უცხოური ენის სწავლების ისტორიაში არაერთი მეთოდიკა გვხვდება. ისევე, როგორც მეცნიერების სხვა მიმართულებებში, ამ სფეროშიც მიდგომების შეცვლასAდა სიახლეების დანერგვას, სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებთან ერთად, სხვადასხვა სამეცნიერო თუ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებს. ესა თუ ის ახალი მეთოდიკა, რომელსაც სამეცნიერო კონცეფციები უდევს საფუძვლად, ადგილს იმკვიდრებს უცხოური ენის გაკვეთილებზე.
მნიშვნელოვანია დიდაქტიკისა და მეთოდიკის მკაცრად გამიჯვნა: დიდაქტიკა გვკარნახობს, თუ რა ვასწავლოთ მოსწავლეებს, როგორი უნარ-ჩვევები განვუვითაროთ მათ, მეთოდიკა კი გვკარნახობს, თუ როგორ განვახორციელოთ ეს პროცესი.
თუკი დიდაქტიკა მიზნად ისახავს ზეპირი მეტყველების სწავლებას, ტრადიციული ე.წ. მთარგმნელობით-გრამატიკული მეთოდიკა სასწავლო მიზანს ტექსტებისა და გრამატიკული კონსტრუქციების ზეპირად დასწავლით აღწევს. ეს მეთოდი მოძველებულად მიიჩნევა ენის სწავლების თანამედროვე მიდგომებთან შედარებით. უცხოური ენის ტრადიციული გაკვეთილი, რომელიც, ძირითადად, მთარგმნელობით-გრამატიკულ მეთოდს ეყრდნობოდა, საკმაოდ განსხვავდებოდა თანამედროვე, კომუნიკაციაზე ორიენტირებული გაკვეთილისაგან. ნაკლები ყურადღება ექცეოდა უცხოურ ენაზე კომუნიკაციის უნარის გამომუშავებას და მეტი დრო ეთმობოდა შესასწავლი ენის ლექსიკურ-გრამატიკულ ანალიზს, ისევე, როგორც ტექსტობრივი მასალის ზეპირად დასწავლას. მოსწავლე უფრო მეტად განიხილებოდა, როგორც სასწავლო პროცესის ობიექტი და არა სუბიექტი.
უცხოური ენის თანამედროვე, საკომუნიკაციო მეთოდიკაზე აგებული გაკვეთილის მთავარ მიზანს მოსწავლისათვის საკომუნიკაციო კომპეტენციების განვითარება წარმოადგენს. ასეთი გაკვეთილი უზრუნველყოფს უცხოურ ენაზე კომუნიკაციისა და ინტერაქციის დაუფლებას, გავარჯიშებასა და უნარების გამომუშავებას, რასაც თან ახლავს ენობრივი ცოდნის ათვისება. თავის მხრივ, ენობრივი ცოდნის ათვისება გულისხმობს უცხოური ლექსიკის დაუფლებას ვარაუდების გამოთქმის, კონტექსტის მიხედვით ამოცნობისა და მნიშვნელობის დადგენის გზით. გრამატიკული ელემენტების ათვისება კი არა წესების დასწავლის გზით, არამედ კონტექსტში აღმოჩენით ხდება.
უცხოური ენის საკომუნიკაციო უნარების დეფინიცია შესაძლებელია რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ქვეკომპონენტად წარმოვადგინოთ:
სამეტყველო უნარები
ენობრივი ცოდნაინტერკულტურული
კომპეტენციამეთოდიკური კომპეტენცია
·მოსმენა
·კითხვა
·ლაპარაკი
·წერა·ლექსიკა
·გრამატიკა
·გამოთქმა და ინტონაცია
·მართლწერა·ტოლერანტული დამოკიდებულელების განვითარება
·უცხოენოვანი რეალიების გაცნობა
და მშობლიურთან შედარება·სასწავლო სტრატეგიების ფლობა
·სწავლის ორგანიზება
უცხოური ენის საკომუნიკაციო კომპეტენციებზე ორიენტირებული გაკვეთილი გულისხმობს:
1.უცხოურ ენაზე ინტერაქციას გაკვეთილის მსვლელობისას;
2.ავთენტურ მასალაზე აგებული, მეთოდიკურად გამართული, მოსწავლის ასაკობრივ ინტერესებზე ორიენტირებული სასწავლო რესურსების (სახელმძღვანელო, დამხმარე ნაბეჭდი მასალა, თვალსაჩინოება, აუდიო-ვიდეო მასალა, ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) გამოყენებას;
3.პროექტზე ორიენტირებული, შემოქმედებითი ტიპის დავალებების გამოყენებას; კეთებით სწავლას;
4.მოსწავლეთა ინდივიდუალურ მხარდაჭერას: სასწავლო წარმატებებზე ორიენტირებას;
5.შეცდომების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განვითარებას (ხარვეზების ერთობლივი ძალებით აღმოფხვრაზე ორიენტირებას);
6.მოსწავლეების დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას.
საკომუნიკაციო მეთოდიკაზე აგებული უცხოური ენის გაკვეთილისათვის აგრეთვე გადამწყვეტია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პარამეტრის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელი მეტწილად სამიზნე ენაზე საუბრობდეს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოსწავლეები სამიზნე ენის შესწავლის საწყის ეტაპზე იმყოფებიან. ჟესტიკულაციის, შორისდებულებისა თუ მითითებების დახმარებით, აგრეთვე სხვა პარავერბალურ საშუალებებზე დაყრდნობით, პედაგოგი უნდა ცდილობდეს, მეტი გააგებინოს მოსწავლეებს.
რაც შეეხება სასწავლო მასალას, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ავთენტურობა და თემატიკის მაქსიმალური სიახლოვე მოსწავლის ასაკობრივ ინტერესებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. საკომუნიკაციო მეთოდის შემთხვევაში, სამიზნე ენის შესწავლისას მთავარი კომუნიკაციის უნარის განვითარებაა. კომუნიკაციის ინიციატორად მასწავლებელი გვევლინება. აუდიოლინგვური მეთოდისაგან განსხვავებით, სადაც მიზანს ასევე კომუნიკაცია წარმოადგენს, საკომუნიკაციო მეთოდიკა არ შემოიფარგლება მკაცრად განსაზღვრული, ნიმუშებზე ორიენტირებული სავარჯიშოებით. ის წინ წამოწევს ენის შემსწავლელის კომუნიკაციის დამოუკიდებელ უნარს. თემატიკა და სასწავლო მასალის კონტექსტი მოსწავლეს საშუალებას უნდა აძლევდეს, პირადად მიიღოს მონაწილეობა ინტერაქციასა და კომუნიკაციაში. ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სამიზნე ენის საკომუნიკაციო მეთოდის მეშვეობით შესწავლაზე, არის: ასაკობრივი ინტერესები, სოციოკულტურული კონტექსტი, წინარე ცოდნა და გამოცდილება და ა.შ.
საკომუნიკაციო მეთოდი გრამატიკის სწავლებისადმი განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს. მკვლევარები განასხვავებენ გრამატიკის გაგებისა და გაზიარების ფორმებს. ამ კონცეფციის თანახმად, ენის შემსწავლელს შეუძლია უფრო მეტი გრამატიკული სტრუქტურის გაგება, ვიდრე დამოუკიდებლად გამოყენება ან წარმოება. შესაბამისად, როდესაც გრამატიკის სწავლება საკომუნიკაციო მიზნებს ემსახურება, სასურველია, ეს პროცესი კონტექსტისაგან მოწყვეტილად არ მოხდეს. წესებისა და ტერმინების ზეპირად სწავლა არ არის სასურველი. მოსწავლეს საშუალება უნდა ჰქონდეს, დააკვირდეს, ამოიცნოს, გაიაზროს და კონტექსტში გამოიყენოს გრამატიკული თავისებურებები, კონსტრუქციები და მოვლენები. ასათვისებელ ენობრივ მასალაზე აგებული ტექსტების მეშვეობით გრამატიკული მასალის სახალისო, ადვილად გასაგებ, ზეპირ თუ წერილობით საკომუნიკაციო სიტუაციებში მიწოდება უნდა მოხდეს, მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების თანხლებით.