ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

რისგან უნდა დავიცვათ ბავშვი

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და გადაცემისთვის ჩაწერა მთხოვა. საუბრის თემა იყო – მულტფილმები, ანიმაციები, მათში ჩადებული შეფარული გზავნილები და მშობლების როლი, ანუ როგორ უნდა დავიცვათ შვილები სხვადასხვა იდეოლოგიისგან, ძალადობისა და აგრესიისგან. მგონია, რომ თანამედროვე ადამიანები ხშირად ვცდილობთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემებიდან მეორეხარისხოვან თემებზე ყურადღების გადატანას, ზოგჯერ პრობლემებსაც ვიგონებთ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობაშიც, ცხადია, ტყუილად ვხარჯავთ დროს. ზოგჯერ მგონია, რომ რიგ საკითხებზე იმდენად სწორხაზოვანი დამოკიდებულებები ჩამოყალიბდა, იმდენად კარგად დავიზეპირეთ გასაპროტესტებელი ამბების სია, მოსაწყენიც კია ასე ცხოვრება.

ახლაც, ვილაპარაკე იმაზე, როგორი სიფრთხილე მართებს მშობელს პლანშეტითა და ინტერნეტით შეირაღებულ ბავშვთან, რომელმაც შესაძლოა რაიმე საშიშს ან მისი ფსიქიკისთვის საზიანოს უყუროს, როცა თვალყურს არ ადევნებ, როგორ დევს ცალკეულ ნარატივებში ისეთი გზავნილები, რომელიც სადავოა; როგორ არ ჯდება გენდერული თანასწორობის კონცეფციაში კონკია და ფიფქია, რომლებიც მხოლოდ იმისთვის ცხოვრობენ, რომ ბოლოს პრინცმა შენიშნოს და ეს პრინციც როგორი ბურჟუაზიული მოვლენაა; რატომ არ შეიძლება ჩვეულებრივი ბიჭი შეგიყვარდეს ლამაზ და ჭკვიან გოგოს და მასთან იცხოვრო დიდხანს და ბედნიერად. ან საერთოდ, რა აუცილებელია, რომ ძალიან ლამაზი იყო, ჩვეულებრივ გოგონებსაც ხომ ისევე აქვთ ბედნიერების უფლება, როგორც ყველა დანარჩენს.

ისიც ვთქვი, რომ სიფრთხილე კარგია, მაგრამ სტერილურობა არ შეიძლება. ბავშვები ადრე თუ გვიან იზრდებიან, ჩვენი მეთვალყურეობის არეს ტოვებენ  და ხვდებიან, რომ სამყაროში  აგრესიისა და სიძულვილისთვისაც მოიპოვება ადგილი, ზოგჯერ ბოროტებიც იმარჯვებენ, უსამართლო ადამიანებიც მრავლად მოიპოვებიან. ბავშვები იზრდებიან და თვითონ იცნობენ პრეტენზიული პრინცების, მათზე დაქორწინების მსურველი გოგონების, დიქტატორი ხელმწიფეების, ავი დედინაცვლების და უპრინციპო მლიქვნელი მოსამსახურეების პროტოტიპებს. ბავშვები იზრდებიან და ჯობია მათ უფრო მეტი იცოდნენ, ვიდრე ცოტა, ჯობია მათ უსამართლობასთან ბრძოლაზე უკვე ქონდეთ ნაფიქრი, ვიდრე უცებ აღმოჩნდნენ რთულ პრობლემებთან პირისპირ. ბავშვები იზრდებიან და ჩვენ, უფროსები ვართ პასუხისმგებლები მათზე, რომლებსაც არ დააინტერესებთ, რამდენი დრო დავკარგეთ შიშებსა და გაურკვევლობასთან ბრძოლაში. მათ ძლიერი მხარდამჭერები სჭირდებათ. ცხოვრება რთულია და  ისინი მომზადებულები, ძლიერები უნდა იყვნენ.

მეტიც, სანამ დიდები გაიზრდებიან, მათი ცხოვრება მანამდეც არ შეიძლება  მხოლოდ ფერადი ეკრანით შემოვსაზღვროთ.  ისინი ქუჩაში, ბაღებსა და სკვერებში ყოველდღე დადიან და ხედავენ მშიერ თანატოლებს, აგრესიულ უფროსებს, სასოწარკვეთილ მოხუცებს, უწესოდ გაჩერებულ მანქანებს, დანაგვიანებულ გარემოს, განადგურებულ საჯარო სივრცეებს, უცენზურო ურთიერთობებს, ნაწამებ  ცხოველებს და ა.შ. შეუძლებელია ბავშვს ეს აარიდო. შეუძლებელია სტერილური გარემო შეუქმნა.

უფრო ძველი ამბავი. 
ერთ-ერთ რეგიონში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით სკოლის მოსწავლეებს პოლიტიკური შინაარსის ძალადობის შემცველი კადრები აჩვენეს. ბავშვები ამბობდნენ, რომ ისინი სკოლიდან წაიყვანეს, თუმცა არ იცოდნენ, რას ნახავდნენ. ამბავი, ცხადია, გახმაურდა, ავყაყანდით ჟურნალისტები, იურისტები, ფსიქოლოგები, უფლებადმცველები, მშობლები – ეს როგორ შეიძლება, ბავშვებს პოლიტიკაში რატომ სვრიან, როგორ შეიძლება ყველაფერი იკადრო ადამიანმა.  დავსვით სკოლის, მასწავლებლის, რესურსცენტრის ხელმძღვანელის, სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი, ვესაუბრეთ ერთმანეთს, ფსიქოლოგებს, იურისტებს, მასწავლებლებს და როცა საკმარისი ბოლი გამოვუშვით, დავმშვიდდით, სხვა თემაზე გადავერთეთ.

მერე ნიუსი შემხვდა. იმ რესურსცენტრის ხელმძღვანელი დაუსჯიათ, შეხვედრის ორგანიზატორი და იდეის ავტორი ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორად დაუნიშნავთ. ხვდებით ხომ რაზეა საუბარი?

ბავშვებს შეიძლება არ ვაჩვენოთ ძალადობის შემცველი კადრები, არ ვაყურებინოთ რიგი მულტფილმები, არ შევიგინოთ და ვილანძღოთ მათი თანდასწრებით, მაგრამ ამას ვერ ავარიდებთ. ვერანაირად ვერ დავუმალავთ იმას, რომ ადამიანები კარიერას ზოგჯერ ასეთი ბინძური მეთოდებით იკეთებენ, სამართლიანობისთვის ბრძოლოს გზაზე შეიძლება ვინმე წვრილმანი ჩინოვნიკი დატუქსონ საჩვენებლად, მსხვილმან დამნაშავეებს ხელი დააფარონ, არაფერიც არ უთხრან. სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები ამას პატარაობიდანვე ხედავენ და ერთ დღესაც შეიძლება გითხრან, რაში მადარდებს შენი პატიოსნება და სამართლიანობა, როცა ასეთი ადამიანები უფრო კარგად ცხოვრობენო და ეს დღე მძიმე იქნება, პასუხს შეიძლება არც მოუსმინონ.
სულ ახალი ამბავი. 

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარმა სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. მედია დღეების განმავლობაში იკვებებოდა სასოწარკვეთილი მშობლების ტირილით, სასწრაფოს მანქანებზე ხელების ბრახუნითა და ცრემლიანი ინტერვიუებით, არც ტრაგედიას გადარჩენილი არასრულწლოვანების ჩაწერა დაიზარა ჯერ კიდევ კვამლიანი შენობის ფონზე.  ხელისუფლების წარმომადგენლები  სამძიმარზე მივიდნენ, ოჯახებს საკომპენსახიო თანხა გამოუწერეს, ზოგი ტრაგედიის მიზეზებით დაინტერესდა, სასტუმროს მეპატრონე დაქცეულ ბიზნესზე ჩიოდა, მოკლედ, ყველა თავისას ცდილობდა.

ისინი, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და ბავშვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, კითხვებს მედიის არაეთიკურობაზე, შენობების დაუცველობასა და მასწავლებლების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სვამენ, მაგრამ ეს მხოლოდ მომავალზე თუ იმოქმედებს დადებითად. არც დაღუპულ ბავშვებს, არც ტრაგედიისას იქ მყოფ სხვა მოსწავლეებს და არც მათ, ვინც ეკრანებიდან მგლოვიარე მშობლები ნახა, ვერაფრით დაეხმარება.
ამას ვამბობდი დასაწყისში, პირველხარიხოვანი ამბებიდან მეორეზე გადაგვაქვს ყურადღება- მეთქი: სანამ ქვეყანაში ბავშვების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, სანამ განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ადვილად შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო, სანამ ჩვენი შვილები ძალადობისგან დაცულები არ არიან და არც მათი უსაფრთხოებაა გარანტირებული სხვადასხვა შენობებსა და სივრცეებში, ყველაფერს აზრი ეკარგება, მაშ შორის ანიმაციებში ფარული მესიჯების ძებნასა  და იმაზე საუბარსაც, როგორ დავიცვათ პატარები იდეოლოგიური გზავნილებისგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი