სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

აკვიატებულ ფიქრთა საქმე # 1

„ფიქრები აწუხებს“. „აზრები აწუხებს“. „წვეტიანი აზრები აქვს“.

 

ხომ გახსოვთ ამგვარი ფრაზები. ან ეგებ დღესაც ისმენთ. წესით, შექება უნდა ეგონოს კაცს, არადა, სრულიად პირიქითაა. და რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებს ეშინიათ მისი, ვისაც ფიქრი და აზრი „აწუხებს“, ვინც ორი სიტყვით მეტს აშენებს იმ კედელს, რომელიც დაახვედრეს – ცდილობენ, გააძევონ ყოველდღიური წესრიგიდან, მემკვიდრეობით რომ ერგოთ.

 

ყოფა და განწყობა ენაში ილექება, როგორც დიდი წვიმებისას ლამში ეზოში დარჩენილი სათამაშო და მზე რომ გამოვა – ენავე გათქვამს. წვეტიანი აზრი რა არის? ის, რომელმაც კარგად დაწნეხილ და თანაბარ აზრებს შორის თავი ამოყო. მეტი არაფერი. და თანაბრობაში მცხოვრებ და გაჯიუტებულ უმრავლესობას, ცხადია, რომ შიში იპყრობს და აჰ, წვეტიანი აზრები აქვს! დიახ, გაქვთ.

 

და გილოცავთ, რომ გაქვთ!

 

ყველაფერი იმ ადამიანებმა შექმნეს, ვისაც ფიქრი აწუხებდა, უფიქრო ხალხი ხელს უშლიდა მხოლოდ – ხან კოცონზე წვავდა, ხან თემიდან აგდებდა.

 

ფიქრი ადამიანად ყოფნის ნიშანია. მათ შორის ჭარბიც. ასე რომ – იფიქრეთ! ასე რომ – შეწუხდით!

 

ხოლო ფიქრით სხვაგვარ და ნამდვილ წუხილზე – ობსესიებზე, ობსესიურ აშლილობაზე, კომპულსიებზე, რუმინაციაზე, ტაბუზე, მორალის ცვლაზე ახლა მოგიყვებით. ესეც ამ გზის გაგრძელებაა, უბრალოდ სხვა ფაზა და ავადმყოფობად ქცეული.

 

 

 

სუიციდის მცდელობა რომ მქონდა, ერთი სრულიად პატიოსანი პოლიციელი, რომელსაც ამ საქმის გამოძიება დაევალა, მოსულა იმ დღეს, აივანზე დამჯდარა, ჯვრისთვის გაუხედავს და მერე მხრები აუჩეჩავს.

 

სამი დღის შემდეგ ჩემთან მოიყვანეს საავადმყოფოში:

 

– თამაშობდიო? – არა-მეთქი.

– ვინმე გემუქრებაო? – ძირითადად დედაჩემი მეთქი, ზამთრობით, რომ თბილად ჩავიცვა.

– ვალი გაქვსო? – კი, მაგრამ ბანკის და გადახდა არ მიჭირს-მეთქი.

– შეყვარებული დაგშორდაო? – ეგენი სულ მშორდებიან-მეთქი.

 

კიდევ ერთხელ აიჩეჩა მხრები და წავიდა.

 

ტანჯვა მიზეზით არ იზომება. არასდროს. მესმის, რომ ისინი, ვისაც ათას სამასი წლის წინ წამებით მოკლული წინაპრების ძვლები სტკივათ – მათ, ვისაც უცნაური ამბები გვაწუხებს, დარდს გვიზომავენ, მაგრამ მერწმუნეთ, ვიღაცას თუ საათის წიკწიკის ხმა აწამებს ან პირიქით, უმისოდ არ შეუძლია – ხან ომში წასვლაც კი ურჩევნია, საკუთარი თავისგან თავის შესაფარებლად. ეს ისეთივე ზუსტი ამბავია, როგორც რომ დღეს 8 ოქტომბერია. 2023 წელი. კვირა.

 

სხვა დანარჩენისთვის მოუსმინეთ გენიალურ პოლ ვერლენს არანაკლებ გენიალური გივი გეგეჭკორის ქართულით:

 

„რა უსიტყვო ნაღველს მალავს

სული, ჩემი მეუფე,

სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს,

ანდა მის გარეუბნებს.

აწვიმს მიწას და სახურავს

და შრიალით ავივსე,

სევდა სულში ჩასახული

უკრავს წვიმის კლავიშზე.

ცხოვრობს სულით ეს ობლობა

ჩუმი წვიმის მეზობლად

სულში ჩაჯდა ვით ობობა,

სევდის უმიზეზობა.

და მით უფრო არის მძაფრი

უმიზეზო ნაღველი

არსაიდან რომ არაფრით

არის ნაკარნახევი“.

 

 

 

 

გეღვიძება ასე ოთხზე ან ეგებ ხუთზე ან ეგებ სულ ვერ ჩაიძინე და ფიქრობ: გუშინწინ, სოფელში რომ იყავი, ოთახიდან გამოსვლისას, მგონი, ლურსმანს გამოედე. სად არის გაკაწრული? აქამდე გაქრებოდა! მგონი, გეწვის ის ადგილი. მოიცა, მარჯვენა ხელი იყო თუ მარცხენა? და რა მნიშვნელობა აქვს?! ჟანგიანი იყო ლურსმანი. არ დაგინახავს, მაგრამ იცი! აცრა? დაგვიანებულია! ან თუ გაიკეთებ, შეიძლება გამონაკლისი იყო – არ იმოქმედოს. უცნაურ კანკალს გრძნობ. მთელი მკლავი გეჭიმება. მერე მთელი სხეული, თითქოს ინკვიზიტორი შეგიძვრა და მამაც გულიანი მელ გიბსონივით წელში უნდა გაგწყვიტოს.

 

– „ტეტანუსი! – ამბობს ექიმი და თავს დანანებით გადააქნევს – სად იყავით ამდენ ხანს? დააწვინეთ სიბნელეში და სიჩუმეში! ინტრავენური ანტიბიოტიკები! იმუნოგლობულინი! რიგიდულობის და სპაზმის მომხსნელი! არ ვიცი, ამას აწი რამე თუ უშველის! რომელი საუკუნეა თქვენკენ?! აცრა არ არსებობს?!“.

 

– „როგორი ახალგაზრდა მოკვდა. რამდენს მოასწრებდა!“ – თქვა ერთმა და ზემოდან დროებითი დანანებით დაგხედა. გარეთ რომ გამოვიდნენ, მეორემ მიუგო: ,,როგორ ეშინოდა სიკვდილის, სულ ავადმყოფობებზე ლაპარაკობდა!”. „აბაა! – თქვა მესამემ – „ხომ იცი, კოსმოსში რასაც გააგზავნი, იმას გიბრუნებს. კარგზე უნდა იფიქრო სულ, კარგზე!“.

და გაუდგნენ გზასა.

 

არადა, იგივე დღეა, ხუთის ნახევარია მხოლოდ, ჯერაც წევხარ და მხოლოდ ფიქრობ.

 

ეგრეა. ავი ფიქრები იოლად მრავლდებიან. უსწრაფესად გადაურბენენ საათებს, დღეებს. გადაურბენენ ფაქტებს, ლოგიკას. გადაურბენენ იმედს.

 

ობსესიური ადამიანი სულ ფიქრის გარეორსულობით არის ფეხმძიმე. სულ. ოღონდ შფოთვით ფაზაში ეგ უკვე ისე გწამლავს, რაზეც ფიქრობ, სჯობს მართლა მოხდეს, იმიტომ, რომ მაშინ ერთხელ მოხდება – ასე კი, ხუთ წუთში ერთხელ და შეიძლება ნამდვილზე უარესი განცდით.

 

მე ობსესიურ ადამიანთა მსოფლიო სახელმძღვანელოში აუცილებლად შევიტანდი სულხან-საბა ორბელიანის ,,გლახაკი და ქილა ერბოს” – უზუსტესი იგავია და ზოგს ალბათ მივიწყებული მულტფილმიდან მაინც გახსოვთ ეს გენიალური აზრთა მდინარება:

 

,,ერთი გლახაკი კაცი გზაზე მიდიოდა და ერთი ქილა ერბო იპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდო. დაიწყო გზა-გზა სიარული და გულში ამბობდა:

 

– ღმერთმა ჩემი გამდიდრება მოინდომა. ჩავალ ქალაქში და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი; იმით თორმეტ ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავკოდავ, დავასუქებ და თითოს თითო აბაზად გავყიდი. მერე იმით საეშვე გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, დავაკერატებ და ორ-ორ მარჩილად გავყიდი. მერე იმით სახარე ხბოებს ვიყიდი, დავზრდი, მოვხნავ, დავთესავ და ავშენდებიო.

 

ამ გულისთქმაში ურემზე შეშა დადო და ქალაქში გასაყიდად წაიღო.

 

გზად ერთი ხიდი დახვდა და თქვა: აქ ხარი არ გაივლის, თუ არ შევუძახეო და შესძახა: ჰარიო!

 

მოუქნია ჯოხი და ერბოს ქოთანი ხიდზე დაჰკრა; ქოთანი გატყდა, ერბო დაიქცა და მისი გულისთქმით გამდიდრება წუთში დასრულდა“.

 

ეგ არის. ეგ არის და ჩვენი ციხე – გორის ციხეზე დიდი და თითქოს უგასაღებო.

 

 

დედაჩემს, თუ მაგიდაზე პურის ნამცეცს ან თეფშზე ჩვეულებრივი ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველ ლაქას დაინახავდა, ნებისმიერი თავდაუსხმელობის პაქტი შეეძლო დაერღვია და მესამე მსოფლიო ომი წამოეწყო, მოწინააღმდეგის სრული განადგურების პირობით. ნებისმიერი შესაგებელი – დაღლილი ვარ, ხომ შეიძლება ხვალ დილით ავიღოთ ეგ ციცქნა რაღაც – შეუსმენელი და შეუწყნარებელი იყო.

 

წესრიგი და დალაგება არის ობსესიური ადამიანის ერთი ნიშანი. რადგან წესრიგი, საკუთარი არსით, უდრის სივრცის კონტროლით გამოწვეულ სიმშვიდეს და თუ უწესრიგობაა, უწესრიგობა უნდა იყოს სრული, როგორც თავისებური წესრიგი.

 

ქაოსის შიში არქაული შიშია ადამიანის – რაც ანტიკურ მითებშიც იოლად ჩანს და გილგამეშიანშიც – აბანოს ეპიზოდისას. გახსოვთ, ალბათ, კანონთა დაფის გატაცება და სამყაროს არევა. ამიტომაც, თავს დავდებ – კონსტიტუცია ობსესიური ადამიანის შექმნილია და ობსესიურებივე ცვლიან, როგორც ერთმანეთისგან დაცვის და მანძილის შენარჩუნების კეთილ იძულებას. ამგვარი წესრიგის მიზანიც სიმშვიდეა. და საერთოდ, ადამიანის მთავარი ლტოლვაც ხომ ეგ არის – ყველაზე დიდი ფათერაკების მაძიებლისაც კი, რადგან სიმშვიდე სხვადასხვაობს თავისი ფორმით – ერთს მღელვარე ზღვის ცქერა აწყნარებს, მეორეს – პირიქით.

 

ბებია ამბობდა ხოლმე – „მოვკვდები და დავისვენებ!“. რადგან სიკვდილი, თავის მხრივ, არის საყოველთაო წესრიგს შეერთება და ადამიანთაგან სრული დაცულობის საბუთი.

 

სათავგადასავლო რომანებში, კაპიტანი რომ გემბანზე გამოდიოდა და ბოცმანს შესძახებდა: ,,ჯო! ყველაფერი წესრიგშია?!“, იყო პასუხი: „დიახ, სერ! წესრიგშია! ცაზე ღრუბლის ნატამალიც არ ჩანს!“.

 

დიახ, თუ ნატამალია, უკვე გაღელვებთ. ნატამალიც არ უნდა იყოს.

 

ჰოდა, მე ერთხელ საუკეთესო პერანგი იმიტომაც გადავაგდე, რომ შიგნით, სრულიად შეუმჩნეველ ადგილას, პატარა ნარღვევი დავლანდე და ვერაფრით შევეგუე. აბსურდია? ამდენი ამიტომ ვწერე, რომ პერფექციონიზმი – სამყაროსგან დაცვის ყველაზე ზუსტი აქტი აბსურდი გგონიათ? არა. ვერ მოგართვით. სრულიად პირიქითაა. სრულიად, კაპიტანო!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“