სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მოსიარულე დავალებების ყუთი

დაწყებით საფეხურზე საშინაო დავალებების ინსტრუქციებზე მუშაობამ ჩემი მეექვსეკლასელი მოსწავლეები შემოქმედებით აზროვნებამდე მიიყვანა. ისინი დამოუკიდებლად და დიდი ინტერესით ქმნიან ინსტრუქციებს წერითი დავალებებისთვის. მსურს, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ერთი სასწავლო რესურსის შესახებ. მოსიარულე დავალებების ყუთი ერთ-ერთი საგანმანათლებლო კონკურსისთვის შევქმენი და მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია.

მოსიარულე დავალებების ყუთი წერის სწავლებისთვის არის გამიზნული, თუმცა მისი სხვაგვარად გამოყენებაც შესაძლებელია.

რესურსის დასამზადებლად დაგჭირდებათ მუყაოს ან პლასტმასის ყუთი, პატარა ნივთები და ბარათები ინსტრუქციისთვის.

რესურსის მომზადება

  • მე შევარჩიე პლასტმასის დიდი კონტეინერი, რადგან კლასიდან კლასში სატარებლად მოხერხებულია. მოვძებნე გამხმარი ყვავილები და ყუთი წებოვანი ლენტით შიგნიდან გავაფორმე. ყუთის გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩემი ყვავილების ჰერბარიუმი მოგონებებს ინახავს და უმეტესობა მოსწავლეების ნაჩუქარია. პლასტმასის ყუთზე გაცოცხლებული ყვავილებით ბავშვების საჩუქრებისადმი პატივისცემის გამოხატვა მსურდა.
  • სახლში მოვძებნე 15-მდე საინტერესო ნივთი და თითოეულის შესახებ მოკლედ ვუამბე.
  • მოსწავლეებთან ერთად მოვიფიქრე ერთი ინსტრუქცია.
  • საშინაო დავალებად მივეცი, შეერჩიათ ერთი ნივთი და მეოთხეკლასელებისთვის მოეფიქრებინათ სახალისო დავალების/დავალებების ინსტრუქცია.
  • შემდეგ გაკვეთილზე წაიკითხეს ინსტრუქციები, მიიღეს უკუკავშირი და ტექსტი შეასწორეს.
  • ინსტრუქციები გადავიტანეთ ბარათებზე და ყვავილებიან კონტეინერში მოვათავსეთ.
  • ბარათზე დაწერილ ინსტრუქციებს თავი მოვუყარე, ამოვბეჭდე, გავაფორმე და ნივთებთან ერთად ყუთში მოვათავსე.

 

გამოყენების წესი:

მოსიარულე დავალებების ყუთს ვდგამთ კლასის წინ. მათ უკვე იციან, რომელი ნივთები აწყვია ყუთში. მეოთხეკლასელებსაც ვაცნობთ თითოეული ნივთის ისტორიას. მოსწავლეებს შემთხვევითობის პრინციპით ვურიგებთ ინსტრუქციის ბარათებს, რომლებსაც ხმამაღლა კითხულობენ, ვაძლევთ უკუკავშირს. თუ ინსტრუქცია ერთულათ, ნუსხას დაათვალიერებენ და თავად აირჩევენ სასურველ წერით დავალებას.

შესაძლოა, რომელიმემ ორი ან სამი დავალების შესრულების სურვილი გამოთქვას.

ამგვარად, მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების დიფერენცირების საშუალება გვეძლევა.

 

მოსიარულე დავალებების ყუთი სხვადასხვა მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ, კერძოდ:

  • თავისუფალი არჩევანის წასახალისებლად;
  • ინტერესებისა და შესაძლებლობების დიფერენცირებისთვის;
  • მთელი კლასისთვის საერთო დავალების მისაცემად.

 

შეგვიძლია, ყუთი დროდადრო სხვა ნივთებით შევავსოთ ან ახალ-ახალი დავალებები მოვიფიქროთ, მაგალითად:

 

  • თხრობის ბარათები;
  • მახსოვრობის ბარათები ფრაზეოლოგიზმების შესახებ;
  • დღის სიტყვების ნუსხა.

