მასზე ლაპარაკი და ფიქრიც კი, რადგანაც ამას ბავშვის მხრიდან მის მიმართ ღალატად მიიჩნევს.

 

რეკომენდაციები მშობლებისთვის მოზარდის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე განქორწინების შედეგების უარყოფითი გავლენის შესამცირებლად:

  • ვესაუბროთ მოზარდს გულწრფელად. ღიად განვიხილოთ მასთან პრობლემები მისთვის გასაგებ ენაზე. ავუხსნათ ბავშვს, რომ მშობლები შორდებიან ერთმანეთს და არა მას. ისინი მომავალშიც დარჩებიან მისთვის მოსიყვარულე და ახლობელ ადამიანებად;
  • ძალიან მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს მიიღოს სიტუაცია ისე, როგორც არის, იმისათვის, რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის და მშობლების დადანაშაულება, საყვედურები. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ დედა და მამა განაგრძობენ მის სიყვარულს მაშინაც კი, თუ ერთ-ერთი მათგანი არ იქნება მის გვერდით. ისინი ყოველთვის დარჩებიან მის საყრდენად, მას ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს მათი იმედი;
  • განქორწინების დროს ძალიან მნიშვნელოვანია გავაგებინოთ ბავშვს, რომ არცერთ მშობელს, არც დედას და არც მამას არ უღალატია მისთვის და არ მიუტოვებია ის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ბავშვით მანიპულირება იმ დროს, როცა მას უწევს არჩევანის გაკეთება – რომელ მშობელთან დარჩეს საცხოვრებლად;
  • ნუ ჩავრთავთ ბავშვს კონფლიქტებში, ნუ დავიწყებთ ურთიერთობების გარკვევას მისი თანდასწრებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები – მშობლებისადმი ნდობის დაკარგვიდან მოულოდნელ აგრესიამდე;
  • ნუ განვაწყობთ ბავშვს ოჯახიდან წასული მშობლის საწინააღმდეგოდ, ნუ შევეცდებით ჩამოვუყალიბოთ მას მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება. ოჯახიდან წასული მშობლის დადანაშაულებამ შეიძლება დამატებითი პრობლემები გამოიწვიოს;
  • მხარი დავუჭიროთ ბავშვს, მუდმივად გავუმეოროთ და ვუჩვენოთ, რომ ის ჩვენთვის საყვარელი და მნიშვნელოვანია, რომ მის ოჯახს არ შეუწყვეტია არსებობა, უბრალოდ ახლა ის ცოტა სხვანაირი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში, ემოციურად მიტოვებულად არ გრძნობდეს თავს, არ დაკარგოს მშობლების რწმენა, იცოდეს, რომ ის უყვართ, რომ ის არაფერშია დამნაშავე;
  • წინააღმდეგობას ნუ გავუწევთ ბავშვის ურთიერთობას ოჯახიდან წასულ მშობელთან. მოზარდმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ერთ მშობელთან შეხვედრა მეორის უარყოფას, მეორეზე უარის თქმას ნიშნავს;
  • ვიზრუნოთ, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვის ცხოვრება რაც შეიძლება ნაკლებად შეიცვალოს – საცხოვრებლად დარჩეს იმ სახლში, სადაც ადრე ცხოვრობდა, ისწავლოს იმავე სკოლაში, სადაც ადრე სწავლობდა;
  • მნიშვნელოვანია, რომ განქორწინების შემდეგ მშობლები აგრძელებდნენ მშობლებად დარჩენას და პირველ რიგში ითვალისწინებდნენ ბავშვის ინტერესებს და გრძნობებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაც უფრო ნაკლებ პრობლემებს შეუქმნიან და ნაკლებ ტკივილს მიაყენებენ მშობლები ერთმანეთს განქორწინების შემდეგ, მით უფრო ნაკლებად დაზარალდება მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობა და მით უფრო მაკლებ მატრავმირებელი იქნება მისთვის მშობლების დაცილება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ქალაქი, როგორც ტექსტი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“