ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024
28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

შინაგანი ხმა – აღმზრდელების მარადიულობის სამყოფელი

თითოეულ ადამიანში არსებობს აღმზრდელების მარადიულობის განსაკუთრებული სამყოფელი: ადამიანის შინაგანი ხმა ან შინაგანი მეტყველება.

რა არის შინაგანი ხმა ან შინაგანი მეტყველება?

ადამიანის შინაგანი ხმა ან შინაგანი მეტყველება თითქმის უწყვეტად მიმდინარე ურთიერთობაა, რომელიც მას როგორც საკუთარ თავთან, ასევე ირგვლივ მყოფებთან აკავშირებს, მის შინაგან სამყაროს ამრავალფეროვნებს, აღძრავს ვნებათაღელვას. ის შინაგანი მდგომარეობების მონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობაა.

ჩვენი შინაგანი ხმა, ზოგჯერ – ჩუმი და მოუხელთებელი, ზოგჯერ – ხმამაღალი და მკაფიოდ მჟღერი, ზოგჯერ – სიტყვებში მოქცეული და ზოგჯერ – გამოსახულებებით გამოვლენილი, თითქმის უწყვეტად აფასებს ჩვენს ქცევებს, აზრებს, შინაგან სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს, ირგვლივ მყოფებსა და გარემოს.

ზოგიერთი ადამიანის შინაგანი მეტყველება, ძირითადად, დამნდობი და შემწყნარებელია, რაც წონასწორობის მდგომარეობას უზრუნველყოფს და როგორც საკუთარ თავთან, ისე ირგვლივ მყოფებთან გაწონასწორებული ურთიერთობის ერთ-ერთი წინაპირობაა, ზოგიერთი კი მკაცრი, მომთხოვნი, ხშირად სასტიკი და დაუნდობელი შინაგანი მეტყველების წინაშე დაუცველ, უსუსურ, წინააღმდეგობის უნარის არმქონე, განიარაღებულ ბავშვად გარდაისახება. გამკიცხავი შინაგანი ხმის წინაშე ხშირად განიარაღებული ადამიანის სხეულიც იცვლება: ის იხრება, ზურგი აუტანელ სიმძიმეს შეიგრძნობს, ადამიანი ტირილს იწყებს, ცდილობს, ხმის წინაშე თავი იმართლოს, გადარჩეს, როგორმე შეინარჩუნოს წონასწორობა, თუმცა დიდი ძალისხმევის ფასად თუ შეუძლია, გაუმკლავდეს ამგვარი შინაგანი ხმის ზეწოლას.

გამკიცხავი შინაგანი ხმა მოქმედებს როგორც წამოწყებებისა და სურვილებისადმი მტრულად განწყობილი, დამამუხრუჭებელი, უკიდურესი დაძაბულობის ჩამსახველი და მკვებავი შინაგანი მეტყველება, რომელიც ადამიანს ან სრული თავშეკავებისკენ უბიძგებს, ან, სასოწარკვეთილებისგან გათავისუფლების მიზნით, ადამიანი გამკიცხავი შინაგანი მეტყველების სრული დავიწყების და მისი არსებობის უგულებელყოფის მცდელობისას ამ ხმის ბრძნულ და გონივრულ ნაწილსაც ივიწყებს და გარე დამკვირვებლისთვის წინდაუხედავად, მეტიც, უგუნურადაც კი იქცევა. თუმცა, როგორც წესი, მსგავსი მოჩვენებითი თავისუფლების საზღაური უკიდურესად უსიამოვნოა: დროებით, დიდი ძალისხმევის ფასად ჩახშობილი, დაუნდობლად გამკიცხავი შინაგანი ხმა უფრო ხმამაღლა იწყებს საუბარს, ვიდრე მანამდე, სანამ ადამიანი დათრგუნვილი ან უმოქმედო იყო. მისი „გაჩუმება“ ან ხმისგან დროებით გადამალვა მაინც თითქმის შეუძლებელი ხდება.

ვისი ხმა აქვს შენს შინაგან მეტყველებას?

შინაგანი ხმის „შიგთავსი“, როგორც წესი, პიროვნებისთვის ავტორიტეტული ადამიანების, სახელდობრ, მის აღზრდაში მონაწილეების: მშობლების, მასწავლებლებისა და ლექტორების, – დამოკიდებულების ერთობლიობაა, რომელიც პიროვნებამ გაიშინაგნა.

ზოგიერთი ადამიანი, ბუნებრივი წინასწარგანწყობიდან – ტემპერამენტის თავისებურებებიდან გამომდინარე, გაცილებით სწრაფად გაიშინაგნებს გამკიცხავ დამოკიდებულებას, ვიდრე მსგავსი დამოკიდებულებისადმი ნაკლებად მგრძნობიარე ტემპერამენტის მქონე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, შინაგანი მეტყველების შინაარსი, მისი „შიგთავსი“ ადამიანისკენ მიმართული თანმიმდევრული, ხშირად გამოვლენილი დამოკიდებულებების გაშინაგნების შედეგია.

ზოგიერთი ადამიანი სწრაფად ასახელებს, ვისი ხმით მეტყველებს მისი შინაგანი ხმა. ზოგჯერ შინაგანი მეტყველება მისი რომელიმე ან ორივე მშობლის, მასწავლებლების და სხვა აღმზრდელების ხმების ერთობლიობაა, ზოგჯერ კი შინაგან ხმას დაკარგული აქვს პირველწყაროსთან კავშირი და მთლიანადაა განზავებული და გაიგივებული გამკიცხავ შინაგან მეტყველებასთან. ადამიანს სხვანაირად ვერც კი წარმოუდგენია: მისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ საკუთარი თავისა და სხვებისადმი სხვაგვარი, მეტად შემწყნარებლური დამოკიდებულებით შეფერილი შინაგანი მეტყველებაც არსებობს.

გამკიცხავი შინაგანი მეტყველება ადამიანისგან უპირობო ნდობასა და მორჩილებას ითხოვს. მისთვის ცდომილება როგორც ბუნებრივი ადამიანური მოვლენა არ არსებობს, ის ყოვლისმცოდნეა, ხოლო მასთან კამათი ან წინააღმდეგობა – დაუშვებელი. მისი საზომი შედეგია, შედეგამდე სავალ გზაზე ადამიანის მოთხოვნილებებისა და შეზღუდვების გათვალისწინება მისი პასუხისმგებლობა არ არის. ის მოითხოვს, თუმცა მოთხოვნების საპასუხოდ არაფერს სთავაზობს ადამიანს. მუდამ უკმაყოფილოა, მუდამ დამწუნებელი, თუმცა თავადაც არ იცის, სახელდობრ, რა სჭირდება კმაყოფილებისათვის. მკაცრია, მაგრამ არა დამაკვალიანებელი.

ამგვარი შინაგანი მეტყველების მქონე ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ დაუკვალიანებლობა და გზააბნეულობა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომ მათ არ ესმით, სახელდობრ, რას ითხოვს მათგან მათივე მომთხოვნი შინაგანი მეტყველება და მასში კმაყოფილების აღძვრის ზოგჯერ უწყვეტი მცდელობების მიუხედავად, მისგან გამოძალული კმაყოფილება და სიამაყე მსწრაფლწარმავალი, ხანდახან მოუხელთებელი და ხშირად მყიფე და მსხვრევადია.

ადამიანის შინაგანი მეტყველების უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი მისი ავტორიტეტულობის განცდაა. აქედან გამომდინარე, ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორები იყვნენ ადამიანის ცხოვრებაში ავტორიტეტული სხვები, რომელთაც მისი ასაკის თანმხლები უსუსურობა-უძლურებიდან თუ შეზღუდვებიდან გამომდინარე, ნდობის პასუხისმგებლობა გადაეცათ.

ვისი ხმისაა შენი შინაგანი მეტყველება და როგორია მისი ხმა?

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მწერალი პოლიციიდან

ტექსტები და ქვეტექსტები

პაოლო

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი