პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

წყალი, სიცოცხლის საწყისი

გახსოვთ გალაკტიონი? “ძვირფასო! სული მევსება თოვლით…” როგორ უნდა გრძნობდეს თავს ადამიანი, რომელსაც სული თოვლით აქვს სავსე? ალბათ, ძალიან ცუდად. მის სულში, ჩანს, სხვისთვის უხილავ სევდას უნდა ედოს ბინა… დათოვლილ სულს რომ გაუგო, სულ ცოტა, გალაკტიონი უნდა იყო. მე კი დიდი პოეტის უკვდავი სიტყვები მხოლოდ იმისთვის მოვიხმე, რომ სიცივეჩამდგარი სულიდან საუბარი თოვლზე გადამეტანა.

თოვლი არ მიყვარს, არც სულში და არც გარეთ. მოსვლით გვახარებს, მერე კი დნება, წყლად გარდაიქმნება, იყინება და… ივსება კლინიკები კიდურებმოტეხილი პაციენტებით. თუ მოტეხილობა მარტივია და ოპერაციას არ მოითხოვს, არაბი ექიმი-ალქიმიკოსის ალ-რაზის მიერ აღმოჩენილ თაბაშირს დაადებენ და მისივე, ოღონდ გაუმჯობესებული (21-ე საუკუნეა, ბოლოს და ბოლოს) მეთოდიკით შეფუთავენ. ამასობაში გამოთბება კიდეც, ყინულიც დადნება და აორთქლდება.

იტყვით, საუბარი კვლავ ალქიმიკოსებისკენ მიჰყავსო და მართალიც იქნებით. რა ვქნა, მომწონს ეს ხალხი, თუმცა ამჯერად მინდა, მათ შეცდომაზე მოგითხროთ, რადგან შეცდომა მათიც უნდა ითქვას, ვინც მოგვწონს.

ზემოთ წყლის აგრეგატული მდგომარეობის სამი ფაზა აღვწერე: ის შეიძლება იყოს თხევად (წყალი), მყარ (თოვლი, ყინული) და გაზობრივ (წყლის ორთქლი) მდგომარეობაში. ეს ალქიმიკოსებმაც შეამჩნიეს, ოღონდ სხვანაირად აღიქვეს. მათ თქვეს: თუ წყალს შეუძლია, ორ სხვადასხვა ნივთიერებად – ორთქლად და ყინულად – გარდაიქმნას, რატომ არ შეიძლება, რომელიმე მეტალი ოქროდ იქცესო? აგრეგატული მდგომარეობის შესახებ მათ ჯერ არაფერი იცოდნენ.

წყალს მხოლოდ აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა კი არა, ბევრი სხვა რამეც შეუძლია, რადგან, როგორც ლეონარდო და ვინჩი იტყოდა, ის წყალია – სიცოცხლის საწყისი.

ადამიანის 2 თვის ემბრიონის სხეულის მასის 97% წყალია, 3 თვის ემბრიონისა – 96%, ახალშობილისა – 80%, 6-8 თვის ჩვილისა – 72-76%, 5-10 წლის ბავშვისა – 60-65%, ზრდასრული ახალგაზრდისა -42-45%, ასაკოვანი ადამიანისა – 25-30%. უწყლოდ სიცოცხლე შეუძლებელია. ამიტომაც მიმართავდა ასე ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი: “წყალო! არც გემო გაქვს, არც ფერი, არც სურნელი. შენი აღწერა შეუძლებელია. შენით ტკბებიან და არ იციან, სინამდვილეში რა ხარ. შენ ყველაზე დიდი სიმდიდრე – თვით სიცოცხლე ხარ…”

იუნესკოს მონაცემებით, დაავადებათა 80% სასმელ წყალთანაა დაკავშირებული. შედარებით სუფთა ღრმა მიწისქვეშა წყლებია. მიწის სიღრმეში წარმოიშობა მინერალური წყალიც.

წყალი, რომელიც მიწისქვეშა ლაბირინთებში მოგზაურობს, გაივლის დედამიწის ქანებს, მინერალებს. მოგზაურობის დროს წყალში სხვადასხვა ნივთიერება იხსნება. შედეგად ის შემადგენლობას იცვლის. ზოგჯერ წყალი ისეა გაჯერებული სხვადასხვა ელემენტით, რომ “ჯანმრთელობის ელექსირად” იქცევა. ზოგიერთი მინერალური წყალი გოგირდწყალბადითაა გამდიდრებული, ზოგი – სოდით, სხვადასხვა ანიონებითა და კათიონებით.
ზოგჯერ მინერალური წყაროს სათავესთან მურა წითელი ფერის დანალექი შეიმჩნევა. წითელი ფერის ნალექი მიუთითებს, რომ წყალი სხვა მარილებთან ერთად რკინასაც შეიცავს. ორვალენტიანი რკინა იჟანგება ჰაერის ჟანგბადით, ურთიერთქმედებს წყალთან და გამოილექება წითელი ფერის რკინის (III) ჰიდროქსიდი.

მინერალური წყლიდან ყოველდღიურ ყოფაზე გადავიდეთ. ზოგჯერ წყალში საპონი ძნელად ქაფდება, საკვები პროდუქტები ცუდად იხარშება, წყლის ადუღებისას ჭურჭლის კედლებზე მინადუღის სქელი ფენა რჩება. ეს წყლის სიხისტის შედეგია.

ბუნებაში არსებობს ხისტი და რბილი წყალი. ორივე მათგანი შეიცავს (II-III) ვალენტიანი კალციუმისა და მაგნიუმის შემცველ მარილებს. წყალს, რომელშიც ეს მარილები მცირე რაოდენობითაა ან სულ არ არის, რბილი ეწოდება, ხისტ წყალში კი მათი შემცველობა გაცილებით მაღალია. ისიც უნდა ითქვას, რომ დასალევად ხისტ წყალს გაცილებით სასიამოვნო გემო აქვს.

მაინც როგორ ხვდება წყალში კალციუმისა და მაგნიუმის მარილები? ბუნებაში ამ მეტალების შემცველი მინერალები ფართოდაა გავრცელებული, ჰაერის შემადგენლობაში კი შედის გარკვეული რაოდენობის ნახშირორჟანგი და წყალიც. ისინი მინერალებთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან მარილებს, რომლებიც ჩაედინება ზღვებში, ოკეანეებში, მდინარეებში.

როგორ დავარბილოთ ხისტი წყალი? – ადუღებით ან სოდის დამატებით.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება თოვლის დაწვა? ნუ გეღიმებათ, ქიმიკოსებს ყველაფერი შეგვიძლია. მართალია, თოვლის ლოდინი გაისამდე მოგვიწევს, მაგრამ მოვა თუ არა… დავწვათ.

თუნუქის ქილაში ჩაყარეთ თოვლი. ქილის სიმაღლის ¼-ში გააკეთეთ ჩაღრმავება და მოათავსეთ 3-4 ნატეხი კალციუმის კარბიდი, დააყარეთ თოვლი. თოვლთან მიიტანეთ ანთებული ასანთი. თოვლი „იწვის”!
კალციუმის კარბიდზე წყლის ზემოქმედებით აცეტილენი წარმოიქმნება.
 

აცეტილენი უჯერი ნახშირწყალბადია და მნათი ჭვარტლიანი ალით იწვის. ალის სიკაშკაშე აცეტილენის ნახშირბადის მაღალი შემცველობითაა გამოწვეული. ჭვარტლის გამოყოფა კი იმაზე მიუთითებს, რომ აცეტილენი ბოლომდე არ იწვის.
 

რა თქმა უნდა, ამის შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მე მაინც დავწერ: თოვლი ამწოვ კარადაში „დაწვით”, ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს კი დამცავი სათვალე და ხელთათმანი უნდა ჰქონდეს!

წყლის მოლეკულებს შორის წყალბადური ბმებია. წყალბადური ბმა რომ არ არსებობდეს, წყალი ჩვეულებრივ პირობებში (მისი მცირე მოლეკულური მასის გამო) გაზობრივ მდგომარეობაში იქნებოდა. შესაბამისად, დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი გახდებოდა. წყალბადური ბმით აიხსნება ისიც, რომ წყლის დუღილის ტემპერატურა შედარებით მაღალია.

იცით, რომ ლეგენდარული „ტიტანიკი” წყალბადურმა ბმებმა იმსხვერპლა? დიახ, დიახ, ის ხომ აისბერგს შეეჯახა. აისბერგის (ანუ ყინულის) სიმტკიცე კი წყალბადური ბმების სიმრავლით არის გამოწვეული. აისბერგის (ანუ ყინულის) სიმკვრივე უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივი წყლისა და მას შეუძლია, წყლის ზედაპირზე იტივტივოს.

იცით, რომ წყალბადური ბმა შეიძლება წყალბადსა და რომელიმე დიდი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტის ატომს (F,O,N) შორის წარმოიქმნას?

იცით, რომ წყალბადური ბმა წყლის გარდა სპირტებში, ცილებსა და ნუკლეინის მჟავებშიც გვხვდება?

იცით, რომ წყლის მოლეკულებს შორის წყალბადური ბმები მყარ მდგომარეობაშიც არსებობს?

იცით, რომ წყალბადური ბმები ყინულის კრისტალურ სტრუქტურაში წარმოქმნის ისეთ მოცულობით ბადეს, რომელშიც წყლის ერთი მოლეკულის წყალბადატომი მიმართულია მეზობელი მოლეკულის ჟანგბადატომისკენ?

იცით, რომ იაპონელმა მეცნიერებმა ახალი ელასტიკური ნივთიერება გამოიგონეს, რომლის 95% წყლისგან შედგება? დანარჩენი თიხა და ორგანული მასალაა. ასეთი „ელასტიკური წყალი” ჟელეს მოგვაგონებს და მის გამოყენებას მედიცინაში აპირებენ, თუმცა იმის იმედიც აქვთ, რომ მას შესაბამის სიმტკიცესა და სიმკვრივეს შესძენენ და პლასტმასების წარმოებაშიც შეიძლება გამოდგეს. ამჟამად პლასტმასების უმეტესობა ნავთობპროდუქტებისგან იწარმოება და მათი ნარჩენები პლანეტის თავსატეხია.

იცით, რომ სულ მცირე გაუწყლოება ნივთიერებათა ცვლას 3%-ით აფერხებს?

იცით, რომ, ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიეტოლოგების გამოკვლევით, ერთი ჭიქა წყალი ღამით შიმშილის შეტევას ბლოკავს?

იცით, რომ დღის განმავლობაში უმიზეზო დაღლილობის შეგრძნება შეიძლება წყლის უკმარისობის შედეგი იყოს?
იცით, რომ დღის განმავლობაში 5-7 ჭიქა წყლის დალევამ შესაძლოა ზურგისა და სახსრების ტკივილი 80%-ით შეგიმსუბუქოთ?

იცით, რომ თქვენს ორგანიზმში წყლის სულ 2%-ით შემცირება მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოიწვევს?

იცით, რომ გალაკტიონის ლექსი, რომლითაც წერილი დავიწყე, ასე სრულდება?
“ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ქიმიური იარაღი

სატურნის სული

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“