სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ამერიკული დებატების ისტორიიდან

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პოლიტიკურ კულტურას განსაზღვრავს. ამერიკაში თავჩენილი ტენდენციები უმალვე ვრცელდება დასავლური სამყაროს სხვა სახელმწიფოებში. 1960 წელს სწორედ აშშ-ის პოლიტიკური სისტემის წიაღში წარმოიშვა საპრეზიდენტო დებატების ფენომენი და მოგვიანებით ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელ პოლიტიკურ ინსტიტუტად დამკვიდრდა.

სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დასაკავებლად პირდაპირ ეთერში ერთმანეთს პირველად სენატორი ჯონ კენედი და ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი დაუპირისპირდნენ. მრავალმილიონიანმა აუდიტორიამ გადაცემის დამთავრებისთანავე დებატების გამარჯვებულად კენედი გამოაცხადა. დემოკრატი კანდიდატი, რესპუბლიკელი ოპონენტისგან განსხვავებით, ლაღად საუბრობდა, ხშირად იღიმებოდა. ვიცე-პრეზიდენტ ნიქსონს კი საუბრის დროს ნიკაპი და საულვაშე უსველდებოდა, რის გამოც პერიოდულად უწევდა ჯიბიდან ცხვირსახოცის ამოღება და სახის შემშრალება. პირველი სატელევიზიო დებატების მაყურებლებმა მიიჩნიეს, რომ რესპუბლიკელი საკმაოზე მეტად ნერვიულობდა და დამაჯერებელი არ იყო, ამიტომ არჩევნებზე მათ უპირატესობა მიანიჭეს ახალგაზრდა კათოლიკე პოლიტიკოსს. პირველი საეთერო შერკინების შემდეგ ყველა მიხვდა, რომ დებატებში გასამარჯვებლად უმცირეს დეტალსაც კი შეიძლება უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდეს. შემდგომ წლებშიც არაერთხელ დადასტურდა, რომ დებატების დროს ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანმა ელემენტმა შეიძლება გადაწყვიტოს კანდიდატის ბედი.

გავიხსენოთ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი აშშ-ის დებატების უახლესი ისტორიიდან:

  1. ჯერალდ ფორდი ამერიკის ერთ-ერთი უნიკალური პრეზიდენტი გახლდათ – ის არჩევნების გარეშე გახდა სახელმწიფოს მეთაური. არც პრეზიდენტად და არც ვიცე-პრეზიდენტად ფორდი არასდროს არავის აურჩევია. „უოტერგეიტის“ სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგომა მხოლოდ რიჩარდ ნიქსონს არ მოუწია – ნიქსონამდე პოსტს ვიცე-პრეზიდენტი სპირო აგნიუ შეელია, რომელიც წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ჯერალდ ფორდმა შეცვალა, ნიქსონის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კი პოლიტიკოსმა კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ.

1976 წელს ფორდს პირველად მიეცა საპრეზიდენტო კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება. საარჩევნო ტრიუმფით მას ოპონენტებისა და კრიტიკოსებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ შემთხვევით არ მოხვედრილა თეთრ სახლში. რესპუბლიკელს თავიდანვე გაურთულდა საქმე, რადგან დემოკრატებმა მის დასამარცხებლად ჯორჯიის გუბერნატორი ჯიმი კარტერი ჩართეს ბრძოლაში. ახალგაზრდა, ქარიზმული, გრძელქოჩორა კარტერის დაჩრდილვა მოულოდნელად დაწინაურებული ფორდისთვის ურთულეს ამოცანად იქცა. თუმცა მოქმედმა პრეზიდენტმა თავად გამოუტანა განაჩენი თავის თავს. კარტერთან სატელევიზიო დებატების დროს მას შემთხვევით წამოსცდა: „არ არსებობს არანაირი საბჭოთა დომინაცია აღმოსავლეთ ევროპაზე და ფორდის ადმინისტრაციის პირობებში ამას საბჭოელები ვერასდროს მოახერხებენ“. მოდერატორი, ოპონენტი და მრავალმილიონიანი საზოგადოება გაოგნებული უმზერდა ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც „პრაღის გაზაფხულის“ სისხლიანი დარბევიდან რამდენიმე წელიწადში თვითკმაყოფილი კილოთი უარყო სოციალისტური ბანაკის ქვეყნებზე სსრკ-ის გავლენა. რა თქმა უნდა, ამ ერთმა ფრაზამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი შემთხვევითი პრეზიდენტის პოლიტიკურ კარიერას.

  1. დღეს აშშ-ს 81 წლის პრეზიდენტი მართავს. მას იმის ამბიციაც კი აქვს, რომ სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა 86 წლამდე შეინარჩუნოს. მისი მთავარი მოწინააღმდეგე დონალდ ტრამპი მასზე სულ ორი-სამი წლით ახალგაზრდაა. თუმცა აშშ-ის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც 70 წლის რონალდ რეიგანი მეტისმეტად მოხუც კანდიდატად მიიჩნეოდა და საზოგადოება მგზნებარედ მსჯელობდა მის ასაკზე. ცხადია, დემოკრატები ყოველ ნაბიჯზე ახსენებდნენ პრეზიდენტს ასაკთან დაკავშირებულ რისკებს და საზოგადოებას მიანიშნებდნენ, რომ ქვეყანას უფრო ახალგაზრდა ლიდერი სჭირდებოდა. 1984 წელს პრეზიდენტ რეიგანის დასამარცხებლად დემოკრატებმა შესანიშნავი წყვილი შეარჩიეს – ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი და ნიუიორკელი კონგრესმენი ჯერალდინ ფერარო. ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც ვიცე-პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ქალი კანდიდატი ჩაერთო.

მოქმედმა პრეზიდენტმა პირველივე საპრეზიდენტო დებატებში უბრალო ხუმრობით მოახერხა ასაკთან დაკავშირებული არგუმენტების გაბათილება. მან სერიოზული გამომეტყველებით, წარბშეუხრელად განაცხადა: „მე არ ვაქცევ ასაკს ამ კამპანიის საკითხად, მე არ ვაპირებ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენო ჩემი ოპონენტის ახალგაზრდობა და გამოუცდელობა“. ადამიანმა, რომელსაც სიბერის გამო აკრიტიკებდნენ, კონკურენტის ახალგაზრდობა გამოაცხადა ნაკლად. დარბაზში სიცილით დაიხოცნენ, გულიანად იცინა დემოკრატების კანდიდატმა უოლტერ მონდეილმაც. ამის შემდეგ რეიგანისთვის ამ სამარცხვინო არგუმენტით არავის შეუტევია.

ნეტავი მხოლოდ ასაკი ყოფილიყო მისი პრობლემა.

  1. ამერიკის პოლიტიკური კულტურის მკვლევრები გამორჩეული ყურადღებით განიხილავენ 1988 წელს გამართულ დებატებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. ერთმანეთის პირისპირ ორი სენატორი წარდგა. დემოკრატთა იმედი სამოცდაათს მიტანებული ტეხასელი ლოიდ ბენტსენი გახლდათ, რესპუბლიკელებს კი ზურგს უმაგრებდა ორმოციოდე წლის დენ ქუეილი. ახალგაზრდა პოლიტიკოსმა მსჯელობის დროს საბედისწერო შეცდომა დაუშვა – მან საკუთარი თავი ჯონ კენედის შეადარა. ქუეილი ამტკიცებდა, რომ მის მიერ განვლილი გზა არაფრით ჩამოუვარდებოდა გამოცდილებას, რომელიც კენედის პრეზიდენტად არჩევის მომენტში ჰქონდა. ქუეილიმ მიანიშნა, რომ თუ მასაჩუსეტსის სენატორმა შეძლო უმოკლეს პერიოდში პრეზიდენტის სავარძლის დაკავება, არც მისი ვიცე-პრეზიდენტად არჩევა უნდა ყოფილიყო გასაკვირი. სენატორმა ბენტსენმა უპასუხოდ არ დატოვა ახალგაზრდა რესპუბლიკელის ამბიციური განაცხადი. მან მშვიდად და კეთილგანწყობით ნათქვამი ოთხი მოკლე, სხარტი წინადადებით სამუდამო დაღი დაასვა მომავალ ვიცე-პრეზიდენტს: „სენატორო, მე ვმსახურობდი ჯეკ კენედისთან ერთად. მე ვიცნობდი ჯეკ კენედის. ჯეკ კენედი ჩემი მეგობარი იყო. სენატორო, თქვენ არ ხართ ჯეკ კენედი“.

ბენტსენის ამ სიტყვებს ყიჟინით გამოეხმაურა აუდიტორია. ნაწილი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ ბენტსენმა ხაზი გაუსვა თავისი მეგობრის განსაკუთრებულობას, ნაწილი კი ბენტსენის მიერ ქუეილის განადგურების მცდელობას აპროტესტებდა.

ოთხი წლის შემდეგ ბუში-ქუეილის წყვილი მეორე ვადით იყრიდა კენჭს თეთრ სახლში ადგილის შესანარჩუნებლად. ამერიკის მთავარმა ხუმარამ, რონალდ რეიგანმა, დემოკრატებზე დაგვიანებით იძია შური. მან პრეზიდენტობის კანდიდატის უილიამ ჯეფერსონ კლინტონის განსაიარაღებლად ბენტსენის ფრაზა გამოიყენა. ერთ-ერთი ყროლობის დროს ექს-პრეზიდენტმა კლინტონის შესახებ თქვა: „მე ვიცნობდი თომას ჯეფერსონს. ის ჩემი მეგობარი იყო. გუბერნატორო კლინტონ, თქვენ არ ხართ თომას ჯეფერსონი“. ცხადია, არკანზასის გუბერნატორის შესახებ ნათქვამმა ხუმრობა-ალუზიამ მთელი კვირით გაამხიარულა ამერიკული საზოგადოება, ფრაზა იუმორისტული შოუების მთავარ თემად იქცა.

 

იმედია, მალე დადგება დრო, როდესაც დებატების ინსტიტუტზე მსჯელობისას ქართულ საზოგადოებასაც პოლიტიკოსთა მოხდენილი ხუმრობები გაახსენდება და არა ერთმანეთისთვის ნასროლი სკამები და ზედ მიყოლებული მრავალსართულიანი გინება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“