ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

გაკვეთილის დასაწყისი და დასასრული

როგორც ნებისმიერი საქმისთვის, გაკვეთილისთვისაც მნიშვნელოვანია კარგი დასაწყისი და დასასრული, ერთგვარი პროლოგი და ეპილოგი. მასწავლებლის მიერ დაგეგმილმა და ღრმად გააზრებულმა დასაწყისმა, სასურველია, მოსწავლეებს გაუჩინოს ახლის გაგების, შემეცნების წყურვილი, მისცეს სტიმული, მოტივაცია, გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა, რათა დასასრულს ჰქონდეთ ერთგვარი კმაყოფილების განცდა და იმის შეგრძნება, რომ საგაკვეთილო დროს უქმად არ ჩაუვლია – კვალი დატოვა. ამისთვის კი წინასწარ მომზადებაა საჭირო, თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ მოულოდნელ გარემოებათა გამო მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისის სცენარს ცვლის.

გაკვეთილი მით უფრო უკეთესი გამოვა, რაც უფრო შემოქმედებითად მიუდგება პედაგოგი განსახილველ თემას, საკითხს, პრობლემას. ხანდახან შეიძლება მოსწავლეებსაც დაეკითხოს, რით დაიწყონ: საშინაო დავალების გამოკითხვით თუ ახალი მასალის გაცნობითა და ახსნით. ეს საგაკვეთილო პროცესში მონაწილე ორივე მხარეს ყოველდღიურობის რუტინას შეუცვლის და ერთფეროვნების თანამდევ მოწყენილობას დააძლევინებს. როგორც ცნობილია, საქმის სულ ერთი და იმავე თანმიმდევრობით კეთება არა მხოლოდ გონებას ადუნებს, არამედ ხალისსაც უკარგავს ყოველგვარ საქმიანობას. ამასთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა, გაგვეხსენებინა მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც მხატვრული ნაწარმოების დასაწყისს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა: „ყველაზე უფრო ძნელი მოთხრობის დაწყებაა. დასაწყისი მთელ მოთხრობას აძლევს რიტმს, კოლორიტს, სტილს. უნდილად დაწყებული ამბავი უნდილადვე წავა. ძნელია შემდეგში ცეცხლის გაღვივება. სტილისა და რიტმის შეცვლა ძნელიც არის და სახიფათოც, ამიტომ მე დიდხანს ვეძებ ხოლმე დასაწყისს. ნათქვამია, მოზვერს ერთბაშად სტაცე ხელი რქებშიო. მეც კარგა ხანს ვუტრიალებ მოზვერს და როცა დროს ვიხელთებ, ვცდილობ, უცბად დავწვდე რქებში და აღარ მოვადუნო.

დასასრული სიძნელის მხრივ დასაწყისს არ ჩამოუვარდება. ადვილი არ არის უკანასკნელი წერტილის დასმა. ეს ლურსმანი ყველაზე უფრო ღრმად უნდა იქნეს ჩარჭობილი. ავტორი ყველა მკითხველზე უფრო ულმობელი და ჟინიანი მკითხველია და ამიტომ ის თვითონვე უნდა იყოს დასასრულით კმაყოფილი“ („როგორ ვმუშაობ“).

გაკვეთილსაც აქვს თავისი სტილი და რიტმი, ამიტომ მისი დინამიკისა და ექსპრესიისთვის მასწავლებელს გარკვეული ძალისხმევის გაღება სჭირდება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გაკვეთილს მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად ქმნიან. პედაგოგის სადირიჟორო ჯოხს ისინი ისე თავისუფლად უნდა აჰყვნენ, რომ ყოველი მოსწავლე თავისი ინდივიდუალურობით ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესის მრავალხმიან ჰარმონიაში.

მასწავლებელი არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვათა გამოცდილების საფუძველზეც ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს საგაკვეთილო სტრატეგიებს. რა შეიძლება გაკეთდეს გაკვეთილის ეფექტური დასაწყისისა და დასასრულისთვის? კარგი იქნება შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

  • ნებისმიერი საგნის სწავლებისას სასურველია გაკვეთილზე ისეთი უცხო მასალის შეტანა, რომელიც მოსწავლეებს დააინტერესებს. ეს შეიძლება იყოს მოცემულ თემაზე მათთვის უცნობი კონცეფციები. გაკვეთილის ბოლოს კი დრო უნდა დაეთმოს განხილული თუ შესწავლილი მასალის შეჯამებასა და განმტკიცებას.
  • მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს: გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეთათვის მხოლოდ იმის შეხსენება, რომ დავალება აქვთ შესასრულებელი, შესაძლოა საკმარისი არ იყოს. უფრო ეფექტური იქნება ამასთან ერთად მარტივი კითხვის დასმაც იმის შესახებ, რაც გაკვეთილზე განიხილეს.
  • გაკვეთილის დასაწყისს ენერგიას მატებს ან წინა მასალის ორიოდე კითხვით გააქტიურება, ან გონებრივი იერიშის სტრატეგიით ახალი თემის შემოტანა.
  • შეიძლება, მასწავლებელმა წინასწარ მომზადებული ციტატა დაწეროს დაფაზე, მოსწავლეებს აზრი ჰკითხოს ავტორის შეხედულებაზე და იმის საშუალებაც მისცეს, მოკლედ იმსჯელონ, ეთანხმებიან თუ არა.
  • თუ გაკვეთილზე ახალი ტერმინებისა თუ ლექსიკური ერთეულების გაცნობაა დაგეგმილი, მასწავლებელს შეუძლია, ისინი წინასწარ ჩამოწეროს დაფაზე და წყვილებსა თუ ჯგუფებს მათი განმარტება სთხოვოს. ეს მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობას გაუღვივებს.
  • დასაწყისისთვის დამახასიათებელი ერთგვარი დაძაბულობის გასაფანტავად შეიძლება მარტივი ტესტის ან ვიქტორინის შეთავაზებაც, რათა მოსწავლეები წახალისდნენ უფრო რთული დავალებების შესასრულებლად.

ერთმა მასწავლებელმა გაკვეთილის ბოლოს შუქნიშნის მოდელი გამოიყენა. მან ბავშვებს სთხოვა, კედელზე გაკრული „შუქნიშნის“ წითელი, ყვითელი და მწვანე ფერების ქვეშ მიეკრათ სამივე ფერის სტიკერები (გვარ-სახელის მინიშნებით); მწვანეზე დაეწერათ ერთი რამ, რაც გაკვეთილიდან მოეწონათ ან კარგად გაიგეს, ყვითელზე – რაც აეჭვებდათ და რის შესახებ მეცადინეობაც კიდევ სჭირდებოდათ, ხოლო წითელზე – რაც ვერ გაიგეს და რის ახსნაც სურდათ შემდეგ გაკვეთილზე. ეს მეთოდი მასწავლებელს მისცემს ჩატარებული გაკვეთილის ანალიზის საშუალებას და დაგეგმვისას იმის გათვალისწინებაში დაეხმარება, რომელ პრობლემას უნდა დაუთმოს მეტი ყურადღება.

შეიძლება, მასწავლებელმა მოიფიქროს გაკვეთილის შეფასების ორიგინალური, კლასისთვის შესაფერისი სისტემაც, რომელსაც რეგულარულად არა, მაგრამ ხანდახან გამოიყენებს. მაგალითად, სთხოვოს მოსწავლეებს, შეაფასონ ჩატარებული გაკვეთილი 10-ბალიანი სისტემით, ოღონდ ანონიმურად და დასაბუთების გარეშე. ამ პირობებით ბავშვები უფრო თამამად გამოთქვამენ შეფასებას და უფრო კრიტიკულებიც იქნებიან, მასწავლებელს კი შესაძლებლობა მიეცემა, დაინახოს მოსწავლეთა გულწრფელი დამოკიდებულება გაკვეთილის მიმართ. რა თქმა უნდა, ზოგი მოსწავლის დაბალი შეფასება შესაძლოა მოსწავლისვე ბრალი იყოს, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენება მასწავლებელს ბევრ რამეზე დააფიქრებს და რაღაცების შეცვლისკენ უბიძგებს. მრავალფეროვნებისთვის შეიძლება, ხანდახან მოსწავლეებს ქულებთან ერთად მცირე ახსნა-განმარტებაც სთხოვოს. კარგი იქნება, შესაფასებელი კითხვა ისე იყოს დასმული, რომ პასუხში მოსწავლის მიმდინარე თემასთან დაკავშირებული საჭიროებები გამოიკვეთოს. მაგალითად, მან შეიძლება დაწეროს, რომ მასწავლებლის დახმარება სჭირდება, რათა დღევანდელ გაკვეთილზე ახსნილი მასალა უფრო სიღრმისეულად გაიგოს. ამგვარად, ის მასწავლებლის კომპეტენციაში კი არ შეიტანს ეჭვს, არამედ საკუთარ სირთულეებს გაახმიანებს, შეფასების განხილვისას კი დააზუსტებს, რისი გაგება გაუჭირდა. ყველაფერთან ერთად, მასწავლებლის შეფასების შესაძლებლობა სწავლის ერთგვარ სტიმულს მისცემს და მოტივაციას გაუჩენს მოსწავლეს.

რა თქმა უნდა, ყველა მასწავლებელმა იცის, რომ ყველა მეთოდი, რაც უნდა სრულყოფილი იყოს, ყველა მოსწავლეზე თანაბარი წარმატებით არ მოქმედებს. ამიტომაც არის, რომ პედაგოგი მუდმივად უნდა ცდილობდეს სწავლების სხვადასხვა ხერხის გაცნობას, მოდიფიცირებასა და გამოყენებას.

რაც მთავარია, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის გაკვეთილზე არ უნდა გაწყდეს ის უხილავი ძაფები, რომლებიც ნდობის, ურთიერთპატივისცემისა და აღიარების საფუძველზეა გაბმული. განსაკუთრებით მასწავლებელს ეკისრება ეს პასუხისმგებლობა. მან თანაბრად არ უნდა მოსთხოვოს მოსწავლეებს არც ყურადღება და არც საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა. ის ისე კარგად უნდა იცნობდეს მათ, რომ უყურადღებობის მიზეზსაც მიხვდეს და ისე მოიქცეს, თითქოს არც კი შეუმჩნევია. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ აუცილებელი. პედაგოგს გამოცდილება შესძენს ამ უნარს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ მისი აუცილებლობა გაცნობიერებული ექნება.

რევაზ ინანიშვილის ცნობილი მოთხრობის ეპიზოდს თუ გავიხსენებთ, უკეთ ჩავწვდებით პრობლემის არსს: მასწავლებელს არ მოსწონს, რომ ბავშვი არ უსმენს და უხეშად მიმართავს, ამ დროს კი მოსწავლე ისეთ ოცნებებს მისცემია, რომლებიც მას შინაგანად ამდიდრებს და ავითარებს. აშკარაა, პედაგოგი არ იცნობს, ან იცნობს და უგულებელყოფს მოსწავლის რომანტიკულ სულისკვეთებას. ბიჭს სულიერი სიმშვიდე ერღვევა. არადა, მისი ფიქრის საგანი ამაღლებულია:

„ჩახორხილი, ტყიანი და ჩამოხვეწილი მთების უკან თეთრ ლამაზ მწვერვალს დაინახავ. ის გასაოცრად ერთფეროვნად დგას ზამთარშიც და ზაფხულშიც – სულ თეთრი. ხანდახან თუ წამოედება ლეგა ღრუბელი, ან მოსცილდება, ანდა მზე მოავარაყებს ოქროსფრად. მაგრამ აუწერელი ძალით იზიდავს ადამიანის თვალს. ბიჭი საგანგებოდ ამ მწვერვალის დასანახავად ამოდის ხოლმე (თან წალდი მოაქვს, თითქოს ფიჩხზე ან წნელზე იყოს წამოსული). დგას და გაჰყურებს გულისცემით. ასე რომ ვეღარ უძლებს, ჯდება, ზოგჯერ წვება კიდეც და ხან თვალებგადიდებული იყურება, ხან თვალებმოჭუტული. ჯიბეში ვაშლები აქვს, ამოიღებს და მადიანად ჩაკბეჩს…

ბიჭმა კლასს გადახედა. მთელი კლასი მას მისჩერებოდა დაინტერესებული, დამცინავი ღიმილით.

– არ გესმის, შინდელაშვილო, – დაუძახა მასწავლებელმა, – გაიმეორე, რას ეწოდება ადგილის გარემოება.

ბიჭი წამოდგა, ხელები მერხის კალთებს ქვეშ ამოაწყო, თვალებში ისევ გაურკვევლობის ბურუსი ედგა.

– ვაი, შენს პატრონს უბედურს, ჰგონია, სკოლაში გამოგგზავნა შენც! – ზიზღით თქვა მასწავლებელმა, მაგიდიდან ბლოკნოტი აიღო და წითელი ავტოკალმით რაღაცა ჩაინიშნა.

– გაიკარ ორიანი, ბიჯო?! – კახურ კილოზე გადმოსძახა უკანა მერხიდან ყველაზე დიდმა ბიჭმა. კლასი ახარხარდა.

– რა ამბავია! – იყვირა მასწავლებელმა. შინდელაშვილი დაჯდა, თავი ჩაღუნა და ქვედა ტუჩს კვნეტა დაუწყო. მის გვერდით მჯდარმა გოგონამ შეამჩნია, რომ წვრილი, შავყვითელი თითები საბრალობლად უკანკალებდა“ („შორი თეთრი მწვერვალი“).

განათლების ცნობილი ექსპერტისა და ორატორის კენ რობინსონის საჯარო გამოსვლის ერთი შთამბეჭდავი ეპიზოდიც შეიძლება გავიხსენოთ. როცა მასწავლებელმა შეამჩნია, რომ გაკვეთილზე ერთი გოგონა არ უსმენდა, თავი დაეხარა და რაღაცას ხატავდა, ჰკითხა, რას ხატავო. ღმერთსო, უპასუხა გოგონამ, სავსებით დარწმუნებულმა თავის სიმართლეში. მასწავლებელს ხმაში ირონია გაერია: – ღმერთი რომ არავინ იცის როგორიაო? ამის შემდეგ ეცოდინებათო, – არა დაეჭვება, არამედ უფრო მეტი თავდაჯერება გაისმა გოგონას ხმაში და მასწავლებელსაც გაეღიმა.

ეს მაგალითი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ყველა მოსწავლეს თავისი განუმეორებელი, უნიკალური სამყარო აქვს. მოზარდის სამყარო კი ისეთი ფაქიზი და მყიფეა, შეიძლება, ერთმა დაუფიქრებელმა, უხეშმა სიტყვამ გაბზაროს. ამიტომ პედაგოგს დიდი სიფრთხილე სჭირდება, რომ ამ ირაციონალურ სამყაროს საფუძველი არ გამოაცალოს და არ დაანგრიოს. ეს მეტაფიზიკური ოცნებები, ხანდახან მოსწავლის ყურადღების გაფანტვითა და კონცენტრაციის უუნარობით რომ მჟღავნდება, ისევე აუცილებელია ადამიანის ჩამოყალიბებისთვის, როგორც რეალური, მატერიალური გამოცდილება.

გაკვეთილის დასაწყისიც და დასასრულიც ერთგვარ ჩარჩოს ქმნის, რომელმაც შეიძლება, როგორც ნახატს, ისე შეუცვალოს ელფერი მთელ საგაკვეთილო პროცესს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი