სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ასე, ჩემო ბატონო!

***

ნამდვილი ამბავი მოყოლით კვდება, გამოგონილი  – ცოცხლდება.

რომლით დავიწყო, არ ვიცი. ორივე დასაწერი მაქვს.

***

დილით ადრე ორი მოპირდაპირე კორპუსის ხალხი ერთმანეთს გავცქერით. ყავის ბოლო ყლუპი ფანჯარასთან უნდა შეისვას. თუ შარვალი გაცვია, მარცხენა ხელი – აუცილებლად ჯიბეში.

***

გაწვიმდა და მაღაზიას შევაფარე თავი უბნის ლოთებთან ერთად. ლუდს სვამდნენ და კონსულტანტს ებოდიშებოდნენ, გადაიღებს და წავალთო.

გადაიღო და დარჩნენ.

***

ყველაფერი გამორჩეული, დახვეწილი, ელეგანტური, ძლიერი, თავდაჯერებული ქალებისთვისაა. ერთი თუ თქვან, ეს  სუნამო სევდიანი ქალისთვის შევქმენითო. გადავიხდიდი მილიონს.

***

იმ ეპოქაში, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ელექტრონული დღიურები, ბიჭების დედები ხუთოსან გოგოებთან რეკავდნენ  საშინაო დავალებების გასაგებად.

– შენ ის მითხარი, განვლილი მასალიდან ტატიანას რომელი ჭია უყვარს? – იყო ასეთიც.

***

„დღეს ბრაზიანები არიან ჩაწერილები. ორს ერთად ვერ მივიღებთ.“

ჰოლის გრუმინგი გადაიდო.

***

დედაჩემის ატრაქციონი

იატაკის ჯოხზე ჩამოცმული ძველი, მწვანე კაბა, სახლის ლაგებისას ტილოზე დასკუპება და დიდ ოთახში კისკისით სრიალი – ბავშვობის მოგონებებში მსგავს ამბებს ვეძებთ მე და ელენე.

***

„აქანე ვცხოვრობთ, თუარა ოჯახი იქინე გვაქვს.“

ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების კვეთაზე ტაქსის მძღოლს ქუთაისი ენატრება.

***

ექიმებს და მასწავლებლებს რომ მიმართავენ, ლამარა მასწავლებელო, თამრიკო ექიმო. აბა, თქვენი სახელი და პროფესია დააწყვილეთ.

***

დღეს ბარვას მოვრჩიო. უი, დილის ყვავილი, მზესუმზირა და სატაცურიც უნდა დავთესოთ და „გატეხილი გულის“ ფესურებიც უნდა დავფლათ-მეთქი. დაავლო ისევ ბარს ხელი, გაჰყვნენ გოგოები და ძაღლები. დაუზარელია, მაგრამ მაინც ატეხს შაირს:

“არ მაძლევს ეს ქალი,

არ მაძლევს ეს ქალი,

არ მაძლევს ეს ქალი

მოსვენებას!”

***

ეგღა გვაკლია! – იტყვის ხოლმე მამაჩემი, როდესაც დედაჩემი შავი შოკოლადის ნატეხს გაუწოდებს.

 

***

ერთი ფრიალა თეფშია, რომლითაც დედაჩემი გოზინაყს მატანს ხოლმე. ნაახალწლევს დაბრუნებაც მავიწყდება, შემოივლის და წაიღებს ცარიელს, ნაპირზე აყვავებული ვარდებით.

***

პარიზი-ნიცის რეისზე ერთ განსაკუთრებულ მგზავრს მთელი ეკიპაჟი ეახლა, შამპანური და მისალოცი ბარათი მიართვეს. ასი წლის თვალციმციმა ქალი საკუთარ დაბადების დღეზე პარიზიდან მონაკოში მიემგზავრებოდა.

***

„მთვარის სინათლეზე მოკლე ხანჯლებივით ჩანან მდინარეში თევზები.“

დახატა ვოვა სიხარულიძემ.

„მეათე მოწმე“

***

იუსტიციის სახლში მისულმა პირადობის მოწმობისთვის ფოტოს გადაღება გადავიფიქრე. განწყობა უნდა ყველაფერს.

***

საქმე ისაა, რომ გზად სკამი ვიყიდე ვინტაჟებში და მერე ნახევარი ქალაქი შემოვიარე. ყველგან ჩემი სკამით მივედი – თქვენი არაფერი არ მინდა-მეთქი.

***

მაინც რეჟიმის ხალხი ვართ – ყოველდღიურ რეჟიმში, ონლაინ რეჟიმში, საცდელ რეჟიმში, რეალურ რეჟიმში, ჰიბრიდულ რეჟიმში…

***

მეწაღის ჯიხური ყველგან და ყოველთვის განსაკუთრებით მაფორიაქებს. შეიძლება იმიტომ, რომ „ედიკას ბუტკა“ იყო მთავარი ორიენტირი, ვინმესთვის ბარნოვზე ჩემი სახლის მისამართი რომ ამეხსნა. როგორ ვეტეოდით იმ პატარა ჯიხურში ეზოს ბავშვები, ახლაც ვერ გამიგია, მაგრამ ზამთარში ყველანი იქ ვთბებოდით. ხის, ტყავის და ცხელი წებოს სუნი ერთმანეთში ირეოდა და ალბათ ესეც გვსიამოვნებდა. ედიკა რომ გარდაიცვალა, ჯუმბერი მოვიდა. თავისი პატარა გოგოც ხშირად მოჰყავდა ხოლმე და სანამ მამა საქმეს მორჩებოდა, ელენესთან ერთად თამაშობდა. მახსოვს, „მეგობრობის დღიურში“ ყველა ბავშვმა „ჰარი პოტერი“ ჩაწერა საყვარელ წიგნად, მხოლოდ ერნა გრიგორიანმა  – „ვეფხისტყაოსანი.“

ისე, ხელით მოხატული აბრების კოლექციასაც სიამოვნებით შევაგროვებდი.

***

არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე ამბობენ, რომ დადგმულია. როგორც კი რაღაც მართლა დადგმული აღმოჩნდება, მათი გაბრწყინების წამიც დგება ფეისბუქზე –  აი, ხო ვთქვი დადგმულია-მეთქი! ვთქვი?! ხანდახან დამიჯერეთ, რა!

არადა, ეგეც დადგმულია. ყველაფერი დადგმულია.

***

მატასი საზაფხულო ბანაკისთვის ალაგებს ბარგს, საგულდაგულოდ არჩევს ტანსაცმელს – ეს იმ შორტს მოუხდება? არ დამცხება? ტრენდულია? კაბებზე ვეკითხები, ესენი რაღად გინდა-მეთქი და დაანებე თავი, church outfit-ია, მგონი, ალავერდშიც მივდივართო.

***

თელავის ერთ-ერთ მაღაზიაში ქალი შემოვიდა, მეპატრონეს კოხტად შეფუთული ჩირების ფოტოებს აჩვენებს, ჩაბარებაზე უთანხმდება.

– ესა ვაშლი, ესეც ფორთოხალი, ამას სხვაც შემოგიტანს, მაგრამ, ლექსო, იცოდე, ხეჭეჭური ჩემი ექსკლუზივია!

***

ავტობუსში ქალი ლაპარაკობს მობილურზე. უფრო სწორად, ვიღაცის მონოლოგს უსმენს 15 წუთია. როგორც იქნა, ამანაც ხმა ამოიღო, მაგრამ ის მაინც არ აცდის.

– ამ

– ამ

– ამ ცხოვრებაში

– ყველა

– ყველა

– ყველა ეგრე

– ყველა ეგრე ვართ

– ამ ცხოვრებში ყველა ეგრე ვართ, თალიკო!

***

“მეჩქარება, ცუდ ადგილას მიჩერია მანქანა.”

 

ფალიაშვილზე გაგონილი

***

სსო – სულხან-საბა ორბელიანი მატასის საგამოცდო ჩანაწერებში.

***

მატასი კუს ტბაზე ამყავს ტაქსით სკოლის მარათონის სარბენად. წვიმაში როგორ უნდა ირბინოთ-მეთქი, დავიწუწუნე. მძღოლმა, მერე რა, პატივცემულო, წვიმა რა მიზეზიაო. ყოფილი მორბენალი აღმოჩნდა. მხოლოდ კარგი რჩევები და გამხნევება კი არა, ბოლოს მანქანიდან გადმოვიდა, მაინტერესებდა ფეხზე რა ეცვაო.

***

თუ ფულს უპრაგონოდ აპრანტალებ ანუ უყაირათოდ ხარჯავ, იმერეთში მოგაძახებენ: რაია, შონაა?!

***

„როდის შედგა კბენის პროცესი?“

ინფექციურში გაგონილი.

***

იტკიცეთ ყაყაჩოს კოკორი შუბლზე და გონება გაგინათდებათ.

***

მოხუცმა კაცმა ადგილი დამითმო ავტობუსში, ბრძანდებოდეთ, ჩავდივარ-მეთქი. ყველანი ჩამსვლელები ვართ, აქ არავინ დავრჩებითო.

***

– ალიკ, ვაშლი რა ღირს?

– ხუთი ლარი.

– მარწყვი?

– ათი ლარი.

– ბალი?

– ეგა თხუთმეტი.

– რა ამბავია?!

– მაშა! ჯერ როდის გვითხრა მაგთიმა, ბალი სულ სხვაა!

***

გამოვიძახეთ ხელოსანი. გვერდით ოთახიდან მშობლიური კილო მესმის. მივაყურადე და იმერული კი არა, ქვემოიმერული გამოვარჩიე. მხოლოდ ქვემოსაც ვერ იტყვი, ხონურად უქცევს. უფრო მეტიც, ხონი-სამტრედიის გზაზე ნარონიებს ჰგავს, იქიდანაც მოაქვს სიტყვა და აქედანაც. ერთ მდინარეში ორჯერ შემსვლელია…

რა თქმა უნდა, ღანირ-ქუტირელი სანიკიძე!

P.S. ღანირი სამტრედიაა, ქუტირი – ხონი, უწინდელი ღანირ-ქუტირი.

***

მობილურზე საუბრისას მამაჩემის იმერულ ტონს ავყვები ხოლმე და ერთმანეთს ვასწრებთ:

კი, ბატონო!

კაი, ბატონო!

ასე, ჩემო ბატონო!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“