ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

როგორ მოვახერხოთ მშობლებთან საერთო ენის გამონახვა?

„გაინტერესებთ, როგორ არის შესაძლებელი, მშობლებს აუხსნათ, რომ „ჩათში“ მიმოწერა ძალიან სახალისო გასართობია; რომ დილით ადრე გაღვიძება საშინელებაა; რომ როდესაც ძალიან ცუდ ხასიათზე ხარ მშობლის ჭკუის სასწავლებელი ტექსტები უარესად გაღიზიანებს, რადგან ძალიან გინდა მარტო დარჩენა; რომ ხანდახან მშობლები მსოფლიოში ყველაზე მეტად აუტანელი ადამიანები გგონია. ბოლო პერიოდში კი მათთან კონფლიქტები გაგიხშირდა და საერთოდ რატომ ვერ ახერხებენ მშობლები/უფროსები მოზარდებს გაუგონ? ეს ყველაფერი ვფიქრობ, შენ ძალიან გაწუხებს“.

ბრიტანელი ნეირობიოლოგის წიგნი, ასე ვთქვათ, თარჯიმნის როლს ასრულებს, ანუ მშობლების ენიდან თინეიჯერების ენაზე თარგმნის „საჭირბოროტო“ საკითხებს ეხება. ამ ნაშრომით, მოზარდები გაიგებენ, რა სურთ დედებსა და მამებს; რა ხდება თავად მათ გონებაში და როგორ არის შესაძლებელი ნეგატიური ფიქრების დამარცხება. და კიდევ, ავტორი განმარტავს, რა პროცესები მიმდინარეობს ავადსახსენებელ „გარდატეხის ასაკში“.

„მოგესალმები, ძვირფასო მკითხველო! იმედი მაქვს, რომ მშობლების გარდა, ამჯერად მოზარდებიც (მოზარდი – არის ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უკვე ბავშვს ვერ დაარქმევ და ჯერ არც ზრდასრულია) ხართ დაინტერესებული, გაეცნოთ ჩემს შეხედულებებს. მე ვარ Dean Burnett ან ექიმი Dean Burnett, მედიცინის დოქტორი. ეს ხარისხი კი მომცეს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის სფეროში სერიოზული კვლევების ჩატარებისთვის. მას შემდეგ, დავწერე რამდენიმე წიგნი, მაგრამ ვფიქრობ, ეს ნაშრომი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ის მხოლოდ უფროსებისთვის არ არის, იმედი მაქვს, ის დააინტერესებთ მოზარდებსაც“. მშობლებო/უფროსებო, პედაგოგებო ვისაც მოგბეზრდათ საკუთარ და სხვა თინეიჯერებთან ჩხუბი და აყალ-მაყალი წააკითხეთ მათ ექსპერტის ეს მოსაზრებები.

მცირე კომენტარის სახით გეტყვით, რომ Dean Burnett-ის წიგნში პირობითად ასეთი სათაურით – „რატომ ვერ ახერხებენ მშობლები საკუთარი შვილების გაგებას და რა მოვუხერხოთ ამ პრობლემას: წიგნი, რომელიც ყველა მოზარდმა უნდა წაიკითხოს“ – თხრობა მიმდინარეობს პირველ პირში. მისი ავტორი არის ნეირობიოლოგი, კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური სკოლის ლექტორი, ბლოგერი, ექსპერტი, ბესტსელერების ავტორი, რომლებიც მსოფლიოს 25 ქვეყანაში არის გამოცემული, ბირმინგემის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი. ხანდახან Dean Burnett კომედიურ როლებსაც კი ასრულებს. ამჟამად, ნეირობიოლოგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს კარდიფში.

„კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ ეს წიგნი დაწერილია 10-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის. მაგრამ მისი წაკითხვა ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს შეუძლია. მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობებზე მრავალი წიგნი არსებობს, სადაც ავტორები უხსნიან უფროსებს, როგორ მოაგვარონ ურთიერთობები საკუთარ „რთულ თინეიჯერებთან“, მაგრამ ეს ნაშრომი იმით განსხვავდება სხვა ნაშრომებისგან, რომ ის დაწერილია არა ზრდასრულებისთვის, არამედ მოზარდებისთვის. ის ცდილობს აუხსნას მათ, როგორ მოაგვარონ ურთიერთობები საკუთარ არცთუ ისე მარტივ მშობლებთან.

შესავალი გაკეთებულია, მოდით, ახლა დავიწყოთ. თუ გულწრფელი ვიქნებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშობლები ხანდახან მართლაც წარმოუდგენლად აუტანელი არიან. მთელი სამყაროს თინეიჯერებს ზოგჯერ ეჩვენებათ, რომ მშობლებს მათი საერთოდ არ ესმით. უფროსებისთვის ყველაფერი გაუგებარია დაწყებული იმით, თუ როგორ ატარებენ დროს მათი შვილები, დასრულებული ისეთი საჭირბოროტო საკითხით, როგორ ირჩევენ მოზარდები სამეგობრო წრეს და როგორი ფორმით ურთიერთობენ ერთმანეთთან. უფრო მეტიც, უფროსები მუდმივად „ტვინს უჭამენ“ შვილებს, თითქოს მათ თავად არ შეეძლოთ საკუთარ პრობლემებთან გამკლავება. ჰოდა, დარწმუნებული ვარ, შენ ისიც შეამჩნიე, რომ მშობლებთან უფრო ხშირად კამათობ, ვიდრე ადრე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოზარდებს მწვავე საჭიროება აქვთ, ვინმემ ნათლად და გასაგებად აუხსნას, რა ხდება სინამდვილეში.

მაინც ვისი ბრალია ასეთი გაუგებრობა მშობლებსა და შვილებს შორის? – პრინციპში არავისი. პირველ რიგში, მინდა თინეიჯერებმა იცოდნენ, რომ ჩვენსა და მათ შორის არსებულ ურთიერთობებში არაფერი არანორმალური არ ხდება. ნებისმიერ ქვეყანაში მშობლები და მოზარდები ყოველდღიურად კინკლაობენ. „ბავშვები ზედმეტად განებივრებული არიან, ცუდი მანერები აქვთ, არავის უჯერებენ, უფროსებს პატივს არ სცემენ, სწავლის ნაცვლად თავში სულ სხვა რამეები უტრიალებთ“ – ეს ტექსტი დაახლოებით 2500 წლის წინანდელია, რომელსაც სრულად ეთანხმება თანამედროვე მშობლების უმრავლესობა და ამატებს: „მოზარდები ძალიან დიდ დროს კარგავენ სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ თამაშებში“.

მაშ ასე, გავიგეთ, რომ მოზარდები და მშობლები ერთმანეთთან კინკლაობენ და ჩხუბობენ უკვე ათას წელზე მეტია. მაგრამ პასუხგასაცემია ერთი სერიოზული კითხვა: რატომ თვლის ყველა უფროსი, რომ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ მოზარდია? ანუ რატომ ხდება რომ უმეტესად მოზარდებს სთხოვენ პასუხს, ამუნათებენ და სასჯელს უწესებენ? ესე იგი თვლიან, რომ შეცდომებს მხოლოდ თინეიჯერები უშვებენ? ეს კითხვები დიდი ხანია, მაწვალებს – ამბობს ბრიტანელი ავტორი და განმარტავს – ისევე, როგორც ყველა ზრდასრული ადამიანი, მეც ვიყავი მოზარდი. მოზარდობა ხომ დაბნეულობის, ქაოსის და სტრესის პერიოდია. თანაც გასათვალისწინებელია ის ურიცხვი ცვლილება, რომლებიც თინეიჯერის სხეულსა და თავის ტვინში მიმდინარეობს. ამას კიდევ ემატება ის შეგონებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივი და აშკარად უსამართლოა. რატომ ხდება, რომ ზრდასრულები მოზარდებს „ჩაკეტილობასა“ და „ეგოისტურობაში“ ადანაშაულებენ, მაგრამ როდესაც ისინი რამე სერიოზულ გასართობს ან სხვა საქმიანობას იწყებენ, მათ „გულუბრყვილობასა და „გულჩვილობას“ აბრალებენ? ზოგჯერ ამ ყველაფრის შესახებ ჩემს მშობლებს, მასწავლებლებსა და სხვა უფროსებს ვუყვებოდი. ისინი კი მპასუხობდნენ „გაიზრდები და ყველაფერს მიხვდები“. საქმე კი ის გახლავთ, რომ უკვე დიდი ხანია, გავიზარდე, ბევრი წიგნიც წავიკითხე, მაგრამ მაინც ვერაფერს მივხვდი!

მართლაც, ძალიან რთულია იმის ახსნა, რომ შენ ოცდამეერთე საუკუნის თინეიჯერს, რომელსაც გაცილებით მეტი ცოდნა გაქვს თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, ვიდრე შენს მშობლებს, მაინც ზრდასრულები გიდგენენ მათი გამოყენების წესებს, თანაც იმ საგაზეთო სტატიაზე დაყრდნობით, რომლის ავტორიც კიდევ უფრო დიდი ასაკისაა და უფრო ცოტა რამ იცის ტექნოლოგიებისა და სხვა უახლესი გამოგონებების შესახებ, მაგრამ მაინც გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს. ნეტავ რატომ?

სკოლაში საოცრად ბეჯითად ვსწავლობდი. მშობლები, მასწავლებლები და მთელი გარე სამყარო დაჟინებით გვიმტკიცებდნენ, რომ გამოცდებზე კარგი ნიშნების მიღება აუცილებელი იყო, როცა გსურდა ცხოვრებაში რამისთვის მიგეღწია. იმ დღეს, როდესაც მე მრავალი სხვა თანატოლის მსგავსად საუკეთესო ნიშნებზე ჩავაბარე გამოსაშვები გამოცდები, ტელევიზიით გამოდიოდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საგამოცდო დავალებები ძალიან მარტივად იყო შედგენილი. ანუ გამოდის, რომ თუ მოზარდები გამოცდებს კარგად ვერ ჩააბარებდნენ, „ქვეყანა დაიქცეოდა“, მაგრამ, თუ ისინი კარგ შეფასებას მიიღებდნენ, მაშინ ეს არც ისე დიდი მიღწევა იქნებოდა, რადგან გამოცდები მეტისმეტად მარტივი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერი Dean Burnett უკვე კარგა ხანია, ორმოც წელს გადაცილებულ, ჭარბწონიან და სიმელოტე შეპარულ Dean Burnett-ად გადაიქცა, მაინც გულში წყენა აქვს ჩარჩენილი ამ და სხვა მსგავსი მცირე თუ დიდი უსამართლობების გამო. შეიძლება ითქვას, რომ მშობლები უმეტესად დარწმუნებული არიან, რომ თინეიჯერებს საერთოდ არ ესმით უფროსების მიერ მათთვის დაუზარლად გაცემული რჩევა-დარიგებები. ამიტომ ეჭვიც არ ეპარებათ, რომ მოზარდი შესაძლოა, ძალიანაც ცდილობდეს, გაიგოს ის, რასაც უფროსები დაუზარლად შეაგონებენ, ოღონდ არაფერი გამოსდით. სამწუხაროდ, შვილების გაჩენის შემდეგ მშობლებს პატარების აღზრდისა და განვითარების შესახებ „ინსტრუქციებს“ არავინ აწვდით. სიმართლე ის არის, რომ ისინიც გულწრფელად ცდილობენ, შვილებს ყველაფერი საუკეთესო მისცენ, კითხულობენ წიგნებს, საჭირბოროტო საკითხებს მეგობარ ოჯახებთან ერთად განიხილავენ, ანუ ზრდასრულებს ნამდვილად უშეცდომო მშობლობა სურთ, რის მისაღწევად ხშირად იმპროვიზაციაც კი უწევთ. მე ვფიქრობ – ამბობს ბრიტანელი ექიმი – შენ უნდა ეცადო და მოახერხო უფროსების გაგება, ეს წიგნიც ხომ შენთვისაა დაწერილი.

კარგი ამბავი კი ის არის, რომ რადგან საკუთარი კარიერა ადამიანის თავის ტვინის შესწავლას დავუთმე, ვთვლი, რომ სხვებთან შედარებით უკეთ ვერკვევი იმაში, რატომ კამათობენ მოზარდები და მშობლები ასე ხშირად. ძვირფასო, მკითხველო ზუსტად ამ ცოდნის გაზიარება მსურს თქვენთვის შემდეგ სტატიებში – გვპირდება ბრიტანელი ნეირომეცნიერი.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი