სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ დავანებოთ თავი მოწევას

„ბოლო დროს იმდენს წერენ სიგარეტის მავნებლობაზე, რომ გადავწყვიტე, თავი დავანებო კითხვას”.
 ჯოზეფ კატენი
Facebook-ელმა მეგობარმა მომწერა, ყოჩაღ შენს ვაჟკაცობას, რომ მოახერხე და სიგარეტს თავი დაანებე, იქნებ მეც მირჩიო, როგორ შევასრულო ეგ ჯვაროსნული მისიაო. მახველებსო, გული აღარ მივარგაო, 4 კიბეს ავივლი და სულს ვეღარ ვითქვამო, ტანსაცმელს გაფუჭებული შაშხის სუნი ასდისო. მოკლედო, წვალებააო.

ზაზა, მეგობარო, როგორც ერთმა ჭკვიანმა ამერიკელმა თქვა, სიგარეტისთვის თავის დანებებაზე ადვილი არაფერია – უკვე ოცდაათჯერ მაინც დავანებეო. ამ საქმეში მთავარი რადიკალიზმია. ნელ-ნელა არ გამოვა. დაივიწყე შენი ბიძაშვილის მეგობრის ქვისლის ნაამბობი, რომ მისი მეჯვარე ჯერ ორი კოლოფიდან ერთზე ჩამოვიდა, ერთი კვირის თავზე 10 ღერი მოაკლო, მერე – ხუთი და ცოტა ხანში თითო-თითო ღერით გადიოდა ფონს, სანამ ბოლომდე არ გადაეჩვია. ადგილობრივი, მაგრამ გაქართულებული ლექსიკით რომ ვთქვათ, ჟღალი ბაზარია ეგ. ასეთ დროს გაგტანჯავს და დაგამარცხებს ფიქრები და ცდუნებები. იტყვი, ერთმა ღერმა რაღა უნდა მიყოსო. სადაც ათი, იქაც თერთმეტიო, თორმეტიო, ცამეტიო და გადაუსწრებ ძველ დოზას. განა სუფრასთან ჯდომისას გითქვამს უარი მწვადის მომდევნო ნაჭერზე? ისეთ ნაჭერზე, შორიდან რომ გეფლირტავება და იმდენად სასურველია შენთვის, რომ მზად ხარ, რაინდად აკურთხო.

სიგარეტი უნდა გადააგდო მყისიერად. თითქოს სარძევე კბილი შემთხვევით ამოგძვრა. ჩემზე უკეთ იცი, რომ ახალი ცხოვრება ეგრე, ერთი ხელის მოსმით იწყება.

აჯობებს, მხოლოდ ერთღერნაკლულ კოლოფს გადაუძახო სანაგვეში, ვიდრე მილეულს. არ თქვა, რომ ამასაც დაცლი და ხვალიდან აღარ იზამ. მსუყე კოლოფის გადაგდება ჯობს. შეგიპყრობს ფიქრი, რომ ქარისთვის გატანებული 3 ლარი ფუჭად არ უნდა გაფრინდეს. ამან თავისი შედეგი უნდა დადოს.

სანაგვესთან მიდი, კეთილთვისებიანი წყევლით დაწყევლე ის გოგონა, რომელთან სამარიაჟოდაც მე-9 კლასში პირველად გააბოლე, მაგრამ ყურადღება მაინც არ მოგაქცია და ხელის სწრაფი მოძრაობით მოისროლე კოლოფი. ღრმად ჩაისუნთქე და არაფერზე იფიქრო. გამორთე გონება.

აუცილებლად დაივიწყე ის თარიღი – თვე და რიცხვი, როცა მოწევას თავს დაანებებ. არ დაითვალო, მერამდენე დღე გავიდა; არ აღნიშნო წლისთავები და იუბილეები. მესმის, რომ ქართველები წარსულისა და წასულების ხალხი ვართ, მეტროშიც კი ტაბლო იმას გვიჩვენებს, რამდენი ხნის წინ წავიდა მატარებელი და არა იმას, რამდენ ხანში მოვა შემდეგი. ამ გენეტიკური კოდის მიუხედავად, მხოლოდ აწმყოთი და მომავლით იაზროვნე. იუბილეები იმის წინაპირობააა, რომ ერთხელ ამის აღსანიშნავად გააბოლებ კიდეც.

პატივი ეცი კანონზომიერებას, რომ ცუდი ამბავი სწრაფად ვრცელდება, კარგი კი – პირიქით, ამიტომ მოითმინე რამდენიმე დღე და მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნების შემდეგ გაახმაურე შენი გმირობა. კითხვაზე „როდის დაანებე?” პასუხი: „რამდენიმე დღეა”, – უფრო სანდო და დამაჯერებელია, ვიდრე, მაგალითად, „დილით”.

ყველაზე მეტად ჭამის შემდეგ და მწეველ მეგობრებთან ყოფნის დროს, განსაკუთრებით – კერძებით დამძიმებულ სუფრასთან გაგიჭირდება. ისინი ამოიღებენ სხვადასხვა ფერისა და სიგრძე-სიგანის კოლოფებს, ცეცხლს მოუკიდებენ ღერებს, რომლებსაც ნელ-ნელა, საუბარ-საუბრით ჩაწვავენ. შენ ნერწყვი მოგადგება და მოსვენებას დაკარგავ. იმასაც იფიქრებ, აქედან ხომ არ წავიდეო. არა, დარჩი. ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ დაარტყა თუნდაც ერთი ნაფაზი – ეს ავტომატურად ნიშნავს მოწევის გაგრძელებას.

ღერები ლუკმებით არ ჩაანაცვლო. ეცადე, მეგობრის მიერ მოწეულ ყოველ ღერს ერთი ახალი სამომავლო გეგმა დაუპირისპირო. დიდი გეგმებიც მოსულა და პატარებიც – სამოგზაუროდ წასვლა, ახალი მანქანის ყიდვა, განაპირას რომ ზის, იმ გოგოს გაცნობა. რაც გინდა.

სიგარეტის გადაგდებიდან ერთ დღეში შენი ორგანოები გაიწმინდება გაზისგან და დაიწყებს ნიკოტინის კვალის წაშლას. ემოიციურად დაიტვირთები – გაგიჩნდება სიამაყის გრძნობა საკუთარი საქციელის გამო და ბედნიერების შეგრძნება გაძლიერდება.

მეცხრე დღეს კუჭის ლორწოვანი გარსი პროგრესირებას დაიწყებს და ფერმენტების გამომუშავება გაუმჯობესდება.
მეცამეტე დღეს შენი კანის უჯრედების განახლების პროცესი დაიწყება. 

ცოტა ხანში სრულად დაგიბრუნდება კვამლისგან დაქვეითებული სურნელისა და გემოს შეგრძნება. 

მესამე თვიდან სისხლძარღვები გამოცოცხლდება. 

მეხუთე თვიდან შენი ჩაგრული ღვიძლის უჯრედები რეგენერაციას დაიწყებს. 

ერთი წლის თავზე ინფარქტის რისკი 50%-ით შემცირდება.

კიბეზე ასვლისას აღარ იქოშინებ და ტანსაცმელსაც მხოლოდ იმ სუნამოს სუნი ექნება, რომელსაც მიასხამ. 

როცა ვინმე გამვლელი გკითხავს, სიგარეტი ხომ არ გაქვსო, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხო, რომ არ ეწევი. უთხარი, რომ აღარ ეწევი. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო განსხვავება სინამდვილეში მრავლისმთქმელია: შენ შეძელი და მიატოვე მავნე ჩვევა, რის შემდეგაც გახდი მისიონერი. სიგარეტის მსურველმა უნდა გაიგოს, რომ მსოფლიოში კიდევ ერთი ადამიანი შემობრუნდა წაღმა და ეს მასზე რაღაც დოზით, თუნდაც მიზერულით, აუცილებლად იმოქმედებს.

ძნელიცაა და ადვილიც.

წარმატებას გისურვებ. 

ისე კი, მგონი ვიღაცაში აგერიე. მე მოწევისთვის თავი არ დამინებებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“