პედაგოგიკის ცნობილი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწავლების იმდენი შესანიშნავი მეთოდი არსებობს, რამდენი კარგი მასწავლებელიცაა. უდავო ჭეშმარიტებაა და ამას არაერთი პედაგოგი თავისი გამოცდილებით თამამად, ხალისით დაადასტურებს. ტერმინ „მეთოდის“ (რომელიც გზას ნიშნავს) ეტიმოლოგიაც ცხადყოფს, რომ ძველ ბერძნებს კარგად ესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სტრუქტურირებული, ორგანიზებული, წინასწარ მოფიქრებული საშუალების გამოყენება იმისთვის, რომ მიზნისა და მოსალოდნელი, საოცნებო, სანუკვარი შედეგისკენ მიმავალს, დრო და სასიცოცხლო ენერგია ამაოდ არ დაგეკარგა.
ყველანაირი მეთოდი, ტრადიციულიც და ნოვატორულიც, კონსერვატორულიც და ექსპერიმენტულიც, მართლაც მხოლოდ და მხოლოდ გზაა. მეთოდის არჩევის შემდეგ კი მნიშვნელოვანია, ამ გზას როდის და ვისთან ერთად, რა განწყობით დაადგები. არჩეულმა გზამ კი არ უნდა შეგბოჭოს, არამედ, პირიქით, თავისუფლება მოგანიჭოს, რომ შეიგრძნო საკუთარი შესაძლებლობები, იმედი მოგეცეს, რომ ფიქრის შედეგად არჩეული ეს გზა ნამდვილად „ტაძრამდე“ მიგიყვანს.
ნებისმიერი თეორიული სასწავლო მეთოდის პრაქტიკულად განხორციელებაში ხომ ორი მხარე მონაწილეობს: მასწავლებელი და მოსწავლე. შესაბამისად, ორივე მხარის აქტიურობაზეა დამოკიდებული, თეორიულად შესანიშნავად გადმოცემული მეთოდი როგორ ჩაიდგამს სულს, რა ენერგიას შეიძენს მონაწილეთაგან, რათა თავისი ძალა სრულად გამოავლინოს.
შესაბამის გზამკვლევებსა თუ სახელმძღვანელოებში სწავლების მეთოდების სხვადასხვა კლასიფიკაციაა მოცემული, რომელთაგან შეიძლება უპირატესობა მივანიჭოთ იმას, რომელიც უფრო მკაფიოდ გამოკვეთს მის არსსა და მიმართულებებს. მაგალითად, ფორმის თვალსაზრისით, ცოდნის მისაღწევად, სასკოლო სივრცეში ძირითადად გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
- სიტყვიერი;
- ვიზუალური;
- პრაქტიკული.
იმისთვის, რომ მოსწავლემ კარგად გაიაზროს, შეიმეცნოს შესასწავლი მასალა, პედაგოგები მიმართავენ შემდეგ ძირითად მეთოდებს:
- სიტყვიერ ახსნა-განმარტებითს, რომელიც მოიცავს თხრობას, ახსნას, საუბარს, დისკუსიას, ლექციას, წიგნზე მუშაობას და სხვ.
- ილუსტრაციების დახმარებით;
- დეტალების გამოკვეთითა და ძიებით;
- კვლევით;
- ალგორითმის გამოყენებით;
- გონებრივი იერიშის სტრატეგიის გამოყენებით და სხვ.
სწავლების პროცესში პედაგოგები ხშირად იყენებენ ისეთ აქტიურსა და ინტენსიურ მეთოდს, როგორიცაა, მაგალითად, დიდაქტიკური ტიპის თამაში. განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია ის, რომ თეორია და პრაქტიკა განუყოფელი იყოს, რათა შესწავლილი მასალა ფუნდამენტად იქცეს მოსწავლის ცოდნისა და უნარების შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა აკაკი წერეთლის გამოცდილება, რომელსაც ის თავისებური მახვილგონივრულობით წარმოაჩენს ყველასთვის ცნობილ მოთხრობაში „ჩემი თავგადასავალი“. აკაკი ბედნიერი ბავშვობის გახსენებისას არაერთ საგულისხმო თამაშსაც აღწერს. მისი აზრით, „ქართველების ოდენი სხვადასხვაგვარი სათამაშო თითქმის არც ერთს ხალხს არ აქვს და ყოველგვარი სათამაშოც უთუოდ ისეთია, რომელიც ჭკუა-გონებასა და სხეულს სწვრთნის, ავარჯიშებს“.
აკაკის მიერ დასახელებულ თამაშებს შორის, ჩვენი აზრით, რამდენიმე ისეთი თამაშიცაა, რომლებიც დღესაც თანაბრად გაწვრთნის ჭკუა-გონებასაც და სხეულსაც. მაგალითად, საქართველოს ისტორიული ბედის თვალსაჩინოდ გასააზრებლად ისტორიის მასწავლებელმა დაწყებით კლასებში შეიძლება აქტიურად გამოიყენოს „ქორობია“, რომლის ტექნიკასაც აკაკი წერეთელი დაწვრილებით აღწერს. თამაშის მონაწილენი კრუხისა და წიწილების როლებს ირგებენ: „ერთი უფროსთაგანი კრუხობას იკისრებდა, სხვები წიწილები ვიყავით, გავაკეთებდით წრეს, ჩავაბამდით ფერხულს და ვტრიალებდით. ქორი მოდიოდა წიწილების მოსატაცებლად, კრუხი იგერებდა, სანამ ძალ-ღონე ჰქონდა. ბოლოს ქორი ხან ერთი კუთხიდან, ხან მეორე კუთხიდან მოვარდებოდა, გაგლეჯდა წრეს და გაიტაცებდა წიწილას; მაშინ წიწილები გაიფანტებოდნენ, მიიმალებოდნენ აქეთ-იქით და გამწარებული კრუხი კი, შვილებს რომ აქეთ-იქით მიმალულსა და მიხიზნულს დაინახავდა, თვითონ გამოუდგებოდა ქორს, დააგდებინებდა და დაიბრუნებდა ხოლმე გატაცებულ წიწილას. მაშინ ხელახლად იწყებდა ქოთქოთს, შეიკრებდა წიწილებს და გააბამდა წრეს“.
საინტერესოა ამ თამაშის მწერლისეული ინტერპრეტაცია, რომელიც ამავე ნაწარმოებშია მოცემული. აკაკი წერს: ეს თამაში „ძალიან მაგონებს ჩვენი ქვეყნის ბედს. ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ისტორია სწორედ ქორობიას წარმოადგენდა: საქართველო კრუხი იყო სიცოცხლეგამწარებული და სხვა მისი კუთხეები – წიწილები! მტრები ქორებივით ესეოდნენ, იტაცებდნენ ხან ერთს მხარესა და ხან მეორეს, მაგრამ საბოლოოდ კი საქართველო მაინც კიდევ იბრუნებდა ხოლმე დაკარგულ მხარეს და გაერთიანებული, ფერხულჩაბმული წრე ბოლოს იქნევდა ძლიერად“.
თანამედროვე მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ, როდესაც მასწავლებელი გაკვეთილზე აქტიურად იყენებს ილუსტრირებისა და დემონსტრირების მეთოდებს. ილუსტრირებისთვის კარგია ფოტო, ნახატი, სქემა, ცხრილი და ამ ტიპის სხვა საშუალებანი, დემონსტრირებისთვის კი შეიძლება ფილმების, მოკლე ვიდეოების, ტექნიკური მოწყობილობების გამოყენება.
ზოგიერთი საგნისთვის (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) მნიშვნელოვანია ლაბორატორიული სამუშაოები, ამიტომ პედაგოგმა ამ საქმისთვის ისეთი მეთოდები უნდა გამოიყენოს, რომელთა საშუალებითაც მოსწავლეები პრაქტიკული საქმიანობით დაინახავენ და გაიაზრებენ, რა ღირებულება აქვს თეორიული მასალის დამუშავებას.
ყველასთვის ცნობილია, რომ განსაკუთრებით რთულია ისეთ კლასებში მუშაობა, რომლებშიც 25-30-მდე მოსწავლეა, ასეთი კლასი კი დღეს ბევრია საქართველოში, ამიტომ საინტერესოა შესწავლილი მასალის გამოკითხვის აკაკი წერეთლის მიერ აღწერილი მეთოდი, რომელიც შეიძლება, პედაგოგმა მოდიფიცირებული სახით, შემოქმედებითად სახეცვლილი, დღესაც წარმატებით გამოიყენოს. აკაკის ერთი მასწავლებლის სახელის მიხედვით, შეიძლება, ამ მეთოდს „ტროეს მეთოდიც“ ეწოდოს. აკაკი იხსენებს: „ტროე საზეპიროს ცოტას გვაძლევდა, სულ რამდენიმე პწკარს, მაგრამ, სამაგიეროდ, არათუ აზრი, ყოველი სიტყვის მნიშვნელობა უნდა გვცოდნოდა და აგვეხსნა. მის კლასში ყველა, დიდი და პატარა, თანასწორად სმენად იყო გადაქცეული. ბუზი რომ გაფრენილიყო, გაიგებდა კაცი. მაშინ იცოდნენ და დღესაც კიდევ, მასწავლებლები რიგ-რიგად გამოჰკითხავენ მოსწავლეებს, ასე რომ, მოწაფემ იცის, როდის მოუწევს რიგი და იმ დღისთვის უკეთ ემზადება, ვიდრე სხვა დროს და მის სწავლაში თანასწორობა აღარ არის. ტროეს კლასში კი ყველა მზად უნდა ყოფილიყო. ერთს რომ ჰკითხავდა, უცებ, მოულოდნელად, სხვას რომელიმეს, „განაგრძეო“, მიუბრუნდებოდა. აგრეთვე, არ იცოდა ძველი და ახალი გაკვეთილი; მოულოდნელად ძველიდანაც გვკითხავდა ხოლმე. თითოეულ სკამს მიუჩინა თითო უფროსი შეგირდი. ისინი გამოჰკითხავდნენ ყოველდღე გაკვეთილს მოსწავლეებს და ნიშნებს უსვამდნენ. იმ უფროსებისთვის მერე მე უნდა მეკითხა და დამესვა ნიშნები. ზოგიერთი მათი შეგირდიც უნდა შემემოწმებინა და ის ნიშნები მიმერთმია მასწავლებლისათვის“ (აკაკი წერეთელი, „ჩემი თავგადასავალი“).
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების სხვისთვის გაზიარება. ნებისმიერი გონიერი პედაგოგის სუბიექტური სწავლების რომელიმე გზა შეიძლება იქცეს ახალ და საგულისხმო მეთოდად. ამის თვალსაჩინო მაგალითსაც ვხვდებით „ჩემს თავგადასავალში“. მწერალი თავისებური ირონიით მოგვითხრობს მამასთან, როსტომ წერეთელთან, დაკავშირებულ სახალისო ისტორიებს. როსტომს ჭადრაკი ჰყვარებია და ოსტატური თამაშით სახელიც გაუთქვამს. აკაკი იხსენებს, რომ განსაკუთრებით გენერლის შტაბის ოფიცრები ყოფილან მონდომებული, როგორმე მოეგოთ მისთვის, მაგრამ ვერა გაუწყვიათ. ერთხელ გენერალ-გუბერნატორს, გვარად ერისთავს, თბილისიდან შემოუთვლია, რომ ერთი შესანიშნავი მოჭადრაკე პოლკოვნიკი იყო ჩამოსული და მასთან თამაში სურდა. გუბერნატორს უნდოდა, თავი გამოეჩინა, ამიტომ როსტომი სტუმართან სათამაშოდ მიიწვია, თან წააქეზა, აბა, შენ იცი, თუ შენებურად გვასახელებ ქართველობასო! აკაკის მამაც, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, ხალისით წავიდა. სტუმარმა პირველსავე სვლაზე შეამჩნია, რომ როსტომ წერეთელი უცნაურად, „ახირებულად“ ეთამაშებოდა, დაინტერესდა და ჩაეკითხა, იცნობდა თუ არა საჭადრაკო თეორიას, თან კუთხის პაიკით სვლა დაუწუნა. აკაკის მამამ არ შეიმჩნია მისი აგდებული დამოკიდებულება და ჰკითხა, რა იყო თეორია. სტუმარმა აუხსნა, რომ თეორია იყო „სხვადასხვა სათამაშო კანონი“. როსტომ წერეთელმა პასუხად უთხრა, რომ ქართველებმა ერთადერთი კანონი იცოდნენ: ისე თამაში, რომ მოწინააღმდეგისთვის მოგეგო. პოლკოვნიკი დაჟინებით ამტკიცებდა, თეორიის ცოდნა მაინც აუცილებელიაო. როცა როსტომი ჩაეძია, მაინც რას გულისხმობდა ამ თეორიაში, პოლკოვნიკმა უპასუხა: „სხვადასხვა გამოჩენილ მოჭადრაკეთა ნათამაშევი, რომელიც სხვებისთვის სამაგალითო კანონად დარჩენილა“. აკაკის მამას ამაზე გაეღიმა: „ჰო, ისემც კარგი დაგემართოს: ისინიც ხომ ჩემისთანა მიწიშვილები იქნებოდნენ, ციდან ხომ ვერ ჩამოფრინდებოდნენ? ახლა ჩემს თამაშსაც უგდეთ ყური და, თუ მოგეწონოთ, ჩაწერეთ და თეორია იქნებაო“.
არ გაუვლია დიდ ხანს, რომ თეორიის მცოდნე პოლკოვნიკმა წააგო და, შეწუხებულმა, რუსულად თქვა, შევცდიო, „აშიბკაო“. „ითამაშეს მეორე, კიდევ წააგო და თქვა: „აშიბკაო“. მესამე, მეოთხე, მეხუთე… გაცხარებული პოლკოვნიკი აგებს და თან გაიძახის: „აშიბკა, აშიბკაო“. „მამაჩემს გაეცინა და უთხრა: „პოლკოვნიკო, ტყუილად ნუ ფიქრობ, რომ მოიგო! სანამ ეგ ვიღაც „აშიბკა“ გადაგკიდებია, მაგას თავიდან არ მოიშორებო!“ ეს ხუმრობა მის მოპირდაპირეს ეწყინა, შეურაცხყოფად მიიღო და ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყო. მამაჩემმა დამშვიდებით უპასუხა: „ნარდი, ჭადრაკი და სათამაშოები სასიამოვნოდ და დროს გასატარებლად გამიგონია ჩვენშიო. ხუმრობაც შეშვენის და მეც ჩემი ქვეყნის ჩვეულებაზე ვდგავარო, და თქვენში თუ საწყენი და გასაჯავრებელი ყოფილა, ჩემთან რა გინდა, ისევ თქვენებთან გეთამაშაო“. გაჯავრებულმა დაავლო ქუდს ხელი და გამოვარდა გარეთ“.
ამ სახუმარო ამბიდან ერთი ასეთი დასკვნაც შეიძლება გამოვიტანოთ: სწავლების „სამაგალითო კანონად“ შეიძლება იქცეს რომელიმე უცნობი რიგითი პედაგოგის შემოქმედებითი მეთოდი, რომელსაც თვითონვე მოიფიქრებს იმისთვის, რომ დასახულ სასწავლო მიზანს მიაღწიოს.
ამ თვალსაზრისით, საინტერესო და მნიშვნელოვანია სოციალური ქსელების გამოყენება. მასწავლებლები ჯგუფებში ერთიანდებიან და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ჩვენი დაკვირვებით, ერთი ასეთი წარმატებული ფეისბუქჯგუფია „აქტივობები კლასში“, რომლის ადმინისტრატორი ახალგაზრდა პედაგოგი ნათია უჩავაა. ამ ჯგუფში არიან გამოცდილებიც და ახალბედებიც. ისინი ერთმანეთს აქტიურად უსვამენ კითხვებს, უზიარებენ სხვადასხვა თვალსაზრისს, რაიმე საინტერესო მეთოდისა თუ ნამუშევრის გამოქვეყნებისას კი არა მხოლოდ იწონებენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ თავაზიანობის გამოხატულებაა ხოლმე, არამედ კრიტიკულადაც აფასებენ და ავტორს სთხოვენ, უფრო დაწვრილებით წარმოადგინოს ამა თუ იმ პროექტის, თამაშის, ვიზუალური თუ აუდიო-ვიდეო ნამუშევრის ინსტრუქცია, რათა სხვებმაც შეძლონ მისი გამოყენება ან სინჯონ, რამდენად გამოადგებათ ის თავიანთ კლასში განსხვავებული მიზნის მისაღწევად.
ვფიქრობთ, ნებისმიერი მეთოდი უამრავ შესაძლებლობას მოიცავს, რომელთა პოტენციური ძალა მხოლოდ კონკრეტული მასწავლებლის გაკვეთილზე შეიძლება გამჟღავნდეს, ამიტომ პედაგოგმა მეტი თავისუფლება უნდა მისცეს თავს, შემოქმედებითად მიუდგეს მეთოდს, დაარღვიოს ინსტრუქციისა და ტექნიკის ჩარჩოები. ამ შემთხვევაში ის დასაჩუქრდება „ნაყოფით“, რომელსაც მისი ექსპერიმენტულად მოდიფიცირებული მეთოდი ბუნებრივად გამოიღებს.