ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

პროფესია – მასწავლებელი

ალბათ ყველა მასწავლებელს ერთხელ მაინც სმენია ფრაზა: „თქვენ მთელი ზაფხული ისვენებთ“. ალბათ ისიც უთქვამთ, თქვენი სამუშაო დღე მალე მთავრდებაო. ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რომ ეს პროფესია გაცილებით მეტია, ვიდრე გაკვეთილზე მოსწავლეებთან ერთად გატარებული 45 წუთი დღეში მაქსიმუმ ექვსჯერ.

მასწავლებლები სკოლაში ადრე მიდიან ან შინ გვიან ბრუნდებიან; ხშირად ორივე ერთადაა, რადგან გაკვეთილებს დაგეგმვა სჭირდება, რესურსებს – მოპოვება, სამუშაო ფურცლებს – დაქსეროქსება, დახარისხება და აკინძვა, დავალებებს და ტესტებს კი – გასწორება. ხშირად მასწავლებლებს ტესტები და რვეულები სახლში დააქვთ, რომ მაშინაც კი იმუშაონ, როცა მათი სამუშაო დღე დიდი ხნის დასრულებულია. გინახავთ ის ცნობილი ნახატი? – ღამით ჩაბნელებული კორპუსია გამოსახული, ყველას სძინავს და მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გამოდის სინათლე. ამ ფანჯარას ხშირად აწერია ხოლმე: მხატვარი, მთარგმნელი, მწერალი… არასდროს – მასწავლებელი. თუმცა ცოტა თუ ხვდება, რომ ფანჯრის უკან სწორედ მასწავლებელი ზის და ტესტებს ასწორებს, ან რვეულებს, ან გაკვეთილს გეგმავს და რესურსებს ახარისხებს. რადგან მისი „მოკლე“ სამუშაო დღე არასდროსაა საკმარისი ყველა იმ პასუხისმგებლობისა და საქმისთვის, რაც ჩაბარებული აქვს.

მასწავლებლები ზოგჯერ ღამის თერთმეტ საათზეც კი პასუხობენ მშობლების ზარს. ეს ზარი კი მათ მომდევნო დღისთვის მოსამზადებელ რუტინას აწყვეტინებთ, რომელიც აგრეთვე სამუშაო დღესთანაა დაკავშირებული. სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, სიმართლე კი ერთია: მასწავლებლის მოკლე სამუშაო დღე სინამდვილეში ძალიან გრძელი და აუნაზღაურებელია, რადგან, როგორც წესი, მასწავლებლის ანაზღაურება მოსწავლეებთან გაკვეთილზე გატარებული 45 წუთის სიმრავლით განისაზღვრება. ამის შემდეგ რაც ხდება, ის ე.წ ოვერთაიმია, რაზე უარის თქმაც მასწავლებელს არ შეუძლია, რადგან შუაში მოსწავლე დგას, მოსწავლე კი მასწავლებლისთვის პირველია და ამ ყველაფერში ბრალი არ მიუძღვის. მას ვერ გაემიჯნები, ვერ გაიფიცები. ყოველთვის, როცა მასწავლებელი საკლასო ოთახის კართან დგას, ყველა წყენას, ბრაზს და იმედგაცრუებას კართანვე ტოვებს. ვინც კარს იქით ხვდება, მუდამ ღიმილიანს ხედავს და ზოგჯერ ვერც წარმოუდგენია, რომ შეიძლება, მასწავლებელს რამე აწუხებდეს. ერთი მხრივ, ეს აუცილებელიცაა, თუმცა მეორე მხრივ…

მასწავლებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ცხოვრება სკოლის კედლების გარეთაც აქვთ, რისი გააზრებაც მშობლებს ხშირად მოსწავლეებზე არანაკლებ უჭირთ. როგორც ყველა ადამიანს, მასწავლებლებსაც ხშირად უწევთ პირად პრობლემებთან გამკლავება. თუმცა, პროფესიის ბუნებიდან გამომდინარე, ამის დამალვა უხდებათ. ადამიანების უმეტესობას ჩვევად აქვს, გაღიზიანება სხვა ადამიანებზე გადაიტანოს. წარმოიდგინეთ, რამდენი შინაგანი ძალის მობილიზებაა საჭირო, რომ ეს დათრგუნო და არ შეგეშალოს, არ გაღიზიანდე მეასედ დასმულ ერთსა და იმავე შეკითხვაზე, ხმაურზე, დაუმორჩილებლობაზე, არსაიდან მოსულ უკმაყოფილებაზე და ა.შ. რადგან თუ გაღიზიანდი, მერე შენვე ინანებ, მომდევნო კვირებს იმაზე ფიქრში გაატარებ, რომ ბავშვებს (შენგან განსხვავებით, – შენ ხომ ზრდასრული ხარ) თავიანთი ემოციებისა და საქციელის კონტროლი ხშირად არ შეუძლიათ და ამის გამო ტკივილი არ უნდა მიაყენო, თუნდაც სულ მცირე. იქნებ რა უჭირდათ მაშინ, როცა შენიშვნა მიეცი, იქნებ რა უჭირდათ მაშინ, როცა მათ ვერ ხედავდი, იქნებ რა უჭირთ მაშინ, როცა სკოლიდან მიდიან, იქნებ რა უჭირთ მაშინ, როცა სკოლას აცდენენ… და ასე გადადის მასწავლებლის განცდები უკანა პლანზე.

მასწავლებელი მუდამ თავის თავს ადანაშაულებს, თუმცა მისთვის მაინც გულდასაწყვეტია, როცა მედიაც და მედიის გავლენით ხალხიც პრობლემას ყოველთვის მასწავლებელში ხედავს. შუქდება ნეგატიური ამბები იმის შესახებ, რომ ერთეულებს რაღაც შეეშალათ, რაღაცას თავი ვერ გაართვეს… რატომ არ ჰყვებიან მათზე, ვინც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს, დადის წრეზე, რომელიც მოსწავლის ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე მიყვანას გულისხმობს? ამ თავდაუზოგავი შრომის პარალელურად ყველა თითს გიქნევს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ და ბევრს არ აკეთებ, რომ თან, აი, ეს უნდა ქნა, კიდევ, აი, ეს და, აი, ესეც. მოსწავლეების უმეტესობაც ხომ, სამწუხაროდ, ძალიან გვიან ხვდება, თურმე რამდენს აკეთებდა ესა თუ ის მასწავლებელი მისთვის.

ამიტომ ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ მასწავლებლის პროფესიის შეფასებისას. მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ბრძოლა საკუთარ განცდებსა თუ ემოციებთან. მათ მუდამ უწევთ, რაღაცები წერონ სამუშაო საათების შემდეგ, ზოგჯერ ისეთი რამეებიც კი, რაც სწავლებასთან არაფერ კავშირშია. მათ მუდამ უწევთ, ისეთ ადამიანებს უსმინონ (სამუშაო საათების შემდეგაც) და თავი უქნიონ, ვინც კლასში ერთხელაც კი არ შესულა გაკვეთილის ჩასატარებლად. მათ მუდამ უწევთ, განვითარებაზე იზრუნონ და მაინც უპერსპექტივობას აწყდებოდნენ.

რაღაც გაგებით, კარგი მასწავლებელი კარგი მსახიობია. უოცნებია თუ არა ამაზე ბავშვობაში, მაინც მოუწია, რომ სცენაზე იდგეს. ოღონდ ეს სცენა სხვანაირი დეკორაციებითაა, შენ წინ ფარდაა არ არის, ის არასდროს დაიხურება, რომ ამოისუნთქო. ყველა გამომცდელი თვალით გაკვირდება, ისიც კი, ვინც ყოველდღიურ მაყურებლებს შორის არ ზის. მასწავლებლობა ინტროვერტების პროფესია ნამდვილად არ არის, თუმცა დროთა განმავლობაში ინტროვერტები წარმატებით ვითვისებთ ექსტრავერტების სოციალურ უნარებს და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყოველდღიურად მართლა სცენაზე ვდგავართ.

ერთი დამღლელი დღის ბოლოს ჩემმა მეგობარმა, რომელიც ფარმაცევტია, მკითხა, რომელი პროფესია უფრო რთულიაო. მე ვუთხარი: შენი, რადგან აფთიაქში შემოსული მომხმარებელი ხშირად გეჩხუბება, მე კი დაღლას და გადაწვას მოსწავლეების მიერ უკან დაბრუნებული სიყვარული მიწონის-მეთქი. დღემდე ასე ვფიქრობ. თუმცა მაინც ნურასდროს ეტყვით მასწავლებელს, შენ რა გენაღვლებაო – ხშირად ისინიც ისხამენ დასამშვიდებლად სახეზე ცივ წყალს გაკვეთილზე შესვლის წინ, თუ, რა თქმა უნდა, საპირფარეშოში შესვლა მოსწრეს და დღის ბოლოს არ გაახსენდათ, რომ დღეს ეს არც კი გახსენებიათ.

ყავა კი მუდამ მაგიდაზე დევს და ცივდება.

ჩამოჯექი, მასწავლებელო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“