ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

კითხვა, როგორც ციკლური მოვლენა

მესამე თვე სრულდება, რაც წიგნთან მისვლა მიჭირს. კითხვას თითქოს გემო დაეკარგა. ასეთი პერიოდები ადრეც მქონია, მაგრამ ამდენ ხანს არ გაგრძელებულა. თანაც მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ერთ ადგილას, ერთ საქმეში დიდხანს ვერ ჩერდება. ამის მიუხედავად, მჯერა, ლიტერატურა ჩემი სუნთქვაა. აბა, რა ხდება? კითხვას გულს რატომ ვეღარ ვუდებ?

მაგრამ იქნებ არც არაფერი ხდება? იქნებ ჩემთვის კითხვა ციკლური პროცესია, რომელსაც სხვადასხვა ფაზა აქვს? იქნებ ჩემთვის კი არა, ზოგადადაც ასეა?

ინტერნეტს ვეცი და ვჩხრიკე. სულ ტყუილად – ვერაფერი ვიპოვე. შეიძლება, ცუდად ვეძებე და ეს თეორია, რომელსაც ახლა ჩამოვაყალიბებ, უკვე დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ მე მაინც ჩემებურად მოგიყვებით, რასაც ვფიქრობ:

მაშ ასე, კითხვა უთუოდ ციკლური მოვლენაა. ჩემი გამოცდილებიდან, მას ეს ფაზები აქვს:

  1. შიმშილის ფაზა – ესაა კითხვის უკონტროლო სურვილი, როცა წინ რამდენიმე წიგნი გიდევს ერთდროულად, შენაცვლებით კითხულობ და მაინც ვერ ძღები. ამგვარი რამ უფრო მოსწავლეობისას დამმართნია, არდადეგებზე. სასტუმრო ოთახში „სამოსელი პირველი“ მედო, ჩემს ოთახში – რამე ძველი ქართული ლიტერატურიდან. ამათ კიდევ ენაცვლებოდა სხვა ფილოლოგიური ლიტერატურა ძველი ქართული ენისა და მწერლობის საკითხებზე.

ახლა იშვიათადღა მაქვს შიმშილის ფაზა, მხოლოდ მაშინ, თუ რომელიმე კონკრეტული საკითხი მაინტერესებს. მარტო კითხვითაც აღარ შემოიფარგლება – დოკუმენტურ ფილმებსაც წავაშველებ ხოლმე ხშირად.

  1. მშვიდი კმაყოფილების ფაზა – ესაა ფაზა, როცა ნება-ნება კითხულობ რომელიმე ერთ წიგნს. ამთავრებ და სხვას იწყებ. ამთავრებ იმასაც და კვლავ სხვას იწყებ და ასე შემდეგ. არავითარი გაცხოველებული ინტერესი, არავითარი გიჟური ტემპი – კითხვა ამ დროს ყოველდღიური რუტინის ნაწილია, სასიამოვნო ნაწილი.
  2. ნაბახუსევი – აი, ამაზე კი მსმენია და წამიკითხავს კიდეც – ნამდვილად არსებობს. ეს ის ფაზაა, კარგი, უფრო სწორად, შთამბეჭდავი წიგნის წაკითხვის მერე რომ დგება. ჯერ კიდევ იმ წიგნში ხარ, იმ მხატვრულ სამყაროში და სხვა სამყაროს გაცნობა არ გინდა. ეს მდგომარეობა, შეიძლება, მთელ თვესაც კი გაგრძელდეს. ვერაფერს წაიკითხავ, სანამ არ მორჩება.
  3. მიბრუნების ფაზა – არასდროს ვკითხულობ წიგნს მეორედ, თუ რაიმე გარემოება არ მავალდებულებს ამას. თუმცა მეც კი მაქვს საყვარელი პასაჟები, რომლებსაც გონებით მაინც სულ ვუბრუნდები. ვიცი ხოლმე, წიგნის თაროდან ჩამოღებაც და იმ გვერდზე გადაშლაც, რომელზეც ამგვარი პასაჟი მეგულება. ჩავიკითხავ, დავტკბები, წიგნს კვლავ თაროზე შემოვდებ.

ზოგი მკითხველი მიბრუნების ფაზაში მთელ წიგნს კითხულობს თავიდან ბოლომდე. ზოგს ეს ფაზა წიგნის დასრულებისთანავე უდგება – სურს, უკეთ დააკვირდეს ტექსტს, უკეთ გაიაზროს ესა თუ ის მონაკვეთი და ამიტომ ერთ წიგნს ზედიზედ რამდენჯერმე კითხულობს.

  1. დანაყრების ფაზა – ეს ის ფაზაა, რომელიც ახლა მჭირს, ანუ კითხვის ციკლის ის ნაწილი, როცა საერთოდ ვეღარ კითხულობ. კითხვა აღარ გინდა და ამ უსურვილობას ვერც ვერაფერს შველი.

წესით, ამ ფაზას კვლავ შიმშილის ფაზა უნდა მოჰყვეს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს, მაგრამ სანამ ეს მოხდება, გაძლება რთულია.

P.S. ვაპირებდი, ამ წერილის ბოლოს გამოსავალი შემომეთავაზებინა თქვენთვის, მაგრამ დავწერე და კითხვის სურვილიც თავისთავად დამიბრუნდა. დამიბრუნდა სწორედ შიმშილის ფაზით.

იქნებ ჩემი თეორია არც ისე მცდარია? ან იქნებ წერა კითხვის ციკლს აჩქარებს?..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“