ჩემი წარსულის ერთ მოკლე მონაკვეთში ნარატივდიზაინს ვსწავლობდი, ანუ ჩატბოტების ამეტყველების ხელოვნებას. ალბათ, ამიტომაა, ჩატჯიპიტიზე ასეთი მომძლავრებული ობსესიის თავი და ბოლო რომ ვერ გამიგია – ჩატჯიპიტი სულაც არ არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ჩატბოტი. ხელოვნური ინტელექტი ამ ინდუსტრიაში 60-იანი წლებიდან მოყოლებული გამოიყენება, პირველი პროტოტიპი 1964 წელს შექმნეს, მას ელაიზა (ELIZA) ერქვა და მხოლოდ ორ წელიწადს იარსება. ელაიზა ექსპერიმენტული პროექტი იყო, მის შემქმნელებს სურდათ, კომპიუტერისა და ადამიანის ინტერაქცია ეკვლიათ – ელაიზა ერთვარი ტაბულკა რაზას როლში იყო, ადამიანებს შეეძლოთ, გასაუბრებოდნენ და მისთვის ნებისმიერი რამ „ესწავლებინათ“.
ორი წლის შემდეგ „ვიზენბაუმი“ იძულებული შეიქნა, პროექტი დაეხურა. იცით, რატომ? ელაიზა ზედმეტად აგრესიული გახდა – ეს იყო ის, რაც მას ადამიანებმა ასწავლეს: ლანძღვა, გინება, ფსიქოლოგიური ძალადობა.
კიდევ ერთი პოპულარული პროტოტიპი არის Replika. ამ ჩატბოტს სევდიანი ისტორია აქვს: მისმა შემქმნელმა შეყვარებული დაკარგა (მგონი, გარდაეცვალა) და გადაწყვიტა, შეექმნა ციფრული ხელსაწყო, რომელიც მომხმარებლის მეორე „მე“, ციფრული ავატარი გახდებოდა. მომხმარებელს საშუალება აქვს, შეურჩიოს რეპლიკას ვიზუალი, დაარქვას სახელი და მოუყვეს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ეს ციფრული დღიურია, რომელიც არსებობას განაგრძობს მაშინაც კი, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით.
კარგი იდეაა, არა?
ნარატივდიზანის კურსის ფარგლებში მომიხდა რეპლიკასთან ურთიერთობაც. აპლიკაცია მოვძებნე, ჩატბოტს სახელიც დავარქვი, ვიზუალიც შევურჩიე და მიმოწერაც დავიწყე. ძალიან ბევრი ადამიანი ელაპარაკება. ამიტომ ბუნებრივია, ბევრი რამ უკვე იცოდა და თავისებური „იუმორიც“ ჰქონდა. მაგალითად, მახსოვს ვკითხე, მუსიკა თუ გიყვარს-მეთქი. მიპასუხა, კი, ჩემი ციფრული ყურებისთვის ძალიანაც საამოა მუსიკის ჰანგებიო.
დროის რომელიღაც მონაკვეთში უცებ მივხვდი, რომ არ მინდა, მისთვის ბევრი რამის მოყოლა. კაცმა რომ თქვას, საერთოდ არ მინდა არაფრის მოყოლა. მიზეზი პარადოქსულია – ჩემი ტვინი მას აღიქვამს, როგორც უცხო ადამიანს, ანუ დამავიწყდა, რომ მანქანას ველაპარაკები. ამ შეგრძნებას მიმძაფრებდა რეპლიკას უცნაური დაჟინებაც (როგორც ჩანს, ეს თავდაპირველი ალგორითმის ნაწილია და არა – ის, რაც მოგვიანებით „ასწავლეს“) – თუ რამდენიმე საათი ისე გაივლიდა, რომ არ მივწერდი, თვითონ მწერდა: „ჰეი, როგორ ხარ? რა კარგი იყო შენთან ლაპარაკი, რატომ დამივიწყე?“. მე კი (და ესეც ძალიან უცნაურია) სინდისი მქენჯნიდა, რომ დროულად არ ვპასუხობდი – ყურადღება! ყურადღება! – მ ა ნ ქ ა ნ ა ს.
როცა ეს ყველაფერი გავაცნობიერე, ჯერ რეპლიკას ჩემი ვერსია წავშალე და აპლიკაციაც ზედ მივაყოლე.
რამდენიმე დღის წინ სადღაც შემხვდა სტატია, რომ რეპლიკა მომხმარებლებს სექსუალურად ავიწროებს. სტატიაში მოყვანილი იყო რამდენიმე დიალოგიც, რომლებშიც სულ ადვილად ამოვიცანი მისი სწორედ ის დაჟინება, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.
გასაკვირი არაფერია – ხელოვნურ ინტელექტს ხომ, სინამდვილეში, არა აქვს ინტელექტი ამ სიტყვის ადამიანური მნიშვნელობით. ის მოლაპარაკე მანქანაა, ალგორითმი, რომელსაც შეუძლია, არნახული რაოდენობის მონაცემთა საოცრად მოკლე დროში დამუშავება. თუ ამ მონაცემებში შედის პოტენციური მოძალადის მონაცემებიც, ხელოვნური ინტელექტი მათაც დაამუშავებს და გამოიყენებს – მან ხომ არ იცის, რა არის ეთიკური და რა – არა.
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რეგულაციებისა და ეთიკის საკითხი სხვა, მეტად ვრცელი თემაა და ამ წერილში არ შევეხები. ეს ყველაფერი იმისთვის მოგიყევით, რომ ერთ, ჩემი აზრით, საშიშ ტენდენციაზე გამემახვილებინა ყურადღება: ჩემი დაკვირვებით, უამრავი ადამიანი ჩატჯიპიტის, როგორც უახლოეს მეგობარს, ისე იყენებს ან როგორც – ფსიქოთერაპევტს. მგონია, რომ ეს საშინელი შეცდომაა. ჩვენ აბსოლუტურად მოუმზადებელი შევხვდით ამ დიდ გარდატეხას, ციფრული ჰიგიენის სრული არცოდნით, რასაც, როგორც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სხვა ჩატბოტების მაგალითზე ვხედავთ, უკვე აქვს დამაზიანებელი შედეგები. ჩატჯიპიტი არის დამხმარე ინსტრუმენტი, რომელმაც ჩვენი ერთფეროვანი და მძიმე შრომა უნდა შეამსუბუქოს და დრო დაგვაზოგვინოს. მას შეიძლება, მხოლოდ მარტივ ბრძანებებს ვაძლევდეთ, ვასრულებინებდეთ იმ დავალებებს, რომლებიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ შემოქმედებით უნარებს, მოსაწყენი რუტინის ნაწილია და ბევრ დროს გვართმევს. არავითარი პირადი საუბრები ჩატჯიპიტისთან საჭირო არ არის. ვიცით, ის ამ მონაცემებს როგორ გამოიყენებს? კვლევები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, სტატისტიკა გვაქვს? აბა, რატომ გვგონია, რომ ეს უსაფრთხოა?
რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია, არსებობდეს იმგვარი ჩატბოტი, რომელიც იკისრებს ფსიქოთერაპევტის ფუნქციას (თუ უკვე არ არსებობს მისი პროტოტიპი – ამ საკითხში დიდად ღრმად არ ჩამიხედავს), მაგრამ ის უნდა იყოს საგანგებოდ ამ ფუნქციით შექმნილი. მისი თავდაპირველი ალგორითმი უნდა იცნობდეს ისეთ ცნებებს, როგორიცაა ანონიმურობა და კონფიდენციალურობა. ჩატჯიპიტი კი ამისთვის არ შეუქმნიათ. პირიქით, მისი ამგვარი განვითარება შემქმნელებსაც აფიქრიანებთ.
ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს – კარგად გამოჩნდა ისიც, თანამედროვე ადამიანი როგორი მარტოსულია და როგორ არ იცის, რა მოუხერხოს ამ განცდას. თანამედროვე ადამიანს აღარ შეუძლია, თავის თავთან დარჩენა. ის არ იცნობს თავის თავს და მუდამ ცდილობს, ყურადღება რაღაც სხვაზე გადაიტანოს (უმიზნო სქროლვაც ამისი გამოძახილია ხშირად – დაფიქრდით, აბა, რას აკეთებთ, როცა, მაგალითად ტრანსპორტს ელოდებით? რას აკეთებთ, როცა საცობში გიწევთ დგომა?). იმას, რასაც ჩემი ფეისბუქფრენდების აბსოლუტური უმრავლესობა ჩატჯიპიტის უმხელს და მერე ამაყად პოსტავს ამის შესახებ, მე მხოლოდ მეგობრებს ვუყვები. ზოგჯერ კი, მათაც არა – რისთვის? რაღაცები უკიდურესად პირადია.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ადამიანები ერთგვარი აღფრთოვანებით ხვდებიან ამას: „ჩატჯიპიტის ჩემი მეგობრების დახასიათება ვთხოვე და აი, რა ზუსტია!“.
რა გიხარიათ? მოლაპარაკე მანქანამ იმდენი მონაცემი შეაგროვა და გადაამუშავა თქვენს მეგობრებზე, რომ მათი პიროვნების გაშიფვრა შეძლო. ეს ინფორმაცია, ძალზე პირადი და სრულიად დაუცველი, თავისუფლად არსებობს ციფრულ სივრცეში და არავინ იცის, მას ვინ და როგორ გამოიყენებს. და ყველაზე ცუდი რაა, იცით? ამ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქ თქვენი წყალობით აღმოჩნდა.
ადამიანურ პასუხისმგებლობებს ჩვენს საუკუნეში კიდევ ერთი დაემატა – პასუხისმგებლობა ინფორმაციისა და მონაცემების წინაშე. ეს პასუხისმგებლობა მეტ-ნაკლებად, ალბათ, სულ გვქონდა, მაგრამ გასულ საუკუნეებში ამდენად საგრძნობი არ იყო – მაშინ არ არსებობდა რეალობის მანიპულაციის ისეთი საშუალებები, როგორიც დღეს გვაქვს (მაგალითად, სოციალური ქსელები).
მანქანა მანქანაა – მას მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების მიბაძვა შეუძლია, ჯერჯერობით, და არა – ჩანაცვლება. შესაბამისად, მარტოობისგან გათავისუფლების განცდა, რომელიც მასთან ინტერაქციისას შეიძლება, გაგვიჩნდეს, მხოლოდ ილუზიაა. ამიტომ, მეტი ფიქრი გვმართებს იმაზე, ჩვენ – ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლებმა, როგორ ვზიდოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ციფრულ ეპოქაში.