სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბალადა გატეხილ ცხვირზე

ამ სტატიაში ერთ მომცრო ზომის ძალიან საყვარელ წიგნზე მინდა მოგიყვეთ. გენდერული სტერეოტიპების გაღვივებაში ნუ შემომედავებით, მაგრამ როცა წიგნს „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ ჰქვია, მიხვდებით, რომ მთავარი გმირი ბიჭია. ეს წიგნი საინტერესო იქნება ბიჭებისთვისაც, გოგონებისთვისაც და მოზრდილებისთვისაც. მთავარი ამბები პროტაგონისტის და მისი მეგობარი გოგონას თითქოსდა უცნაური ურთიერთობების ფონზე ვითარდება. ნიჭიერი ნორვეგიელი მწერლის, არნე სვინგენის მთავარი გმირის ცხოვრება საკმაოდ რთულია. ცამეტი წლის ბარტი დედასთან ერთად ღარიბულად ცხოვრობს. დედას ძალიან უყვარს, მაგრამ თავის მოვალეობას ალკოჰოლის ზედმეტი სიყვარულის გამო არასათანადოდ ასრულებს. ბარტსაც ირგვლივ დიდი და მცირე პრობლემები ახვევია, მაგრამ არასოდეს ნებდება, არც ცხოვრების ხალისს კარგავს.

ეს წიგნი ჩვენთვის, მასწავლებლებისთვისაც საინტერესოდ მიმაჩნია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი კი ის გახლავთ, რომ კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ უმეტესწილად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ამა თუ იმ ასაკის, პროფესიის, ეროვნების ადამიანების პრობლემებს სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში. 13 წლის ნორვეგიელ ბიჭს თითქმის იგივე პრობლემები აქვს, რაც ამავე ასაკის ქართველს, ქართველისთვის არატიპური მშობლისა და ბებიის მიუხედავად, აქაც დავინახავთ ბევრ მსგავსებას, სკოლაში განვითარებული მოვლენებიც ნაცნობია. ასე რომ, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს პრობლემებზე და მათ მოსაგვარებლად ადეკვატური მოქმედებების განხორციელებისკენაც გვიბიძგებს.

როგორც აღვნიშნეთ, ბარტს პრობლემები ნამდვილად არ აკლია. მოსიყვარულე დედა ალკოჰოლისადმია მიდრეკილები და ზოგჯერ საავადმყოფოშიც ამოყოფს ხოლმე თავს, მამის ვინაობა საერთოდ არ იცის, ღარიბია და ისეთ უბანში ცხოვრობს, თანაკლასელებთან გამხელაც არ სურს, კრივი არ ეხერხება და თავს მაინც არ ანებებს, სიმღერა უყვარს და სახალხოდ ვერ მღერის, სკოლაშიც პრობლემები აქვს… საოცარია, რომ ეს ბიჭი მაინც ახერხებს ყველა პრობლემას თავისებურად ებრძოლოს და რაც მთავარია, მშვიდად და რეალისტურად უყუროს ცხოვრებას, არ დაკარგოს ოპტიმიზმი და რაც ყველაზე საოცარია, იზრუნოს ზოგად პრობლემებზე.

ბარტი გონიერი ბიჭია, ის ერთი წუთითაც არ კარგავს რეალობის შეგრძნებას, მაგრამ ამავდროულად თავისი წარმოსახვითი სამყაროც აქვს, რეალური და წარმოსახვითი სამყაროები მისთვის თანაარსებობენ და მოხერხებულად შეუძლია გარემოების შესაბამისად იმოქმედოს. ზოგჯერ ეს სამყაროები ერთმანეთში აირევა ხოლმე და ბარტი იძულებულია მოიტყუოს. იგონებს, რომ თითქოს სერიული მკვლელების ფოტოებს აგროვებს, სინამდვილეში თანაკლასელებზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდა, რომ აგრესიის მსხვერპლი არ გახდეს, რისიც ძალიან ეშინია. ზოგჯერ დედას აჰყვება ხოლმე უნიჭო ტყუილებში ბებიის თვალის ასახვევად.

ბარტი ასე თუ ისე მშვიდად უმკლავდება თავის პრობლემებს, სანამ მისი პერსონით თანაკლასელი გოგო არ დაინტერესდება. ბარტი გაკვირვებულია, ვერ ხვდება რა განზრახვები აქვს მის მიმართ კლასის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გოგოს, მაგრამ ურთიერთობაზე უარს არ ამბობს, თუმცა ფიქრობს, გაუმხილოს თუ არა თავისი საიდუმლოებები, აცნობიერებს, რომ ადამ ისინი შეიძლება გათქვას, მაგრამ გოგონას მაინც მიენდობა. აქედან იწყება ბარტის უსიამოვნო თავგადასავლები, სხვებისთვის მჟღავნდება სწორედ ის დაფარული მხარეები, რომლებსაც ბარტი საგულდაგულოდ მალავდა. ძალიან უცნაურია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამ მისი პირველივე საიდუმლო გათქვა, ბარტი მაინც აგრძელებს მისთვის თავისი დაფარული გრძნობების, ნიჭებისა თუ ამბების განდობას.

რა შეიძლება ვუწოდოთ ასეთ საქციელს? ალბათ ის, რომ დაფარული ცხოვრება არ არის ნამდვილი ცხოვრება, ტყუილები დროებით შეიძლება დაგვეხმაროს, მაგრამ მასზე მთელ ცხოვრებას ვერ ავაგებთ. ბავშვებს არ უნდა რცხვენოდეს იმ გარემოებების, რომლებიც მათგან დამოუკიდებლად არსებობს, არამედ მათთვის თვალის გასწორება და, თუ შესაძლებელია, გამოსწორებაზე ფიქრი უნდა შეეძლოთ. ბარტი სწორედ ასეთი ბიჭი გამოდგა, ის ჯერ ჩუმად უმკლავდებოდა პრობლემებს. შემდეგ კი, როცა მისი პრობლემები ადამ არცთუ სასიამოვნო ფორმით გაიტანა სააშკარაოზე და ამით ბარტს უსიამოვნებები მოუტანა, ბარტი არც მეგობარზე დაბოღმილა, არც პრობლემებს გაქცევია, ადასთან მეგობრობაც გააგრძელა. თითქოს მიხვდა, რომ გოგო ამას ბოროტი განზრახვით არ აკეთებდა, რომ ამგვარად ადას ის ცხოვრებასთან პირისპირ გამოჰყავდა. თუმცა ეს ჩემი მოსაზრებებია და როცა წიგნს წაიკითხავთ, შეიძლება სხვაგვარადაც იფიქროთ. ერთი რამ კი ცხადია, ადა საბოლოოდ ნამდვილი მეგობარი აღმოჩნდა და ბარტს თავისი ცხოვრების უდიდესი შიშის დაძლევასა და ნამდვილი ტრიუმფის მოწყობაში დაეხმარა.

რომ არა ადა, ბარტი ალბათ ვერაფრით მოახერხებდა თავისი დაფარული ტალანტის, საოპერო ნიჭის გამოჩენას. გოგონამ ჯერ თავის კერპს, მომღერალ ბრინ ტერფელს შეახვედრა სასტუმროში, შემდეგ კი კიდევ უფრო საოცარი საქციელისკენ უბიძგა, სახალხოდ სიმღერის შიში დააძლევინა და მან დიდებულად იმღერა სკოლის ზეიმზე. ერთადერთი ადამიანი, ვინც იცოდა, რომ ბარტს სიმღერა შეეძლო, ადა იყო, მან არ მისცა ბარტს ხელის ჩაქნევის უფლება და საოცარი ოსტატობით დააძლევინა შიში. როგორც ჩანს, თვითრწმენაც რომ გვქონდეს, ზოგჯერ მიზნის მისაღწევად სხვასაც უნდა სწამდეს ჩვენი წარმატების. მიუხედავად იმისა, რომ ბარტი სულაც არ არის სუსტი ნებისყოფის ბიჭი, ფიზიკურადაც იბრძვის, მოხერხებულობაც არ აკლია და საზოგადო საქმეებზე ზრუნვაც შეუძლია, თავისი ყველაზე დიდი ნიჭის გამოვლენაში მეგობარი ეხმარება.

ამგვარად, ეს წიგნი მოზარდების მეგობრობაზეა, როგორ იცხოვრონ მათ არცთუ მარტივ გარემომცველ სამყაროში, სადაც ისინი უამრავ დიდსა თუ პატარა პრობლემას აწყდებიან, როგორ შეინარჩუნონ სულიერი სიმტკიცე, როგორ იპოვონ მიზნისაკენ მიმავალი გზა. მოზარდებისთვის მთავარი ავტორიტეტი, როგორც ჩანს, მაინც მათივე თანატოლები არიან, ნამდვილი აღიარება და მეგობრობა მათთან არის შესაძლებელი. მოზარდებს ზოგადად უჭირთ ემოციების გარეშე, მშვიდად გააანალიზონ მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, მაგრამ ემოციური ფონი ორმაგდება, როცა ისინი თანატოლების მხრიდან შეფასების ობიექტი ხდებიან. ყველა ნიუანსი ძალზე მნიშვნელოვანი ხდება მათთვის: გარეგნობა, სოციალური მდგომარეობა, ჩაცმულობა, საცხოვრებელი. მოზარდებს უჭირთ იმის გაანალიზება, რომ ბევრი გარემოება, რითაც ისინი შეიძლება თანატოლის მიერ შეფასდნენ, მათზე სულაც არ არის დამოკიდებული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არაფერს ცვლის. მოზარდებისთვის მათი თანატოლის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება, უფროსების ამოცანა ის არის, როგორ მოვახერხოთ ჩვენი ლოგიკურად ახსნილი მოსაზრებები იმგვარი ფორმით მივიტანოთ მათთან, რომ არ ვეცადოთ თანატოლების მოსაზრებების უშედეგო უგულებელყოფას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“