ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024
28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

დროის მანქანა: როცა დიდები პატარები იყვნენ

(აქტივობების ციკლი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის)

შეგიმჩნევიათ, როგორი აციმციმებული თვალებით ათვალიერებენ ბავშვები მშობლების ბავშვობის ფოტოებს? როგორ ამჩნევენ დეტალებს, როგორ ავლებენ პარალელებს? ერთ დღეს, როცა ჩემმა შვილმა, გიორგიმ, მოითხოვა, ჩემი წარსულიდან ყველაფერი არ ვიცი და ფოტოები მომიგროვეთო, მივხვდი, რომ ფოტოალბომი როგორც დროის მანქანა, ჩემი ბავშვობის ამბები შესანიშნავი გაკვეთილების თემად შეიძლებოდა მექცია და ასეც მოვიქეცი. გაკვეთილების ციკლს, რომელიც ჩვენი საყვარელი მწერლებისა და ისტორიული პირების ბავშვობას ეხებოდა, ასეც დავარქვი: „როცა დიდები პატარები იყვნენ“.

ამოვირჩიე 5 ტექსტი:

 

  1. რევაზ ინანიშვილი, „დიდი თოვლი“

დიდ თოვლს რომ დადებდა და მოყინავდა, იქვე, სკოლის გვერდზე, ხევში, დავასიპებდით არხისკენ ჩამავალ გზას და იყო ერთი სრიალი და კოტრიალ-კოტრიალი. გოგოები ბიჭებზე მონდომებით სრიალებდნენ, ოღონდ ისინი – წიოკობით. ხანდახან რომელიმე მასწავლებელიც კი დაცურდებოდა ხოლმე. ხანდახან მასწავლებელიც წაიქცეოდა. მაშინ აღარ ვიცოდით, რა გვექნა, გაგვცინებოდა თუ არა.

კითხვები:

  • სად სრიალებდნენ ბავშვები დიდთოვლობისას?
  • როგორ განმარტავთ მონაკვეთს: „ხანდახან მასწავლებელიც წაიქცეოდა. მაშინ აღარ ვიცოდით, რა გვექნა, გაგვცინებოდა თუ არა“?

 

  1. ასტრიდ ლინდგრენი, „ბავშვობა ფერმაში“

მე პატარა ფერმაში, სიყვარულსა და სითბოში გავიზარდე, სადაც უფროსი ძმა თავის უმცროს დაიკოს იცავდა, ტყეში სოკოზე დაჰყავდა და კენკრის კრეფისას ეკლიან ბუჩქებსაც კი არ ერიდებოდნენ.

ჩემს პატარა სოფელში დღემდე აფასებენ შინ გამომცხვარ პურს, ხელით ამოყვანილ ყველსა და ზამთრისთვის საგულდაგულოდ შებოლილ ლორს. ულამაზესი მინდვრები, შეუდარებელი ხედები და უთვალავი ზღაპრული არსება – სწორედ ისინი იქცნენ ჩემს მუზებად. პეპი, კარლსონი, პატარა მარი, მიო-მიო და სხვები – ყველანი ამ ადგილებიდან წამოვიდნენ.

კითხვები:

  • სად გაიზარდა ასტრიდი?
  • რა იქცა მწერლისთვის შთაგონებად?
  • ასტრიდი ბავშვობაში კენკრას კრეფდა. შენ გიყვარს კენკრა? შევეჯიბროთ, კენკრის მეტ სახეობას ვინ დაასახელებს?

 

  1. თამარ მეფე და წერო

(მესხური ლეგენდა)

როცა თამარი პატარა იყო, ზაფხულს ვარძიაში ატარებდა. ძალიან უყვარდა გამოქვაბულებში დამალობანას თამაში. ერთხელ დაიკარგა კიდეც. დიდხანს ეძებდნენ და როცა იმედი გადაეწურათ, აქ ვარ, ძიაო, – გაიგონეს მისი ხმა. სწორედ ვარძიაში იპოვა ერთი ფრთამოტეხილი წერო, ფრთა შეუხვია, მოუარა და თავის ოთახში გამოაზამთრა. გაზაფხულზე მორჩენილი ფრინველი წეროების გუნდს გაჰყვა. თამარს ეგონა, რომ ვეღარასდროს ნახავდა საყვარელ წეროს.

შემდეგ გაზაფხულზე ისევ გაახსენდა თამარს თავისი წერო, გაახსენდა და ძალიან მოენატრა. უცებ ერთი წერო ჩამოფრინდა, მიეალერსა და ორი წინდის ჩხირი მოუტანა: ერთი თეთრი და ერთიც ყვითელი.

ეს ჯადოსნური ჩხირები იყო, ყვითელი ყველაფერს ოქროდ აქცევდა, თეთრი კი – ვერცხლად.

კითხვები:

  • სად ატარებდა ზაფხულს თამარი?
  • როგორ იპოვეს დაკარგული თამარი?
  • რა მოუტანა საყვარელმა წერომ თამარს?
  • როგორი იყო წეროს ნაჩუქარი წინდის ჩხირები?
  1. ერეკლესა და თეკლას ამბავი

ერეკლე, რომელსაც ხალხი სიყვარულით პატარა კახს ეძახდა, ჭკვიანი, მზრუნველი და სამართლიანი მეფე იყო. მას ბევრი შვილი ჰყავდა და ყველა ძალიან უყვარდა, ყველაზე მეტად კი – ნაბოლარა, თეკლა. გოგონა ძალიან თამამი და ყოჩაღი იყო, განსაკუთრებით უყვარდა ჯირითი.

ერთ დღეს თეკლამ, რომელმაც ჯერ წერა-კითხვა არ იცოდა, მამას წერილი მისწერა. უცნაური ნაწერი იყო, თან ასოებს ჰგავდა, თან – ნახატებს, უფრო ნაჯღაბნი იყო, ვიდრე ნაწერი. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლემ ერთი ასოც ვერ იცნო, შვილის სიყვარული მაინც ამოიკითხა და გოგონას პასუხიც მისწერა:

„თეკლუნავ ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წერილი მომივიდა, ძალიან გონიერი გოგონა ხარ, გამიხარდა, რომ მომწერე. უცხო ოსტატობით შესრულებული ნაწერიდან ვერაფერი ამოვიკითხე, მაგრამ მადლობას მაინც მოგახსენებ.

გიგზავნი კოცნას და ასევე ექვს კარგ ბროწეულს. ხვალ ბევრ შაქარყინულს გამოგიგზავნი და იმედია, მეც მალე გნახავ.

შენი მამა“

კითხვები:

  • რა ამოიკითხა ერეკლემ შვილის „ნაწერში“?
  • როგორ შეიძლება ამოიკითხო ნაწერში ის, რაც არ წერია?
  • როგორ ფიქრობ, ამ წერილის მიხედვით, ერეკლე მზრუნველი მამაა?

 

  1. იაკობ გოგებაშვილი, „თევზაობა“

 

პატარაობისას თევზაობა ძლიერ მიყვარდა. ჩვენი სოფლის არემარეც ხელს მიწყობდა. შუაგულ სოფელში რამდენიმე ვეებერთელა წყარო ამოჩუხჩუხებდა მიწიდან. სოფლის გარშემო ადგილები ხომ სულ სავსე იყო ცივ-ცივი წყაროებით.

წყაროების თავი დაჩრდილული იყო და ზაფხულში საამური სიგრილე ტრიალებდა. ამ ჩრდილში დასვენება, ყინულივით ცივი წყლით წყურვილის მოკვლა ზაფხულის პაპანაქებაში სწორედ ნეტარება იყო.

სათევზაოდ ჩემს უფროს ძმას დავაწვნევინე პატარა კალათი, ისეთი მსუბუქი, რომ ნიავიც კი წაიღებდა. გავსწევდი ქვემოთ და ჩავიდოდი წყლის პირას. გავიხდიდი ფეხზე, ჩავხტებოდი წყაროს ბოლოში და შევყვებოდი ზევ-ზევით თევზაობით. ერთი ხელით კალათს მოვიმარჯვებდი, მეორე ხელით თევზებს ვაფრთხობდი. დაფეთებული თევზები გარეთ ჩემს კალათაში ცვიოდნენ.

თან წყლიანი ჭურჭელი მქონდა, რომლითაც ცოცხალი თევზები შინ მიმქონდა.

 

კითხვები:

  • როგორი იყო იაკობ გოგებაშვილის სოფელი?
  • ვინ დაუწნა იაკობს სათევზაო კალათი?
  • როგორ თევზაობდა იაკობი?

 

 

ტექსტებთან დაკავშირებული აქტივობების ჩამონათვალი:

  1. ტექსტების წაკითხვა რამდენჯერმე, სხვადასხვა მეთოდით;
  2. ახალი სიტყვების დამუშავება;
  3. გრამატიკული აპარატი – დროის კატეგორია, სავარჯიშოები;
  4. მეტყველების სავარჯიშო – პერსონაჟის აღწერა;
  5. წერითი ნაწილი – წერილი ჩემს თავს დიდობაში.

 

საშინაო დავალება:

  • გადახედე შენი მშობლების ფოტოებს. არის რამე ნივთი, რომლის დანიშნულებაც არ იცი?
  • შავ-თეთრია ფოტოები თუ ფერადი?
  • არის რამე ისეთი მშობლების ფოტოებში, რაც შენს ფოტოებშიც მეორდება?
  • ამოარჩიე ერთი ფოტო და აჩვენე შენს კლასელებს, თან ამბავსაც მოუყევი.
  • მოგეწონა დროში მოგზაურობა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მწერალი პოლიციიდან

ტექსტები და ქვეტექსტები

პაოლო

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი