სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

კრიტიკული აზროვნების შესახებ

კრიტიკული აზროვნება შემეცნების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მეტიც, განათლებისა და პედაგოგიკის შესახებ თანამედროვე კვლევებში სწორედ კრიტიკულ აზროვნებას ენიჭება უმთავრესი მნიშვნელობა.

ცოდნის გადაცემისა და მიღების ადრეული ეტაპი (მექანიკური დამახსოვრება), ამგვარი კვლევების მიხედვით, არის „დაგროვებითი” და არ ააქტიურებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა დამოუკიდებელი აზროვნება, პრობლემის (საკითხის) დასმა და მისი გადაწყვეტის მცდელობა, არგუმენტირებული მსჯელობა და ა.შ.

ტენდენცია „ნარატიული სწავლება” (მასწავლებელი, აღმზრდელი – მთხრობელი, მოსწავლე, აღსაზრდელი – პასიური მიმღები) არათუ ხელს არ უწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც.

დევიდ კლუსტერი (პროფესორი, ამერიკული ლიტერატურის სპეციალისტი) თავის ნაშრომში „რა არის კრიტიკული აზროვნება” აღნიშნავს: „ კანზასიდან ყაზახეთამდე და მიჩიგანიდან მაკედონიამდე სკოლის მასწავლებლები და უნივერსიტეტის პროფესორები იღვწიან იმისთვის, რომ თავიანთ მოწაფეებს კრიტიკული აზროვნება განუვითარონ. თითოეულს გვესმის, რომ კრიტიკული აზროვნება არის საუცხოო, არაჩვეულებრივი რამ, გარკვეული უნარი, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე გარკვეულ თავდაჯერებას გვმატებს, გვეხმარება იმის უკეთ გაგებასა და გააზრებაში, რასაც შევისწავლით ან ვაკეთებთ. და მაინც, რა არის კრიტიკული აზროვნება? ამ კითხვით მივმართეთ ახალბედა მასწავლებლებსაც, რომლებიც არ უფრთხიან ექსპერიმენტებსა და ხანგრძლივი პრაქტიკის მქონე კოლეგებს. ტერმინის დეფინიცია არ აღმოჩნდა მარტივი საქმე. ბევრი სხვადასხვანაირი პარამეტრი „ჩაერთო” საქმეში. და მაინც, რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ – კრიტიკული აზროვნება?”

დღევანდელი ბლოგი სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა იქნება. საკითხი იმდენად რთულია, ლიტერატურა კი მოცულობითი, რომ სტატიას კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემის პრეტენზია ვერ ექნება. შევეცდებით, რამდენიმე გავრცელებული თვალსაზრისი გაგაცნოთ.

ზემოთ ნახსენებ ნაშრომში კლუსტერი ერთმანეთს უპირისპირებს სწავლა-დახსომებას და კრიტიკულ აზროვნებას. „შევთანხმდეთ, რომ ინფორმაციის დამახსოვრება უმნიშვნელოვანესი შემეცნებითი ოპერაციაა, რომლის გარეშეც სწავლების პროცესი წარმოუდგენელია, თუმცა კრიტიკული აზროვნება კარდინალურად განსხვავდება ამ პროცესისგან. კომპიუტერს ბევრად უკეთესი მეხსიერება აქვს, ვიდრე ნებისმიერ ჩვენგანს, თუმცა, ცხადია, რომ კომპიუტერის ამ „შესაძლებლობას” აზროვნებასთან არაფერი აქვს საერთო. მიუხედავად ამისა, სკოლის მასწავლებლები დიდად აფასებენ მოწაფეთა კარგ მეხსიერებას და ხშირად ამოწმებენ მას საკონტროლოებსა და გამოცდებზე, მაგრამ კრიტიკული აზროვნება ბევრად უფრო რთულ შემეცნებით პროცესზეა ორიენტირებული. არსებობს კიდევ ერთი „არაკრიტიკული აზროვნების” სახეობა, რომლის გარეშეც ასევე წარმოუდგენელია სასწავლო პროცესი და მას რთული იდეების გაგება ჰქვია. ბიოლოგიის და მათემატიკის, ისტორიისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეებს უხდებათ გვარიანი “მუშაობა თავით”, რათა მიხვდნენ, რას ამბობს მასწავლებელი ან რა არის დაწერილი სახელმძღვანელოში. გაგება – რთული სააზროვნო ოპერაციაა, განსაკუთრებით, თუ მასალა არ არის მარტივი აღსაქმელი. მაგალითისთვის, სტუდენტი ცდილობს გაიაზროს შექსპირის სონეტი ან თავს იმტვრევს ექსტრემუმის წერტილის თეორემის გაგებაზე და ეს უცილობლად რთულ სააზროვნო უნარებს ააქტიურებს, თუმცა კრიტიკულად მოაზროვნედ იგი ამ შემთხვევაშიც არ გვევლინება”.

კლუსტერი არაკრიტიკული აზროვნების კიდევ ერთ გამოვლინებად შემოქმედებით და ინტუიციურ აზროვნებას მიიჩნევს. „სპორტსმენის, მხატვრის, მუსიკოსის გონებაც მუშაობის პროცესში ურთულეს ამოცანებს წყვეტს, თუმცა თვითონ შემოქმედები ამას ვერც იაზრებენ, თუ საუბარი არ არის ახალბედა ან დამწყებ პირებზე. შემოქმედებითი და ინტუიციური სააზროვნო პროცესები გაუცნობიერებელია. წარმოვიდგინოთ პროფესიონალი სპორტსმენი, მაგალითად, ჩეხი ჰოკეისტი იარომირ იაგრი (რომელიც პრაღის 1968 წლის მოვლენების პატივსაცემად მუდამ 68 ნომრით ასპარეზობს) და დავუშვათ, რომ კარის მიმართულებით გაკეთებული დარტყმის წინ ის შემდეგნაირად მსჯელობს: სწორად შევარჩიე თუ არა მომენტი? ხომ არ არის სხვა, ალტერნატიული გზა? როგორ მოიქცეოდნენ ჩემს ადგილას სხვა ცნობილი ჰოკეისტები? უეინ გრეცკი ახლა დაარტყამდა თუ უფრო შესაფერის დროს დაელოდებოდა? ნათელია, რომ ამგვარი მიდგომით იაგრი ვერასდროს გაიტანდა ერთ გოლსაც კი და თუ მაისურის ნომერი (68) სწორედ კრიტიკული აზროვნების ნიმუშად მიგვაჩნია, მისი წარმატებული თამაში ამ კატეგორიაში ნამდვილად ვერ ხვდება. სწორედ ასე, შემოქმედების ინტუიციური აზროვნება, უდავო ღირებულების მიუხედავად, კრიტიკულ აზროვნებად ვერ მიიჩნევა!”

პროფესორი კლასტერი მიმოიხილავს კრიტიკული აზროვნების განმაპირობებელ 5 ფაქტორს. ესენია:

1.დამოუკიდებელი აზროვნება;

2.კრიტიკულად მოაზროვნემ ინფორმაცია უნდა  მიიღოს, როგორც ათვლის წერტილი, მომავალი ქმედებების მასტიმულირებელი ბიძგი და არა როგორც „დანიშნულების საბოლოო პუნქტი”;

3.კრიტიკულად აზროვნება იწყება საკითხის დასმით, პრობლემის წამოჭრით და მისი გადაწყვეტის გზების ძიებით;

4.კრიტიკული აზროვნება მოითხოვს არგუმენტაციას;

5.კრიტიკული აზროვნება სოციალური ფენომენია და გულისხმობს სხვებისთვის დასკვნების, მოსაზრებების გაზიარებას, ხმამაღალ, ინტერაქტიურ მსჯელობას, სხვათა ნააზრევის მოსმენა-გაზიარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ სტატიაში დევიდ კლასტერი კრიტიკული აზროვნების აღწერით შემოფარგლება და თითოეულ პუნქტს დეტალურად განიხილავს.

სტატიის დასაწყისში ვახსენეთ ნარატიული სწავლება. არის კიდევ ერთი მეტაფორული და ძალიან საინტერესო შეფასება, რომელიც ამგვარ პროცესს ნათლად და ხატოვნად გადმოსცემს და მას „დეპოზიტურ სისტემად” გვაცნობს. ინფორმაციისა და ცოდნის გადაცემას კრიტიკული აზროვნების უგულებელყოფით მკვლევრები ბანკში ფულის დაბანდებას ადარებენ. ოღონდ მხოლოდ შენახვის და არა დანიშნულებისამებრ გამოყენების თვალსაზრისით. განათლებას, ამ შედარების მიხედვით, ცოდნის და ინფორმაციის მოცულობა განსაზღვრავს, ეს კი ვერ დააკმაყოფილებს თანამედროვე ადამიანის ინტელექტუალურ საჭიროებებს.

ასე რომ არ მოხდეს და სწავლების პროცესი „კონტეინერის” გარკვეული მოცულობის ინფორმაციით შევსების პროცესს რომ არ დაემსგავსოს, აუცილებელია საგანმანათლებლო სისტემა ადრეული ასაკიდანვე ზრუნავდეს გარკვეული უნარების განვითარებაზე.

კრიტიკული აზროვნება აქტიური, შემოქმედებითი პროცესია, რომლის სრულყოფაც გარკვეულ დროსაც მოითხოვს. მზამზარეული ცოდნის გადაცემა, ინფორმაციის მოცულობასა და მექანიკურ დამახსოვრებაზე ორიენტირებული განათლება კი გავლილი ეტაპია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი