სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

საუკეთესო   ექსკურსიისთვის

შეიძლება მრავალ საქმეში თავდაჯერებულობა მაკლია, მაგრამ სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს კუთხეებს კარგად ვიცნობ. ხშირად მიწევს მივლინებაში ყოფნა, მოგზაურობა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალური ცენტრი მოვინახულე, ორასზე მეტ სოფელში დავდგი ფეხი. შესაბამისად, თავისუფლად შემიძლია გავცე რჩევები მასწავლებლებისთვის, რომელთაც თავიანთი მოსწავლეებისათვის დასამახსოვრებელი და გამორჩეული ექსკურსიის მოწყობა განუზრახავთ.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საუკეთესო საზაფხულო ექსკურსიისათვის?

ჩემი აზრით, ექსკურსიის დაგეგმვისას უმთავრესია ორიგინალური მიმართულების შერჩევა. კახეთის ცნობილი ტაძრები, გერგეთის სამება, მცხეთა და გელათი თითქმის ყველას ნანახი აქვს. რა თქმა უნდა, გონიერი მოგზაური გენიალური ძეგლების ყოველი მონახულებისას ახალი შთაბეჭდილებებით მდიდრდება, მაგრამ ამ შესანიშნავმა გრძნობამ უარი არ უნდა გვათქმევინოს უცნობი მიწების დაპყრობაზე.

ბევრი ჩვენი თანამოქალაქისათვის სრულიად უცნობი მიწა გახლავთ ქვემო იმერეთში განლაგებული უმშვენიერესი ქალაქი ვანი და მისი შემოგარენი. ვანი არც ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს, არც სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს, ამიტომ უმრავლესობას ჩიხში მომწყვდეული პატარა რაიონის აღმოჩენა უჭირს. სამწუხაროდ, ათიდან ცხრა უბრალოდ გვერდს უვლის კოლხეთის დაბლობისა და მცირე კავკასიონის გზაშესაყარზე გადაჭიმულ მუნიციპალიტეტს. არადა, ვანში თითქმის ყველაფერია, რაც შეიძლება თანამედროვე მოგზაურს აინტერესებდეს.

თავდაპირველად, თავად ქალაქზე მოგითხრობთ. შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ვანის ქუჩები ძალიან სუფთაა. პატარა იმერული დასახლება სისუფთავის თვალსაზრისით წარმატებით გაუწევდა კონკურენციას აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ მსგავს ქალაქს. ერთი კვირის განმავლობაში ძირს დაგდებული ნამწვის პოვნაც გამიჭირდა. მუნიციპალიტეტის ცენტრს კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცეების სიმრავლეც გამოარჩევს – შეგიძლიათ ეწვიოთ მაღალ ბორცვზე, მშვიდობის გორაზე შეფენილ გივი ყიფიანის სახელობის სკვერს, რომლის შუაგულშიც პატარა კოშკურაა აღმართული. კოშკურის თავზე მოწყობილი აივნიდან მთელი იმერეთი ჩანს, პატარა ბინოკლით კი დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხეს მიაწვდენთ თვალს. თუ მაღლა ასვლა გეზარებათ დაბლობზე მოსწავლე-ახალგაზრდობის მშვენიერი, ფართო აივნიანი შენობის ირგვლივ არის გაშენებული ნაძვნარი, რომელიც ადგილობრივ ნესტსაც დაგავიწყებთ ცოტა ხნით.

მოყვარული ურბანისტებისა თუ უბრალოდ ექსტროვერტებისთვის საუკეთესო ატრაქციონად, ალბათ, ვანის ბაზარი უნდა მივიჩნიოთ, სადაც ასევე უჩვეულო სისუფთავე სუფევს. დახლები რიონის ნაპირებზე მოყვანილი ბოსტნეულით, საზამთროთი და ნესვით, კვახით არის დახუნძლული. თუმცა, ბაზრის სავიზიტო ბარათი მაინც ადგილობრივი ყველი და სიმინდის ფქვილია. ყველის სექციაში ერთი საერთო სასწორი დგას, ნებისმიერი ვაჭრის სინდისი და ნამუსი ამ სასწორზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ. არაერთხელ მინახავს კადრები ნიუ-იორიკისა და ფრანკფურტის საფონდო ბირჟებიდან. ცოტა ხნით თვალი მიმიდევნებია, თუ როგორ აკვირდებიან ერთად თავმოყრილი, აღელვებული და დაძაბული ბროკერები ბირჟის ეკრანზე გამოტანილ ციფრებს. ეკრანზე მათი აქციების ფასის ზრდის შემთხვევაში, გაბედნიერებულებს სიხარულის ყიჟინა აღმოხდებათ ხოლმე. ზუსტად ასეთ სურათს გადააწყდებით საკონტროლო სასწორთან … თუ რიგითი გამყიდველისა და მთავარი სასწორის მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა უამრავი ადამიანი ხარობს კოლეგის პატიოსნების დადასტურების გამო. უბრალოდ, ვანის ბაზარში ფრანკფურტის ბირჟისგან განსხვავებით ჰალსტუხი არავის უკეთია. სასწორის ეკრანს მიჩერებულ ადამიანებს შავი თავსაფრები, ჭრელი სარაფნები, სამუშაო ხალათები ჰმოსავთ. ერთს ილიკო ჩიგოგიძის მსგავსად ტყავის ნაგლეჯიც ჰქონდა თვალზე აფარებული.

ქალაქის ქსოვილის რამდენიმე კვანძის გაცნობის შემდეგ, უკვე ყველაზე მნიშვნელოვანზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ვანის მთავარი ღირსება არქეოლოგიური მუზეუმია. 1980-იან წლებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ანტიკურ ხანაში ვანში უმდიდრესი და მაღალგანვითარებული კულტურული ცენტრი არსებობდა. ორი წლის წინ აშენებულ, სრულიად თანამედროვე შენობაში დახვეწილი გემოვნებით მოწყობილი ექსპოზიცია შეგიძლიათ დაათვალიეროთ, რომელიც აერთიანებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში შექმნილ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს, ბრინჯაოს ქანდაკებებს, ნუმიზმატიკის ნიმუშებს და ა.შ. გასულ წელს ერთ-ერთ ევროპულ სამუზეუმო ფესტივალზე ვანის მუზეუმმა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა მთავარი ჯილდო. ახლად აშენებული ოთხსართულიანი საგამოფენო სივრცის გვერდით ვანის ნაქალაქარის კედლებისა და ტერასების, ანტიკური სამლოცველოს ნანგრევებისა და მისი მრავალსაფეხურიანი საკურთხევლის დაკვირვებაა შესაძლებელი. ცხადია, ვანის ნებისმიერი მკვიდრი მოგიყვებათ სწორუპოვარი ოთარ ლორთქიფანიძის შესახებ, რომელმაც თავისი არქეოლოგიური ძიებების წყალობით საქართველო ოქრომრავალ ქვეყნად, უძველესი ცივილიზაციის ნაწილად წარმოაჩინა მსოფლიო მეცნიერთა შორის.

სანამ ქალაქის ფარგლებს გაცდებით ორი რელიგიური ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენს მარშრუტში. მუნიციპალიტეტის ცენტრში შესანიშნავად მოხატული საკათედრო ტაძარი დგას, ბევრს უჭირს მთავარი ეკლესიის სახელის დამახსოვრება. თუ არ ვცდები ლურჯსახურავიანი სამლოცველო წმინდა ნინოს მშობლების – ზაბულონისა და სოსანას სახელს ატარებს.

1990-იან წლებამდე ქვემო იმერეთში მრავალი ებრაელი ცხოვრობდა. ბევრს სმენია კულაშელი ებრაელების შესახებ, მაგრამ უმრავლესობას ავიწყდება, რომ ქართველ იუდეველთა ერთი მყუდრო, მშვიდი უბანი ვანის რაიონსაც ამშვენებდა. ქალაქის ცენტრში დღემდეა შემორჩენილი მეცხრამეტე საუკუნეში აგებული სინაგოგა და ებრაული სასაფლაოს ნაშთები. საქართველოს ყველა პროვინციულ ქალაქში ისე მკვეთრად არ იგრძნობა კულტურული მრავალფეროვნების კვალი, როგორც მდინარე სულორის სანაპიროებზე.

მრავალი მარგალიტი ვანის მიმდებარე სოფლებშია მიმობნეულია. თავდაპირველად, ქვემო იმერეთის ამ კუთხეში დაბადებულ დიდ ადამიანთა სახლ-მუზეუმები გეცემათ თვალში.

ალბათ ბევრმა თქვენგანს ახსოვს შოთა ნიშნიანიძის სიტყვები:

„იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,

თურმე, იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.“

სოფელი ჭყვიში ქართული პოეზიის დედაქალაქია, რადგან მან ჩვენს ლიტერატურას ორი ტაბიძე, გალაკტიონი და ტიციანი აჩუქა. ბიძაშვილთა სახლები ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას. უფროსი ტაბიძის სარკმლის წინ დღესაც იასამნებია დარგული, რომელსაც ხანდახან კვლავ არხევს და ატოკებს ჭალებიდან წამოსული სიო.

გალაკტიონისა და ტიციანის გარდა ვანელები განსაკუთრებით იწონებენ თავს მდინარე ყუმურის ხეობაში დაბადებული ორი დიდი მოღვაწის სახელით. სოფელ ტობანიერის ცენტრს თუ გვერდს აუვლით და აკაციის ტევრით დაფარულ მთისწინებს მიუახლოვდებით აუცილებლად შეამჩნევთ ულამაზეს, ვრცელ ეზოს, რომლის შუაგულშიც წითელი ხისგან აშენებული ოდა დგას. ოთახში შესვლისას კი პატრიარქის შესამოსელში გამოწყობილი კაცის პორტრეტი შეგეგებებათ. ტობანიერი კათალიკოს კალისტრატე ცინცაძის მშობლიური სოფელია. ცინცაძე 1932-52 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკლესიას და მის თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ სხვა ყველანაირი განსაცდელი გამოიარა – მებრძოლ უღმერთოთა კავშირის თავდასხმებით დაწყებული, გერმანელი მეუღლის გამო ნაციზმის აგენტად დადანაშაულებით გაგრძელებული და საეკლესიო ქონების ჩამორთმევის შედეგად გამოწვეული სიღარიბით დასრულებული.

ტობანიერის შემდეგ სოფელი მიქელეფონი მოდის, სადაც დაიბადა თბილისის უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მესაძირკვლე, ქართული ლიტერატურის ისტორიისა და ხელნაწერების დიდი მკვლევარი კორნელი კეკელიძე. ადგილობრივები ბევრს მოგიყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ იქცა საქართველოს ეკლესიის დეკანოზი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ გამოგვიმუშავებია უნარი იმისა, რომ მუზეუმები და ისტორიული ძეგლები საინტერესოდ, მომნუსხველად წარვუდგინოთ დამთვალიერებელს. ამიტომ ზოგიერთს შეიძლება მოწყინდეს მუზეუმებში ხეტიალი. ასეთი სტუმრებს ვანის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები შეგვიძლია ვაჩვენოთ. თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ რაიონი მდიდარია სხვადასხვა ტიპის მინერალური და თერმული წყლებით. სოფელ დიხაშხოს ველზე წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ გოგირდის გეიზერებსა და მათ ბუნებრივ აუზს, წყალის ტემპერატურა ყველაზე ცივ ამინდშიც კი არ ჩამოდის ხოლმე 37 გრადუსის ქვემოთ.

თუ დიხაშხოში აუზებს ველურ ბუნებაში ვხვდებით, სოფელ სულორში საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული მოქმედებს სანატორიუმი, რომელსაც წყალტუბოს ტყუპისცალს უწოდებენ. მაღალმთიან დასახლებაში რამდენიმე კეთილმოწყობილი კაბინაა მომზადებული, სადაც ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარება უიაფესად არის ხელმისაწვდომი.

სოფელ ბზვანში მოხვედრის შემთხვევაში შეიძლება ერთი ლეგენდის შესახებ მოისმინოთ. უხსოვარ დროს ბზვანში ვარსკვლავი ჩამოვარდნილა და მიწაში დიდი ნაპრალი გაუჩენია, ნაპრალის ადგილზე კი ჯადოსნური მღვიმე წარმოქმნილა, რომელსაც დღესაც „ნავარსკვლავებს“ უწოდებენ. მოკლედ, ბზვანში კარსტულ მღვიმეშიც შეგიძლიათ შეიხედოთ და მის საოცარ ხმას მოუსმინოთ.

მე ვერ ვერკვევი მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებში, მაგრამ მსმენია, რომ იმერეთის კვალობაზე ვანში კარგ და ბევრ ღვინოს აყენებენ. რაიონის ყველა კუთხეში შესაძლებელია რამდენიმე კეთილმოწყობილი მარნის აღმოჩენა, სადაც ამ უძველესი მეურნეობის ადგილობრივ ტრადიციას გაგაცნობენ.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ვანი უსამართლოდ დავიწუყებული კუთხეა, სადაც ყველაფერია სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი ექსკურსიის დასაგეგმად. მუნიციპალიტეტში ნებისმიერი გემოვნების მოსწავლისთვის გამონახავთ სასურველ ადგილსა და სივრცეს. შესაბამისად, თუ გონება გადაგეღალათ და აღარ იცით რა სიახლე შესთავაზოთ თქვენს მოსწავლეებს, წაიყვანეთ ისინი ვანში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“