სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბლუმი და „ტატიჩეკი“

1930-იანი წლები გასული საუკუნის ყველაზე ბნელ და მძიმე პერიოდად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ორ მსოფლიო ომს შორის მომწყვდეული ეპოქის მიწურულს მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროპაშიც კი ავტორიტარიზმის სქელი, ტყვიისა და სისხლისფერი ნისლი ჩამოწვა. ბალტიის ზღვის ნაპირებიდან ბისკაის ყურამდე, თითქმის ყველგან სხვადასხვა სახის დიქტატორები გაბატონდნენ.

პატარა ქვეყნებში მეტწილად განსაკუთრებული პოლიტიკური იდეოლოგიის არმქონე ავტორიტარები გამოჩნდნენ. მაგალითად, 1934 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ლატვიაში მთელი ძალაუფლება ხელთ იგდო პრემიერ-მინისტრმა, კარლის ულმანისმა, რომელიც საკუთარ თავს „ერის ლიდერს“ უწოდებდა. ულმანისმა აკრძალა ყველა პარტიის საქმიანობაა, გააუქმა თავისი პარტიაც კი, შეზღუდა პრესის თავისუფლება, დაითხოვა პარლამენტი და განაცხადა, რომ მან პირადად უკეთ იცოდა, რა იყო საჭირო ლატვიის გადარჩენისთვის რთული დროების ჟამს. განსაკუთრებული ღირებულებითი სისტემა და რთული იდეოლოგიური პარადიგმები ულმანისს ხელ-ფეხს არ უბორკავდა.

ერთ ადამიანზე, მის ქარიზმასა და მისთვის ღვთისგან ბოძებულ ნიჭზე იყო ორიენტირებული პოლონური ავტორიტარიზმიც. 1920-იანი წლების მიწურულს და 30-იანი წლების დასაწყისში პოლონეთის პოლიტიკური სისტემა ერთადერთ სუბიექტს – გენერალ იუზეფ პილსუდკის ემორჩილებოდა. პილსუდსკი ერთმმართველობას „სეიმოკრატიის“ აუტანლობით ამართლებდა.  ეროვნული გმირი „სეიმოკრატიად“ მოიხსენიებდა არასტაბილურ საპარლამენტო მმართველობას, რომლის წიაღშიც ხშირად იცვლება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. პარტიები გაუთავებლად დავობენ, უარს აცხადებენ კომპრომისებზე და ყველაფერს აკეთებენ შეთანხმების მიუღწევლობისა თუ მიღწეული კონსენსუსის ჩაშლისთვის. „სეიმოკრატიის“ დროს ჩვეულებრივი მოვლენაა ეროვნული არმიის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება. პილსუდსკის კეთილშობილი დიქტატორი შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ძალაუფლებას პირადი ინტერესებისთვის არ იყენებდა და როგორც პოლონელი პატრიოტი თავს არ ზოგავდა ქარიშხლიან საუკუნეში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის. როგორი ზედსართავი სახელიც არ უნდა წავუმძღვაროთ წინ ავტორიტარულ მმართველობას, ის მაინც უსამართლობასა და ერთგვარ ძალმომრეობაზე დგას.

კეთილშობილი და პატარა ქვეყნის ლოკალურ კონტექსტში მოქცეული დიქტატორების გარდა, მეორე მსოფლიო ომამდე ევროპის დაპყრობა ნამდვილმა დესპოტებმაც შეძლეს. მხოლოდ სახელების ჩამოთვლაც კი საკმარისია: ჰიტლერი, მუსოლინი, ფრანკო. ნაცისტებმა და ფაშისტებმა არა მხოლოდ დემოკრატიული წესრიგს გაუთხარეს საფლავი, არამედ კონკრეტული სოციალური ჯგუფების განადგურებას მიჰყვეს ხელი, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.

წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ასეთ ატმოსფეროში, ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების გარემოცვაში დემოკრატიის მშენებლობა და მისი შენარჩუნება? ალბათ ბევრი პირველივე შეტაკებისას დაყრიდა ფარ-ხმალს და თავს სასოწარკვეთას მისცემდა. თუმცა, 1930-იანი წლების ევროპაში მაინც გამოჩნდა სულ მცირე ორი ადამიანი, რომლებიც გრიგალის დროს დემოკრატიის პატარა ყვავილის გახარებას შეეცადნენ.

1936 წლის მაისში საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში „სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, რომელიც თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებდა რესპუბლიკის თითქმის ყველა პროგრესულ ძალას. გაერთიანებამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ლეონ ბლუმის კანდიდატურა წარადგინა. მაშინ, როდესაც გერმანია ჰოლოკოსტის განხორციელების პირველ და სასტიკ ფაზას იწყებდა, ამ დროს ფრანგებმა ქვეყნის მართვა ებრაელ სოციალისტს, პოეტსა და ლიტერატურის კრიტიკოსს გადაულოცეს. ევროპის ანტისემიტურ მთავრობებს ბლუმის დაწინაურებამ შოკი მოჰგვარა. ებრაული წარმოშობის მოღვაწის პრემიერ-მინისტრად არჩევით დანარჩენი კონტინენტის განცვიფრების პროცესი არ დასრულებულა, ბლუმმა თავის კაბინეტში სამი ქალი მინისტრი დანიშნა. საფრანგეთის მესამე რესპუბლიკაში ქალებს ხმის უფლებაც კი არ ჰქონდათ, „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა კი მათ სამთავრობო პორტფელები ჩააბარა. საფრანგეთისა და ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ქალი მინისტრი გახლდათ ირენ ჟოლიო-კიური, მეოცე საუკუნის უდიდესი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მარი სლადოვსკას ქალიშვილი. ლეონ ბლუმმა ქალების მთავრობაში დანიშვნის შემდეგ ხელი მიჰყო კრიტიკული მნიშვნელობის ეკონომიკური ობიექტების ნაციონალიზაციას, პროფკავშირების უფლებების გაფართოებას, 40-საათიანი სამუშაო კვირის დაკანონებას და ფრანკლინ დელანო რუზველტის „ახალი კურსის“ მსგავსი რეფორმების გატარებას. ყველაზე ხმაურიანი დეკრეტით კი საფრანგეთსა და მისი ზღვის გაღმა ტერიტორიებზე მთლიანად აკრძალა ფაშისტური ორგანიზაციების საქმიანობა.

ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ არის, როგორი „ნასიამოვნები“ დარჩებოდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მანქანის – ნაცისტური გერმანიის მთავარი არქიტექტორი მეზობელ ქვეყანაში ებრაელი პრემიერ-მინისტრის მიერ დაწყებული დიდი საქმეებით, ქალთა გათავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯებით, სოციალური სამართლიანობის დამყარების მცდელობითა და ფაშისტური ორგანიზაციების აკრძალვით. თან ეს ყველაფერი ხდებოდა არა პატარა, გავლენის არმქონე სახელმწიფოში, არამედ საფრანგეთში, მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ქვეყანაში.

სამწუხაროდ, მრავალპარტიული დემოკრატიისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების, პარტიებს შორის გაუთავებელი კონფლიქტების გამო ლეონ ბლუმის მთავრობამ დიდხანს ვერ გაძლო, თუმცა „სახალხო ფრონტის“ ხელისუფლების არცთუ ისე ხანგრძლივი არსებობა საკმარისი აღმოჩნდა ჰიტლერისა და სხვა დიქტატორებისთვის სილის გასაწნელად.

საფრანგეთი ზღვით მაინც ესაზღვრებოდა ანგლო-ამერიკულ დემოკრატიებს, ბრეტანის ნაპირებზე ატლანტის ოკეანეს მაინც მოჰქონდა დემოკრატიის ტალღები, ბლუმის პერიოდის პარიზი სრულ ალყაში არ ყოფილა. იმავეს ვერ ვიტყვით 1920-30-იანი წლების ჩეხოსლოვაკიაზე, რომელიც ყველა მხრიდან შემოჯარული იყო სხვადასხვა ტიპის დიქტატურით. ამ დროს კი ერთმა ბრძენმა ადამიანმა უდაბნოში ოაზისის მშენებლობა დაისახა მიზნად.

1918-1935 წლებში ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკას მეთაურობდა ტომაშ გარიგ მასარიკი. მან ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს განჭვრიტა, რომ გრანდიოზული სამხედრო-შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ მის სამშობლოსაც მიეცემოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის შანსი. ამიტომ დროს არ კარგავდა და მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში მოგზაურობდა, რათა ტყვედ ჩავარდნილი ჩეხებისა და სლოვაკებისგან მომავალი რესპუბლიკის არმიისთვის ჩაეყარა საფუძველი.

რესპუბლიკის დაარსების შემდეგ უზომო ავტორიტეტისა და გავლენის მქონე მასარიკმა უარი თქვა ერთპიროვნული რეჟიმის მშენებლობაზე. კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორმა მთელი თავისი ძალა და ენერგია დახარჯა იმისთვის, რომ პრაღა რეგიონის ერთადერთი საპარლამენტო სისტემის დედაქალაქი გამხდარიყო. პლატონისეული მეფე-ფილოსოფოსის განსახიერებამ – მასარიკმა ამოცანის გადაწყვეტა შეძლო. 1918-1940 წლებში, ურთულესი ქარტეხილებით სავსე პერიოდში ჩეხოსლოვაკიას ყოველთვის მრავალპარტიული მთავრობა და მრავალპარტიული პარლამენტი ხელმძღვანელობდა. სოციალ-დემოკრატები, ფერმერთა კავშირები, კათოლიკეები და ზომიერი ნაციონალისტები ყოველთვის ახერხებდნენ უმრავლესობის მოპოვებას საკანონმდებლო ორგანოში. რთული მოლაპარაკებების მიუხედავად, მაინც ქმნიდნენ კოალიციურ მინისტრთა კაბინეტს და კომუნისტური თუ ნაცისტური რევანშისგან იცავდნენ ახალგაზრდა რესპუბლიკას. მყარი საპრეზიდენტო ინსტიტუტისა და კომპრომისისთვის მუდმივად მზადმყოფი დემოკრატიული ძალების წყალობით ჩეხოსლოვაკია რეგიონში ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ცენტრად და უამრავი დევნილის თავშესაფრად ჩამოყალიბდა. მადლიერმა ხალხმა დემოკრატ ლიდერსა და ფილოსოფოსს „ტატიჩეკი“ (მამა) შეარქვა.

ერთხელ სერ ბერნარდ შოუსთვის უკითხავთ – „ვინ შეიძლება იყოს ერთიანი ევროპის ლიდერი?“ მან უპასუხა: „რა თქმა უნდა, მასარიკი!“. სამწუხაროდ, სულ რამდენიმე წელი გახდა საჭირო იმისათვის, რომ მიუნხენის სამარცხვინო კონფერენციის დასრულების შემდეგ შოუს თანამემამულეს, პრემიერ-მინისტრ ნევილ ჩემბერლენს მასარიკის შექმნილ რესპუბლიკაზე ეთქვა: „როგორი საშინელება, უცნაურობა და ფანტასტიკაა, რომ ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს სანგრების გათხრა და მოწამვლის საწინააღმდეგო ნიღბების მორგება საკმაოდ შორეული ქვეყნისთვის, ამ ქვეყანაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ხალხისთვის, რომელთა თაობაზეც არაფერი ვიცით“.

სამწუხაროდ, 30-იან წლებში ვერცერთმა დემოკრატიამ ვერ შეძლო თავის დაცვა. იმედია, იგივე არ განმეორდება ჩვენს საუკუნეშიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“