ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ჩვენი გორი, სხვისი პარიზი

2008 წელს, საქართველოს ცაზე – რუსული თვითმფრინავები, მიწაზე კი ტანკები რომ გამოჩნდა, ჩემი ელექტრონული ფოსტის ინბოქსი მეგობრების წერილებით გაივსო – ჩემი უცხოელი მეგობრებისა, რომლებიც წუხდნენ, შფოთავდნენ, დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ, მათ ქალაქებში გამართული მხარდამჭერი აქციების ფოტოებს მიგზავნიდნენ, მაიმედებდნენ. იმ დღეებში მიღებული უამრავი წერილიდან ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: „მინდა იცოდე, რომ თუ საჭირო გახდა, ჩემი სახლის კარი მუდამ ღიაა შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის. ევა”. ტექსტი რომ გადავიკითხე, გონება დავძაბე. ევა… ძლივს გამახსენდა. მშვიდი, ჩუმი პოლონელი გოგო, წელამდე ნაწნავით. ერთმანეთს უმეტესად საერთო საცხოვრებლის სამზარეულოში ვხვდებოდით. ხაზგასმით ზრდილობიანი მოკითხვის გარდა – პასუხს რომ არც ელოდები, ისეთი მოკითხვის – ერთმანეთისთვის სიტყვა არ გაგვიცვლია. გამუდმებით თავის უახლოეს მეგობარს, გაცილებით აქტიურ და ხმაურიან სილვიას დაჰყვებოდა, ოღონდ ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან. სხვა პოლონელები, ისინი, ვისთანაც მე დიდი და ახლო მეგობრობა მაკავშირებდა, გამუდმებით ქირქილებდნენ მათზე, დედოფალსა და სეფექალს ეძახდნენ. როგორც კი მეხსიერებაში ევას თვალები აღვიდგინე, სინდისმა შემაწუხა – ჩემს მეგობარ პოლონელებთან ერთად მეც მიქირქილია მასზე, გოგოზე, რომელიც არავინ იყო ჩემი და, მიუხედავად ამისა, ომის დროს საკუთარი ჭერი შემომთავაზა.

იმ დღეს, როცა პარიზში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ტერორისტული აქტების სერიამ, სტეფანი გამახსენდა, ჩემი ფრანგი ჯგუფელი, რომელსაც კომუნიკაბელურობას ვერაფრით დავაბრალებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ფეისბუქმეგობრებში შემომრჩა. გამოვტყდები, ცოტა ვიყოყმანე, იქნებ არც ვახსოვდე-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ მერე ევას წერილი გამახსენდა და მივწერე, მივწერე, როგორ შევწუხდი, როგორ განიცადეს მომხდარი ტრაგედია საქართველოში და როგორ მინდოდა, რომ მის სამშობლოში ყველაფერი კარგად ყოფილიყო. მგონი, მე და სტეფანიმ პირველად ვისაუბრეთ გულითადად, პირველად გავცდით სტანდარტული მოკითხვის ფრაზებს და ზრდილობიან ღიმილს, პირველად დავდექით ერთმანეთის პირისპირ, მე – გულწრფელი თანაგრძნობით, ის – ასეთივე მადლიერებით.

ბოლო დღეებში ბევრი დაიწერა შერჩევითი სოლიდარობის შესახებ, ბევრმა დასცინა სოციალურ ქსელში პროფილის ფოტოდ დაყენებულ საფრანგეთის დროშებს, ბევრმა ბეირუთის, ნიგერიისა და უახლოეს წარსულში მომხდარი სხვა ტრაგედიები შეგვახსენა, ზოგიერთმა, ჩემდა გასაოცრად, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დაბადებული ადამიანების სიცოცხლის ფასის შედარებაც კი მოინდომა. სხვისი ტრაგედიის ფონზე ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვაჩინეთ, რომ ერთსულოვნება ნამდვილად არ არის ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე და უფრო მეტიც – ზოგჯერ სხვის მიერ გამოხატული თანაგრძნობა უფრო მეტად გვაღიზიანებს და გვიშლის ნერვებს, ვიდრე ცხვირწინ მომხდარი საზარელი დანაშაული.

თუმცა პირადად ჩემთვის ყველაფერი გაცილებით მარტივია. მე მგონია, რომ სოლიდარობა ისწავლება. მე მგონია, რომ დღეს თუ პარიზზე შეგვტკივა გული, ხვალ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ და ისეთ ქვეყნებზეც ვიდარდებთ, რომლებსაც აქამდე რუკაზეც ვერ ვპოულობდით. მე მგონია, რომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ეიფელის კოშკთან გადაღებული ფოტოს პროფილზე დაყენება გულწრფელი გლოვის ნიშანია თუ უბრალოდ ფეხის ხმის აყოლა. მთავარი ისაა, რომ დღეს, ბუნებრივად თუ ხელოვნურად, მივეჩვევით სხვისი ჭირის გულთან მიტანას, ხვალ კი გვეცოდინება, როგორია თანაგრძნობა, როგორ იქცევიან ადამიანები, როცა სხვას უჭირს.

დიახ, სოლიდარობა ისწავლება, ისწავლება თანადგომა, ადამიანობა, სიკეთე. ისწავლება ყველაფერი, რადგან შემეცნების უნარი საუკეთესოა მათ შორის, რაც კაცობრიობას მიეცა. ჩვენ ალბათ ოდნავ დაგვაგვიანდა, ჩამოვრჩით, მაგრამ მაინც შეგვიძლია, „პროგრამას” დავეწიოთ – ქართველები ხომ ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები, თუმცა ამ გაკვეთილზე, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო გვასწავლის, სიზარმაცე ყველაზე ნაკლებად გამოგვადგება.

მე კი, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოსთვის საფრანგეთის დროშა არ გადამიკრავს, მზად ვარ, მეილი გავხსნა და კარგ გოგოს, აგვისტოს ომის დროს საკუთარი სახლი რომ შემომთავაზა, მივწერო:

მადლობა, ევა! მადლობა გაკვეთილისთვის, რომელიც ჩამიტარე. მადლობა სიკეთისთვის. მადლობა თეფშისთვის, რომელსაც, პოლონური ტრადიციის მიხედვით, მუდამ დგამ ჩემთვის შენს სადღესასწაულო სუფრაზე. მადლობა, რომ დამანახე, რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მათგან, ვისგანაც არ ელი. დიდი მადლობა და ბოდიში, რომ შენს სიჩუმეზე, შენს მორჩილებასა და სიმშვიდეზე სხვებთან ერთად მეც მიქირქილია. მადლობა, რომ ზოგჯერ, როცა ყველასა და ყველაფერზე ხელს ჩავიქნევ, შენ მახსენდები. მადლობა, რომ არასოდეს დამავიწყდება, როგორი უმწეოები ვართ ადამიანები საფრთხის წინაშე, ერთმანეთის გარეშე, აბსოლუტურად ყველგან, ჩვენს გორშიც და სხვის პარიზშიც. დიდი მადლობა, ევა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი