ხუთშაბათი, ივლისი 25, 2024
25 ივლისი, ხუთშაბათი, 2024

სახალისო გაკვეთილი მათემატიკაში

ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, მოსწავლემ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ შეძლოს სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა. საგანმანათლებლო სწავლა-სწავლების პროცესი წარმოუდგენელია ტრანსფერის უნარის განვითარების გარეშე. ის სწავლებისა და აზროვნების ფუნდამენტური უნარია.  ტრანსფერის უნარის განვითარება ხდება მაშინ,  როდესაც ცოდნის ერთ სფეროს მეორესთან ვაკავშირებთ. მოსწავლემ რომ ეფექტურად  შეძლოს  გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენება და შემდეგ მისი ტრანსფერი, მნიშვნელოვანია  სწორი სტრატეგიების დაგეგმვა.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ პირველ კლასში ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილს მათემატიკაში.


 გაკვეთილის თემა:    „გეომეტრიული ფიგურები“

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეები:

  • ამოიცნობენ და აღწერენ გეომეტრიულ ფიგურებს (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ხუთკუთხედი, წრე) ;
  • სხვადასხვა ბრტყელი ფიგურის  გამოყენებით შექმნიან აპლიკაციებს.

წინარე ცოდნა:  

მოსწავლემ იცის გეომეტრიული ფიგურები: სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ხუთკუთხედი, წრე. შეუძლიათ ფიგურების დალაგება მსგავსება-განსხვავების მიხედვით: ფერი, ფორმა, ზომა; შეუძლიათ ობიექტთა ურთიერთმდებარეობის დადგენა;

 აქტივობა 1.  საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.  გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კომპონენტების გაცნობა.

აქტივობა 2.  ფიგურების ამოცნობა;

პრეზენტაციიდან ამოიცნობენ და აღწერენ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს.(სამკუთხედი,ოთხკუთხედი , ხუთკუთხედი)

ყურადღება გამახვილდება საკლასო გარემოზე – პლაკატებზე, სადაც გეომეტრიული ფიგურებია გამოსახული.  მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ  მათში მსგავსება-განსხვავებები.ამოიცნონ მითითებული ფიგურები ყოფითი დანიშნულების საგნებში.

 აქტივობა 3. აპლიკაციის შექმნა ჯგუფებში:

Covid-19 -ის რეგულაციების პერიოდში მოსწავლეები ვერ ვამუშავე ჯგუფებში. განვახორციელე ასეთი ცვლილება. თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად დავურიგე გამოჭრილი ფიგურები და მივეცი დავალება,სადაც აღწერილი იყო, რომელი ობიექტი უნდა შეექმნა. თითოეულ მოსწავლეს მიეცემა სხვადასხვა დავალება;

სამი მოსწავლე მიცემული გეომეტრიული ფიგურებიდან ამოარჩევენ საჭირო ფიგურებს და შექმნიან მზეს;

სამი მოსწავლე მიცემული გეომეტრიული ფიგურებიდან ამოირჩევენ საჭირო ფიგურებს და შექმნიან სახლს ;

სამი მოსწავლე მიცემული გეომეტრიული ფიგურებიდან ამოირჩევენ საჭირო ფიგურებს და შექმნიან ხეებს;

სამი მოსწავლე მიცემული გეომეტრიული ფიგურებიდან ამოირჩევენ  საჭირო ფიგურებს და შექმნიან ძაღლის სახლს.

სამი მოსწავლე მიცემული გეომეტრიული ფიგურებიდან ამოირჩევენ  საჭირო ფიგურებს და შექმნიან ძაღლის ღობეს.

აქტივობა 4.

ობიექტის  შექმნის  შემდეგ შეავსეთ დავალების ბარათები:

ცარიელ უჯრაში ჩაწერეთ რიცხვი, რამდენჯერაც გამოიყენებთ მოცემულ ფიგურას.

აქტივობა 5.

პრეზენტაციები: თითოეული მოსწავლის მიერ შექმნილ დავალებებს გავაერთიანებთ და შევქმნით ერთიან აპლიკაციას.

დაფაზე გამოკრული იყო სამი ფლიპჩარტის ქაღალდი. მოსწავლეები მორიგეობით გამოდიოდნენ, აღწერდნენ შექმნილ ობიექტს, გვიხსნიდნენ, რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენეს და შემდეგ მითითების მიხედვით აწებებდნენ ფორმატზე.

მაგ: პირველად გამოვიდა ის სამი მოსწავლე, რომლებმაც შექმნეს მზე. აღწერეს, რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენეს და შემდეგ სათითაოდ სხვადასხვა  ფურცელზე,  მარჯვნივ ზემოთ კუთხეში დააწებეს. ასე გავაგრძელეთ, სანამ ყველა მოსწავლე არ გამოვიდა. საბოლოოდ შეიქმნა ერთიანი აპლიკაცია. მოსწავლეებმა შეურჩიეს სახელი და დაარქვეს „ ჩვენი ეზო“.

აქტივობა 6. მოსწავლეთა ჩართულობით გაკვეთილის შეჯამება/შეფასება

მოსწავლეებს მივეცი საშუალება, მოეხდინათ თვითშეფასება და ერთმანეთის შექმნილი ნამუშევრების ურთიერთშეფასება.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აპლიკაციაზე მუშაობა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ: აპლიკაცია  ძალზე ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ  თავიანთი შემოქმედებითი უნარების აქტიური გამოყენება. ჯგუფური მუშაობა კი ეხმარება მოსწავლეებს: კომუნიკაციური უნარების, წარმოსახვის,  შემოქმედებითი აზროვნების , მოტივაციის ამაღლებასა და წვრილი მოტორიკის განვითარებაში. ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეები სწავლობენ სასწავლო პროცესში თანამშრომლობას.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“