რა არის არაფორმალური განათლება?
ენციკლოპედიურ ლექსიკონში არაფორმალური განათლება სამგვარადაა განმარტებული:
- მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად (ოჯახი, მეზობლები, ბაზარი, ბიბლიოთეკა, მასმედია, სამსახური, თამაშები და ა.შ.) უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა.
- ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი დაგეგმილი პროგრამა, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას.
- პროფესიული განათლება, გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად ან არააკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად.
მაშასადამე არაფორმალური განათლება გამოიყენება ფორმალური, ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმა არსებული განათლებისათვის, რომლის ამოცანაც
მოსწავლის სხვადასხვა მიმართულებით განვითარება და მათთვის 21 საუკუნისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.
დღევანდელი სკოლა და მასწავლებელი ვალდებულია იზრუნოს, მოსწავლეს განუვითაროს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, საკითხის გაგება-გააზრების, პრობლემის იდენტიფიკაციისა და მოგვარების თანამშრომლობისა და სხვა უმნიშვნელოვანესი უნარები.
სწავლების ამგვარ ხერხს ადრეც ხშირად მივმართავდი. 2016 წლიდან მე და ჩემი მოსწავლეები ჩართული ვართ eTwinning-ის პროგრამაში, ამავე წელს გავხდი და დღემდე მაქვს მაიკროსოფტის ექსპერტ ტრენერის სტატუსი (Microsoft Innovative Educator Expert). სწორედ ამან შემიწყო ხელი მცოდნოდა გაცილებით მეტი არაფორმალურ გნათლებასა და მის სიკეთეზე. ამ დროიდან დღემდე ჩემს მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე და ვახორციელებ ბევრ პროექტს. ზოგი ინიცირებული იყო, ზოგთან ვთანამშრომლობდი. ძირითადად ევროპელ კოლეგებთან ერთად ვგეგმავდი და ვახორციელებდი საინტერესო თემატიკის პროექტებს.
მინდა, წარმოგიდგინოთ, როგორ შეიძლება, ჩვენი მუშაობა უფრო საინტერესო და სახალისო გავხადოთ, დავაინტერესოთ და „მოვხიბლოთ“ მოსწავლეები და ასე ცნობიერებაც ავუმაღლოთ რიგ საკითხებში და საჭირო უნარებიც გამოვუმუშაოთ.
eTwinning“-ი მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას ეყრდნობა და ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარების განვითარებას.
დღეს უმნიშვნელოვანესი საკითხია მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია. რადგან ბევრი ჩვერნგანი ერთხელ მაინც გამხდარა დეზინფორმაციის მსხვერპლი, არც ინტერნეტის უსაფრთხოებაზე დავფიქრებულვართ დიდად, გადავწყვიტე, ჩემი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლიბის მიზნით, განმეხორციელებინა პროექტი „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია (ციფრული წიგნიერება და დეზინფორმაცია)“ („Media literacy and disinformation ( digital literacy and disinformation“)მოვიწვიე უცხოელი კოლეგები. პროექტში ჩაერთო 15 პედაგოგი სხვადასხვა ქვეყნიდან:
თურქეთი(7), საქართველო(3), ხორვატია(2), ლატვია(1), რუმინეთი(1), საბერძნეთი(1)
მოსწავლეთა ასაკის იყო 11-16. საგნები: ტექნოლოგია, სოციალური კვლევები / ლიტერატურა. სოციოლოგია, მედია განათლება, ისტორია, გეოგრაფია, უცხო ენები, გარემოსდაცვითი განათლება, მოქალაქეობა.
პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებს შეძლებოდათ მედიაწიგნიერების არსში გარკვევა, მაგალითებზე დაყრდნობით ჩასწვდომოდნენ მის ტიპებს, ყალბი ამბების ამოცნობა მარტივად შეძლებოდათ. აემაღლებინათ საკუთარი და სხვისი ცნობიერება საკითხთან დაკავშირებით; მიეღოთ ახალი ცოდნა (და არა მხოლოდ) Web 2 ინსტრუმენტების გამოყენებით. განევითარებინათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები; გამოიმუშავებდნენ პასუხისმგებლობის გრძნობას, ისწავლიდნენ გუნდურ, თანამშრომლობით მუშაობას და გახდებოდნენ უფრო თავდაჯერებულები. გარდა ამისა, დაუმეგობრდებოდნენ უცხოელ თანატოლებს. უკეთ დაეუფლებოდნენ უცხოურ ენას (პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით).
გავწერეთ საინტერესო აქტივობები, რომელიც ეტაპობრივად უნდა შეგვესრულებინა.
ნებისმიერი პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა მშობლებისგან აღებული ნებართვა, რომლის თანახმადაც უფლება გვაქვს მოსწავლეების სურათებისა და ვიდეოების გამოქვეყნება ჩვენს eTwinning პროფილზე, TwinSpace-ში, ჯგუფებში და ა.შ. eTwinning-ი სერიოზულად ეკიდება მოსწავლეთა კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას. ამ ნებართვის ასლები ჩავაშენეთ ჩვენი პროექტის შესაბამის გვერდზე.
თავიდანვე გავწერეთ პროექტის ქცევის წესები, რომელიც საერთო იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. მაგალითად: ინტელექტუალური საკუთრება – უნდა დავრწმუნდეთ, რომ კონტენტი, რომელსაც ავტვირთავთ პლატფორმაზე, არ არღვევს საავტორო უფლებას. სურათების, ვიდეოების, დოკუმენტების ან სხვა რესურსების გაზიარებამდე დავრწმუნდეთ, რომ გაქვთ ამის უფლება. არანაირი პირდაპირი ან ირიბი მუქარა, ბულინგი, შევიწროება.
იმისათვის, რომ მივიღოთ ადგილობრივი თუ ევროპის ხარისხის ნიშანი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პროექტის კურიკულუმთან კავშირი. შესაბამის გვერდზე ყველა მასწავლებელმა შეასრულა ეს დავალება.
ცალ-ცალკე გვერდი დაეთმო მოსწავლეებისა და მასწავლებლების წარდგენას, რათა გაგვეცნო ერთმანეთი. ამავე მიზნით წარვადგინეთ საკუთარი სკოლა და ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ.
შემდეგი ეტაპი იყო ლოგოს კონკურსი. ყველა პროექტს სჭირდება თავისი ლოგო და თითოეულმა ჩართულმა სკოლამ წარმოადგინა ერთი, შიდა კონკურსის შედეგად გამარჯვებული ლოგო, რომელთა შორის მოსწავლეებს საუკეთესო უნდა შეერჩიათ. კონკურსის მთავარი პირობა იყო პროექტის სათაურისა და თემატიკის შესაბამისი ლოგოს გამორჩევა.
პროექტის წევრები რეგულარულად ვხვდებოდით ერთმანეთს ZOOM-ის პლატფორმაზე, საკონტაქტოდ ვიყენებდით WhatsApp-ს და Facebook-ში შექმნილ ჯგუფს. თითოეული წევრის შესაძლებლობის გათვალისწინებით გადავანაწილეთ დავალებები და იმ კონკრეტულ აქტივობას ჰყავდა ერთი ან ორი პასუხისმგებელი პირი.
იმისათვის, რომ ყველა მასწავლებელი აქტიურად ყოფილიყო ჩართული და არ გამორჩენოდა რომელიმე აქტივობა, ჩავატარეთ შუალედური და საბოლოო მონიტორინგი.
პროექტის ფარგლებში გვყავდა მოწვეული სტუმრები, ვატარებდით გამოკითხვებს მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, ჩავატარეთ ესეების, ნახატების კონკურსები.
აქტივობები იყო თემატიკის შესაბამისი. შევქმენით ბუკლეტები, ელექტრონული წიგნები. გვქონდა შეხვედრები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით ვურიგებდით ბუკლეტებს (ყოველივე ამან დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში).
მეტი ხალისისთვის, ინტერესისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, რადგან პროექტი დაიწყო ნოემბერში და გაგრძელდა ივნისამდე, ცალკე აქტივობები მივუძღვენით საახალწლო მილოცვას, ერთმანეთს გვუგზავნეთ მისალოცი ბარათები, აღვნიშნეთ დედამიწისა (22 აპრილი) და eTwinning-ის (9 მაისი) საერთაშორისო დღეები (ხანდახან პროექტის თავდაპირველი გეგმის მოდიფიცირებაც გვიწევს ან შეგვაქვს დამატებითი აქტივობები. ეს უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს პროექტს).
პროექტის საბოლოო პროდუქტი იყო ბლოგი, რომელიც მოიცავდა პროექტის ყველა აქტივობის თეორიულ და ვიზუალურ მასალას, რომელიც, დაინტერესებისა და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარება ჩემს კოლეგებს და არა მხოლოდ.
პროექტის დასასრულს, ჩვენი ბლოგი წარვუდგინეთ სასკოლო საზოგადოებას და განვათავსეთ სკოლის გვერდზე.
თუ ევროპაში, თავდაპირველად, არაფორმალური განათლება აღიქმებოდა ინოვაციად, დღეს ის ჩვენი ყოველდღიურობაა, რაც განაპირობა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დაძლიოთ სივრცე და დრო და ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღონ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ოდესმე მიუღიათ.