მოსიარულე დავალებების ყუთის მთავარი პრინციპი ის არის, რომ ყველაფერი, რასაც ამ ყუთში მოვათავსებთ, მოსწავლეების მონაწილეობით იქნება დამზადებული.

 

ინსტრუქციები შეიძლება მრავალჯერადად გამოვიყენოთ და მარტივად მოვარგოთ სხვა ნივთს.

რესურსის დამზადებას არ სჭირდება ბევრი დრო, ქმედების სურვილს აღძრავს და მოსწავლეები ხალისით ასრულებენ.

 

მეექვსეკლასელების მიერ შექმნილი დავალებების ინსტრუქციების ნუსხა კი ამგვარია:

ბროლის ქვა

  1. მოიძიე ინფორმაცია ბროლის ქვის შესახებ;
  2. დაწერე 5 რამ, რაც მოგწონს ბროლის ქვაში;
  3. წარმოიდგინე, რომ ბროლის ქვა ხარ და დაწერე 5-წუთიანი ჩანაწერი. დაურთე ილუსტრაცია;
  4. შეავსე სიტყვის რუკა ბროლის ქვის შესახებ.

ინსტრუქციის ავტორი: შოთა მინაშვილი

 

 

 

სანემსე

შეავსე სიტყვის რუკა სანემსეზე და მესამე გრაფაში შენი მოფიქრებული წინადადება დაწერე, მეოთხე გრაფაში კი ლელა მასის სანემსე დახატე.

ინსტრუქციის ავტორი: მარიამ მამულაშვილი

 

ნიჟარა

  1. აალაპარაკე ნიჟარა. შენი აზრით, რა თავგადასავალი გადახდა მას?
  2. შენი აზრით, რატომ ისმის მასში ხმა?

ინსტრუქციის ავტორი: რეზი კაპანაძე

 

ნიჟარა

წარმოიდგინე, რომ ნიჟარა ხარ.

აალაპარაკე ნიჟარა. შენი აზრით, უყვარს თუ არა, რომ ადამიანები ყურზე იდებენ?

დაწერე, შენი აზრით, რისი ხმა აქვს ნიჟარას და რატომ აქვს ეგეთი ხმა. დავალება გააფორმე ნახატით.

ინსტრუქციის ავტორი: დათო ყირიმელი

 

ლიმონის საწუწნი კანფეტი

მოგესალმები, ძვირფასო მეგობარო. მოკლედ, დავალების ინსტრუქცია ამგვარია:

მოძებნე ყვავილებიან ყუთში საწუწნი კანფეტი და დააკვირდი. როგორც ხედავ, ის 6 ნაწილად არის დაყოფილი. ახლა დახატე შენს რვეულში 6-უჯრიანი საწუწნი კანფეტი. თითო უჯრაში ჩაწერე შენი საყვარელი თითო სიტყვა. ქვემოთ მიუწერე, რატომ მოგწონს ეს სიტყვა. წარმატებები!

ინსტრუქციის ავტორი: ნინი ფხიკლეშვილი

 

სანემსე

ყვავილებიან ყუთში იპოვე სანემსე და:

  • მოიფიქრე მისი ისტორია;
  • სანემსის მიხედვით წარმოსახვით შექმენი შენი სანემსე, დახატე და აღწერე;
  • მოიფიქრე შენი შექმნილი სანემსის შესახებ სახალისო ან სევდიანი ისტორია;
  • შენი ნაწერი წაიკითხე ხმამაღლა.

ინსტრუქციის ავტორი: მარიამ მამულაშვილი

 

 

სუნამოს ფლაკონი

  1. აალაპარაკე სუნამოს ფლაკონი.

ინსტრუქციის ავტორი: სევგი ნუგზარ კიზი

 

ქაღალდის გემი

წარმოიდგინე, რომ ქაღალდის გემი ხარ და „ტიტანიკივით“ დაგეჯახა აისბერგი. აღწერე გემის განცდები. დახატე შესაბამისი ილუსტრაცია.

ინსტრუქციის ავტორი: ანდრია დგებუაძე

 

 

ნიჟარა

მოგესალმები,

შენი საინტერესო დავალება ამგვარია:

  • მოძებნე ყვავილებიან ყუთში ნიჟარა;
  • ნიჟარას მეგობრად ყუთიდან შეურჩიე ის ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს;
  • ამ ორი ნივთის შესახებ შექმენი კომიქსი.

ინსტრუქციის ავტორი: ნინი ფხიკლეშვილი

 

სუნამოს ფლაკონი

წარმოიდგინე, რომ სუნამოს ფლაკონი ხარ და მოაყოლე:

  • საინტერესო ისტორია;
  • რას გრძნობს?
  • სად ცხოვრობს?

ინსტრუქციის ავტორი: ნინი ფხიკლეშვილი

 

დაცლილი კალამი და ბროლის ქვა

  1. დახატე დაცლილი კალამი და ბროლის ქვა.
  2. დაწერე 5 რამ, რაც მოგწონს ბროლის ქვაში.
  3. აღწერე კალამი.
  4. წარმოიდგინე, რომ ბროლის ქვა ხარ და დაწერე, რას გააკეთებდი.
  5. გაიხსენე, სად შეგხვდა პირველად ბროლის ქვა ან თუ შეგხვედრია საერთოდ?
  6. დაწერე თავისუფალი თემა დაცლილ კალამზე.

ინსტრუქციის ავტორი: ნიკოლოზ კაკაბაძე

 

საწუწნი კანფეტი

ჰეი, ჰეი,

ინსტრუქცია გინდა?

უფასოა, არანაირი ფული.

  1. წარმოიდგინე, რომ კანფეტების ქარხანაში მუშაობ და შეგიძლია, კანფეტებს შიგნით ჩააყოლო ფურცლები, ხოლო ეს კანფეტები მიდის სკოლაში.

რას ჩაწერდი კანფეტში?

იქნებ დავალებების ინსტრუქციას ჩააყოლებდი?

  1. ვითომ შენ ხარ კანფეტი. შენი აზრით, როგორი მოგზაურობა გექნება?
  2. შენი აზრით, კანფეტი რას იფიქრებს ან რას იზამს? რა მოუვიდა პარკში გაიგუდა თუ…?
  3. დრო გაქვს 20 წუთი. უნდა დახატო 4 კადრი:

ა. ფურცელს რომ დებ კანფეტში;

ბ. კანფეტის მოგზაურობა;

გ. კანფეტის ფიქრები;

დ. კანფეტი სკოლაში მივიდა. რა ეწერა შიგნით?

ინსტრუქციის ავტორი: სანდრო ღირსიაშვილი

 

მოსიარულე დავალებების ყუთი მრავალმხრივ ეფექტური სასწავლო რესურსია. მისი გამოყენებით მოსწავლეები:

  • საგაკვეთილო პროცესისადმი დადებითად განეწყობიან;
  • უღვივდებათ ცნობისმოყვარეობა;
  • არჩევანის თავისუფლება უხსნით შფოთვას და ხალისით წერენ;
  • სწავლობენ შემოქმედებით წერას;
  • უფროსკლასელების მზრუნველობა უმცროსკლასელებისთვის პირად მაგალითად იქცევა;
  • უღვივდებათ თანამშრომლობითი უნარები და სასკოლო ცხოვრებაში დადებითი ცვლილებები შეაქვთ;
  • ყუთის გაფორმება და შერჩეული ნივთები მოტივაციას ზრდის და ბავშვები სიხარულით იწყებენ მუშაობას;
  • იწაფებიან ინსტრუქციის როგორც მცირე ზომის ტექსტის მახასიათებლების ცოდნაში, რასაც მრავალგზის გამოიყენებენ;
  • საკუთარი ნებით შექმნილი ინსტრუქციები საშინაო დავალებებისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას აყალიბებს;
  • როგორც წესი, ამგვარ შემოქმედებით მუშაობას შედეგად ახალი იდეების გაჩენა მოჰყვება ხოლმე.

ამ ბმულზე იხილავთ, მეექვსეკლასელების მიერ მოფიქრებული ინსტრუქციების მიხედვით როგორი წერილობითი ტექსტები შექმნეს ერთ გაკვეთილზე მეოთხეკლასელებმა:

https://comreadspress.wordpress.com/2023/06/11/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%a3/

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“