სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სასექტემბრო ჩანაწერები

პირველი შეყვარებული რომ დამშორდა, ვიქნებოდი ასე მეორე კლასში. მას მერე ეგრე მოეწყო, რომ სულ მშორდებიან. მე თვითონ რომ დავშორდე, ეგ როგორ უნდა – არ ვიცი. მართლა. არცოდნა კიდევ არცოდვაა.

 

მოკლედ დამშორდა. მე ჯინსები არ მქონდა და ვისაც ჰქონდა, ის შეუყვარდა. ჯინსი არაა პატარა არგუმენტი შეყვარებულის შესაცვლელად მეოცე საუკუნის მიწურულის გარიჟრაჟზე.

 

სახლში რომ დავბრუნდი, სუფრასთან ბაბუაჩემი შაქრო და მეზობელი თენგულია დამხვდნენ. სუფრაზე – მწნილი, ყველი, შემწვარი ხორცი – მგონი ღორის და ადესა. ყდაგაცვეთილი კლასიკა მოკლედ.

  • რეიზა ჩამოგიშვია ცხვიპირი? – მკითხა ბაბუამ – ორიანი მიიღე?
  • ვარესი – ვუთხარი და ცრემლი დიდი ძალისხმევით ჩავხერგე სადღაც.
  • ერთიანი? – მკითხა თენგულიამ.
  • თეონა დამშორდა! – აღმომხდა მე, არადა – „ერთიანი არ არსებობს“ – თქმას ვაპირებდი.
  • რეიზა? – მკითხა ორივემ.
  • არ ვიცი! – ვუპასუხე უფრო ბაბუაჩემს.
  • მაი აფერი! – თქვა შაქრომ – ეგერ, იმ კაცს ხომ ხედავ? – თითი ჰემინგუეის პორტრეტისკენ გაიშვირა, რომელიც, რატომღაც ოდითგან ეკიდა ჩვენს კედელზე. ეგ და იალტის კონფერენცია.
  • ჰემინგუეის შეყვარებული რომ გაშორდა – განაგრძნო ბაბუამ – ომში წევიდა და კაცს რომ კლავდა – წარმეიდგენდა, რომ მისი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს კლავდა და ასე გუუარა წყენამ.
  • მალადეც ჰემინგუეი! – თქვა თენგულიამ.

 

ჰემინგუეიმ თენგულიას შეხედა და მადლობის თქმა დააპირა, მაგრამ მარცხნიდან სტალინის სასტიკი მზერა იგრძნო და ისევ სურათად დარჩენა გადაწყვიტა.

 

  • სადაა ომი? – ვიკითხე მე, უკვე მზადყოფნმა წასასვლელად.
  • ომი ყველგანაა! – მიპასუხა ბაბუაჩემმა.
  • მაი, რაფერ? – დაინტერესდა თენგულია და მგონი ჩერჩილიც.
  • იმფერ – თქვა ბაბუამ და ადესა ჩამოასხა – ომი არის ყველგან! ომს იპოვი – მთავარია, წახვიდე!

 

მე გარეთ გავედი და თვალებით ომს ვეძებდი. ყველგანააო და არსად ჩანდა. არსად ჩანდა ან მე არ ვიცოდი ჯერ მისი შემჩნევა.

 

ერთმა გურულმა კაცმა მკითხა ამასწინ: აბა, თუ იცი, რა საერთო აქვს ელექტროენერგიას და აქოურ ღვინოს, ადესასო? მე ცოტა მაგიურ რეალიზმისკენ წავედი და, კაცმა რომ თქვას, არც ის ასცდა. მოკლედ, მიყვება: ოთხმოცდაათიანების მიწურულია. ჩოხატაურში არიან. ცდიან ახალ მუშაკებს. ერთი ახალგაზრდა კაცი ძალიან დაიბნა და ვერაფერს პასუხობს. გამომცდელს შეეცოდა და ბოლოს კითხა; „კარგი, დენი რა არის შენი სიტყვებით მითხარი და შეგეშვებიო“. პასუხი იყო ამგვარი: „დენი, არის იმფერი რამე რომე, აი – ფერი არ აქვს, სუნი არ აქვს, გემო არ აქვს და ხელს თუ მოკიდებ, უცებ მოგკლავს“. გამომცდელმა, ასევე გურულმა, ოღონდ ოზურგეთიდან, ჰომერულად გაიცინა თურმე და უთხრა: „მაგი, დენი კი არა – აგერ – დაადო ხელი მეორე გამომცდელს – ოთარიეს ადესაა – ფერი არც იმას არ აქვს, არც გემო, არც სუნი და თუ დალევ, ქი მოგკლავს იმ მინუტშიო“. ეგ არის გურია, ღიმილით სიკვდილის და საოცრებათა გაჩვეულებრივების მხარე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“