სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„შენი ცხოვრება – ვით შემოდგომა არასდროს აღარ დაიზამთრება“

თომას მანი „პატარა ბატონი ფრიდერმანი“

 

ისევ ყოფიერების ტრაგიკულობაზე ვსაუბრობთ და ცხოვრების „გერებზე“, რომლებზეც ამჯერად ლიტერატურა ჩაგვაფიქრებს. პირველი შედარებით ნაზი გამოვლინებაა ამ მარგინალურობისა – ძიძის მავნე, დაუძლეველი ჩვევის გამო დაინვალიდებული პატარა – იოჰანეს ფრიდერმანი. მოდით, მივყვეთ სიუჟეტს, რადგან ამის გარეშე ვერ გაიხსნება ვერც ნოველისა და ვერც პერსონაჟის ხასიათის საიდუმლო. აი, როგორია პორტრეტი კუზიანისა, რომლის მთავარი საყრდენი ცხოვრებაში დედის სევდიანი ალერსია ბავშვობაში: ის არაა ლამაზი, მაღალი წაწვეტებული გულმკერდით, ამოზრდილი ზურგითა და არაპროპორციულად გრძელი, თხელი ხელებით, – უცნაური საყურებელია. თუმცა მას აქვს ვიწრო, მშვენიერი ფეხები და ხელის მტევნები, დიდი, მბრწყინავი თვალები, ნაზად მოხაზული პირი და თავთუხისფერი თმები. სახე საცოდავად ჩამალვია მხრებში, თუმცა თითქმის ლამაზად მოგეჩვენებათ.

ფრიდერმანები ქალაქის ნაღები საზოგადოება იყო, თუმცა იოჰანესის დები ვერ თხოვდებოდნენ, – ჯერ ერთი, რომ დაბლები იყვნენ, მეორეც – შეუხედავები. იოჰანესი მარტოსულია, თავისთავად: თანატოლებთან ურთიერთობა მისთვის სიხარულის მომტანი არ იყო, ვერ თამაშობდა მათთან ერთად. ნამდვილი მეგობრობა არავისთან გამოსდის. თავისთვის ცხოვრობს, საკუთარ სევდაში, სხვა ბიჭების ინტერესებს არ იზიარებს: როცა გოგონებზე ფიქრის დრო მოვა, იოჰანესი ფიქრობს, რომ ეს მისთვის ისეთივე მიუღწეველ-მიუწვდომელია, როგორც თუნდაც ბურთით ტანვარჯიშის სავარჯიშოები. 6 წლისას მაინც შეუყვარდება თანატოლი გოგონა, რომელთან სიახლოვესაც მორცხვი იოჰანესი იტანჯება. თუმცა, როცა თავის გულის სწორს სხვა ბიჭთან ჩახუტებულს ნახავს, გადაწყვეტს, რომ მსგავსს აღარასდროს განიცდის: „Кончено! Никогда больше не стану терзаться ничем подобным. Другим оно дает наслаждение и радость, мне приносит только скорбь и страдание. С меня хватит! Сыт по горло! Баста!“ (5). მისი მეგობრები ამიერიდან იყვნენ წიგნები და ვიოლინო.

17 წლისა მთავარი გმირი კომერსანტი ხდება და ასე მშვიდად მიედინება მისი წუთისოფლისეული დრო, სანამ 21 წლისას მძიმე ავადმყოფობით დედა არ მოუკვდება – ეს იყო პირველი დიდი რყევა ცხოვრებისაგან. თუმცა იოაჰენსს უყვარს ეს უკანასკნელი და არავინ იცის, რა ფასად უჯდება მას, – უმაღლესი, სრულყოფილი ბედნიერების ძალაუნებურად, ბედისწერით უარმყოფელს, – დასჯერდეს მისთვის ხელმისაწვდომ სიხარულებს: შემოდგომის გასეირნებებს ქალაქგარეთ ბაღში, ჩიტების გალობას, ნაზ ყვავილს – ნუთუ, შეიძლებოდა, იგი მადლიერი არ ყოფილიყო?! ისიც ესწრაფვის განათლებას, რომ ეს სიამოვნებები უფრო დახვეწოს და გაამრავალფეროვნოს – ხდება ეპიკურეისტი!

 

როცა ოცნება სრულდება, ყველაფერი კარგი უკან რჩება – ასე „იმშვიდებს“ თავს იოჰანესი და ნაღველთან თანაცხოვრებას სწავლობს. კარგა ხანია შეჩვეულია მის მიმართ სხვათა თანამგრძნობელ გამოხედვებსაც, ნაზადაც უყვარს თავისი ცხოვრება, – მძაფრი ვნებებისგან დაცლილი, მაგრამ ჩუმი ბედნიერებით სავსე, რომლის შემოქმედად ქცევა ისწავლა. ჰო, უყვარს თეატრიც და დებთან ერთად, რომლებიც ვერ ათხოვდნენ, გამუდმებით იკავებს ადგილს პირველ იარუსზე ქალაქის თეატრში. პატარა სააგენტოს პატარა პატრონი მაინც დებთან ერთად ცხოვრობს – სულ ასე მოიხსენებს თომას მანი „პატარა ბატონი ფრიდერმანიო“, 30 წლის ასაკშიც კი. ამ „პატარას“ დიდი დატვირთვა, ქვეტექსტი თუ ეტიმოლოგია აქვს ნოველაში: სხეულსაც გულისხმობს მწერალი და ზოგადადამიანურ ასპექტებსაც…

…და, აი, აქ ჩნდება კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟი: ადგილობრივი ოლქის მმართველის, მსუქანი, 40 წლის პოდპოლკოვნიკის, ფონ რინლინგენის სრულიად არაორდინალური ცოლი, რომელიც გამოჩენისთანავე ეხვევა ჭორების ქარცეცხლში – ეწევაო, სტუდენტი ბიჭივით იქცევაო, ჯირითობსო, მოკლედ, გადამეტებულად თავისუფლად აღიქვამენ მის ქცევებს, რომლებსაც ადგილობრივი მამაკაცები აღტაცებაში მოჰყავს, ხოლო ქალბატონები მასში ვერაფერს ქალურად მომხიბვლელს ვერ ხედავენ. თუმცა იგი ლამაზიცაა და არც პრანჭიაა, თუმცა რატომ არ იყენებს 24 წლის ასაკში ბუნებით მინიჭებულ ძალაუფლებას მამაკაცებზეო, უკვირდათ და იმედოვნებდნენ, ჩვენი კაცები მალევე იმედგაცრუებული დარჩებიანო.

ჰოდა, პატარა ბატონი ფრიდერმანის ასე საგულდაგულოდ, ფაქიზად და ბრძნულად დაცული მსოფლაღქმა სწორედ ამ ქალისგან განადგურდება, სახელად – გერდა! – „Нет, нет, с этим кончено! К чему теперь это благоухание, к чему все то, что доныне составляло его „счастье?“ (14). მოკლედ, აუხდენელი ბედნიერება ბატონი ფრიდერმანის ბედისწერა ხდება და ამას იგი იგრძნობს – ქალთან პირველი შეხვედრისთანავე რაღაცა შემზარავს, შეუჩერებელ ძალას, ასე რომ მიაქანებს დაღუპვისკენ – ესაა უფსკრული, შეუჩერებელი, ტკბილი წამება. საინტერესოა, როგორ უმზერს იგი ქალს: არა ვნებით, არამედ ტანჯვით, რაღაცა შეუცნობელი, უძლური, ნების წარმტაცი მორჩილებით.

 

დიდად არ შეგაწყენთ თავს და ამასვე აკეთებს მწერალიც – საშიში სისწრაფით მივყავართ ფინალურ სცენასა თუ „აკორდამდე“. გერდასთან მიპატიჟებულია რჩეული საზოგადოება. პატარა ბატონი ფრიდერმანი და დიასახლისი ბაღის შორეულ კუთხეში განმარტოვდებიან, როგორც მსხვერპლი და მტაცებელი. ქალისგან ნაწყალობევი სევდისა და გულახდილობის შემდეგ, იგი დავარდება მის წინ მუხლებზე, ჩაბღუჯავს მის ხელებს და არაადამიანური ხმით შეჰღაღადებს:

 

„ – Вы же знаете…Позволь мне…Боже мои, боже. Я больше не могу!“ (19).

 

ქალი სიცილით მოიშორებს და მიწაზე დაგდებულს დატოვებს, მოცახცახეს, მდინარესთან.

საკუთარ ტრაგიკულობასა და განრისხებას მდინარეში ახრჩობს პატარა კუზიანი. მდინარეც მას მიიღებს და მყისიერი სიჩუმის შემდეგ კალიების ხმითა და სიკვდილის მაჟორული დუმილის დამრღვევი, შორიდან სიოს მოტანილი ჩუმი, გაფანტული ბგერებით სიცოცხლე ისევ ჯიუტად გამოდის „არენაზე“…

 

მერაბ აბაშიძე „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“

 

ესეც აგრესიული გამოვლენა მარგინალურობისა – „თქვენ ალბათ ვერავითარ ესთეტიკურ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ ჩემს კეფაზე ამობურცული ქვასავით მაგარი, მეორე (შედარებით პატარა) თავის დანახვა…“ (567) – სიკეთენარევი ცინიზმით ამბობს მთავარი გმირი, რომელსაც მარტო თავი კი არა, ტანიც ყოველ ჩვენგანზე პატარა აქვს და იტანჯება მხოლოდ იმით, რომ სულ დასცინიან. ორიგინალური „ცნობიერების ნაკადია“ მისი ფიქრები – სარკაზმით, თვითირონიით, იუმორით გაჯერებულ-გამსუბუქებული.

 

„ჰი! ჰი! პატარა კაცუნებო! დიდ არს სიმახინჯე იგი – უფლით ნაბოძები! ის მე გზას მიხსნის სამყაროსკენ, რომლის ხილვასაც თქვენ ვერასდროს ეღირსებით!“ (569) – ესეც ამპარტავნების ცდომილებით უფრო დიდ ჭაობში ჩაძირვა, რომელიც, ვნახავთ, რომ მაზოხიზმში, თვითგვემაშიცაა გადაზრდილი (სადაა, აბა, „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა“?).

 

მას ამოურჩევია ერთი კლდე საკუთარი სახლის წინ და დიდი, უცნაური სიყვარულითაც შეჰყვარებია. უყვარს მის წინ დგომა „დამცინავი, ყურებამდე გახეული გამქირდავი ღიმილით მიბრეცილ-მობრეცილი სიფათუნების ზღვაში“, თან ირწევა ამ მყრალ ზღვაში, თან კლდისადმი სიყვარულით ნეტარებს. თან უნდა შეემსხვრეს, შეელეწოს მას „ძვლებად, ხორცის ნაფლეთებად, სისხლის შხეფებად“. ვერაფერს იტყვის კაცი, მძაფრ გაოგნებასთან გამკლავებას შეეცდება მკითხველიც…

 

ეს პერსონაჟიც, ზემოაღწერილივით და სრულიად ლოგიკურად, მარტოსულია („ამ მარტო სიარულმა ხომ მომსპო და გამათავა“).

 

მისი ეს ამორფული (სიკეთე-ბოროტებანარევი) ისტერია მნათე ოქროპირის ექსტაზსაც გვაგონებს კონსტანტინე გამსახურდიას ნოველიდან „ზარები გრიგალში“. არის იდეის დონეზე ცხოვრება, როგორც თუნდაც სიკეთის თაყვანისცემა ან რელიგიურობა, ან მეგობრობა, ან მიჯნურობა.

 

მაგრამ სულ სხვაა რეალობაჲ იგი.

 

…სწორედ ამ იდე(ალურ)ათა სამყაროდან, შეგრძნებიდან, სურვილებიდან ძირს დამამარცხებელი.

 

ყოველთვისაა ამ ორის ომი.

 

რომელიც იმარჯვებს, ის რჩება ადამიანიც: შეიძლება გამოიგონო, მერე ეს გამოგონილი ნამდვილად აქციო, მაგრამ ეს ნამდვილი ყოველთვის გამოაჩენს „ბრჭყალს“. თუ არ დაგფლითა ამ უკანასკნელმა, შენი ცხოვრებაც შედგა, რადგან შენ „ისწავლე“ წუთისოფელი! ავიც და კარგიც… მიხვდებით, რომელმა გაიმარჯვა ამ ნოველის მთავარი პერსონაჟის შემთხვევაში?! – „მაწამეთ! მე თქვენ ხელებს დაგიკოცნით, ჩამაზილეთ წიხლები! ისინი მე სხვა სამყაროსკენ მიხსნიან გზას… მუხლებში ჩაგივარდები… შევიშრობ ლოყაზე ჩამოვარდნილ ცრემლებს. ამ თვალებში არ გიზგიზებს შურისმაძიებლური ცეცხლი მტანჯველისადმი. მე თქვენ მიყვარხართ! ო, როგორ მიყვარხართ! დამილეწეთ სუსტი სახსრები! გამიყარეთ შანთები! დამასხით ადუღებული კუპრი! მე მაინც ხარხარით აღვიმართები თქვენ წინაშე. გავშლი ხელებს და ვიდგები ასე დარტყმის მოლოდინში!“ (573). დემონურ-ანგელოზებრივის ნაზავია, წუთისოფლისეულად ჩაწნეხილ-ჩაზრდილი ერთმანეთში, თუმცა ეს თეატრალური „ხელების გაშლა“ მაცხოვრისეულ ჯვარცმას ძალიან ჰგავს.

 

არსებობს მიწის ხმა – დუენდე – (ფრედერიკო ლორკასთანაა) და მთავარ გმირსაც ეს „დუენდე“ აიძულებს, ბედისწერის „ვეფხვებს“ შეებრძოლოს, კლდეს შეემსხვრეს. ეს „მიწის“ სიჭარბეა, მისგან დიდი ხარისხის მიზიდულობა… ამ გრძნობას კაცობრიობამ ჯერ ვერ დაარქვაო სახელი, გვამცნობს მწერალი, რომლის მიერ აღწერილი მთავარი გმირი იმდენად სასტიკია საკუთარი თავისადმი, რომ ადამიანურს უარყოფს: „საერთოდ, ხელოვნების მიერ შექმნილი ვერცერთი გმირის გრძნობებს ვერ ვიზიარებ, რადგან ვგრძნობ, რომ ხელოვნება ჩემშია“ (574-575).

სხეულის ტვირთიანი კაცი სკოლაში მიდის მასწავლებლად და ბავშვები არ დასცინებენ მახინჯ მასწავლებელს, იცოდებენ და არა მხოლოდ: „აქ უფრო დიდი რამ იყო! შემზარავი და დიდი“ (576). აი, პერსონაჟის ცხოვრებისეული მონანულ-ირონიული კონცეფციაც: „ცემაზე მადლობელი ვარ. მცემეთ… ოღონდ მერე ჭრილობებს ნუღარ შემიხვევთ“ (580). ეკლესიაში იგი ბევრ ქრისტეს ვერმცნობ ფარისეველს ხედავს, რომელნიც ღვთის „ყიდვას“ ცდილობენ შესაწირავით. აქაც ძნელი გასარჩევია ფსიქოლოგიურად, ვის წინააღმდეგაა ამხედრებული ბუენებისგან დაჩაგრული გმირი: ადამიანებისა თუ ღვთისა. აი, მისი დემონიზმებიც, აგრესია: „რაო! არ მოგწონვარ, მამაო?! მე მეგონა, რომ შენ მაინც არ იუკადრისებდი ჩემთვის თავზე ხელის გადასმას!“.

 

გმირი ოცნებობს ჰიტლერისა და რუსოს მკვლელის წამებაზე („ხომ არ გგონიათ, ისე ვცემდი, თქვენ რომ მირახუნებთ ხოლმე?! ჰუჰ!“). ეს ერთგვარი შურისძიებაა მისი, სამყაროსადმი მსჯავრი:

 

„აბა, ახლა მომაწოდეთ მაშხალები!

 

მე, დიდთავა მახინჯი, ბრალს გდებს სიმშვენიერისა და ადამიანური წმინდა გრძნობების შეურაცხყოფისთვის!

 

აქეთ მაშხალები…კვაზიმოდო!“ (586).

 

ასეთი ცხოვრება ღია სამარეში წოლას ჰგავს და ამ მეტაფორას ორგან ვაწყდებით ნაწარმოებში. გმირი თვითირონიით ანეიტრალებს საკუთარ თუ მისკენ მიმართულ ადამიანურ ზიზღს – „ხალხმა უმალვე იგრძნო, ვინ იდგა მათ წინ! და ეკვროდნენ იგინი ერთურთს, რათა არ შეხებოდნენ ჩემს წმინდა გვამსა…“ (591).

 

ტროპებიც, მხატვრული ხერხები ისეთივე სარკასტულია, როგორიც თხრობა:

„თითქოს შვილები მისდევენ ახლად გარდაცვლილი მამის ოთახიდან გამოსულ ნოტარიუსსო“;

„ყინულის პატარა თხილებივით ეხლებოდა კისკისი კლასის ჭერზე ჩამოკიდებულ ბროლის ჭაღს. ჭაღიც წკრიალებდა და ხითხითებდა. კვდებოდა პირდაპირ სიცილით“.

 

სახარებაში არის სენტენცია ტანჯვით მხიარულების შესახებ. აი, მისი განხორციელება გმირში, როცა იგი სკოლიდან წამოსვლის წინ უკანასკნელად მიმართავს საკუთარ მოსწავლეებს:

 

„მე მოგმართავთ თქვენ – წმინდანებს!

მართალია, მიზეზი, რის გამოც მითხოვენ – სასაცილოა!

სასაცილოა ჩემი გამომეტყველებაც! იერიც… ყველაფერი!

და მაინც, მე მივდივარ მოზეიმე და საკუთარ თავში დარწმუნებული.

ჩემი თხოვნაც ეს არის – ნუ დასცინებთ მოზეიმე მახინჯებს…

და… (ხმა ჩამწყდა მღელვარებისგან) – როცა აქედან გავალ, იწამეთ ღმერთი… ნუ გაიცინებთ რამდენიმე წუთს… წარმოიდგინეთ, რომ მიცვალებულს მიაცილებთ სამარისაკენ“(593-594).

 

თბილისი ძალიან სიმბოლურად და ორიგინალურად შედარებულია პატარა, მომხიბვლელ მონაზონს, წვიმა ამ მონაზვნის ცრემლებს, ტირილს („ატალახებული, ქვიანი გზა ნაცრისფერი ლოკოკინებით მოფენილ ველს ჰგავს, რომელთაც საკუთარი სხეულებიდან გამოსული წებოვანი წვენი გადაღვრიათ“). აქ აქცენტი საკუთარი თავიდან უხვად გამოჟონილ ბოღმაზეცაა, რომელიც გახრჩობს, ეს თავიც, „როგორც ხორკლიანი, წითლად დაჭორფლილი ნერვებისგან მოქსოვილი ტომსიკა“, ტანჯვა-ვაების ვეება ზღვაა, რომელიც თუ ერთ მთრთოლარე გუნდად შეიკრა და სულ ცოტა კიდევ დაიძაბა, საზარელ ზვავად გადმოხეთქავსო, ავტორმა და იქნებ წალეკოს კიდეც ყველა და ყველაფერი… აქ პერსონაჟის სხეულში, ტყავშია მწერალი მოქცეული და მისგან და მისით აღიქვამს სამყაროს.

 

,,ცისკენ ხელებაპყრობილი, სამოსშემოხარცვული ხეები რაღას ევედრებიან უფალს…

რას შესთხოვენ, ნეტა? ფრთებს ხომ არა, რათა დატოვონ ეს ჭუჭყიანი, ახმაურებული ქუჩები და გადაინაცვლონ შორს, ზურმუხტისფერ სამოთხეში, საიდანაც ბედმა დაუნდობლად ამოგლიჯა ისინი და მტვრიანი ჰაერის გასაწმენდად ვენტილატორებივით ჩაარჭო აქ?!

არავინ უწყის!” – ჩვენი ცხოვრების „შემოდგომაც“ ღვთის ხელშია, რომ სულში არ დაიზამთროს. თვითმკვლელის სიცოცხლე ლექსს ჰგავსო, გვეუბნება მწერალი გმირის მონოლოგში, როცა სხვა, ერთ-ერთი, გმირი თავს იკლავს და რჩება წაუკითხავი ლექსივით, წიგნივით. ეს უკანასკნელი არის გივი, რომლის სიკვდილსიწინა აღსარება სისხლით დაისვრება და რჩება მხოლოდ მტკივნეული გულწრფელობით შემზარავი სიტყვა

– „ძვირფასო…“ – „როცა ეს ამბავი გავიგე, ჩემმა ავადმყოფურმა გონებამ იმ წუთშივე წარმოიდგინა, როგორ მოჭმუჭნიდნენ საქმისთვის გამოუყენებელ ქაღალდს და ფანჯარაში მოისროდნენ.

იმ დღეს ალბათ ქარი იქნებოდა…

აფარფატდებოდა ქარში უკანასკნელი განწირული გოდება, აილუფხებოდნენ სისხლში მოთხვრილი ბგერები და ჰაერში მორიალე ყვითელი ფოთლები ერთმანეთში…

გაბრწყინდებოდნენ უჩვეულოდ…

წამოვიდოდა ციცინათელების წვიმა და ლაჟვარდოვან შარავანდედად დაედგმებოდა მათგან წამოსული სინათლის სხივებისაგან დაწნული გვირგვინი ჩემი მეგობრის გამხმარ სხეულს, რომელიც – მოკრუნჩხული და გაშეშებული, – ყინულის ქანდაკებასავით იწვა დიდი ქალაქის რომელიღაც ჭუჭყიან, შავ პროზექტურაში“ (610).

 

ესაა ჩვენი ყოფიერების „წყევლა-კრულვიანი საკითხავი“, ესაა უკვე წუთისოფლის მსჯავრი სუსტებისადმი, როგორც თუნდაც ოსკარ უაილდის ზღაპარში „ინფანტას დაბადების დღე“ პატარა, რეალობისგან სამუდამოდ გათელილი, უკეთილშობილესი ჯუჯა კვდება: მას გული უსკდება სარკის წინ, როცა ტყეში ცხოვრების შემდეგ დაინახავს საკუთარ გარეგნობას, რომელსაც თურმე ლამაზი ინფანტა დასცინოდა, მისით ბოროტად ერთობოდა. მას კი ის, უბრალოდ და უიმედოდ შეუყვარდა…

 

მაშ, დასჭექეთ ზარები გრიგალში!

მაშ, მოიტანოს მაშხალები კვაზიმოდომ საკუთარი თუ სხვათა ეშაფოტის გასაჩირაღდნებლად!…

 

ციტატები წიგნებიდან: Томас Манн „Новеллы“(Ленинград, „Художественнаия литература“, 1984); მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია, გია ქარჩხაძის გამომცემლობა, 2007 წელი

 

ინგა მილორავას „კვაზიმოდო“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“