ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სასკოლო ღონისძიებების სირთულეები

რამდენიმე თვის წინ ერთ ჯგუფში აღმოვჩნდი – ჩემი კლასელები სკოლის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგ შეკრებას აპირებდნენ. განისაზღვრა შეკრების სავარაუდო დრო – აგვისტო და პირობა: ვისაც ოჯახი ჰყავდა, “მეორე ნახევართან” ერთად მივიდოდა შეკრებაზე. მე ვიცოდი, რომ აგვისტოში საქართველოში ვერ ვიქნებოდი და ვინაიდან საორგანიზაციო ამბები არ მეხებოდა, ეს ჯგუფი დროში მოგზაურობის მანქანად გამოვიყენე.

 

მალევე ამოტივტივდა ჩაგვრისა და ბულინგის მოუნელებელი შემთხვევები, ძველი ზედმეტი სახელები, რომელთა უმეტესობა ან განსხვავებული გარეგნობით, ან შეზღუდული შესაძლებლობები იყო შთაგონებული, შესაბამისად, არც თუ ისე ეთიკურად ჟღერდა. გაიხსენეს მასწავლებლები, რომლებსაც კარგად ესმოდათ ბავშვების და ცოტაოდენი ცუღლუტობის, განსხვავებულად ქცევის თუ ფიქრის საშუალებას გვაძლევდნენ და ისინიც, ვინც ვერაფერი გვასწავლა, ვისაც ბავშვები არ უყვარდა, ვინც შიშის ზარს გვცემდა. სასკოლო ღონისძიებები და მწირი საჩუქრებიც, რასაც ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული და ნაომარი ქვეყნის ღარიბი ბავშვები დღესასწაულებზე ვიღებდით საჩუქრად. იმ დროს საჩუქრებზე ძვირფასი ის საზაფხულო ბანაკები და ბუნებაში ჩატარებული გაკვეთილები იყო, რასაც ჩვენი მასწავლებლები გვჩუქნიდნენ. ყველა საათი, რაც გაკვეთილების შემდეგ რაიმე საკითხზე მსჯელობაში გაგვიტარებია და ყველა აქტივობა, სადაც დიდები და პატარები ერთად ვაკეთებდით ხან გოგრის ღვეზელს და ხან საშობაო სპექტაკლს.

 

ჩემი კლასის მოგონებების პარალელურად ჩემი შვილების ბაღის და სკოლის ღონისძიებებიც გამახსენდა.

 

როცა პირველად წავედით მთელი ოჯახი საბავშვო ღონისძიებაზე, ჩემი უფროსი შვილი 3 წლის იყო, გარეთ ზამთარი იდგა და საბავშვო ბაღის საშობაო კონცერტზე ის და რამდენიმე სხვა პატარა გოგო თოვლის ფიფქები იყვნენ. თეთრი წულის კაბებით ცეკვავდნენ, მღეროდნენ და პერიოდულად  კმაყოფილები ათვალიერებდნენ დარბაზს, სანამ ამაყი მშობლები და ბებია-ბაბუები ტაშს უკრავდნენ. მერე გაზაფხულის ბუნიობა აღვნიშნეთ, ჩემი შვილი უკვე 4 წლის იყო, მღეროდა, რა ლამაზი და მშვენიერია დედა  და ყველა დედა, ვინც იქ იყო, ერთად ვტიროდით გულაჩუყებულები. ბოლოს ამ წლის მაისში ვიყავით სკოლის დასრულების აღსანიშნავ კონცერტზე, ყოფილი ფიფქი მეექვსე კლასში გადავიდა და სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეების მიერ მოწყობილ კონცერტზე მისი კლასი ყველაზე დიდი იყო, შესაბამისად, ყველაზე გვიან გამოვიდნენ, ნახევრადცარიელ დარბაზში. კონცერტის ადრეულმა მონაწილეებმა და მათმა მშობლებმა საჭიროდ არ ჩათვალეს ბოლომდე დარჩენა. თუმცა მე  ამ კონცერტზე ჩემ შვილზე მეტად მისი ბაბუა მადარდებდა, რომელიც იმ დროს, როცა პირველად წავედით საბავშვო ღონისძიებაზე, სრულიად მხნე იყო, ახლა კი, სულ რამდენიმე წელიწადში ასაკმა თავისი ქნა და ის არც თუ ისე მარტივ სენს ებრძვის. კონცერტებზე მაინც დადის, მაგრამ უფრო და უფრო უჭირს ბავშვების რეპერტუარის გაძლება და დახურულ დარბაზებში დიდხანს ყოფნა. საწუწუნოდ საქმე ჯერ არ გვაქვს, სანამ ჩვენთან არის და ხარობს მომღერალი ბავშვების ყურებით, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, თუმცა მაინც სევდიანია იმის ყურება, როგორ ბერდებიან მშობლები ბავშვების ზრდის პარალელურად.

 

მთელი კონცერტის განმავლობაში დროზე ვფიქრობდი, სამყაროში მომუშავე ალბათ საუკეთესო თანასწორობის მექანიზმზე, რომელთანაც  ვერავინ ვერაფერს გააწყობს  – მხოლოდ ის შეგიძლია, კარგი წუთები წაგლიჯო, სანამ ხარ და ამის თავი გაქვს. იმაზეც ვფიქრობდი, როგორ არ შველის დრო ასეთ კონცერტებს. წლები გადის და ლამის რეპერტუარიც კი იგივეა. ასეთ ღონისძიებებზე კარგად ჩანს  ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ნაკლოვანებები – მთელი ეს კონცერტი ძირითადად ერთი მასწავლებლის ძალისხმევით იყო ორგანიზებული. ჩვენი სკოლებიც ჰო ასეთია, ცალკეული მასწავლებლების თავგანწირვაზე დგას და არა სისტემაზე, რომელიც ყველას ჩართულობას, ყველას მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობის აღებას და გათავისებას გულისხმობს.

 

ახლა ახალი სასწავლო წელი იწყება და ალბათ სკოლებს ისევ გაუჭირდებათ თანასწორად აგრძნობინონ ყველა ბავშვს თავი, ყველას მისცენ საკუთარი შესაძლებლობების დანახვის და გამოვლენის საშუალება, სასკოლო ღონისძიებები ისე დაგეგმონ, რომ ის მეტ სიხარულთან და ნაკლებ დაღლასთან ასოცირდებოდეს. ფოკუსი ბავშვებზე იყოს და არა უფროსებზე, რომლების კეთილგანწყობის მოპოვებაზეც ხშირად უფრო მეტს ფიქრობენ მასწავლებლები, ვიდრე იმაზე, რა სურთ მათ მოსწავლეებს. უფროსები კი ბავშვებს აუხსნიან, რომ მთავარი არა საუკეთესოდ ყოფნა, სხვებისთვის თავის მოწონება და სხვებთან უსასრულო შეჯიბრში ჩართვა, არამედ საუკეთესოს მიღებაა ყველანაირი გამოცდილებიდან.

 

სასკოლო ღონისძიებები ერთგვარი სარკეა, სადაც ყველაფერი ირეკლება, კარგიც და ცუდიც. ეს მეხსიერების “გაბოლდებული” ნაწილებია, რომლებიც ბავშვებს უფრო ხანგრძლივად ამახსოვრდებათ, ვიდრე სხვა, რიგითი სასკოლო დღეები.

 

კონცერტებსა და ექსკურსიებზე, მისასალმებელ თუ დამშვიდობების დღეებში ჩანს რას მივიჩნევთ კულტურად და რაა ჩვენთვის ღირსშესანიშნაობა, კომუნიკაციის როგორი ფორმა გვაქვს და რაა ის ღირებულებები, რაც უნდა აერთიანებდათ სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ინტერესების და გამოცდილების მქონე ადამიანებს. როცა რაიმეს ვგეგმავთ ან მასში ვმონაწილეობთ, ალბათ ამაზეც უნდა ვიფიქროთ. არ არის ადვილი ეს ყველაფერი, როცა თან ათასი სხვა საზრუნავი გაქვს, მაგრამ ვინ თქვა, რომ ან მასწავლებლობაა ადვილი და ან მით უმეტეს, ცხოვრება?

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი