კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

საჭიროებების კვლევა კლასისა და სკოლის დონეზე

ნუ გაგიკვირდებათ, და ცოტა შორიდან უნდა დავიწყო… თითოეულმა თქვენგანმა წარმოიდგინოს თავი მზარეულად. ზოგიერთი თავს მყუდრო სახლის პატარა სამზარეულოში მოფუსფუსედ წარმოიდგენს, ზოგი – უზარმაზარი რესტორნის შეფმზარეულად. ვინც რა უნდა იფიქროს და სადაც არ უნდა წარმოიდგინოს თავი, მზარეულის საქმიანობა ყველგან ერთი და იგივეა – კერძებისა და ნუგბარის მზადება.

მომზადების პროცესში მზარეული თვალს ადევნებს დაწერილ რეცეპტს, ან მიჰყვება კარგად გამოცდილ ჩვეულ პრაქტიკას. მაგრამ სხვადასხვა მზარეულის მიერ ერთსა და იმავე რეცეპტის მიხედვით მომზადებული კერძი, შესაძლოა სხვადასხვაგვარი გამოვიდეს. რა შეიძლება იყოს მიზეზი? მაგალითად, ცეცხლის ალის ინტენსივობა, ქვაბის სისქე და სხვა. მომზადების შემდეგ მზარეული ფრთხილი მზერით აკვირდება დამგემოვნებლის ემოციას. შემდეგ ფიქრობს, აანალიზებს, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა უკეთესი შედეგისთვის? რა ცვლილებები უნდა მოახდინოს შემდეგში? როგორ გააუმჯობესოს შედეგი?

რეფლექსია და შეფასება ყველა საქმიანობას სჭირდება…

მოდით, ერთად განვიხილოთ, როგორ ვაფასებთ ჩვენ მიერ წარმართულ სასწავლო პროცესს? რამდენად ვაანალიზებთ ჩვენ მიერ შეთავაზებული აქტივობების, მიდგომების ეფექტურობასა და ეფექტიანობას? რამდენად ვცდილობთ უკეთესი შედეგის მიღწევას და რას ვაკეთებთ ამისთვის?

ბევრი კოლეგა იტყვის, რომ ამ საკითხებზე მუდმივად ვსაუბრობთ, ვფიქრობთ და გამოსწორების გზებსაც ვეძებთო. ძნელი წარმოსადგენია მხოლოდ ზეპირი მიდგომით:

  1. რამდენად ზუსტად გამოიკვეთება კლასის თითოეული მოსწავლისა და სკოლის საჭიროება;
  2. რამდენად ეფექტიანი იქნება ამ საჭიროებების გასაუმჯობესებელი აქტივობები;
  3. იქნება თუ არა შესაძლებელი ჩვენი მიგნებების კოლეგებისა და საზოგადოებისთვის გაზიარება და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესსა და საკუთარ მიდგომებზე მასწავლებლის დაკვირვებას, საჭიროებების გამოკვეთასა და ქმედით ღონისძიებებს მიეცეს დოკუმენტური ხასიათი, რომელიც საბოლოოდ კვლევის ანგარიშის სახეს იღებს. ყველა მასწავლებელი ბუნებით მკვლევარია. არაერთი ლიტერატურა ითარგმნა ქართულ ენაზე და დაიწერა სტატიები. თუმცა დღესდღეობით კვლავ გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს კვლევის ეტაპების სტრუქტურირება, ეტაპებს შორის მიზეზ-შედეგობრიობის გამოკვეთა, ანალიზი და სხვა.

სკოლის საჭიროებებისა თუ საკუთარი პედაგოგიური მიდგომების კვლევის დროს საჭიროა, დავსვათ შემდეგი მნიშვნელოვანი შეკითხვა/საკითხები და ეტაპობრივად ვიმოქმედოთ მათ შესაბამისად.

პრობლემის იდენტიფიცირება – რამ მიბიძგა, გამომეკვლია კონკრეტული საკითხი და არა სხვა?

სასწავლო პროცესში მუდმივად ჩნდება სხვადასხვა საჭიროება. დაკვირვებული მასწავლებელი გონივრულად მიანიჭებს პრიორიტეტს ერთ-ერთ მათგანს. მნიშვნელოვანია, რომ საკვლევი საკითხი დაკონკრეტდეს და არ იყოს ზოგადი.

როგორ დავადგინო იდენტიფიცირებული პრობლემის ძირეული მიზეზები?

მედიცინაში კარგი და ზუსტი დიაგნოსტირება მკურნალობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. სწორი დიაგნოზის დასმით ექიმმა ზუსტად იცის, რას უნდა უმკურნალოს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ უმკურნალოს. მაგალითად, თავის ტკივილი არის პრობლემა, მაგრამ საიდან, რა მიზეზით არის თავის ტკივილი გამოწვეული, ამისათვის ტარდება გამოკვლევა სხვადასხვა მეთოდისა და ინსტრუმენტის საშუალებით: ანამნეზის შეკრება პაციენტის ან ახლობლებისგან, სისხლის ანალიზი, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა. ექიმი აანალიზებს ყველა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს კოლეგებთან და სვამს დიაგნოზს.

ახლა გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემაში ამა თუ იმ პრობლემის გამომწვევი მიზეზის ძიება, დიაგნოსტირება, რისთვისაც მასწავლებელი, ექიმის მსგავსად, იყენებს სხვადასხვა მეთოდსა და ინსტრუმენტს – ჩანაწერები დღიურში, კოლეგებთან გასაუბრება, მშობლებთან გასაუბრება, მოსწავლეთა ნამუშევრების განხილვა, დიაგნოსტიკური ტესტირება და სხვა. შემდეგ კი აანალიზებს შეგროვილ მონაცემებს და გამოაქვს დასკვნა.

რა ქმედებები უნდა განვახორციელო პრობლემის გამოსასწორებლად?

პრობლემის გამომწვევის მიზეზის ცოდნა, როგორც აღვნიშნე, აადვილებს პრობლემის მოგვარებას. მასწავლებელი პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე დაყრდნობით გეგმავს და ახორციელებს გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებსაც ინტერვენციებს ვუწოდებთ. მასწავლებელი გონივრულად თავად განსაზღვრავს ინტერვენციების რაოდენობას, ჩატარების ინტენსივობასა და ხანგრძლივობას. პარალელურად აკვირდება ინტერვენციების ეფექტიანობას და ინიშნავს დღიურში.

როგორ შევაფასო, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ჩემ მიერ განხორციელებული ქმედებები?

მასწავლებელი აკვირდება ინტერვენციების განხორციელების პროცესს აკეთებს ჩანიშვნებს, აანალიზებს დაკვირვების შედეგებს და აფასებს. ინტერვენციების დასრულების შემდეგ რომელიმე ინსტრუმენტის გამოყენებით ამოწმებს ინტერვენციების შედეგიანობას. მნიშვნელოვანია, რომ შეფასებისთვის გამოყენებული კვლევის ინსტრუმენტი უკავშირდებოდეს საკვლევ შეკითხვასა და დიაგნოსტირების ფაზაში გამოყენებულ კვლევის ინსტრუმენტს.

სკოლის საჭიროებებისა და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მასწავლებლების უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს და ზემოთ აღწერილი ქმედითი ნაბიჯებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი