სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მდგრადი განვითარების მიზანი -ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია

მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესრულება ნიშნავს უკეთეს მომავალს. ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებს ეხება. თითოეულის შესრულება მნიშვნელოვანია უკეთესი მომავლისთვის. მსურს, გესაუბროთ მდგრადი განვითარების #7 მიზანზე – ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია. ენერგიის დაზოგვა და ეფექტური გამოყენება დიდ გავლენას ახდენს იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

აქვე მსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსის შესახებ. „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ დაარსდა 2015 წელს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის მიერ. ის მხარს უჭერს აქტიურ სკოლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, უკეთესობისკენ შეცვალონ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ. კონკურსის ფარგლებში, ეკოკლუბებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მოხალისეობრივად იმუშაონ ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, რის შედეგადაც შეძლებენ, საკუთარი წვლილი შეიტანონ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასა და აღნიშნული მიზნების ირგვლივ არსებული პრობლემების გადაჭრაში. მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და მთლიანად სასკოლო საზოგადოება ხვდება, რომ გარემოსადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით, ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია. კონკურსში მონაწილეობა არის ძალიან საინტერესო, შემეცნებითი, ხელს უწყობს თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ეტაპი პასუხობს ე.ს.გ.-ს მოთხოვნებს. მასწავლებელს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, იმუშაოს როგორც მდგრადი განვითარების მიზნებზე, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ კომპეტენციებზეც. კონკურსში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია მონაწილეობა ნიშნავს:

  • მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს;
  • მუშაობას არაფორმალურ სივრცეში, მრავალფეროვანი აქტივობებით;
  • მოსწავლე, მშობელი და სკოლა – ამ სამი მნიშვნელოვანი რგოლის გაერთიანებასა და თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას;
  • სკოლის, თემის განვითარებაზე მორგებული აქტივობების განხორციელებას.

მონაწილეობა მივიღეთ კონკურსში – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია. მრავალფეროვანი აქტივობებით მოვხვდით ნახევარფინალში, ხოლო კონკურსში „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ სასკოლო გრანტი ავიღეთ. კონკურსს ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, CENN სთან თანამშრომლობით.

კონკურსის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ აქტივობების ჩამონათვალი:

აქტივობა N1. აჩუქე ახალი სიცოცხლე ძველ ნივთებს გამოფენა-გაყიდვა.

აქტივობის მიზანი: ძველი ნივთების გაცოცხლება ნარჩენების შემცირება და ენერგიის ეფექტურად გამოყენება.

ქმედება: მოსწავლეებმა ძველი ნივთების გამოყენებით შექმნეს ახალი ნივთები, გაიაზრეს ნარჩენების სწორი მართვის აუცილებლობა. მიხვდნენ, რომ გადაყრა დასასრული არ არის. ასევე გააანალიზეს ისიც, რომ ახალი ნივთების დამზადებას ბევრად მეტი რესურსი და ენერგია სჭირდება, ვიდრე გამოუსადეგარი ნივთების გადამუშავებას. მოსწავლეებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ არსებობს ნარჩენების მართვის იერარქია:

  • შემცირება
  • ხელახლა გამოყენება
  • გადამუშავება
  • ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად
  • განთავსება (ნაგავსაყრელზე).

მათ გადაწყვიტეს შეემცირებინათ ნარჩენები, გამოეყენებინათ ის ხელახლა და ამ ქმედებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგათ ენერგოეფექტურობისკენ. აქედან გამომდინარე, მათ დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები და სკოლის ეზოში მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა. წარმოადგინეს პლაკატები „გახდი ენერგოეფექტური“ და მოსულ სტუმრებს აცნობდნენ აქტივობის მიზანს, ცდილობდნენ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

აქტივობა N2. გადაამუშავე, დაიცავი გარემო და გახდი ენერგოეფექტური

აქტივობის მიზანი: ნარჩენების შემცირება. გონივრული მოხმარება და ენერგიის ეფექტურად გამოყენება.

ქმედება: მოსწავლეები შეხვდნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ენერგიის დაზოგვა და ეფექტურად გამოყენება. შეხვედრების შემდეგ, ნახეს სხვადასხვა ვიდეორგოლი ენერგოეფექტურობის შესახებ. მიღებული ინფორმაციების გაანალიზების შემდეგ, თავად შექმნეს საინფორმაციო სახის ბუკლეტები – „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“.

ბუკლეტები დაარიგეს თემში, ჩაწერეს ვიდეორგოლები და განათავსეს სკოლის გვერდზე, ასევე  YouTube-არხზე.

ნარჩენების სეპარირებასთან დაკავშირებით, კლუბის წევრებმა სკოლაში განათავსეს ურნები- პლასტმასასა და მაკულატურისთვის. დროდადრო ხდებოდა მოგროვებული ნარჩენების ჩაბარება/გადამუშავება. საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიება გაიმართა წეროვანში, ტენეს საწარმოში, სადაც დახვდათ სხვადასხვა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დაამზადეს ტელეფონის სატენები, ნახეს ხელნაკეთი დამტენი ველოსიპედი. სკოლაში დაიდგა ტენეს მწვანე ურნა. ნარჩენების გადამუშავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „სიკეთის ყუთში“ ჩაალაგეს ტანსაცმელი. მოსწავლეები მიხვდნენ, რომ მსგავსი ქმედებები ხელს შეუწყობდა ენერგოეფექტიანობას, გარემოს უსაფრთხოების დაცვას. მიხვდნენ, რომ ნებისმიერი ნივთის პირველადი წარმოებისას ბევრად მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე გადამუშავებისას, რა შემთხვევაშიც მცირდება სათბურის აირების გამოყოფა და ნელდება გლობალური დათბობა.

აქტივობა N3. ენერგოდამზოგი ნათურების დამონტაჟება და გაფუჭებული წყლის ონკანის გამოცვლა

აქტივობის მიზანი: სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესება და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება

მოსწავლეებმა, გამოფენა-გაყიდვისა და მაკულატურის ჩაბარების აქტივობები სკოლის ენერგოეფექტურობისთვის გამოიყენეს. აღებული თანხით შეიძინეს ენერგოდამზოგი ნათურები და წყლის ონკანები. ვარვარა ნათურები ჩაანაცვლეს ენერგოდამზოგი ნათურებით, ხოლო გაფუჭებული წყლის ონკანები, საიდანაც წყალი უმიზნოდ იხარჯებოდა – ახლით.

აქტივობა N4. ერთი დღე უმანქანოდ Car Free Day

აქტივობის მიზანი: ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან და ენერგოეფექტურობის მხარდაჭერა/გაძლიერება

ენერგოეფექტურობა ნიშნავს მეტ სარგებელს ნაკლები დანახარჯით. კლუბის წევრებმა მოუწოდეს სასკოლო საზოგადოებას – კლასელებს, მასწავლებლებსა და ოჯახებს კვირაში ერთი დღე გადაადგილდნენ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა ხელი შეუწყონ ჰაერის დაცვას დაბინძურებისგან და ენერგიის ეფექტურად გამოყენებას.

მდგრადი განვითარების მიზნებზე მუშაობასა და აქტივობების დაგეგმვაში დაგეხმარებათ სახელმძღვანელოები, რომელთა ნახვაც შესაძლებელია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განთლების ცენტრის ვებგვერდზე გარემოსდაცვითი და აგრაი განათლება სკოლაში. მდგრადი განვითარების N7 მიზანზე – ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია მუშაობისას გამოგადგებათ შემდეგი ვიდეორგოლები:

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“