ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

სახალისო–შემოქმედებითი  აქტივობები

მოსწავლეთა აზროვნების დონის ან მასალის ფლობის ხარისხის განსაზღვრა  ძირითადად წერითი და ზეპირი აქტივობების საშუალებით ხდება, მასწავლებელი ვალდებული გახდა, შექმნას ელექტრონული რესურსი და მოსწავლე დააინტერესოს, რაც  არც ისე მარტივია.

სააზროვნო შემოქმედებითი ხასიათის რესურსების შექმნაზე წლებია ვმუშაობთ, ისინი სახალისო და საინტერესოა.  ერთ-ერთი რესურსი გახლავთ ტექსტის აღდგენა (ორი ტექსტის გაერთიანება და შემდგომ მათი შრეების ერთმანეთისგან გამორჩევა), რაც მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს მოსწავლის საკვლევაძიებო დაკვირვების უნარი. დავალება შეიძლება იყოს ინდივიდუალურიც და ჯგუფურიც.

ამ დავალების შესრულებისას აუცილებელია წინარე ცოდნის გააქტიურება, მაგალითად; მოსწავლეებთან ერთად გავიხსენოთ, რა ვიცით ჟანრების (მოთხრობა, იგავ-არაკი) შესახებ.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაიაქტიურებენ აღნიშნულ ინფორმაციას, კლასს ვთავაზობთ დავალებას:

ნაბიჯი პირველი: შევარჩიოთ მცირე მოთხრობა და იგავ- არაკი (ტექსტები წარმოდგენილია ცხრილში N1);

 

ცხრილი N1.

ი.გოგებაშვილის მოთხრობა-„უსუნო ყვავილი“ სულხან-საბა ორბელიანის იგავ- არაკი-„უგუნური მცურავი“

 

მინდორში გაშლილიყო მშვენიერი უსუნო ყვავილი.

 

ყმაწვილს ძალიან მოეწონა, მოგლიჯა და თავის ვარდის კონაში ჩაარჭო.

 

პატარა ხანს უკან ისევ ამოაძრო კონიდან, უსუნა და იგრძნო, რომ იმ უბრალო ყვავილს ვარდის საამური სუნი მისცემოდა.

 

ყმაწვილი დაფიქრდა და თქვა: – ჰო, ახლა კი კარგად მივხვდი, რად მირჩევს დედაჩემი კარგ ამხანაგებში ყოფნასო.

მცურავი ერთი მოჰქონდა წყალსა. თქვა: ღმერთო მიშველეო!

 

მეორე ამხანაგმა უთხრა: ხელი გაიქნიე, გახვალ და ნაშველები იქმნებიო.

 

 

– მოვნახოთ და ვპოვოთ.

 

– დია კეთილგონიერი ხარ. თუცა უღთოთ ცდით საქმე იქმნება, რად არ ეცდები სამამაკაცოთ ასოთა გამობმასა, ცოლთან და შვილთან სიხარულსა და შვებასა?

 

ნაბიჯი მეორე: მოსწავლეებს (მოსწავლეთა ჯგუფებს)  გავუგზავნოთ ჯერ შერჩეული ტექსტების საწყისი წინადადებები (ცხრილი N2);

ცხრილი N2.

 

„მინდორში გაშლილიყო მშვენიერი უსუნო ყვავილი“…

 

„მცურავი ერთი მოჰქონდა წყალსა. თქვა: ღმერთო მიშველეო“…

 

 

ნაბიჯი მესამე: ამ ტექსტების დარჩენილი ნაწილები დავანაწევროთ, ერთმანეთში ავურიოთ და ამ ფორმით მივაწოდოთ მოსწავლეებს (მოსწავლეთა ჯგუფებს), ისე, როგორც არის ნაჩვენები  ცხრილში N3;

ცხრილი N3.  

ყმაწვილს ძალიან მოეწონა, მოგლიჯა და თავის ვარდის კონაში ჩაარჭო.

მეორე ამხანაგმა უთხრა: ხელი გაიქნიე, გახვალ და ნაშველები იქმნებიო.

პატარა ხანს უკან ისევ ამოაძრო კონიდან, უსუნა და იგრძნო, რომ იმ უბრალო ყვავილს ვარდის საამური სუნი მისცემოდა.

– მოვნახოთ და ვპოვოთ.

 

– დია კეთილგონიერი ხარ. თუცა უღთოთ ცდით საქმე იქმნება, რად არ ეცდები სამამაკაცოთ ასოთა გამობმასა, ცოლთან და შვილთან სიხარულსა და შვებასა?

ყმაწვილი დაფიქრდა და თქვა: – ჰო, ახლა კი კარგად მივხვდი, რად მირჩევს დედაჩემი კარგ ამხანაგებში ყოფნასო.

 

 

მოსწავლეებმა უნდა დაახარისხონ ცხრილში (N3) მოცემული წინადადებები და მოთხრობასა და იგავ-არაკს დაუბრუნონ პირვანდელი სახე.

გამოცდილებამ აჩვენა, რომ აღნიშნული აქტივობა საინტერესო გამოწვევაა მოსწავლეებისთვის, ისინი ტექსტების შრეებს (იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ჟანრისთვის დამახასიათებელი თხრობაა ასახული ტექსტებში, რომლებზეც მუშაობენ) ხალისით აცალკევებენ და უკეთ იაზრებენ, როგორ უნდა  გაარჩიონ ერთმანეთისგან იგავ-არაკი და მოთხრობა, ნოველა და ზღაპარი, ლიტერატურული ზღაპარი და კლასიკური ზღაპარი.

 

ასევე საინტერესოა სემიოტიკური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული დავალება, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი დავალება მაღალ სააზროვნო უნარებსა და გარკვეულ ლიტერატურულ გამოცდილებას ემყარება, ამიტომ ისინი უფროსკლასელებს შეიძლება შევთავაზოთ.

პირველ ყოვლისა მოსწავლეებს ვაცნობთ საგნის რაობას;

სემიოტიკა (ბერძნულად sēmeiotikon < sēmeion – ნიშანი), , დისციპლინა, რომელიც იკვლევს ნიშანთა ზოგად კანონზომიერებას. მისი შესწავლის ობიექტია ყველანაირი ტიპის ნიშანი (დაწყებული სიგნალიზაციის უმარტივესი სისტემებიდან  ენების ჩათვლით).

ქვემოთ მოცემული ნიმუში მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, თუ როგორ შეიძლება ერთ წინადადებაში  (ფრაზაში, გამონათქვამში, ანდაზაში, აფორიზმში) ამოვიკითხოთ რამდენიმე აზრი, თუ სართებს/აფიქსებს შევუცვლით.

 მაგალითად; ვიღებთ სიტყვას და მოსწავლეებს შევახსენებთ, რომ ამ სიტყვის მსგავსად, უამრავ სხვა სიტყვას აქვს უნარი, გამოხატოს სულ სხვა ვითარება, სხვა მნიშვნელობა, შეცვალოს სათქმელის არსი.

მათ თვალწინ სიტყვა ხდება სემიოტიკური ერთეული, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

 

სახლი (და)სახლ(და)             გადა(სახლ(და)                ჩაუ(სახლ)და

 

ამის შემდეგ ამოცანას ვართულებთ: ვიღებთ ცნობილ მითს სიზიფეს ლოდის შესახებ და ვცდილობთ, დავანახოთ მოსწავლეებს ამ მითის მთავარი სათქმელი. ლოდი მძიმეა, მაგრამ სიზიფე მას აიტანს, რამდენჯერაც არ უნდა დაგორდეს.

 შესაძლო ინტერპრეტაციები

პირველი ინტერპრეტაცია: სიზიფე, (მო)ლოდი(ნი) აუტანელია, მაგრამ ვიცით, რომ შენ (შე)ძლებ!

მოსწავლეების თვალწინ  სიტყვებით იხატება ორი ამბავი:

  1. სიზიფეს ლოდის შესახებ;
  2. სიზიფეს მოლოდინის შესახებ;
  • სიზიფე, მოლოდინი აუტანელია, მაგრამ ვიცით, რომ შენ შეძლებ!
  • სიზიფე, ლოდი აუტანელია, მაგრამ ვიცით, რომ შენ ძლებ!

 

 

მეორე ინტერპრეტაცია: სიზიფე, ლოდი სხ(ეულია), შენ ის  უნდა ა(ზიდო)!

  • სიზიფე, ლოდი ეულია, შენ ის უნდა ზიდო;
  • სიზიფე, ლოდი სხეულია, შენ ის უნდა აზიდო;

მეორე ინტერპრეტაციაში ლოდი ალეგორიულ მნიშვნელობას იძენს;  ლოდი კი არ არის, სხეულია, რომელიც ლოდივით მძიმეა, ან მარტოობის ტვირთია, რომელიც სულს ავნებს, მაგრამ სხეულს აძლიერებს.

 

მსგავსი აქტივობები მოსწავლეების გონებას  შემოქმედებითი აზროვნებისკენ მიმართავს. ისინი დაინახავენ, რომ აფორიზმი, ანდაზა, თქმულება,  მკვდარ გამონათქვამებად  კი არ უნდა აღიქვან, რომლებიც  ზეპირად უნდა იცოდე, არამედ დაინახავენ, რომ სხვადასხვა დროს თითოეულ მათგანში ცხოვრება აირეკლა და ამ ანარეკლის დანახვა და გააზრებაა საჭირო.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“