ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ძილისწინა ინტერვიუები – ბავშვებთან მარტივი კომუნიკაციისთვის

მე და ჩემს შვილებს ერთი წმინდა ტრადიცია გვაქვს: ძილის წინ მე მათ რაიმე წიგნს ვუკითხავ, ისინი მისმენენ, თან ხატავენ და თან გზადაგზა რაღაცებზე აზრებს მიზიარებენ. ამ ტრადიციას წლებია, ბეჯითად მივდევ და მისი მიზანი არ არის მხოლოდ წიგნების სიყვარულის მათთვის გადაცემის სურვილი. ჩემთვის ეს საუკეთესო გზაა, ველაპარაკო მათ ყველა იმ თემაზე, რაზეც სხვა შემთხვევაში ლაპარაკი შეიძლება უხერხული, უადგილო ან უკონტექსტო იქნებოდა. წიგნებთან ერთად ყველაფერი ადვილია, განზოგადებაც და უმნიშვნელო დეტალების განხილვაც. სევდის გავრცობაც და სიხარულის მიზეზების გამოკვეთაც. ვის შეუძლია წიგნის გმირებზე უკეთ მიგვახვედროს, რომ მარტო არ ვართ ამ სამყაროში და არც ჩვენი თავსატეხები თუ სიხარულებია ისეთი უსაშველო ან განსაკუთრებული, როგორიც შეიძლება გვეგონოს.

 

წიგნის კითხვის ტრადიციას მხოლოდ იშვიათ გამონაკლისებში ვარღვევ, როცა გვიანამდე ვმუშაობ ან დაღლილობისგან პირველივე 5 წინადადებაში ჩამეძინება. ამ შემთხვევებისთვის სხვა ტრადიცია მოქმედებს, უფრო მხიარული, სადაც მე მეორეხარისხოვანი როლი მაქვს და მხოლოდ კითხვებზე პასუხების გაცემა მევალება. ეს ერთგვარი თამაშია, რომელიც ჩემმა უფროსმა შვილმა ჩემი პროფესიის შთაგონებით მოიფიქრა და late-night talk show ჰქვია. თამაშის პირობებით, ის არის ღამის გადაცემის წამყვანი, რომელიც სტუმარს, ანუ მე ან მის დას უსვამს კითხვებს და ჩვენ ვალდებული ვართ ყველაფერს შეძლებისდაგვარად საინტერესოდ და გულწრფელად ვუპასუხოთ.

 

ასეთ საღამოებში ძირითადად ზრდასრულების ცხოვრების ამბებს მიმოვიხილავთ ხოლმე, უფროსების საქმეებს, მათ გამოწვევებს და ვცდილობთ ის მსგავსებები და განსხვავებები დავიჭიროთ, რომლებიც ერთმანეთთან გვაქვს. მაგალითად, ამას წინათ მკითხა, როგორი რუტინა მქონდა საქმეების კეთების, რაც რთული იყო, ჯერ იმას ვიშორებდი თუ დიდხანს ვითრევდი ფეხს მის გასაკეთებლად და მანამდე წვრილმან ამოცანებს ვიშორებდი. თვითონ ვერ გადაეწყვიტა ბუნების დავალება როდის გაეკეთებინა, პირველ რიგში თუ სულ ბოლოს. ისიც უკითხავს, რამდენად ახდენს გავლენას ჩემზე სხვების აზრი რამის კეთებისას, ან ვფიქრობ თუ არა როცა ტანსაცმელს ვარჩევ, ვის მოეწონება და ვის არა. ძალიან გამიხარდა, როცა მითხრა, რომ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის მოსაწონ რამეებს არჩევს ჩასაცმელად, ვინაიდან ყველას მაინც ვერ მოაწონებდა თავს და სჯობდა ამ ხაფანგში არ გაბმულიყო. ამ ინტერვიუების ფორმატში განიმარტება ისიც, რომ ბიჭებს და გოგოებს გამოხატვის სხვადასხვა ფორმები აქვთ; რომ საქმის კეთებისას ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესით სიამოვნების მიღებაა; ან თუ რამე არ მოგწონს და გაეჭვებს, ამის თქმა და კითხვის დასმა „არ ტეხავს” და ასე შემდეგ.

 

ზოგჯერ ამ ინტერვიუებში ძალიან სასაცილო და მოულოდნელ რამეებსაც ვიგებ. მაგალითად, ერთხელ ჩემმა უმცროსმა შვილმა თქვა, მასწავლებელი ლაპარაკს რომ იწყებს, თავში „მიმების ქარიშხალი” მეწყება და მიჭირს იმის გაგება, რას ამბობსო – რომ არა საუბრის ეს „ფორმატი”, ალბათ არასოდეს გამოტყდებოდა, რომ მსგავსი „კონვერტორი” აქვს თავში.

 

ეს რუტინა რომ დავიწყეთ, არ მეგონა, თუ კარგი სავარჯიშო იქნებოდა კითხვების სწორად ფორმულირებისთვის, საინტერესო და ღრმა პასუხების საძებნელად და ისეთი თანაკვეთის წერტილების საპოვნელად, რომლებიც ზრდასრულებს და ბავშვებს გვაქვს. ეს სავარჯიშო იმაშიც წვრთნის ადამიანს, როგორ დააფიქროს თანამოსაუბრე ისეთ ამბებზე, რომლებზეც მანამდე არ უფიქრია ან როგორ ათქმევინოს რაღაც, რის თქმაც საჭიროდ არ მიაჩნია.

 

როცა ჩვენი რუტინის თქვენთვის გამხელა გადავწყვიტე, გამახსენდა, რომ ბავშვობის ინტერვიუები ზოგიერთი არტისტისთვის ზრდასრულობისას შთაგონებადაც კი იქცა და მათზე დაფუძნებით შესანიშნავი ნამუშევრები შექმნეს. ასე რომ, პერიოდულად შეგიძლიათ ბავშვებთან ლაპარაკის აუდიოჩანაწერებიც გააკეთოთ, წლების შემდეგ დარწმუნებული ვარ ეს თქვენთვისაც და მათთვისაც სასიამოვნო მოსასმენი იქნება.

 

შეგიძლიათ რაღაც კითხვები გამოყოთ, რასაც სხვადასხვა დროს დაუსვამთ ბავშვებს და დინამიკაში დააკვირდეთ, როგორ იცვლება მათი დამოკიდებულებები და სათქმელი ამა თუ იმ საკითხის მიმართ – არც ეს არის ურიგო გასართობი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი