მოუთმენლობა, მოთმენის უუნარობა, ბავშვის იმ თვისებათაგანია, რომლებიც მშობლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. პატარა ბავშვები ბუნებით მოუთმენლები არიან. მათ უნდათ ყველაფერი, ამასთან, დაუყოვნებლივ, სწორედ ახლა და აქ, და თუ სასურველი მყისვე ვერ მიიღეს, ისტერიკას მართავენ.
პატარების მოუთმენლობა არ არის მანკიერება და ცუდი აღზრდის შედეგი. ის განპირობებულია ადრეული ასაკის ბავშვის ნერვული სისტემის თავისებურებებით. როგორ მოვიქცეთ: დაველოდოთ, სანამ პატარა გაიზრდება თუ ამთავითვე ვიზრუნოთ მისი მოთმინების გავარჯიშებაზე?
უნდა ითქვას, რომ ეს არც ისე ადვილია, თუმცა შესაძლებელი.
მოთმინება მოიაზრებს თვითკონტროლს, შეუპოვრობას, საკუთარი ემოციების მართვას, ასევე – რაიმე მნიშვნელოვანზე ყურადღების ხანგრძლივ კონცენტრირებას, საკუთარ თავზე, საკუთარ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას. ალბათ დამეთანხმებით,, რომ ჩამონათვალი იმდენად სერიოზულია, არათუ ბავშვი, არამედ ბევრი ზრდასრული ადამიანიც ვერ მოიწონებს თავს მისი შესრულებით, ამიტომ ბავშვს თანდათან, თანმიმდევრულად უნდა გამოვუმუშაოთ ყველა ზემოაღნიშნული უნარი, რასაც წლები დასჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ის მოთმინების გამომჟღავნებას. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ადრეული ასაკიდანვე არ ვიზრუნოთ ბავშვისთვის მოთმინების უნარის გამომუშავებაზე. პირიქით, ამ მიმართულებით მუშაობა რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ.
რეკომენდაციები ბავშვისთვის მოთმინების უნარის გამოსამუშავებლად:
- მივცეთ მაგალითი – მოვიკრიბოთ მოთმინება. პატარასთან ურთიერთობისას მთავარი პირადი მაგალითია. მართალია, ეს რეკომენდაცია სამართლიანია ბავშვის აღზრდის მთელი პროცესისთვის, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვიყოთ მომთმენი ყოველთვის, როცა ბავშვი გვხედავს ან შეიძლება დაგვინახოს. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი, პირველ რიგში, ითვისებს მასთან ურთიერთობაში მყოფი უფროსების ჩვევებს, მათი ქცევის პრინციპებს. ის იღებს იმ ქცევას, რომელსაც ოჯახში ხედავს. თუ მშობლები მოუთმენლობას იჩენენ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას, ნერვიულობენ წვრილმანებზე, ბავშვიც გადაიღებს, აითვისებს ქცევის ამ მოდელს და ასევე მოიქცევა. ბავშვისთვის არაფერია ისე ადვილი, როგორც მშობლის ქცევის კოპირება. თუ დედა და მამა ასე აკეთებენ, ე.ი. ასეა საჭირო, ასე მოქცევა შეიძლება. ბავშვისთვის მოთმინების უნარის გამომუშავების პროცესში უფროსები გამძლეობის, შეუდრეკელობის გარანტები და მოთმინების მაგალითები უნდა გავხდეთ. თუ თავად საკმარისად მომთმენები ვართ, ამ უნარის გამომუშავება ბავშვისთვისაც არ იქნება რთული. ასეთი მუშაობის პროცესში პატარა თავს დამოუკიდებლად, ზრდასრულად იგრძნობს და ეს შეგრძნებები შესანიშნავად დაგვეხმარება მისთვის მოთმინების უნარის გამომუშავებაში.
- ვერიდოთ ბავშვის მოთხოვნების მეყსეულად შესრულებას. თუ მის მიმართ უზომო ყურადღებას გამოვიჩენთ, ყველა სურვილს დაუყოვნებლივ შევუსრულებთ, საეჭვოა, ოდესმე ის მომთმენი გახდეს. ჰიპერმზრუნველობა მოთმინების უნარის გამომუშავების პროცესში დამაბრკოლებელია. ვისწავლოთ ბავშვისთვის „არას“ თქმა.
- შევაქოთ ბავშვი წარმატებისთვის. პატარებს ძალიან უყვართ ქება, თანაც ეს უკანასკნელი მათზე დადებითად მოქმედებს. თუ ბავშვი მოთმინებით ელოდება რამეს და კითხვებით არ გვაწუხებს, ამისთვის აუცილებლად შევაქოთ. გავაგებინოთ, რომ მის უმცირეს წარმატებასაც კი ვამჩნევთ, ვაფასებთ, როგორ აკონტროლებს ის თავის ემოციებს.
- ყოველთვის შევასრულოთ ბავშვისთვის მიცემული პირობა. თუ დავპირდით, რომ მასთან ერთად წავიდოდით სასეირნოდ, სხვა საქმეზე ნუ გადავერთვებით. თუ უეცრად სასწრაფო საქმე გამოგვიჩნდა, რომელიც „არ ითმენს“, მშვიდად ავუხსნათ პატარას, რომ ცოტა ხანს უნდა დაგველოდოს და დავპირდეთ, რომ სასეირნოდ მალე წავალთ. შეგვიძლია, მივცეთ საათი და ვაჩვენოთ, როდის დამთავრდება ლოდინის დრო.
- ვუთხრათ ბავშვს სათქმელი ნათლად და გასაგებად. მასთან ურთიერთობისას მოვერიდოთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა: „საათი“, „წუთი“, „წამი“. პატარებს არ ესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა, რადგან ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დროში ორიენტირება. ფრაზა „10-20 წუთი“ გასაგებია ზრდასრულისთვის, მაგრამ არა ბავშვისთვის. შეგვიძლია, ლოდინის დრო თამაშად ვაქციოთ, მაგალითად, ვუთხრათ: „პარკში სასეირნოდ წავალთ, როცა ოთახი დალაგებული გვექნება. თუ დამეხმარები, სათამაშოებიც მალე მოგროვდება“. ურთიერთობისას ვიყოთ მშვიდი და გაწონასწორებული. მოვერიდოთ ხმის აწევას და ჩხუბს. ამით მხოლოდ აგრესიას გამოვიწვევთ და სასურველ შედეგსაც ვერ მივიღებთ.
- მოთმინების უნარის გამოსამუშავებლად ბავშვთან მუშაობის პროცესში გამოვიყენოთ დამხმარე საშუალებები – თუ მოუთმენლობას შევატყობთ, ხელთ გვქონდეს ფანქრები, წიგნი, რვეული ჩანახატების გასაკეთებლად. ეს დაგვეხმარება, უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ დროის გარკვეული მონაკვეთი, რომ ლოდინი ასეთი ძნელი აღარ იყოს. თუ ხელთ არაფერი გვაქვს, მოვიფიქროთ სიტყვებით თამაში ან ნებისმიერი სხვა გასართობი. ყურადღებას ლოდინიდან გასართობზე გადაიტანს. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვის ნერვული სისტემა, თავის ტვინი უფრო რთულად და კოორდინირებულად იმუშავებს. ამგვარად, ბავშვს თანდათან ჩამოუყალიბდება საკუთარი ემოციების კონტროლისა და მოთმინების უნარი. მანამდე კი, სანამ პატარები თავისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მოუსვენრები არიან, უჭირთ ლოდინი და მოთმენა, უფროსები უნდა დავეხმაროთ მათ ამ პერიოდის გადატანაში, შეძლებისდაგვარად განვუვითაროთ და აღვზარდოთ მათში მონდომება, მიზანსწრაფულობა, საკუთარი ქცევის, ემოციების კონტროლისა და მართვის უნარი.
დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ მოთმინების უნარის გამომუშავებას დრო სჭირდება, ეს უცებ არ მოხდება. ვიყოთ მომთმენი, თანმიმდევრული, შემწყნარებელი შეცდომების მიმართ და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.