ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

„წიფობისთვის“ სურნელი

რეზო ჭეიშვილი შესანიშნავი მთხრობელია. მისთვის მწერლობა თავისუფლებაა, არტისტული თამაშია. ამიტომაც ასეთი მრავალფეროვანია მის მიერ შექმნილი მხატვრული სამყარო. ამის მეტყველი დადასტურებაა მისი არაერთი რომანი თუ მოთხრობა („ცისფერი მთები“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „მუსიკა ქარში“, „ქალაქში დინოზავრები დადიან“, „დალი“ და სხვა მრავალი). მისი სტილის სილაღე, ექსპრესიულობა, სიმსუბუქე განაპირობებს იმას, რომ მის ნაწარმოებებს, რომლებიც თანაბარი სისავსით გამოხატავენ კერძო, ეროვნულსა თუ ზოგადსაკაცობრიო სატკივარს, მკითხველი, მართლაც, ერთი ამოსუნთქვით კითხულობს. მისი გამორჩეული პერსონაჟები გამუდმებით მიუყვებიან სულიერსა თუ მატერიალურ გზებს და სახიფათო გზაჯვარედინებზე შეყოვნებულნი ისეთ არჩევანს აკეთებენ, რომელიც მკითხველს ადამიანური ყოფის მარადიულ „წყევლა-კრულვიან“ საკითხებზე დააფიქრებს.  მწერალმა იცის საიდუმლო, როგორ დაიწყოს თუ დაამთავროს ამბავი, თხრობაში როგორ შემოიყვანოს პერსონაჟები და როგორ აღბეჭდოს მათი დაუვიწყარი სახეები მკითხველის წარმოსახვაში. ასეთი გამორჩეულია მისი მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის წიგნი „წიფობისთვე“, რომელიც მწერლის მრავალწახნაგოვან ცხოვრებას ირეკლავს. აქ არის თავმოყრილი წერილები, რომლებშიც წარმოჩენილია მწერლის შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, მწერლებთან, მსახიობებთან, სპორტსმენებსა თუ რაიმე სხვა კუთხით გამორჩეულ ხალხთან. აქვეა მისი ცხოვრებისეული გამოცდილების ამსახველი ჩანაწერები, რომლებშიც ავტორი მსჯელობს წარსულისა თუ აწმყოს საჭირბოროტო საკითხებზე და როგორც ნიჭიერ მწერალს შეეფერება, წარმოაჩენს თავის დამოკიდებულებას ერის აწმყოს, წარსულსა თუ მომავალთან.

„მთელ ციკლს დაზოგილი მინდა ვუწოდოო“, – შესავალში აღნიშნავს მწერალი და იქვე დაამატებს: ენაკვიმატი დაგოზილად გადააკეთებსო,  თუმცა თვითონვე ენაკვიმატობს: „ჭურებს გოზავენ ხოლმე შემოდგომაზე. საგოზავად იყენებენ წითელ მიწას – აყალოს. შიშველი, დააბედებული ფეხისგულებით ზელენ და არბილებენ. ჭურის მოხდა და დაგოზვა იმერეთში პროცესი იყო, არის კიდეც, მისტერიული. ბწკიალი გააქვს თავმოხდილი ჭურიდან ძველ ღვინოს“. მკითხველს არ გამორჩება ამ მახვილგონივრული მსჯელობის მცირე დეტალი – ერთი სიტყვა როგორ მოიყოლებს ამბავს,  გემრიელსა და სურნელოვანს! წიფობისთვე (ოქტომბერი) გრიგოლ რობაქიძის ცნობილი „ანდერძიდან“ გაახსენდება მკითხველს. უცხოეთში ნოსტალგიით გატანჯული მწერალი სთხოვს ქართველ დედებს, რომ „წიფობის, მისი დაბადების თვეში“, წავიდნენ სვეტიცხოველში და პატარა სალოცავის წინ მის სახელზე დაანთონ სანთელი: მეტს არას ვთხოვ საქართველოსო. „წიფობისთვე“ ისეთი სავსე სიტყვაა, თითქოს ხედავ და შეიგრძნობ შემოდგომაზე დამწიფებულ ნაყოფთა წებოვან სიტკბოს, თავბრუდამხვევ სურნელსა და მსუყე ფერთა გრადაციებს.

რეზო ჭეიშვილის „წიფობისთვეში“ მოთხრობილ ყველა ამბავს ისეთი თავისებური დრამატურგია აქვს, რომ გარწმუნებს, როგორ შეუძლია მწერალს, ყოველდღიური რუტინული ნაცრისფერი ერთფეროვნებიდან ლამაზი, გულშიჩამწვდომი, დასამახსოვრებელი ამბავი გამოადნოს. იგი მკითხველს ეხმარება, სხვაგვარად შეხედოს ნაცნობ, გაცვეთილ, მობეზრებულ ყოფას, ირონიით დაძლიოს წუთისოფლისეული ათასგვარი მცირე თუ დიდი ტკივილი.

წიგნში სრულიად ახლებური კუთხით დავინახავთ ჩვენთვის საყვარელ მწერლებსაც. მაგალითად, რეზო ინანიშვილს. როდესაც მასზე გვესაუბრება რეზო ჭეიშვილი, იხსენებს მის ჩანაწერს ეგნატე ნინოშვილზე: „34 წლისა გარდაიცვალა ფილტვების ტუბერკულოზით. სოფელში კუბოსთვის ფიცრები ვერ იშოვეს, მთლიანი მორი ამოგულეს, შიგ ჩაასვენეს და ისე დამარხეს. მის კალამს ეკუთვნის „პალიასტომის ტბა“, „ჯანყი გურიაში“, „გოგია უიშვილი“, „ჩვენი ქვეყნის რაინდი“ და სხვ. თუმცა სულ დამავიწყდა მეკითხა: გიყვართ, საერთოდ, მოთხრობები თუ არა?“. შემდეგ რეზო ჭეიშვილი განაგრძობს: „რეზომ მეტხანს იცხოვრა, მეტიც მოასწრო. თხზავდა მოკლედ, თუმცა კი ბევრი დაწერა. პატარაში იმდენი დაატია, ვერ ჩამოთვლი: გადაგირჩევდით, მაგრამ (ადრე უნდა მეკითხა) გაინტერესებთ, კითხულობთ რეზო ინანიშვილის მოთხრობებს?“ ჩვენც ხალისით ვუპასუხებთ, ჩვენდა საბედნიეროდ, დიახ, ვკითხულობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მწერალს მარადისობისკენ გზას დავულოცავთ და გავუკვალავთ.

ახლა რეზო ჭეიშვილზე როცა ვფიქრობთ,  იქნებ ჯერ უნდა ვიკითხოთ: ძვირფასო მკითხველო, გიყვართ რეზო ჭეიშვილის შემოქმედება? ალბათ, გიყვართ, რადგან როგორც მკითხველთა გამოცდილი უჩინარი ხმა გიკარნახებთ, არ შეიძლება, წაიკითხოთ და არ მოგეწონოთ, არ შეგაყვაროთ თავი, იმდენად მიმზიდველი თხრობის მანერა აქვს, ისეთი გულღიაა, გულწრფელი და თანაც, იუმორით სავსე, რომელსაც ხანდახან დიდი სევდაც გამოერევა ხოლმე.

რეზო ჭეიშვილი სიმონ ჩიქოვანთან შეხვედრებს როცა იხსენებს, ორიოდე შტრიხით, ფსიქოლოგიურად ზუსტი ნიუანსებით მოხაზავს მის პორტრეტს. პოეტის ახლო გასაცნობად ერთ ასეთ ამბავსაც ჰყვება: სიმონ ჩიქოვანის იუბილე გადაიხადეს ქუთაისში. შემდეგ, სუფრას რომ შემოუსხდნენ და ილხენდნენ, მოულოდნელად დარბაზში შუქი ჩაქრა. სიჩუმე იუცხოვა პოეტმა, სიბნელე ვერ გაიგო და იკითხა: „რა მოხდა?“ ვიღაცამ შორიდან იყვირა: დენი წავიდაო. რომ არ ეყვირა, ვერ მივხვდებოდით? სიმონი სათვალეს ისწორებდა, თითქოს დენს ეძებდა, ასანთის შუქში ჩანდა ლანდად“. ასე მხოლოდ რეზო ჭეიშვილს შეუძლია, რომ დაგვიხატოს მონათესავე სულის შემოქმედი, ასანთის შუქში ალანდული.

საგულისხმოა რეზო ჭეიშვილის, როგორც მწერლის, დაკვირვებები სხვათა შემოქმედებაზე. ზოგადად, ამგვარი ჩანაწერები ყოველთვის გამოირჩევა სუბიექტურობითა და სითამამით. რეზო ჭეიშვილის დაკვირვებები მოზომილი და ობიექტურია. იგი გიორგი ლეონიძეზე წერს: „მის „ნატვრის ხეს“ არ სჭირდება სხვისი დამცრობის ხარჯზე ამაღლება. თუ საქართველო იქნება, ლეონიძის შემოქმედებასაც არ მოაკლდება ელვარება – პოეზიას მისას კი, თუ რაიმე წაემატება, თორემ არაფერი ჩამოაკლდება. არ სჭირდება დამცველები და აპეკუნები, ამ ბოლო დროს რომ მოუმრავლდნენ, არც სხვასთან გაჯიბრება და გატოლებაა საჭირო; ყველა დიდს დიდი და თავისი ადგილი აქვს ერის სულიერებაში“.

რუსთაველი თუ შექსპირი? ხანდახან ასეთი, ერთი შეხედვით, უწყინარი კითხვაც იწვევს ხოლმე კამათს, როდესაც ვინმე კოსმოპოლიტსა თუ გლობალისტს, ნიჰილიზმით შეპყრობილს, მშობლიური მწერლობა „დიდი გადასახედიდან“ ეპატარავება. მწერალს ამ „მარადიული“ დავის შესახებაც გამოთქმული აქვს თავისი მახვილგონივრული თვალსაზრისი: „ჩვენთვის რუსთაველი, დანარჩენი მსოფლიოსთვის – შექსპირი!“.

მრავალ მოგონებათაგან კიდევ ერთს გამოვარჩევთ. კონსტანტინე გამსახურდიასთან შეხვედრების შესახებ გვიამბობს შთამბეჭდავად. ერთხელ კი მწერალს სუფრაზე უთქვამს: „მე თქვენ, ახალგაზრდებს, იმით კი არ გჯობივართ, რომ, როგორც აქ აღინიშნა, დიდი მწერალი ვარ და საზღვარგარეთ მისწავლია, არა, მე თავისუფალ საქართველოს შევესწარი, მართალია უდღეურს, მაგრამ მაინც თავისუფალს“.

სპარტაკ ბაღაშვილზე მოგონებას კი ასე ამთავრებს მწერალი: „ახლაც ვხედავ ჭადრის ჩრდილ-შუქში, მზის ლაქებში, სიცხეში, ვხედავ… იმიტომ, რომ იყო, იყო იმიტომ… რომ არი“. არ შეიძლება აქ ფოლკნერის ცნობილი ფრაზები არ გაგვახსენდეს მისივე სანობელე სიტყვიდან. მწერალმა სწორედაც ადამიანის „აქ მყოფობა“ რომ უნდა აღბეჭდოს, სიცოცხლეს შეეწიოს, რადგან ნებისმიერ მოკვდავს უკვდავება სწყურია. რეზო ჭეიშვილის ეს პატარა წიგნიც მკითხველისთვის სულიერ-მატერიალურ გზებზე ფიქრით მიმოსვლის, სიტყვის სამყაროში დაუვიწყარ და შთამბეჭდავ მოგზაურობად შეიძლება იქცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი