ვხატავდი ყვავილებს, სახლებს, ადამიანის სახეებს, მათ პროფილებს… ვხატავდი ჩარჩოებს, ჩუქურთმებს, სიმეტრიულ ფიგურებს… ზოგს მელნითვე ვაფერადებდი, ზოგსაც თეთრად ვტოვებდი.
სწორედ მე, მოსწავლე, გაკვეთილზე ვხატავდი მელნის ბურთულიანი კალმით საგნის რვეულების ბოლო გვერდებზე. ხატვისას ვფიქრობდი, თან ვუსმენდი მასწავლებელს ან არ ვუსმენდი. შეიძლება, არც ვფიქრობდი და ვუსმენდი არა თანაკლასელებს, არამედ მხოლოდ მასწავლებელს – თვალდახრილი, ხელში ბურთულიანი კალმით, რომელსაც ფრთხილი მოძრაობით ჩქამსაც არ გამოვაცემინებდი, ვუსვამდი ფურცელს, რათა ჩემი წარმოსახვითი სიმშვიდე გამომეხატა – აუცილებლად სიმეტრიული გამოსახულებებით.
მერე ავირჩიე პროფესია. ახლა ვერაფრით ვპასუხობ, რატომ მაინცდამაინც ფილოლოგია – ქართული ენა და ლიტერატურა. მაშინ მექნებოდა არჩევანის ახსნა. ოღონდ არავინ მეკითხებოდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, ის ახსნა არაფრით მიესადაგებოდა რვეულების ბოლო გვერდზე დახატული სურათების შინაარსსა და მათი შექმნის მაშინდელ არაცნობიერ მიზეზს.
სინამდვილეში მასწავლებელი გავხდი – მეტისმეტად აკურატული საჯარო მოხელე. საკუთარი თავის მკაცრი შემფასებელი, დამადანაშაულებელი და დამსჯელი. ყოველდღიურად ზედმიწევნით ვითხოვ საკუთარი თავისგან მაქსიმალურად მომზადებულობას, უზადო პროფესიონალიზმს.
ბავშვობიდან გავითავისე ეს საქმე. აკი „მასწავლებლობანას“ სახლშიაც ვთამაშობდით. 5 წლის დას ვამეცადინებდით მე და ჩემზე უფროსი და. 10-11 წლისანი „სავალდებულო“ გაკვეთილებს ვუტარებდით; სახლში, მწვანედ შეღებილ კედლებზე, თეთრი ცარცით მანამ ვჯღაბნეთ და მშრალი ჩვრით ვასუფთავეთ, სანამ წერა-კითხვა, ელემენტარული არითმეტიკა და რუსული ასოებიც კი არ დავასწავლეთ, ისე, რომ პირველ კლასში უკვე გამართულად კითხულობდა. მახსოვს, ჩემს ხუთი წლის დას არ ახალისებდა იძულებითი მოსწავლეობა, სამაგიეროდ ჩვენ, უფროსები ვიყავით კმაყოფილი…
შემდეგ იყო რა? – მე, უკვე მასწავლებელს, მინახავს კი, როგორ არა, მოსწავლეების რვეულების ბოლო გვერდზე შესრულებული ნამუშევრები – ტლანქი თუ მკაფიო კონტურით. უფრო მეტიც, ჩემ თვალწინაც დაუხატავს მოსწავლეს მაშინ, როცა გაკვეთილზე სხვა რამ ხდებოდა… შემიხსენებია: – ეცადეთ, ყურადღება აქტივობისკენ მიმართოთ! – დიახ, მცირე საყვედურის ტონითაც მითქვამს, ისე, რომ არ გამჩენია სურვილი, მეკითხა – რა დახატა.
სამაგიეროდ, ყოველ ჯერზე წერითი დავალების შესაფასებლად აგროვებული რვეულები ბოლოდან გადმომიფურცლავს, ამოხეული ბოლო ფურცლების ნაწიბურებიც დამითვლია – ერთი, ორი, სამი. ან შიგნით ჩატოვებული სურათები დამხვედრია და ინტერესით დავკვირვებივარ სურათებს – უსახურს თუ სახიანს. გამღიმებია და მომგონებია: – მეც ვხატავდი!
ახლა ვერ გავცემ ზუსტ პასუხს, რას და რატომ გამოვსახავდი. აი, მაშინ… მაშინ, რომ ეკითხა ვინმეს, მექნებოდა სათქმელი.
მაინც რა არის გაკვეთილი? – სწავლისათვის განკუთვნილი დროის სტრუქტურირებული პერიოდიაო, მოგვაწოდებს განმარტებას ლექსიკონი. მოსწავლეც ვყოფილვარ და მასწავლებელიც. არ მაგონდება „გაკვეთილის“ რაობით დავინტერესებულიყავი. ახლა ვასკვნი, რომ ეს სიტყვა იმდენად ორგანულად მკვიდრდება მეხსიერებაში, რომ შინაარსს არ ვეძიებთ. ის ერთ-ერთი პირველთაგანია ბავშვის ლექსიკურ გუდაში და იქ ისევე ბუნებრივად ინახება, როგორც „დედა“, როგორც „წყალი“, როგორც „მინდა“.
„მოსწავლეობანა“ არ დაარქვეს საშინაო თამაშს. – რატომ? – იმიტომ, რომ ბავშვი უმეტესად წარმოსახულ, იმიტირებულ გარემოში თამაშობს და თავად არის მასწავლებელი, ხოლო მოსწავლეებად აღქმული ჰყავს ავეჯი, თოჯინები, ფუმფულა ცხოველები. ჩემს ბავშვობაში მოსწავლის როლი სასიამოვნო არც ნამდვილ გაკვეთილზე იყო და არც თამაშში. აი, „მასწავლებლობანა“ უფრო შეესაბამებოდა განწყობასა თუ როლურ მოქმედებას.
ასე იყო მაშინ – 1983-1994 წლებში.
რეალურად გაკვეთილი მოსწავლისთვის ფსიქოლოგიური თერაპიის საუკეთესო დროა. სკოლა კი ამ პროცესის შეუცვლელი ადგილი. ესაა სივრცე და პერიოდი, როცა ბავშვი იკვლევს საკუთარ თავს, ეძებს მას მოცემულ გარემოში, პოულობს, ეცნობა, „მეს“ შეყვარებას ახერხებს. გამოხატავს თავს, აჩვენებს გარშემო მყოფებს, ათავისუფლებს ფსიქიკას ემოციებისგან, იგერიებს შფოთვას, ბრაზს… ააშკარავებს მიზნებს, სვამს კითხვებს, უღრმავდება პასუხებს…
რვეულის ბოლო „დაჯღაბნილი“ გვერდიც ესაა – პიროვნებად ფორმირების გზა.
ჰოდა, თუ აქამდე არ გასჩენია ამ სტატიის მკითხველს ინტერესი, ენახა მოსწავლის საკლასო და საშინაო დავალებათა რვეულების ბოლო გვერდი, დაიწყეთ დღეიდან.
- ჩემი მოსწავლეები არ სვრიან ბოლო გვერდს! – ფიქრმა არ დაგამშვიდოთ. ხატონ! ჯღაბნონ!
„მე“ არის რვეულის ბოლო გვერდზე, ხოლო გაკვეთილი საუკეთესო თერაპიაა.