კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილები და სიღრმისეული სწავლება

საგანმანათლებლო საქმიანობის უნივერსალური ბუნება მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოფს მოსწავლის პიროვნული და შემეცნებით განვითარების ერთიანობას, სასწავლო პროცესის ყველა ეტაპის უწყვეტობას. მნიშვნელოვანია, როდესაც მოსწავლეები  დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს როგორც  სასწავლო პროცესში, ასევე სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით, ახალი ეტაპი დაიწყო საგანმანათლებლო სისტემის ფორმირებაში, რომლის არსი ეფუძნება მოსწავლის პიროვნების ფორმირების პროცესს, როგორც განათლების მიზანსა და მნიშვნელობას. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეების პიროვნების განვითარების პირობების უზრუნველყოფას, რითაც ასტიმულირებს მასწავლებელთა საქმიანობის ინოვაციურ ასპექტებს. თანამედროვე პირობებში ჩნდება ინოვაციური განათლების სისტემის შექმნის აუცილებლობა, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ახალ საგანმანათლებლო შედეგებზე ორიენტირება. განათლება არის სისტემური რესურსი თანამედროვე საზოგადოების სოციალურ-კულტურული მოდერნიზაციისა და სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

საჯარო სკოლაში მუსიკალური განათლების პროცესის წარმატებით წარმართვისა და მოსწავლეების ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბების მიზნით, მიზანშეწონილია  მუსიკის მასწავლებელმა  გაკვეთილებზე გამოიყენოს როგორც ტრადიციული , ასევე თანამედროვე ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტები: სინთეზატორები, მულტიმედია, მუსიკის შექმნის პროგრამებით აღჭურვილი კომპიუტერები. თანამედროვე სკოლაში მუსიკის მასწავლებელს უნდა  ჰქონდეს პროფესიული კომპეტენციის მაღალი დონე.

საინფორმაციო ტექნოლოგიები შესაძლებელს ხდის მუსიკის გაკვეთილებზე ტექსტის, აუდიო, გრაფიკული, ვიდეო ინფორმაციისა და მისი წყაროების ახლებურად გამოყენებას –  ამდიდრებს მუსიკის გაკვეთილის მეთოდოლოგიურ შესაძლებლობებს და აძლევს მას თანამედროვე სახეს. თანამედროვე განათლებაში ინტეგრირებული მიდგომა მნიშვნელოვანია, რადგან ის მოქმედებს, როგორც მაღალი ხარისხის განათლების მიღწევის ერთ-ერთი პირობა და მისი როლი ასახულია  საგანმანათლებლო სტანდარტში .

ინტეგრაცია ითვლება თანამედროვე განათლების ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან მიმართულებად, რომელიც  ამახვილებს მოსწავლეთა ყურადღებას და ააქტიურებს მათ კოგნიტურ აზროვნებას.

ინტეგრაცია  ახორციელებს სპეციალიზებულ დიფერენციაციას სწავლაში, გულისხმობს ინტერდისციპლინური კავშირების გაძლიერებას, გადატვირთვის შემცირებას, მიღებული ინფორმაციის ფარგლების გაფართოებას და სწავლის მოტივაციის გაძლიერებას. ინტეგრაცია არის ახალი ფაქტების პოვნის წყარო, რომელიც ადასტურებს ან აღრმავებს გარკვეულ დაკვირვებებს. ეს შესაძლებელს ხდის დაღლილობისა და გადატვირთვის მოხსნას სხვადასხვა ტიპის აქტივობებით. ინტეგრირებული გაკვეთილი არის სპეციალურად ორგანიზებული გაკვეთილი, რომლის მიზნის მიღწევა შესაძლებელია  სხვადასხვა საგნის ცოდნის გაერთიანებით. მიზნად ისახავს ნებისმიერი პრობლემის განხილვას და გადაჭრას, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს  მიაღწიონ შესასწავლი საკითხის ჰოლისტიკური, სინთეზირებული აღქმას.

ინტეგრირებული გაკვეთილები  მოითხოვს მასწავლებლებისგან დამატებით მომზადებას, დიდ ერუდიციას და მაღალ პროფესიონალიზმს. ასეთი გაკვეთილის შემუშავებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს:

  • გაკვეთილის მიზანი და ამოცანები;
  • ინფორმაციის წყაროების შერჩევა, რომელიც აკმაყოფილებს გაკვეთილის მიზნებს;
  • განსხვავებული ინფორმაციის გაერთიანების საფუძვლის მოძიება;
  • შინაარსის დამუშავება;

არსებობს რამდენიმე ტიპის ინტეგრირებული გაკვეთილი:

  • კოორდინირებული (ერთი საგნის ცოდნა ეფუძნება მეორე საგნის ცოდნას) – ასეთ გაკვეთილებზე ხდება ცოდნის სხვადასხვა სფეროს ზოგადი საკითხების არასრული დამუშავება.
  • კომბინირებული – მსგავსი გაკვეთილები ეფუძნება ერთ შემადგენელ საგანს, ხდება რამდენიმე საგნის გაერთიანება, რაც იძლევა შესაძლებლობას შევისწავლოთ ერთი და იგივე პრობლემა სხვადასხვა პოზიციიდან.
  • გაერთიანებული (პროექტი) – გაკვეთილები, რომლებშიც პრობლემის ანალიზი გააზრებულია სხვადასხვა კუთხით, ცოდნის სხვადასხვა სფეროს ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ცხოვრებისეული გამოცდილების ან პოპულარული სოციალური პრობლემების კვლევის საფუძველზე.

ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებლის ამოცანაა ასწავლოს მოსწავლეებს აზროვნება, საკუთარი და განზოგადებული დასკვნების დაკავშირება გარკვეულ მოვლენებთან.

ინტეგრაციის შედეგები შეიძლება იყოს:

  • ცოდნის სისტემატიზაცია;
  • ცოდნის, შესაძლებლობების, უნარების განზოგადება, რაც ხელს უწყობს ცოდნის ერთიან გამოყენებას, მათ სინთეზს, იდეებისა და მეთოდების გადატანას ერთი მეცნიერებიდან მეორეში;

მუსიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიის   ინტეგრირებული გაკვეთილის ერთ-ერთი ამოცანაა სტანდარტული გაკვეთილის მუსიკალური ნაწარმოებით გაჯერების აუცილებლობა.

ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია:

  • გარკვეული პირობებიდან და კლასის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასწავლებელმა უნდა დაგეგმოს, როგორ გამოიყენოს მუსიკალური, ლიტერატურული და ვიზუალური მასალა, რათა მხატვრული გავლენა მოახდინოს მოსწავლეებზე და ხელი შეუწყოს გაკვეთილის უფრო საინტერესოდ წარმართვას.
  • ინტეგრირებულმა გაკვეთილებმა უნდა მიიყვანოს მოსწავლეები იმ ცნობიერებამდე, რომ ხელოვნება იბადება რეალური ცხოვრებიდან .
  • დავეხმაროთ მოსწავლეებს გამოავლინონ ხელოვნების სხვადასხვა სახეობის „მსგავსი“ გამოხატვის საშუალებები, როგორიცაა ინტონაცია, რიტმი, განწყობა, კონტრასტი, დინამიურობა და ა.შ.
  • მოსწავლეები შეძლებენ ტერმინების გამოყენებას: რიტმი ფერწერაში, ლექსის მელოდია, ფერი მუსიკაში, რიტმული ნიმუში, პეიზაჟი მუსიკაში, ჰარმონიული შეფერილობა, მუსიკალური სურათი, სიმფონიური სურათი, ლექსის ფერწერულობა და ა.შ.

მუსიკის და კომპიუტერული ტექნოლგიის საგნების ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებელია:

  1. დავამყაროთ ინტერდისციპლინური კავშირები ისტ-სა და მუსიკის საგნებს შინაარსში:
  • აუდიო ინფორმაციის კოდირება, ჩაწერა და შენახვა აუდიო ფაილში.
  • კონცერტის ჩანაწერის დამუშავება მარტივი ხმის რედაქტორების დახმარებით;
  • გახმოვანებული პრეზენტაციების შექმნა;
  1. ჩამოვაყალიბოთ გაკვეთილის თემა ისე, რომ აისახოს ორივე საგნის შინაარსი;
  2. ჩამოვაყალიბოთ მიზანი, რომელიც მოიცავს ორივე საგანს, გამოვკვეთოთ ფორმირებული უნივერსალური სასწავლო აქტივობები;
  3. შევარჩიოთ სასწავლო მასალის შინაარსი;
  4. დავგეგმოთ მოსწავლეთა აქტივობები;
  5. მოვამზადოთ საჭირო აღჭურვილობა.

           მუსიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიის ინტეგრირებული გაკვეთილის ნიმუში

კლასი: IV

საგანი: მუსიკისა და ინფორმატიკის ინტეგრირებული გაკვეთილი

თემა:  ,,ზამთრის  პეიზაჟი  და მუსიკა“  გრაფიკული რედაქტორის Paint -ის და Piano პროგრამის გამოყენებით.”

გაკვეთილის მიზანი:

  1. მუსიკა:
  • მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენის საშუალებით ისწავლონ ვიზუალური ასოციაციების გამოწვევა და სურათის სახით წარმოდგენა;
  • განუვითაროს მუსიკალური და ესთეტიკური გემოვნება, შემოქმედებითი უნარი;
  • სასწავლო და შემოქმედებით საქმიანობაში პრაქტიკული უნარების დაუფლება (მუსიკის მოსმენა), მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა.
  1. კომპიუტერული ტექნოლოგია
  • ხატვის უნარების განვითარება Paint გრაფიკულ რედაქტორში ძირითადი გეომეტრიული ფორმების გამოყენებით.
  • კომპიუტერული პროგრამების გამოყენების საბაზისო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება

შედეგი:

  • პრაქტიკული უნარების დაუფლება სასწავლო და შემოქმედებით საქმიანობაში (მუსიკის მოსმენა, დაკვრა მუსიკალური ინსტრუმენტებზე)
  • ხატვის უნარების განვითარება Paint გრაფიკულ რედაქტორში ძირითადი გეომეტრიული ფორმების გამოყენებით.
  • მოსწავლეები გაეცნობიან ანტონიო ვივალდის მუსიკას და კომპიუტერული პროგრამა Piano-ს.
  • მუსიკა. მოსწავლეთა სულიერი და ესთეტიკური ფასეულობების აღზრდა;
  • კომპიუტერული ტექნოლოგია. კლასში შემოქმედებითი გარემოს შექმნა, საგნისადმი ინტერესის ზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა;
  • მუსიკალური აღქმის გზით ინფორმატიკის საგნის მიმართ შემეცნებითი ინტერესის განვითარება, საგნებში სწორი ტერმინოლოგიის გამოყენების უნარების ჩამოყალიბება;
  • ანალიზის, შედარების, განზოგადების და დასკვნების გამოტანის უნარის განვითარება;
  • შემოქმედებითი უნარის განვითარება;
  • ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება;

აქტივობა N 1. საორგანიზაციოს საკითხები

აქტივობა N 2.  გაკვეთილის მიზნისა და ამოცანების დასახვა.

  • ბუნება ხელოვნებაში სულიერია, ის სევდიანია თუ მხიარული, დიდებულია; ეს არის ის, რასაც ადამიანი ხედავს და გრძნობს. ბუნების თემა დიდი ხანია იზიდავს მუსიკოსებს. ბუნებამ მისცა მუსიკას ჟღერადობა  და ტემბრი ( ჩიტების გალობაში, ნაკადულის  და ჭექა-ქუხილის ხმა).

დღეს ჩვენ მოვისმენთ ანტონიო ვივიალდის ,,ზამთარს“  და დავხატავთ სურათს, რომელიც იქნება Paint გრაფიკულ რედაქტორში.  ჩვენ შევეცდებით მუსიკის რეპროდუცირებას  მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენებით.

აქტივობა N 3  კომპოზიტორ ანტონიო ვივალდისა და მისი ნაწარმოების  „წელიწადის დრონის“ გაცნობა.

  • დღეს ჩვენთან მოვიდა სტუმრად ცნობილი კომპოზიტორი ანტონიო ვივალდი (power point პრეზენტაცია) მან მოგიტანათ თავისი შესანისნავი  ნაწარმოებები. მოვუსმინოთ მის  მუსიკას.

გთხოვთ, მოუსმინოთ დახუჭული თვალებით, წარმოიდგინეთ პეიზაჟი. სამუშაო მაგიდაზე გაქვთ ამოცანების ბარათები, მათში ხედავთ სხვადასხვა სეზონის ნახატებს. ამ ნაწარმოების მოსმენის შემდეგ დაადგინეთ, თქვენი აზრით, წელიწადის რომელ დროს ეკუთვნის. სასურველი სეზონის  მეორე სვეტში ჩასვით ნომერი 1, ხოლო მესამე სვეტში ჩაწერეთ ინსტრუმენტის დასახელება, რომელზეც ის შესრულდა. გთხოვთ  შეავსოთ სქემა  ბოლომდე.

 

  • მოუსმინეთ მუსიკას დახუჭული თვალებით. მუსიკის მოსმენისას წარმოიდგინეთ გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის პეიზაჟი.
  • შეადარეთ თქვენი შედეგები დაფაზე მოცემულ მაგალითს.
  • ყველამ დაასრულა შევსება? – ახლა შეადარე პასუხები  (მოცემულია სლაიდი სწორად შევსებული ცხრილით)

აქტივობა N 4  ცოდნის გამყარება კომპიუტერულ ტექნოლოგიაში.

დახატეთ სურათი Paint გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით, იმ მუსიკის მიხედვით, რომელიც მოისმინეთ .

მასწავლებლის მიერ წინასწარ შესრულებული ნახატების ჩვენება Paint რედაქტორის გამოყენებით.

– რა პროგრამით შესრულდა ნახატი?

– რა ხელსაწყოების გამოყენება შეიძლება ხატვისთვის?

– შესაძლებელია თუ არა გეომეტრიული ფიგურების გამოყენება ნახატისათვის?

-როგორ უნდა დავაკოპიროთ ობიექტი, თუ დროის დაზოგვის მიზნით ბევრი მსგავსი ობიექტის დახატვა გვინდა?

– როგორ გავხადოთ შერჩევა გამჭვირვალე?

– როგორ გავხსნათ პროგრამა?

-ახლა ვსხდებით კომპიუტერთან, ვხსნით პროგრამას და ვიწყებთ ხატვას. სწრაფად ვხატავთ, 10 წუთში ნახატები მზად უნდა იყოს. ჟღერს  მუსიკა  მოსწავლეების შემოქმედების მხარდასაჭერად.

აქტივობა N 5  ნახატების ნახვა, შეფასება

-ახლა  გადავხედოთ თქვენს ნამუშევრებს .  თქვენ ნახავთ, რამდენად ლამაზი და განსხვავებული არის თქვენი ნამუშევრები. რა განსხვავებული საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი გრძნობების გამოხატვისთვის?.

უყურეთ, გაანალიზეთ, შეაფასეთ თანაკლასელების ნახატები.

აქტივობა N 6  სინთეზატორზე დაკვრა   და სიმღერის შესრულება (,, ფიფქებო“ მუსიკისა და ტექსტის ავტორი – გიული დარახველიძე )

აქტივობა N 7. რეფლექსია -გაკვეთილზე საკუთარი აქტივობების შეფასება.

  • რა ისწავლეთ ახალი დღევანდელ გაკვეთილზე?
  • რა მოგეწონათ ყველაზე მეტად გაკვეთილზე?
  • კარგად იმუშავე გაკვეთილზე?

შეაფასეთ საკუთარი თავი კლასში  ღიმილების გამოყენებით და განათავსეთ ისინი დაფაზე.

ესთეტიკური განათლებისა და შემოქმედებითი განვითარების საშუალებად გადაქცევით, მულტიმედია ტექნოლოგიამ ხელი შეუწყო მუდმივად ცვალებად სამყაროში მდგრადი შემეცნების ჩამოყალიბების პროცესს.

საინფორმაციო ტექნოლოგია მუსიკისა და მასთან დაკავშირებული საგნების სწავლების პროცესის განუყოფელი კომპონენტია, რომლის  შესაძლებლობები ხელს უწყობს მუსიკალურ დისციპლინებში სწავლების ეფექტურობის გაზრდას. მუსიკაში კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება პერსპექტიული, აქტუალური და აუცილებელია. მულტიმედიური ტექნოლოგიების გამოყენება მუსიკალური შემოქმედებითი საქმიანობის პროცესში ცვლის კომპიუტერის გამოყენების გაგებას. მუსიკალურ განათლებაში სწავლების საშუალებაა და მიზნად ისახავს პიროვნების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების შემოქმედებითი, ანალიტიკური პროცესების სტიმულირებას.

ამრიგად, მუსიკის გაკვეთილებზე კომპიუტერული  ტექნოლოგიების გამოყენება სწავლას ხდის ნათელს და დასამახსოვრებელს, საინტერესოს ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებისთვის და აყალიბებს ემოციურად დადებით დამოკიდებულებას მუსიკის საგნისადმი .

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. https://www.etaloni.ge/geo/main/index/5018 – „როგორ უნდა ჩატარდეს სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი“
  3. https://mastsavlebeli.ge/?p=1817-„სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი“
  4. https://mastsavlebeli.ge/?p=14304– ქეთევან ოსიაშვილი, რატომ გვჭირდება ინტეგრირებული გაკვეთილი
  5. მასწავლებელთის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი ნაწილი II
  6. მასწავლებლის გზამკვლევი მუსიკაში
  7. განვითარებისა და სწავლების თეორიები – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისი, 2008 წ;
  8. ბოჭორიშვილი მ., ნამიჭეიშვილი ნ. – ინტერაქტიული სწავლება – თბილისი, 2013 წ;
  9. https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=439
  10. https://www.edutopia.org/pdfs/integrated-curriculum-guide.pdf
  11. https://lesson-plans.theteacherscorner.net/music/musiclit.php

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი