სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

     ქართულ-იაპონური კულტურის სინთეზი „მანგას სახით“- სასწავლო რესურსი

მოტივაცია მოსწავლის  ცნობისმოყვარეობისთვის აუცილებელი პირობაა და ხელს უწყობს განათლების, ცოდნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების  ჩამოყალიბებას.სასწავლო გარემოს უდიდესი გავლენა აქვს მოსწავლეთა მოტივაციაზე. ყოველი კონკრეტული აქტივობა მოსწავლეებისთვის საკუთარი უნარების და შესაძლებლობების ერთგვარი საზომია.

მასწავლებლის მიზანია სასწავლო პროცესი საინტერესო გახადოს მოსწავლეებისათვის. აკადემიური მიღწევების ამაღლების, აგრეთვე, სწავლისა და ცოდნის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისათვის, მნიშვნელოვანია, პედაგოგი მუდმივად ზრუნავდეს მოსწავლეთა მოტივაციის გაღვივებაზე. გაამდიდროს სასწავლო პროცესი, გააქტიუროს მოსწავლეები.

თუ გაკვეთილი ინტერაქტიური არ არის, რთულია მოსწავლეების დაინტერესება.  შექმენით გარემო,  სადაც ისინი წახალისებულნი იქნებიან  ისაუბრონ და გამოხატონ თავიანთი იდეები.  სწავლების პროცესში რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით. პედაგოგი სწავლების პროცესში  სხვადასხვა მეთოდს იყენებს,  ხშირ შემთხვევაში კი ადგილი აქვს მეთოდთა შერწყმას. სწავლების პროცესში  მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება ძალიან ეფექტიანია.

რთული გამოწვევაა XXI საუკუნის ბავშვები XII საუკუნის ტექსტით დააინტერესო. მანგას მეთოდი  მეთერთმეტეკლასელი ახალგაზრდისთვის (ი. მახარობლიშვილი) კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა  მოეხდინა  ორი უძველესი კულტურის სინთეზი. მან პოემის ეპიზოდისა და ლეგენდარული პერსონაჟების უნიკალური, სრულიად ახალი განსხვავებული სახეები შექმნა.

მანგა – კომიქსის იაპონური შესატყვისია!  მანგას სტილი მე 19 საუკუნეში ჩამოყალიბდა.  მანგას მიხედვით შექმნილ იაპონურ ანიმაციურ ფილმებს „ანიმე“ ეწოდება.

იაპონიაში ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანისთვის იქმნება  მანგა და მოიცავს სხვადასხვა ჟანრს. მანგა ძირითადად  შავ-თეთრია.

მოსწავლემ საინტერესოდ მოახერხა, ქართულ-იაპონური გრაფიკული რომანის შერწყმა ქართულ მწერლობაში!

მოცემულ ნახატში ივიკო მახარობლიშვილმა მანგას სტილით, „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების სიყვარულის, უანგარო მეგობრობის, თანაგრძნობისა და თავგანწირვის ამბავი აღწერა და გააცოცხლა.

ასეთია ამ ნახატის ავტორის ხედვა – თვითონ პოეტია ამ ნახატზე ვეფხისტყაოსანი ჭაბუკი, ქუდზე  გამოსახული თამარისეული ჯვრით. თამარი პოეტისთვის ისეთივე  ხატებაა ღვთისა, როგორც ტარიელისთვის ნესტან-დარეჯანი. მის სამოსზე კი, ერთი შეხედვით, მართლაც ჭრელ ტანსაცმელს რომ მოგვაგონებს, პოემის საკვანძო  ეპიზოდებია ექსპრესიულად დახატული. მხატვარმა მანგას გამოყენებით თვითონ პოეტი დახატა, როგორც ინიციაციის გზაზე მდგარი ადამიანი, რომელიც თავისი პოემით, პერსონაჟების გზით ღმერთს მიეახლა. ( პროფ. მაია ჯალიაშვილი).

რუსთაველი პოემაში  ჰარმონიულ, იდეალურ, სულიერად და გარეგნულად სრულყოფილ პიროვნებებს ძერწავს. სწორედ ამგვარია სამი მნათობი -ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი. ვეფხისტყაოსანში მრავალ საჭირბოროტო  და ცხოვრებისეულ საკითხს ვხვდებით, როგორებიცაა: ბატონყმობა, პატრიოტიზმი , მიჯნურობა, ჰუმანიზმი და კიდევ უამრავი სხვ.

ასევე საინტერესოა ახალგაზრდა შემოქმედის ის ნამუშევარი, რომელშიც  პარალელი გაავლო და დაუკავშირა ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები  დანტეს  „ღვთაებრივი კომედიის“ გმირებს. ნახატში კარგად ჩანს, თუ როგორ შეაბიჯეს ნესტანმა და ტარიელმა „სულიერ საუფლოში“ „ღვთაებრივი კომედიის“ გმირებივით.

რუსთაველის ამგვარი ფორმით შესრულებული პორტრეტი საინტერესო და მრავალმხრივია, რაც  საშუალებას  მისცემს მოსწავლეებს, გაუადვილდეთ   ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა სამყაროში შეღწევა, წარმოდგენა და გააზრება.

რაც ყველაზე მთავარია, ვფიქრობ, რომ ნაწარმოები სკოლის მოსწავლეებისათვის  კიდევ უფრო საინტერესო და გასაგები გახდება.

ასევე, ხელოვანმა თავის ნახატებში ბარათაშვილის შემოქმედება წარმოაჩინა ძალიან საინტერესოდ, კერძოდ კი:

  1. „მერანი“
  2. „ვპოვე ტაძარი“
  3. „სულო ობოლო“
  4. „სულო ბოროტო“
  5. „ხმა იდუმალი“

აქაც ავტორი  „იცავს“ იაპონური მანგას ხატვის პრინციპს (ნახატი უნდა იყოს შესრულბული შავ- თეთრში და ა. შ.)

ნამუშევარში   ნათლად ჩანს, თითოეული ლექსის ღრმა შინაარსი. ვხედავთ ბარათაშვილის პორტრეტს, თავთან ახლოს  ყორანს , როგორც სიკვდილის სიმბოლოს. ამით თითქოს იწინასწარმეტველა ბარათაშვილმა თავისი აღსასრული, საოცარი მიგნებაა…

შთამბეჭდავად გვიხატავს უდაბნოს ( ლექსიდან „ვპოვე ტაძარი“).

ადამიანი ჰგავს მწირს, რომელიც ამ უდაბნოში მიიკვლევს გზას. არის ასეთი აღმოსავლური სიბრძნე − ცხოვრება უდაბნოა და ჩვენ ქარავანი.

ბარათაშვილი ამბობს: „უდაბნო ჩემდა მდუმარე“. უდაბნოში არავინაა, მისი ხმა არავის ესმის, ის მარტო მიიკვლევს გზას, სადაც ანგელოზები  გალობენ ოსანას, სადაც ნამდვილი სამოთხეა და ციური დასი გალობს საოცრად.

შთამბეჭდავად არის ნახატზე წარმოჩენილი ლექსი „სულო ბოროტოს“ შინაარსი. თითქოს ჩანს, ავტორი დუელში იწვევს ერთგვარად ამ ბოროტ სულს და მოითხოვს  მისგან სასწრაფოდ დატოვოს იგი თავის წრფელ ფიქრებთან.

 

გალაკტიონის შემოქმედება გალაკტიონის პოეზიის შესაბამისადაა გადმოცემული.  ნახატზე ადამიანის თავია გამოსახული, რომელსაც ქუდი ამშვენებს. ფიქრის აღქმაც კი შესაძლებელია,  სახეზე ემოცია იკითხება, ნიკაპიდან კი მატარებელი გამოდის, როგორც მოქმედების სახე. ქუდში აგურებით ამოშენებული კედელი,  ღრუბელი,  მზე და მდინარე  მნიშვნელოვანი დეტალებია პოეტის შემოქმედების გასააზრებლად. პორტრეტის ბევრნაირი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. ნახატში გამოკვეთილად ჩანს ლიანდაგი,  სადგური, გაჩერება, საათი, ვარდი.

არის სიცოცხლის ბარიერი (კედელი), არის კარგი და ცუდი დღეები (მზე და ღრუბელი), არის ადამიანი, რომელიც ერთსაც ჭვრეტს,  მეორესაც  და ბოლოს წარმავლობის (მდინარის) წიაღში გადააგდებს დროც და სამყაროს თუნდაც მცირე არსობის შეცნობაც  (გია მურღულია).

მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება მანგას ტექნიკაზე  ინფორმაციის გაზიარება, აქტივობის შეთავაზება და ამგვარი ფორმით დავალების შესრულება, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას, უკეთესად გააზრებას, კრიტიკული აზროვნებისა და ინფორმაციის გადამუშავების უნარის განვითარებას. მოსწავლეს განუვითარდება დამოუკიდებელი აზროვნების და პრობლემის გააზრებულად გადაჭრის უნარი, შეაჩვევს დროის უკეთესად განაწილებასა და ინფორმაციის მიღების სურვილს გაუღვივებს.

გთავაზობთ სასწავლო პროცესში ზემოხსენებული აქტივობების გამოყენების და შედეგის ამსახველ ფოტოებს. მეთოდი საკმაოდ ეფექტური და ინტერაქტიური აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“