წლების წინ, ზაფხულობით დედასთან ერთად გარკვეული დროით სოფელში ვრჩებოდი. მაშინ ვბუზღუნებდი, ვიღლებოდი იქ ყოფნით. ახლა ვაცნობიერებ, რომ მთელი ის დღეები უმშვიდესი და უბედნიერესი ყოფილა. შაბათ-კვირას რომელიღაც რადიოზე ერთსაათიანი გადაცემა გადიოდა. მსახიობები სხვადასხვა ნაწარმოებს კითხულობდნენ. ჰოდა, ერთ ღამესაც ძლიერი წვიმა მოვიდა, შუქი ჩაქრა და ისე დაემთხვა, რომ რადიოში სწორედ ეს გადაცემა იყო. „კაპიტან ბლადის ოდისეას“ კითხულობდნენ. ბავშვობაში ის წაკითხული მქონდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით მოვუსმინე. არაჩვეულებრივი თავგადასავალია მოთხრობილი.
ეს არის ამბავი ექიმზე, მშვიდობისმოყვარე ადამიანზე, რომელსაც პოლიტიკური პერიპეტიები „ახალ მიწაზე“ გადაისვრიან. იქ მონა ხდება და პლანტაციებში იწყებს მუშაობას. შემდეგ იქიდან გაიქცევა და მეკობრეების გემზე კორსარ მეთაური გახდება. ბოლოს მთელი კარიბის კუნძულების აუზის ტერიტორიაზე გაითქვამს სახელს და იამაიკას გადაარჩენს თავდასხმებისგან. მეფე კი მადლობის ნიშნად ყველა ბრალდებას მოუხსნის და გუბერნატორობას უბოძებს. საბოლოოდ კაპიტანი ბლადი მშვიდ ნავსაყუდელს იამაიკაზე, პორტ როილში, მეკობრეების ქალაქში პოულობს.
დიახ, სწორედ ეს ქალაქი აღგავა მიწისძვრამ მიწის პირისგან…
მე-17 საუკუნეში, სათავეში მოსული ოლივერ კრომველი „ახალ მიწაზე“ ესპანელების შევიწროების გადაწყვეტილებას იღებს. ესპანიოლაზე დიდ ექსპედიციას გზავნის, რათა ესპანელებს ესპანიოლა წაართვას. ესპანიოლას ახლა ჰაიტი ეწოდება, კარიბის ზღვის დიდი კუნძულია. ესპანელებმა ინგლისელების შეტევა მოიგერიეს, კარგად შეაჯანჯღარეს, თან რაღაც იქაური ინფექციაც აიკიდეს, თუმცა კრომველთან დამარცხებულად დაბრუნებას არ ჩქარობდნენ. არ იყო კრომველი ის კაცი, დამარცხება ვინმესთვის იოლად ეპატიებინა. ამიტომ, ინგლისელებმა გადაწყვიტეს უფრო ნაკლებად დაცულ კუნძულს დასხმოდნენ თავს და გეზი იამაიკისკენ აიღეს. 1655 წელს ჩანაფიქრი განახორციელეს. თუმცა, მიხვდნენ, რომ შეთხელებული და გადაღლილი ჯარით აღებულ კუნძულს დიდხანს ვერ შეინარჩუნებდნენ. ესპანელები დაბრუნებას აპირებდნენ. ამიტომ, ძველ ნაცნობ პრაქტიკას მიმართეს და დაქირავებული ჯარისკაცების აყვანა გადაწყვიტეს, რათა ესპანეთის წინააღმდეგ ზღვა-ზღვა ებრძოლათ. ანუ, ფაქტობრივად მეკობრეებს ქირაობდნენ. ეს იყო მანდატგაცემული ხალხი, რომლებსაც სრული უფლება ეძლეოდათ, თავს დასხმოდნენ გემებსა და სანაპირო ქალაქებს, დაეყაჩაღებინათ, გაეძარცვათ იმ სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომელმაც მანდატი მისცა, ანუ, ინგლისის სასარგებლოდ. ესპანეთი იმ ხანად ბევრს არ უყვარდა. ჰოდა, ინგლისმაც მოხალისეებს მთელი ევროპიდან მოუხმო, რათა ეყაჩაღ-ეპარპაშათ ესპანელების წინააღმდეგ. იამაიკის მთავარი პორტი პორტ-როილი ამ ყაჩაღ დაქირავებულების ცენტრად იქცა. მათი უმრავლესობა, უკვე თავის სასარგებლოდ ყაჩაღობდა. აბა ინტერნეტი არ იყო, მობილური კავშირი, კამერები და ვინ ვის როგორ გააკონტროლებდა? ჰოდა, იდებდნენ ყველაფერს ჯიბეში.
პორტ როილის ბაზარზე რას აღარ ნახავდით გასაყიდად გამოტანილს. რეგიონში ყველაზე მდიდარი პორტი იყო. იამაიკის იმჟამინდელი ხელმძღვანელობაც ძალიან ლოიალურად უმზერდა მიმდინარე პროცესებს და ნაკლებად ინტერესდებოდა გასაყიდად გამოტანილი ნივთების წარმომავლობით.
პორტ როილი ქვისგან იყო აგებული. ამ ქალაქში ასეთი ფუფუნების უფლება ჰქონდათ, რადგან ყოველდღე დიდი და იოლი ფული შეედინებოდა. ქვა კი ფუფუნების სამშენებლო მასალა გახლდათ. ნიადაგი ფხვიერი იყო და შენობები ერთმანეთთან ძალიან ახლოს შენდებოდა. ამ შენობებს საძირკველი არ ჰქონდა, რადგან გრუნტის წყლები ძალიან მაღლა იდგა და მის დასაშრობადაც მაინცდამაინც არავინ იწუხებდა თავს. კუნძული სულ უფრო მიმზიდველი ხდებოდა ავანტიურისტებისთვის და იოლი ფულის მოყვარულებისთვის. შესაბამისად, ადგილი ახალი ბინებისთვის სულ უფრო მცირდებოდა… ამიტომ, გრუნტის წყლებჩამდგარ ფხვიერ ნიადაგზე მრავალსართულიანი ქვის სახლების შენება დაიწყეს.
პორტ როილი სეისმურად აქტიური ზონა იყო. მიწისძვრებიც ხშირი მოვლენა გახლდათ, ოღონდ შენებისას ეს არავინ გაითვალისწინა. მიჩვეული იყვნენ ბიძგებს. საბედისწერო მიწისძვრა 1692 წელს მოხდა. როდესაც პირველი ბიძგები დაიწყო, დიდად არავის უნაღვლია. დიდი საქმე, ერთ-ერთი მორიგი მიწისძვრააო, იფიქრეს.
მოგვიანებით, გადარჩენილები იხსენებდნენ, რომ გაისმა საშინელი ღმუილისმაგვარი ხმა და თვალის დახამხამებაში ქალაქის ნაწილი წყლის ქვეშ გაუჩინარდა, მეორე ნაწილი კი წყლით დაფარულმა ქვიშამ შთანთქა. რამდენიმე წუთის შემდეგ ცუნამი მოვარდა და რაც ქალაქისგან დარჩა, იმან წაიღო.
წერილში, ზემოთ მოთხრობილის პასუხად ერთი კვლევის ფრაგმენტი მინდა შემოგთავაზოთ. კვლევას მე ვაწარმოებ NATO-ს პროგრამა – მშვიდობისა და თავდაცვისათვის პროექტის ფარგლებში. ამ პროექტის შესახებ სხვა ორ წერილშიც მაქვს საუბარი და უფრო ვრცლად იქ წაიკითხეთ.
„ვენეციური ამბავი“ https://mastsavlebeli.ge/?p=34881
„როგორი ჰაერი არის გარეთ“ https://mastsavlebeli.ge/?p=37357
აქ სწორედ მიწისძვრასთან კავშირი მინდა განვიხილო. პროექტის ფინალურ ეტაპზე ე.წ. CASE STUDY კვლევა დავიწყეთ. 2023 წლის 24 სექტემბერს საქართველოში მოხდა მიწისძვრა, დილის რვა საათზე, თბილისთან ახლოს, 4.6 ბალის სიმძლავრის. ბიძგები მცხეთასთან მდებარე სოფელ ლელუბნიდან მოდიოდა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ყველა საუბრობდა ღრიალისმაგვარ ხმაზე, რაც ბიძგებს წინ უსწრებდა. ეს ხმები მეც გავიგონე. მეძინა და სწორედ ამ ღრიალმა და ბიძგებმა გამაღვიძა. მოგვიანებით, როდესაც სენსორების ჩანაწერების გაშიფვრა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ხმაურის სენსორმა ხმაური დიდად ვერ დააფიქსირა. როგორც სეისმური კვლევების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, ხმაურის ტალღები შედარებით ქვედა ფენებიდან წამოსულა და შესაძლოა ჩვენმა დეტექტორებმა მთლად კარგად ვერ აღიქვეს. სამაგიეროდ, სხვა რამდენიმე პარამეტრია დაფიქსირებული. დილის რვა საათამდე გაიზარდა ტემპერატურა და შემცირდა ტენიანობა. ოთხივე ლოკაციაზე დამონტაჟებულმა სენსორმა დააფიქსირა PM10 ნაწილაკების მკვეთრი ზრდა. ეს მოხდა ძირითადი ბიძგის წინ. სპეციალურ ლიტერატურაში ამას ე.წ. „ბალიშის ეფექტს“ უწოდებენ. ანუ, ბალიშს, რომ ხელს შემოკრავ და მტვერი ავარდება, მსგავსად ძირითადი ბიძგების წინმსწრები მცირე ბიძგების შედეგად „მტვრის ნაწილაკების“ ზრდა დაფიქსირდა.
სამეცნიერო ლიტერატურის ფართო ნაწილი მხარს უჭერს კავშირს ანომალიებსა და არსებულ ძირითად გარემო პარამეტრებს შორის, როგორებიცაა, ტემპერატურა, ტენიანობა, ხოლო სხვები აღნიშნავენ ატმოსფერულ PM ნაწილაკების ზრდას მიწისძვრის დროს/შემდეგ, მიწის ტალღების გავრცელების შედეგად.
სურათზე ასახული გრაფიკები გადმოსცემს 24 სექტემბრის მიწისძვრისას საათების მიხედვით პარამეტრების ცვლილებას.
გული მიგრძნობს, აქეთ ყველაფერი მშვიდად იქნება. აი, იმდროინდელ პორტ როიალში კი ახალი ქალაქის აშენების მცდელობა იყო, თუმცა ვერ გამოვიდა. ხან ხანძარი მოხდა, ხან წყალდიდობა, ხანაც იამაკის გუბერნატორმა კაპიტანმა ჰენრი მორგანმა (კაპიტან ბლადის პროტოტიპი), ყოფილმა მეკობრემ, მეკობრეობის საწინააღმდეგო კანონი გამოსცა. ამ კანონმა პორტ როილის ეკონომიკა გააცამტვერა. მე-17 საუკუნის ბოლოს კარიბის მეკობრეობის ოქროს ხანაც დასრულდა.
დღეს მეკობრეების ქალაქის ადგილას ერთი პატარა სოფელია, მეთევზეები ცხოვრობენ, კიდევ არქეოლოგები ჩადიან, ვინაიდან ჩაძირული ქალაქის შესწავლა დღემდე გრძელდება.