პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
25 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

 კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა მუსიკის გაკვეთილზე

კრიტიკული აზროვნება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი უნარია, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, გააანალიზოს ინფორმაცია, გამოიტანოს დასკვნები და გადაწყვეტილებები ანალიზის საფუძველზე მიიღოს, ასევე – ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი და დაიცვას საკუთარი პოზიცია.

დღეს კრიტიკული აზროვნების განვითარების გზებზე მუშაობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეების პიროვნების ჩამოყალიბებას, მომავალში მათი საქმიანობის წარმატების უზრუნველსაყოფად. კრიტიკული აზროვნება არის ცოდნის შეძენის საშუალება, ანალიზის, შეფასების, განსჯის, საკუთარი აზრის შემუშავება შესასწავლ პრობლემაზე და ცოდნის გამოყენების უნარი. კრიტიკულ აზროვნებას ახასიათებს კონსტრუქციულობა, მოქნილობა, გახსნილობა, საკუთარი საქმიანობის დაგეგმვისა და ანალიზის უნარი.

საჯარო სკოლაში მუსიკის გაკვეთილების მთავარი მიზანია მოსწავლეთა მუსიკალური კულტურის ამაღლებაზე მუშაობა, მუსიკის საშუალებით შემოქმედებითად ზნეობრივი ადამიანის აღზრდა, რომელსაც შეუძლია, გამოიყენოს მიღებული ცოდნა და უნარები საგანმანათლებლო საქმიანობაში და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში.

მასწავლებლის ამოცანებია:

– მუსიკის ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება, მუსიკის მოსმენის სწავლება და მუსიკალური ნაწარმოებებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

– მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა სხვადასხვა მუსიკალური და პრაქტიკული აქტივობის პროცესში: მუსიკის მოსმენა, სიმღერა, მუსიკალური და პლასტიკური მოძრაობები;

– შემოქმედებითი აზროვნებისა და წარმოსახვის განვითარება, მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის გაძლიერება.

მუსიკის გაკვეთილებზე „კრიტიკული აზროვნების“ განვითარების ტექნოლოგიის დანერგვა დაეხმარება მასწავლებელს ამ პრობლემის გადაჭრაში.

კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის მოსწავლის ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, რათა მან მისი შედეგები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს. ის გულისხმობს გაკვეთილის სტრუქტურას, რომელიც შედგება სამი ეტაპისგან:

  1. გამოწვევის ეტაპი – ინტერესის გაღვივება საგნის მიმართ;
  2. გააზრების ეტაპი – მასალის გააზრება მასზე მუშაობისას;
  3. რეფლექსიის ეტაპი – მასალის განზოგადება, შეჯამება.

ამ ტექნოლოგიას აქვს უამრავი სხვადასხვა მეთოდი და ტექნიკა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მუსიკის გაკვეთილზე მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნებისა და სხვა შესაძლებლობების გასავითარებლად.

წარმოგიდგენთ მეთოდებსა და ხერხებს, რომლებსაც ვიყენებ ჩემს გაკვეთილებზე.

„გონებრივი იერიში“

ბავშვებს ვეუბნები, რომ უნდა გავაცნო ახალი მუსიკალური ნაწარმოები. დაფაზე წინასწარ ვამზადებ საკვანძო კითხვებს, რომლებზეც პასუხები მუსიკის მოსმენის შემდეგ უნდა გასცენ:

  • რას დაარქმევდით ამ ნაწარმოებს?
  • რომელი მუსიკალური ინსტრუმენტები მოისმინეთ?
  • ვინ ასრულებს?
  • მუსიკის რომელ ჟანრს მიეკუთვნება?
  • ვინ შექმნა ეს ნაწარმოები?
  • რა არის ამ ნაწარმოების შექმნის მიზეზი, ისტორია? და ა.შ.

მოსწავლეები ამ დავალების შესრულებისას ზოგიერთ კითხვას პასუხობენ.

„ჯგუფური დისკუსია“

კლასში დისკუსიის გამოყენება მოიცავს რამდენიმე ტექნიკას:

  • მოსწავლეების მხრიდან პრობლემური სიტუაციის წარდგენა;
  • ამ სიტუაციაში პრობლემური კითხვების დასმა;
  • პრობლემური სიტუაციის გათამაშება;
  • განსახილველი პრობლემის მიმართ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ანალიზი.

დისკუსიის წინაპირობაა:

  • მონაწილეთა განსხვავებული შეხედულებების პატივისცემა;
  • რეფლექსიის ეტაპზე წარმოქმნილი უთანხმოების კონსტრუქციული გადაწყვეტა.

ჯგუფური დისკუსიის ფორმა ხელს უწყობს დიალოგური კომუნიკაციის განვითარებას, დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებას.

„იპოვე წყვილი“

დავალება: მუსიკალური გამომსახველობითი საშუალებების ცოდნა (შეაერთეთ მუსიკალური ტერმინი და მისი განმარტება ისრებით):

·         წყობა ·         მუსიკის შესრულების სიჩქარე
·         დინამიკა ·         ხმის შეფერილობა
·         რეგისტრი ·         მუსიკის ხმის სიძლიერე
·         მელოდია ·         ბგერის გარკვეული სიმაღლის ჟღერადობა
·         ტემბრი

·         ტემპი

·         მუსიკალური ნაწარმოების მთავარი იდეა

·         ბგერების ორგანიზება

 

 

კითხვა-პასუხის თამაში – „დიახ / არა“.

ამ თამაშს შეუძლია მოხიბლოს როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები.

მაგალითად – გაკვეთილის თემაა „ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი“. მოსწავლეებს ვუსვამ შემდეგ კითხვებს:

  • ქართული სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტია თუ არა ქნარი?
  • აპოლონმა ორფეოს აჩუქა ქნარი. ორფეოსი ქნარზე დაკვრისას აჯადოებდა თუ არა სამყაროს?
  • ჭიანურზე ხემით უკრავენ?
  • არის თუ არა დირიჟორი ადამიანი, რომელიც მართავს კოსმოსურ ხომალდს?
  • გუდასტვირი ცხვრის ტყავისგან მზადდება?

„იდეების კალათა“

გაკვეთილის დასაწყისში ვსაუბრობთ საცეკვაო მუსიკაზე. რა არის საცეკვაო მუსიკა?

დისკუსიაში ერთვება ყველა ჯგუფი და გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდებს:

საცეკვაო მუსიკა არის მუსიკალური ჟანრი, მელოდია, რიტმი, მოძრაობა და ასე შემდეგ… ყველა ვარაუდი ფიქსირდება დაფაზე. შემდეგ ვაჯამებთ ჯგუფების მუშაობას.

„ვიცი“, „მინდა ვიცოდე“, „გავიგე“

ეს არის გრაფიკული ორგანიზატორი, მასალის ლოგიკური და სტრუქტურირების ერთ-ერთი გზა.

ვიცი გავიგე მინდა ვიცოდე
     

 

გაკვეთილის თემა: „იოჰან შტრაუსი – ვენის ვალსი“, საკვანძო სიტყვა „ვალსი“

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები ავსებენ პირველ სვეტს, თუ რა იციან ვალსის შესახებ. პარალელურად აკეთებენ ჩანაწერებს რვეულებში, ცვლიან ინფორმაციას წყვილებში ან ჯგუფებში.

თემის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ მეორე სვეტს. გაკვეთილის ბოლოს ავსებენ მესამე სვეტს. ორგანიზებული დისკუსიის შედეგად ივსება საერთო ცხრილი. ეს ტექნიკა საშუალებას იძლევა, შეგროვდეს საჭირო ინფორმაცია, შეფასდეს მასალის ათვისების დონე.

„ასოციაციური რუკა“

ეს არის მასალის გრაფიკული ორგანიზების გზა, რომელიც შესაძლებელს ხდის იმ აზროვნების პროცესების ვიზუალიზაციას, რომლებიც კონკრეტული თემის შესწავლისას იჩენს თავს.

ამ ტექნიკას ვიყენებ გაკვეთილის სამივე ფაზაზე: გამოწვევის ეტაპზე – კითხვები თემის შესწავლამდე, გააზრების ეტაპზე; რეფლექსიის ეტაპზე – კითხვების დაფიქსირება კითხვის, მოსმენის, ფიქრის დროს – გავლილი მასალის გაგების დემონსტრირება.

ფურცელზე, შუაში მოსწავლეები წერენ საკვანძო სიტყვას. მათ ირგვლივ წერენ სიტყვებს ან წინადადებებს, რომლებიც გამოხატავს ამ თემისთვის შესაფერის იდეებს, ფაქტებს, სურათებს. სიტყვები, დაკავშირებულია ხაზებით საკვანძო ძირითად ცნებებთან.

მოსწავლეებმა შეადგინეს ასოციაციური რუკა თემაზე „ოპერა“, დაწერეს მათთვის ნაცნობი ჟანრები (სიმღერა, არია, დუეტი, კვარტეტი, გუნდი), შემდეგ კი დაასახელეს მუსიკოსთა გვარები, რომლებიც ასრულებდნენ ამ ჟანრის მუსიკას. შემდეგ უნდა დაეკონკრეტებინათ, თუ ვისი წყალობითაც დაიბადა/ წარმოიშვა ოპერა (კომპოზიტორები, შემსრულებლები), შემდეგ კი უნდა გაეხსენებინათ და ჩაეწერათ მათი გვარები.

ეს მეთოდი ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას.

„ესეი“

ეს მეთოდი მნიშვნელოვანია რეფლექსიის ეტაპზე, ასევე მუსიკის მოსმენისა და ანალიზის დროს, მუსიკალური სურათის აღწერისას.

ესეი არის შემოქმედებითი ფორმა. მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ მათ მიერ მოსმენილ მუსიკალურ ნაწარმოებზე.

ისეთი მუსიკალურ-შემოქმედებითი ამოცანები, როგორიცაა, მოსმენილი ნაწარმოების მიმოხილვა, ესეი, მინი-კომპოზიციები, ხელს უწყობს მოსწავლეების თავისუფალი შემოქმედებითი უნარის განვითარებას.

რეფლექსია „თავისუფალი მიკროფონი“

მოსწავლეებს ვამცნობ, რომ ჩვენს საკლასო ოთახში არის მიკროფონი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი. ისინი იღებენ მიკროფონს და პასუხობენ კითხვებს, რომლებიც შეიძლება წინასწარ დაიწეროს ქაღალდზე ან დაფაზე. მაგალითად:

  • „გაკვეთილზე მე ყველაზე მეტად დავიმახსოვრე…“
  • „გამიკვირდა, რომ…“
  • „გაკვეთილის შემდეგ ჩემს მეგობრებს მოვუყევი…“
  • „ასევე, მინდა ვიცოდე…“
  • „გაკვეთილზე მიღებული ცოდნა შემიძლია გამოვიყენო…“
  • „საუკეთესოდ მუშაობდა გაკვეთილზე…“.

კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგია მოსწავლეს უვითარებს:

  • კრიტიკული აზროვნების უნარს;
  • სხვებთან თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარს;
  • ხელს უწყობს აზროვნების გააქტიურებას, ზრდის მოტივაციას;
  • ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემას;
  • ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითგამოხატვის უნარის ჩამოყალიბებას; შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს, გამოხატოს საკუთარი თავი;
  • ხელს უწყობს ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • ხელს უწყობს საგნის მიმართ მოტივაციის გაზრდას.

გაკვეთილებზე კრიტიკული აზროვნების განვითარების მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები უფრო აქტიური ხდებიან. მუშაობის ფორმები საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს, თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს გაკვეთილზე. ამ ტექნიკის გამოყენებით, შესაძლებელია თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურად დაახლოება, დავალების დიფერენცირება.

შედეგად, მოსწავლეები უფრო საფუძვლიანად, ენთუზიაზმით ემზადებიან გაკვეთილებისთვის, გაკვეთილზე არის ურთიერთგაგების, მხარდაჭერისა და შემოქმედებითი ძიების ატმოსფერო. პედაგოგიურ ამოცანას ვხედავ იმაში, რომ დავეხმაროთ თითოეულ მოსწავლეს, გააცნობიეროს საკუთარი უნიკალური არსი და შექმნას პირობები თვითგანვითარებისთვის.

ამრიგად, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება მოსწავლეში ზრდის ინფორმაციის აღქმის ეფექტურობას; იწვევს ინტერესს როგორც შესასწავლი მასალის, ასევე თავად სასწავლო პროცესის მიმართ; ავითარებს თანამშრომლობითი მუშაობის უნარს; ამაღლებს განათლების ხარისხს.

კრიტიკული აზროვნების განვითარება სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://mtm1984.wixsite.com/sophie/-4
  2. https://mastsavlebeli.ge/?p=1577
  3. https://louisville.edu/ideastoaction/about/criticalthinking/what
  4. https://www.skillsyouneed.com/learn/critical-thinking.html
  5. https://www.indeed.com/career-advice/career-development/critical-thinking-skills

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“