შაბათი, თებერვალი 24, 2024
24 თებერვალი, შაბათი, 2024

გულების შეერთებით მთლიანდება ღმერთი!     

ვუძღვნი ქართულის მასწავლებლებს  

საქართველოს რადიოში გატარებული მთელი ჩემი შეგნებული პროფესიული ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელი გამოდგა უკვე ნასწავლის გაანალიზებასა თუ  ახლის შემეცნებაში,  რაც აუდიტორიასთან ურთიერთობის მოკრძალებულ უფლებას მაძლევს. რაც დრო გადის, მით უფრო მოკრძალებულს. რაც დრო გადის, მით უფრო დატვირთულსა და თავჩარგულს…

ამ სამიოდე წლის წინ, მაშინ, როცა დანარჩენ სამყაროსთან კომუნიკაციის ძირითად ინსტრუმენტებად მხოლოდ ეკრანი და კლავიატურა შემოგვრჩა,  ძნელად წარმოვიდგენდი, რომ მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდული ფილმების კონკურსი შედგებოდა. ცხადია, ინტერესით შევავლე თვალი. მათგან ერთ-ერთმა იმთავითვე მიიქცია ჩემი ყურადღება და ახლა ზუსტად ის უნარები უნდა გამოვცადო, რაც ჯერ სიტყვის მასწავლებლებმა შემძინეს თავის დროზე და მერე უკვე უფროსმა კოლეგებმა რადიოში. აი, ისეთებმა, რადიოეთერით ადაპტირებულ ქართულ ფილმებს რომ ასმენინებდნენ მსმენელს. ,,კინოფილმი უეკრანოდ“ რომ ერქვა. მე კი ახლა კინოფილმი  უეკრანოდ და უხმოდ უნდა მოგიყვეთ.

ეს ამბავი ტელეფონის ზარის მჭახე ხმითა და ნაღვენთი სანთლის ციალით იწყება. მერე უკვე… სკამზე გაელვებული და ერთმანეთს ჩანაცვლებული ხელადა, ჭიქა, პურის ყუა, ნაჭერი ყველი, ახალი აღთქმა და ლარნაკი მოწყენილი იასამნებით. საათი. საათი აუცილებლად და რამდენჯერმე. ყველაფერი სამყაროსეული ყოვლისმომცველი მინიმალიზმითა და უკიდეგანო პოლარიზებით – მხოლოდ შავსა და თეთრში, მხოლოდ იმ მოლოდინის უვერტიურად, რომ აქ ვიღაც იყო. აქ ვიღაცის საუკუნო საგზალზე იზრუნეს. ამ სიჩუმეს იშხნელების გიტარა მირღვევს და თითქოს დაჟინებით მიმეორებენ, არ დაიჯერებ, არ დაიჯერებო და მართლა მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს სილუეტი, რომელიც წელში მოხრილა და თავი პლედშემოხვეული მუხლებისკენ ჩაუხრია და  ეს პროფილი, რომლის აღქმასაც  ჩამოშლილი ჭაღარა თმა მიშლის, ასე მეცნობა.  ღმერთო, როგორ მეცნობა! ნუთუ მართლა ისაა?! კი, ისაა! რა ვიცი? რა ვიცი და ეს ხელები… რა დამავიწყებს?  მისი მარჯვენა ხელის ნეკა თითი ხან ბავშვურ და გაუაზრებელ სიცილს იწვევდა ჩვენში და ხან ინტერესით სავსე კირკიტა მზერას. ახლაც არ ვიცი, ტრავმის ბრალი იყო თუ სხვა რამის, მაგრამ ახლა უკვე ეს ხელები  ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნებთან შეზრდილი და მათთან ერთად მოგზაურობაში გალეული მხლებლებია ჩემთვის, ის არის! ჩემი ქართულის მასწავლებელი, თამარ ბენაშვილი!

როგორ დაღლილა! რა უსუსურად უჭირავს ტელეფონის ყურმილი ხელში. აი, ჩაუცურდა კიდეც, დასწვდა და ყურთან მიიტანა. აშკარად არ საუბრობს. რაღაც რიტუალურს უფრო წააგავს ეს მოძრაობები. თითქოს, სადენს მიღმა ის ვიღაცა, ან ვიღაცები არიან, ვისი ხმის გაგონებაც მონატრებია, ან, იქნებ, ყურმილს მიღმა გასუსულა მოლოდინი?!

როგორ არ დავაკვირდი ფილმის ერთადერთ მინაწერს?

თამარ ბენაშვილი  ,,პატარა რექვიემი ბებოსთვის“

ჩემი ქართულის მასწავლებელი გარდაცვლილა!

,,მას, რამდენი ხანია, მასწავლებელი ხართ და რამდენი ჩემნაირი მადლიერი და სითბოთი გაჟღენთილი მოსწავლე გყავთ, ვინ მოთვლის? იცით, ჩვენ რომ სადისკუსიო თემები გვქონდა ხოლმე, იმეებზე კიდევ მეფიქრება.  ხან ასე მივუდგები საკითხს, ხან ისე. სულ მახსოვხართ. ისე მათბობთ ხოლმე. წარმოვიდგენ კიდეც, რამდენი მოსწავლე გყავთ ჩემსავით გაშვებული.  სანამ ჩვენ ვართ და გვახსოვხართ და გვენატრებით,  მანამდე სულ იქნებით. მერე მე ჩემს დათუნას ხომ ვეტყვი – მე ისეთი მაგარი მასწავლებელი მყავს-თქო, შენ რა იცი-თქო და ასე… სულ  იქნებით, მას!“ – რამდენი ასეთი წერილია სახლში. უკვე ათწლეულებით  ნაგროვები და ნალოლიავები. დრო გადის და არც ,,ათასი ბავშვის მშობელს“ ცვლის რამე და არც იმ  მადლიერებით სავსე ათასებს.  ამ ცოტა ხნის წინ სკოლაში მთხოვა მისვლა. განსაკუთრებულად ემზადებოდა იმ შეხვედრისთვის და დღის ბოლოს, უკვე ენერგიამიხდილი, მივხვდი რატომ. საკუთარი მოსწავლე და ახლა უკვე აღიარებული მწერალი და დრამატურგი მიუწვევია დასაფრთიანებლებთან შესახვედრად. უნებურად, სოფო კუბლაშვილის მოთხრობამ ,,დედამიწას ცა ქუდად აღარ ახურავს“ შემახსენა თავი.  ხანდახან მართლა გეჩვენება, რომ დედამიწას ცა ქუდად აღარ ხურავს, მიწა ფეხქვეშ გეცლება,  რკინის ქალამანიც მოცვდა,  ქვეყანა ჩალით დაიხურა და ერთი ნაბიჯია უიმედობამდე. ასე ვართ ყველა. პროფესიისა და სულის სიმხნევის მიუხედავად. არა და, როგორი გამძლეობა მართებთ ამ დროს მასწავლებლებს! გზაც უნდა იპოვონ და გზაზე მისაბრუნებლებიც.  და ყველაზე დიდი ძალა მაინც ისაა, უკვე საკუთარ გზებზე მიმავალი მადლიერი შეგირდები რომ მოგიბრუნდებიან და ახლა უკვე თავად მიგიწერენ დაფაზე –

,,სავსე ვარ ემოციით. თან ამხელა ბედნიერებაა და თან განცდაა, როგორ უნდა ატარო ეს ბედნიერება და როგორ აქციო მადლიერების სიტყვებად? 9 წელი ვისწავლე  ამ სკოლაში. ჩვენი ბავშვობა თავიდან ისეთი ლაღი და ფერადი იყო, მაგრამ მერე ბევრი ტრაგიკული რამ მოხდა, რაც ყველა ჩვენგანს შეეხო. მე შემეხო, ჩვენს კლასელებს, უფროსებს. მერე უფროსებს თვალებში ვეღარ ვუყურებდით. ისეთი განცდა გვქონდა, რომ ჩვენ ერთმანეთს რაღაცას ვუმალავდით.  რაღაცას ძალიან საშიშს. ირგვლივ სიჩუმე იყო. სიჩუმე და სინაცრისფრე. ამ სინაცრისფრეში ჩემი  კლასის განაყოფის ქართულის მასწავლებელი მახსოვს. ზუსტად ისე მახსოვს,  სული სულს რომ იგრძნობს და  გული გულს. მაშინ, როცა რაღაცას ვეძებდით, მთელი არსებით ვეძებდით, მაგრამ ვერ ვახერხებდით ამ ძიებებისთვის სახელი დაგვერქმია, დაფაზე მასწავლებლის კალიგრაფიას მოვკარი თვალი.  აი, ამ კალიგრაფიით დაიწყო ჩემი სიყვარული. მერე შევყევი ამ კალიგრაფიას და დამხვდა დიდი სულის ადამიანი, რომელმაც მომცა ის, რაც მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა.  ეს იყო უდიდესი სამყარო, რომელიც ჩემთვის გაიხსნა და ამ სამყარომ აღარასოდეს გამომიშვა უკან. პირიქით. შემითრია, შემითრია და ერთმანეთს დავემგზავრეთ. ბევრგან მითქვამს, ვამბობ დღესაც და სიკვდილამდე ყველგან ვიტყვი – ის, რომ მე დღეს ვარ ის, ვინც ვარ, ამაში  ჩემი ქართულის მასწავლებელს მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი!   ამიტომ მე უკვე ვიცი, როგორი ბედნიერები ხართ!  რომ გაიზრდებით და ამ სკოლიდან გახვალთ, მერე გააცნობიერებთ, რამხელა მადლში ხართ. ის, რომ მანანა კიკნაძე თქვენი ქართულის მასწავლებელია,  თქვენი საგზალია მთელი ცხოვრების მანძილზე. დამიჯერეთ!

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ რაც უფრო გამარტივდა კომუნიკაცია და, თითქოს, ასე დავახლოვდით,  სულები სულ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს. ამიტომ   ერთმანეთის გულები უნდა ვეძებოთ და ვიპოვოთ.  გრიგოლ რობაქიძეს აქვს ასეთი ფრაზა – ,,გულების შეერთებით მთლიანდება ღმერთი“ და ახლა ჩემი გული თითოეული თქვენგანის გულთანაა ახლოს!

მადლობა თქვენ!
მადლობა ჩვენს მასწავლებელს! ‘’

ნეტავ, რამდენიმე წლით უკან დამაბრუნა, რომ მოსწავლეებისადმი  ნინო სადღობელაშვილის მიმართვაში სახელი ჩავანაცვლო და ტელეფონის ყურმილში მაინც გავაგონო –

მადლობა, თამარ მასწავლებელო!

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი