კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ძველი იგავები მასწავლებლებზე. პირველი ნაწილი

„მთელ თბილისში ერთი სახალხო ქართული სკოლა არ არსებობს… მოზარდი ქართველობა ჩვენი დედაქალაქისა ან სრულიად მოკლებულია სწავლასა, ან იძულებულია, იაროს უცხო შკოლებში, სადაც გონება ეხშვება და ენა უმახინჯდება. ეს გარემოება ძლიერ დაეხმარება ქართული ელემენტების შესუსტებას ქალაქში, თუ მალე წამალი არ მივაშველეთ და არ გავხსენით სახალხო ქართული შკოლა ორივე სქესისთვის“.

იაკობ გოგებაშვილის სიტყვა სკოლებზე საქართველოში. 1879 წლის 18 დეკემბერი

 

როგორც დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის შემქმნელი, მუსტაფა ქემალ ათათურქი ამბობდა, „მასწავლებელი სანთელივით არის: იგი თავს იწვავს, რომ გზა სხვებისთვის გაანათოს“. მასწავლებელს სხვადასხვა სახელს უწოდებენ: განმანათლებელს, მენტორს თუ ინსტრუქტორს (ლათინურ ენებზე), გურუს ან შიკშაკს (სანსკრიტზე და ინდოარიულ ენებზე), ლაოშის ან შიფუს (ჩინურად), სენსეის ან სონსენიმს (იაპონურად და კორეულად, შესაბამისად), დიდასკალოსს (ძველბერძნულად), მუალიმს და მუდარისს (არაბულად), მორეს ან მელამედს (ებრაულად), ჰოჯას ან ორათმანს (თურქულად) და ხანდახან, დედას ან მამას. და ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. მასწავლებელი, ყველა კულტურაში, პატივცემული და დაფასებული ადამიანია. მისთვის საზოგადოების მიერ მინიჭებული შინაარსი და როლი განუზომელია. ამიტომ მასწავლებლის შესახებ მსოფლიოს მრავალ კულტურაში, უამრავი ისტორია, გადმოცემა თუ იგავი არსებობს. როგორც წესი, იგავები მასწავლებლების შესახებ შემეცნებითი ხასიათისაა და ხაზს უსვამენ მასწავლებლის ფენომენს ახალგაზრდა ადამიანის აღზრდა-განვითარების საქმეში და აღწერენ უფროსი და უმცროსი ადამიანების ურთიერთობის წესებს სხვადასხვა საზოგადოებაში, სხვადასხვა ეპოქის დროს.

ერთი ძველი ჩინური გადმოცემის თანახმად, მოსწავლეებმა თავიანთ მასწავლებელს, პატივცემულ ხინგ შის, ჰკითხეს, რა იყო მისი მთავარი ამოცანა. მოხუცმა მასწავლებელმა ჩაიცინა და მოსწავლეებს აცნობა, რომ პასუხს შეკითხვაზე ხვალ გაიგებდნენ.

მეორე დილას, მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად სოფლის ახლოს მდებარე „უკვდავების მთაზე“ ავიდნენ, შუადღის ხვატის მთის ჩრდილში გასატარებლად. მთასთან მისვლისას, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს თან წამოღებული ბრინჯითა და ბოსტნეულით ესადილათ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ მასწავლებელმა, წამოსვლამდე, ბოსტნეული გულუხვად შეაზავა მარილით. სადილის დასასრულ, მლაშე ბოსტნეულის შემდეგ, მოსწავლეებს წყალი მოსწყურდათ. აღმოჩნდა რომ წყალი, რომელიც თან წამოიღეს, დამთავრებულიყო. მოსწავლეები წამოდგნენ და წყლის ძებნას შეუდგნენ. წყლის ძებნაში მხოლოდ ხინგ ში არ მონაწილეობდა. ბევრი ძებნის შემდეგ, მოსწავლეებმა წყალი ვერსად იპოვეს და შინ დაბრუნება გადაწყვიტეს.

„წყარო, რომელსაც დაეძებთ, აი იმ გორაკის გადაღმა მდებარეობს“, თქვა ხინგ შიმ და მოსწავლეებს წყაროს მიმართულება უჩვენა. მოსწავლეები სასწრაფოდ გაიქცნენ წყლისკენ, მოიკლეს წყურვილი და უკან გახარებული და კმაყოფილი დაბრუნდნენ. თან, მასწავლებლისთვის წყაროდან წყალიც წამოეღოთ. ხინგ შიმ წყლის დალევაზე უარი თქვა და მოსწავლეებს წყლით სავსე დოქი უჩვენა.

„ – წყალი თუ გქონდათ მასწავლებელო, რატომ არ გვითხარი და არც დაგვალევინე?“ – იკითხეს გაოცებულმა მოსწავლეებმა.

„მე ჩემს დავალებას ვასრულებდი“ – უპასუხა ბრძენმა მოხუცმა -„მე ჯერ წყალი მოგაწყურეთ, რამაც იძულებულნი გაგხადათ წყაროს ძებნით დაკავებულიყავით, ისევე, როგორც ვცდილობ, თქვენში მეცნიერების ცოდნის წყურვილი გავაღვივო. შემდეგ, როდესაც თქვენ ძებნაზე ხელი ჩაიქნიეთ, მიგითითეთ წყაროს მდებარეობა, რითაც დაგეხმარეთ და მხარიც დაგიჭირეთ. ხოლო წამოსვლისას თან ბევრი წყალი იმიტომ წამოვიღე, რათა თქვენთვის მეჩვენებინა, რომ სასურველი, შეიძლება, თქვენს გვერდითვე იყოს და საჭიროა ამაზე წინასწარ იზრუნო, რათა შემთხვევას ან გულმავიწყობას, არ მისცეთ საშუალება იმოქმედოს თქვენს გეგმებზე“.

„— გამოდის, მასწავლებლის მთავარი ამოცანა წყურვილის გაღვივება და სწორი მაგალითის მიცემა ყოფილა?“ – ჰკითხეს მასწავლებელს მოსწავლეებმა.

„— არა, ახალგაზრდებო“ – უპასუხა ხინგ შიმ, — „მასწავლებლის მთავარი ამოცანა, მოსწავლეებში ადამიანურობისა და სიკეთის გაზრდაა“, – მან გაიღიმა და გააგრძელა: „თქვენ მიერ ჩემთვის წყაროდან წამოღებული წყალი მკარნახობს, რომ ჩემი მთავარი ამოცანის შესრულება ჯერჯერობით კარგად მიმდინარეობს“.

იგავი მასწავლებელზე და მოსწავლეზე. ერთ მოხუც, ბრძენ მასწავლებელს, ბევრი მოსწავლე ჰყავდა, მაგრამ ერთი მათგანი განსაკუთრებით მუყაითი ვინმე გახლდათ. იგი არ იყო ძალიან გონიერი, მაგრამ ამ ნაკლს ეს ყმაწვილი სრულად ავსებდა თავხედობით. სწორედ ამ მოსწავლემ, ერთ მშვენიერ დღეს მასწავლებელს საკუთარი სკოლის გახსნის ნებართვა სთხოვა. მასწავლებელი დაფიქრდა და ცოტა ფიქრის შემდეგ სკოლის გახსნის ნება დართო.

მოსწავლე სიამაყით აივსო. ჩათვალა, რომ რადგანაც მასწავლებელმა მოსწავლეს საკუთარი სკოლის გახსნის უფლება მისცა, იგი ახლა მასწავლებლის თანასწორი გახდა. ახალგაზრდებმა დაიწყეს, ახლად გამომცხვარ „მოსწავლე-მასწავლებელთან“ სკოლაში სიარული. თუმცა, ერთიც უნდა ითქვას: მოსწავლე-მასწავლებელი არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რის სწავლება უნდოდა მათთვის… ამიტომაც, ხშირად ხდებოდა, რომ მოსწავლეებს კარგად ვერ აგებინებდა მონათხრობს. თვითონაც ბევრი რამ არ ესმოდა და შეგირდებისგან ძირითადად, მისი მონათხრობის სიტყვა-სიტყვით გამეორებას ითხოვდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა – მკაცრად ისჯებოდა.

სწავლების მეთოდის სისწორე არავისში ეჭვს არ იწვევდა. ვინ რას იტყოდა? ახალი სკოლის გახსნა ხომ მოხუცი მასწავლებლის მიერ იყო კურთხეული, რაც მისი საქმითაც დასტურდებოდა – ახალ სკოლაში ბევრი მოსწავლე მოხუცი მასწავლებლის სკოლიდან იყო გამოგზავნილი. ახალი მოსწავლე ბიჭების რაოდენობა მოსწავლე-მასწავლებლის სკოლაში მუდმივად იზრდებოდა. ბევრს უკვე დაავიწყდა კიდეც ძველი მასწავლებელი და ახალ მასწავლებელს, სკოლის დამაარსებელსაც კი უწოდებდნენ.

ერთხელაც, მოხუცი მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთს შეხვდნენ. სკოლის დამაარსებელი (როგორც ამაყად უწოდებდა თავს მოსწავლე-მასწავლებელი) თვითკმაყოფილი ღიმილით შეხვდა მოხუც მასწავლებელს და ასე მიმართა: „მე, შენთან შედარებით უკვე ასჯერ მეტი მოსწავლე მყავს. ვფიქრობ, შევძელი შენთვის ყველაფერში მეჯობნა. ჩემი სკოლა საუკეთესოა. თვით შენ აგზავნი მოსწავლეებს ჩემთან. ისეთი სახელგანთქმული გავხდი, რომ შენ არც კი გიოცნებია! გარდა ამისა, შენი მოსწავლეებიდან, ჩემ გარდა, არავის გაუხსნია საკუთარი სკოლა!“.

მოხუცმა მასწავლებელმა წყნარად ჩაიღიმა და თვალი შეავლო ამპარტავნებით გაბერილ ყოფილ მოსწავლეს: „ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ნამდვილი მოსწავლეები ხდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ჩემი ნათქვამი, თქმისთანავე ესმით. ცხოვრებისგან უფრო მეტის სწავლა შეიძლება, ვიდრე ბრძნული სიტყვებიდან“.

„სხვა სიტყვებით“ – დასძინა სკოლის დამაარსებელმა მოსწავლემ – „თქვენ მე მხოლოდ იმ მოსწავლეებს მიგზავნით, რომლებსაც ვერ მოერიეთ?“.

„რა თქმა უნდა“, სწრაფად უპასუხა ყოფილ მოსწავლეს ბრძენმა მოხუცმა – „ჩემი ხელი საგრძნობლად დასუსტდა, რათა გაუსწორდეს მეცნიერებებისადმი არც ისე კარგად განწყობილ ბიჭუნებს, თუმცა მე მათ სამაგალითოდ ვსჯი, როდესაც შენს სკოლაში ვაგზავნი. ტანჯვა, რომელსაც ისინი შენ სკოლაში იტანენ, როგორც ფიზიკურს, ისე – მორალურს, მათ ნამდვილად ჩაეთვლებათ ცოდვების პატიებისას. ხოლო იმას, რასაც შენ შეგირდებს ასწავლი – საჭმლის ხარშვას, ქოთნების კეთებას თუ ცხოვრების მეცნიერებას, შენი მიდგომის გამო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“.

 

ჰაერის გემო. ერთხელ მასწავლებელმა მკითხა: „გრძნობ თუ არა ჰაერის გემოს?“ შეკითხვის შემდეგ, მე დავყნოსე ტყის ჰაერი და მასწავლებელს რამდენიმე სურნელი დავუსახელე.

„კარგია. კარგი ყნოსვა გქონია. როგორი გაქვს გემოს შეგრძნება?“ მე დაბნეულმა, რამდენიმეჯერ ენა გამოვყავი, თუმცა ცოტა შეცბუნებული დავრჩი…

„კეთილი“, გამიღიმა მასწავლებელმა, შემდეგ მოულოდნელად უკან მომექცა და ცხვირ-პირი დამიხშო. მივხვდი, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ ჰქონდა აზრი, თუმცა ერთი წუთის შემდეგ, თავის გადარჩენის ინსტინქტი ამუშავდა და ხელ-ფეხის ქნევა და ტანის ბოჭვისგან გათავისუფლებას შევუდექი. ამის შემდეგ მასწავლებელმა ხელი გამიშვა და მეც შევძელი მთელი მკერდით ჩამესუნთქა ჰაერი.

„ეს სიცოცხლის გემოა“, ვუთხარი მას, როდესაც სუნთქვა გამომისწორდა.

„სწორი ხარ. ამ გემოს შენ ყოველთვის უნდა გრძნობდე. ეს გემო არსებობს ასევე წყალში, საჭმელში და კიდევ ბევრგან. არ ჭამო ის, რაშიც არ არსებობს მთავარი გემო. არ ესაუბრო მას, ვინც სულიერად მკვდარია. დალიე სიცოცხლის თასიდან სიამოვნებით, მაგრამ არ იჩქარო, რადგან შესაძლოა, თასი დროზე ადრე დაცალო, ან შიგთავსი უაზროდ დაღვარო…“.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი