სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

სომეხი თურქთა შორის

მრავალი წლის წინ გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ჩემს მეგობართან ერთად ვიმოგზაურე. მთელი ქალაქი და მთელი რეგიონი მოვიარეთ. საქმიანი შეხვედრების მიღმა ვცდილობდით, ევროპის უძველესი რეგიონის ღირსშესანიშნაობები მოგვენახულებინა. ჩემი მეგობარი დემოკრატიის ისტორიით ნაკლებად დაინტერესებული ადამიანი გახლავთ. ამიტომ შავი დღე მაყარა, როდესაც ბავარიის დედაქალაქის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე კურტ აისნერის, ცნობილი რევოლუციონერის დახვრეტის ადგილზე მივიყვანე. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ მაინც ხშირად იხსენებს, რომ მომქანცველი დღის ბოლოს რამდენიმე საათი ვატარე, რათა ტროტუარზე დაგებული ფილა მენახა.

მწარე გამოცდილების შემდეგ ვცდილობ, რომ სხვებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი და ჩემთვის ამაღელვებელი ადგილები მარტომ მოვინახულო. შესაბამისად, უცხო ქალაქებში ეულად მიწევს ხეტიალი, რათა საკუთარი იდეებისთვის თავგანწირულ და სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების მემორიალებს მივაკვლიო. ცოტა ხნის წინ გამიმართლა და თურქეთში სამუშაო ვიზიტის დროს ჩვენმა მასპინძლებმა კონფერენციის ყველა მონაწილე წაგვიყვანეს ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანის მუზეუმის მოსანახულებლად.

სტამბოლის შუაგულში, ოსმანბეის რაიონის ერთ-ერთ ცენტრალურ აღმართზე ნებისმიერ დაკვირვებულ ტურისტს თვალს მოსჭრის ფილაქანზე ამოტვიფრული სომხური წარწერა. სრულიად გამორჩეული სომხური ასოების დანახვისთანავე მთელმა ჯგუფმა გაკვირვებით გადავხედეთ ერთმანეთს. ბევრი ვერ ვიჯერებდით, რომ ამდენი ომების, სიძულვილის, გრანდიოზული კატასტროფის შემდეგ მთავარი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე ასე ხელუხლებლად და თავისუფლად შეიძლებოდა სომხური დაფის განთავსება. სტამბოლური თავისუფლებითა და ტოლერანტობით აღფრთოვანება დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან მალევე შეგვიყვანეს ფილაქნის მიღმა მდებარე შენობაში, სადაც ჰრანტ დინკის მუზეუმი ფუნქციონირებს. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მივხვდით, თუ რის ფასად გამოჩნდა თურქულ პროსპექტზე სომხური ანბანი.

ჰრანტ დინკი თურქეთის ეროვნებით სომეხი მოქალაქე გახლდათ, რომელიც ობოლთა თავშესაფარში გაიზარდა. ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული მას სიღარიბესა და ჩაგვრაში უწევდა ცხოვრება. ის და მისნაირი ადამიანები იდევნებოდნენ თავიანთი მწირი ეკონომიკური შესაძლებლობისა და ნაციონალური იდენტობის გამო. ხელმოკლეობისა და გარიყულობის მიუხედავად, სომეხმა ახალგაზრდამ მაინც შეძლო უნივერსიტეტში ჩაბარება, სწავლობდა ფილოსოფიასა და ზოოლოგიას. თურქეთისათვის ჩვეულ მორიგ სამხედრო გადატრიალებამდე ხელმძღვანელობდა სომეხი ბავშვებისთვის გახსნილ საზაფხულო ბანაკს, ბანაკის კონფისკაციის შემდეგ წიგნების ვაჭრობითა და გამოცემით ირჩენდა თავს. დინკი ყოველთვის აქტიური იყო საზოგადოებრივ ასპარეზზეც, მონაწილეობდა სტუდენტთა გამოსვლებსა თუ მუშათა დემონსტრაციებში, მაგრამ პოლიტიკა მისი საქმიანობის მთავარი სფერო დიდ ხანს არ ყოფილა. ყველაფერი 1990-იან წლებში შეიცვალა, როდესაც თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. დაძაბულობის ეპოქაში ქვეყნის ელიტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ნებისმიერი ნაციონალური უმცირესობა ტერორისტთა თანამზრახველებად წარმოეჩინათ. თურქეთში მცხოვრებმა სომხებმა კი გადაწყვიტეს, რომ თავიანთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პოზიციების წარმოსაჩენად უფრო აქტიურად, ღიად და მკაფიოდ ესაუბრათ არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ თურქეთის მთელ მოსახლეობასთან.

სომხურ თემსა და დანარჩენ თურქულ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის დასამყარებლად 1996 წელს გაზეთი „აგოსი“ დაფუძნდა, რომლის რედაქტორ-გამომცემელიც ჰრანტ დინკი გახლდათ. გაზეთი ორ ენაზე გამოდიოდა, მის ფურცლებზე სომხური თემის წარმომადგენელთა მოსაზრებების, დამოკიდებულებების წაკითხვა შესაძლებელი იყო სომხურადაც და თურქულადაც.

ჰრანტ დინკის გაზეთმა მრავალი მიმართულებით დაიწყო მუშაობა. დინკის თანამშრომლები მწვავედ აკრიტიკებდნენ თურქეთში მომუშავე სომხურ ორგანიზაციებს კარჩაკეტილობისა და იზოლაციონიზმისათვის, პარალელურად კი თავდაუზოგავად ამხელდნენ თურქეთის ხელისუფლებას სომხური თემის ჩაგვრისა და გარიყვის, სომხური კულტურული მემკვიდრეობის კვალის წაშლისა და განადგურების გამო. რაც მთავარია, ჰრანტ დინკი საკუთარ თავს მხოლოდ უმცირესობის წარმომადგენლად არ მიიჩნევდა, მას და „აგოსის“ ჟურნალისტებს აწუხებდათ ყველაფერი ის, რასაც უმრავლესობა აღიარებდა პრობლემად. შესაბამისად, სომხურ-თურქული გამოცემის გვერდებზე ხშირად იბეჭდებოდა სტატიები სიღარიბის, სოციალური უსამართლობის, სხვა ნაციონალური ჯგუფების უფლებების, დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ. მაშასადამე, გაზეთის გადაშლისას რიგით მკითხველს მხოლოდ სომეხთა სირთულეებზე არ მოუწევდა ტექსტების წაკითხვა. ის საკუთარი განსაცდელის თაობაზეც ამოიკითხავდა საგულისხმო აზრებს.

ცხადია, სომეხი თანამოქალაქის შრომამ მთელი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. სომხურ-თურქული ურთიერთობების უმძიმესი გამოცდილების გათვალისწინებით, ბევრი განცვიფრებული იყო ჰრანტ დინკის სიმამაცით. მათ არ სჯეროდათ, რომ მოქალაქეობის მიუხედავად სომეხს მაინც სხვების თანასწორად შეეძლო საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. არმენოფობიურ წრეებს აღიზიანებდათ „აგოსის“ რედაქტორის გონივრული და ზომიერი სტრატეგია, რომელიც ხმაურის, ქუჩის მღელვარებებისა და პარტიული საქმიანობის ნაცვლად ყოველკვირეულ გაზეთში სხვადასხვა თემების ინტენსიურ, არგუმენტებით გამყარებულ გაშუქებას ეფუძნებოდა. ობოლთა თავშესაფრის აღზრდილი მალევე იქცა ულტრანაციონალისტური და ექსტრემისტული ძალების სამიზნედ. მათ მხარი აუბეს ოფიციალურ სტრუქტურებში დასაქმებულმა, რადიკალურად განწყობილმა სამართალდამცველებმაც. შედეგად, რედაქტორის წინააღმდეგ რამდენჯერმე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სომეხ მოქალაქეს თურქი ხალხის შეურაცხყოფასა და დამცირებაში სდებდა ბრალს. მთელი თავისი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში დინკი გაწამებული იყო პირობითი სასჯელებით, მუდამ განაჩენთა გასაჩივრებით იყო დაკავებული, თვეობით ელოდებოდა ევროპული მართლმსაჯულების ვერდიქტს. დაპატიმრების განუწყვეტელი მუქარის მიუხედავად, „აგოსის“ თანამშრომლები უკომპრომისოდ აგრძელებდნენ თავიანთი ღირებულებების ერთგულებას.

სომხურ-თურქული გაზეთის მოწინააღმდეგეთა მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როდესაც „აგოსის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა სტატია საბიჰა გოგჩენის შესახებ. საბიჰა გოგჩენი თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის – მუსტაფა ქემალ ათათურქის ნაშვილები გოგონა გახლდათ, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს ერთ-ერთ პირველ მფრინავ ქალად და სამხედრო პილოტად ჩამოყალიბდა. საბიჰა უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა თურქი ხალხისა და გენერალური შტაბისათვის. ჰრანტ დინკის გაზეთმა კი გაასაჯაროვა ინტერვიუ, სადაც საბიჰას ნათესავი მის სომხურ წარმომავლობაზე მიანიშნებდა. თურქეთის ნაციონალური გმირის ეროვნებით სომხად გამოცხადება, სასიკვდილო განაჩენზე ხელმოწერის ტოლფასი მოვლენა გახლდათ. „საბიჰას საიდუმლოს“ გამჟღავნების შემდეგ „აგოსის“ რედაქციასთან მასობრივი დემონსტრაციების ორგანიზება დაიწყო. ჰრანტ დინკი ყოველკვირა იღებდა მუქარის წერილებს. საბოლოოდ, ჟურნალისტი 17 წლის არასრულწლოვანმა ექსტრემისტმა ქუჩაში დახვრიტა, გასროლის შემდეგ ის ყვიროდა: “მე ურჯულო მოვკალი!”. მკვლელი საზოგადოების ნაწილმა მალევე შერაცხა გმირად.

დინკს შეეძლო თურქეთიდან გაქცეულიყო, ბინა დაედო ევროპაში და უზრუნველად ეცხოვრა დასავლელ ინტელექტუალთა გარემოცვაში. რედაქტორს სხვა არჩევანიც ჰქონდა, თავდადებულ მოღვაწეს სიხარულით მიიღებდნენ ერევანშიც და გმირის სტატუსით გაატარებინებდნენ მთელს დარჩენილ სიცოცხლეს, მაგრამ ის სტამბოლში დარჩა, რადგან სჯეროდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის შვილები მხოლოდ ეროვნებით თურქები არ არიან. დინკს სწამდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თურქეთსაც შეეძლო მრავალი სომხისთვის სრულყოფილი სამშობლოს როლის შესრულება. ის მოკლეს, მაგრამ მრავალეროვანი თურქეთის იდეა და გაზეთი „აგოსი“ ცოცხალია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი